საქალაქო სასამართლოდან იუსტიციის უმაღლეს საბჭომდე და მიღმა

16.10.2024

ქართული მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ჩემი პირველი მოგონება თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოლოდინით იწყება. მახსოვს მარმარილოს დიდი შენობა, ხის ახალი ნერგები და აუტანელი სიცხე, შავებში ჩაცმული ქალი და მისი კივილი. 7 წლის ასაკში არ მესმოდა, ვინ იყო გირგვლიანი, რა მოუვიდა ან რა შუაში ვიყავი მე, თუმცა მეხსიერებაში დალექილმა ამ მოგონებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ განვითარებაში.

საბჭოს მონიტორინგი პირველად 2020 წელს დავიწყე. სტაჟირების ფარგლებში მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრებებსა და სხდომათა მიმდინარეობას ვესწრებოდი. კონსტიტუციურ ორგანოზე დაკვირვება ფრიად არასასიამოვნო პროცესი იყო, თუმცა ეს არა სამუშაოს სირთულით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტისთვის შეუფერებელი გარემოთი იყო განპირობებული.

თავდაპირველად, როცა საბჭოში მივედი, დამხვდა ფორმალური წესების დაცვით ჩატარებული სხდომები, ყალბი ღიმილი და ფახლავაზე მიპატიჟება, რასაც თან ერთოდა საკუთარი კოლეგის უმოწყალო შეურაცხყოფა და საჯარო დამცირება. დაუფარავი, მოურიდებელი ზიზღი, რომელიც სრულად სცდებოდა დისკუსიის ფარგლებს. აქ საბჭოს წევრები საკუთარ მონოტონურ ყოფას მხოლოდ არამოსამართლე წევრზე თავდასხმით ახალისებდნენ, რაც სხდომათა დარბაზში მათი ერთადერთი ინიციატივა იყო. 

გიორგი მიქაუტაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომ სხდომათა ჩატარების ის ფორმალური წესრიგიც მოიშალა, რომელიც საბჭოში ხანმოკლე პერიოდით იყო დამკვიდრებული. დაიწყო სხდომათა სისტემატური ჩანიშვნა და გადადება, კვირაში რამდენიმე დღე, რამდენიმესაათიანი მოლოდინი.

დღემდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხშირად ფუჭად ხარჯავს საკუთარი წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და დამკვირვებლების დროსა და ენერგიას. თავმჯდომარე ხშირად თავს არიდებს საკუთარ ვალდებულებებს, არ ესწრება სხდომებს და აქტიურად არ არის ჩართული საბჭოს საქმიანობაში. მდივანი კი სახელმწიფო ორგანოს პირად ოფისად აღიქვამს და არაფორმალური/ზეპირსიტყვიერი მოთხოვნებით მართავს მას და მის პერსონალს. არამოსამართლე წევრები მონიტორების მხარდამხარ, მორჩილად, სამუშაო საათების ამოწურვის შემდგომაც კი საათობით მოელიან მოსამართლე წევრთა გამოცხადებას. სხდომაზე, თუ, საბოლოო ჯამში, არ გადაიდო, გასუსულნი სხედან და მოსამართლე წევრთა ქმედებებს იმეორებენ. საბჭო არც კი ცდილობს ორიენტირებული იყოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფაზე, იგი მხოლოდ კონკრეტულ პირთა მიერ ძალაუფლების უზურპაციას ისახავს მიზნად. 

ამ გზაზე მონიტორები მნიშნელოვან დისკომფორტს ვუქმნიდით მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭო საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულად არ მიიჩნევს თავს, საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მაინც მალავს, რათა თავიდან აიცილოს საზოგადოებრივი კრიტიკა და უკმაყოფილება. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ფიზიკურად ვესწრებოდით საბჭოს ყველა სხდომას და მაქსიმალურად ვცდილობდით საზოგადოების ინფორმირებას. 

ამ პროცესში საბჭოს არაერთხელ ჩავუყენებივარ დამამცირებელ მდგომარეობაში. იყო შემთხვევები, როცა ფოიეში იატაკზე, ორ კვადრატულ მეტრზე ან წვიმაში საბჭოს ჭუჭყიან კიბეებზე ვიჯექი, ზოოპარკის გალიაში გამოკეტილი ცხოველივით საათობით ველოდებოდი სხდომათა გადადებას, ვითმენდი ასაკოვანი კაცისგან ხელის კვრას, უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს და მაღალი თანამდებობის პირთაგან ცინიკურ კომენტარებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მდგომარეობაში მარტივია, გაბრაზდე და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, შექმნილი დამამცირებელი პირობები, პირველ რიგში, სწორედ ამავე ინსტიტუტისა და მისი თანამშრომლების თავმოყვარეობაზე ისახება. სახელმწიფო ორგანოში მუშაობა, წესით და რიგით, გარკვეულ პრესტიჟთან უნდა იყოს ასოცირებული. ბოლოს და ბოლოს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი საზოგადოებრივ კეთილდღეობას ემსახურება, თუმცა საბჭოში თანამშრომლებსამ ადამიანებს  ცოცხალ კედლად იყენებენ. 

მოსამართლე წევრებს საბჭოში კომფორტი აქვთ შექმნილი, ისინი მაქსიმალურად არიდებენ თავს არასასურველ კითხვებსა და ინტერაქციებს. სხდომათა დარბაზში უკანა კარიდან იპარებიან, 15-წუთიან სპექტაკლს დგამენ და კვლავ შემოვლითი გზებით ტოვებენ შენობას. თუმცა, იგივე ფუფუნება საბჭოს რიგით თანამშრომლებს არ გააჩნიათ. კონკრეტულ ინდივიდთა ინტერესების დასაცავად ხდება იმ მოხელეების ინსტრუმენტალიზება, რომლებიც საჯარო ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ. საბჭოს წევრთა ნაცვლად გვიპირისპირდებიან, ჩვენს კითხვებს დაზუთხულ პასუხებს სცემენ, სამუშაო საათების დასრულების შემდგომ კი სახლში წასვლამდე მეტლახის იატაკზე ჩამომსხდარ გოგოებს თვალს მათ ნაცვლად გვისწორებენ. 

შეიძლება დაიბადოს კითხვა: საიდან აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრს ამხელა ძალაუფლება, დაამცირონ დამკვირვებლები, თანამშრომლები, საკუთარი კოლეგები, ხელში მოფშვნიტონ აღიარებული სპეციალისტები, გადაჭრან ინდივიდუალურ ადამიანთა ან სახელმწიფო ინსტიტუტთა ბედი და მაინც, გავიდეს წლები და არაფერზე პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ?

2022 წელს კონფერენციაზე მოსამართლეები რიგში იდგნენ, რათა ლევან მურუსიძეს მისალმებოდნენ, ხელი ჩამოერთვათ და საკუთარი მადლიერება გამოეხატათ. ამ წელს ლევან მურუსიძე, ადამიანი, რომელიც ჩემთვის ღრმა ბავშვობიდან ასოცირდებოდა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე გახმაურებულ, ტრაგიკულ და უსამართლო საქმესთან, 250-ზე მეტი მოსამართლის ოვაციების ფონზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს.

როცა 18 წლის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვიდექი, ახალდარგულ ნერგებს მიწას ვაყრიდი და დედას ველოდებოდი, სახლში წასვლას როდის გადაწყვეტდა, ლევან მურუსიძე გირგვლიანის საქმეს ჯერ კიდევ არ განიხილავდა, ის არც 2020 წელს იყო საბჭოს წევი, როცა მე საბჭოს მიონიტორინგი დავიწყე. მართალია, ადგილობრივი ხოხობი ხშირად გვხვდება ქართული მართლმსაჯულების სისტემის მწვავე კერებთან, თუმცა იგი მხოლოდ რიგითი ოფიცერია, რომელსაც ზურგს უმაგრებს მორალური ღირებულებებისგან დაცლილი მოსამართლეთა კორპუსი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფოიეში მორიგი სხდომის გადადების მოლოდინში სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზო მახსენდებოდა. დღეს მარმარილოს კედლები მტვერითაა სავსე, იმ ნერგების ჩრდილს უკვე ხალხი ეფარება, შავებში ჩაცმული ქალი ცოცხალი აღარაა, მე კი ისევ რაღაცას ველოდები.  სხდომაზე დასწრება ჩემთვის სპორტულ ინტერესზე მეტი იყო. იდეოლოგიურ ორთაბრძოლაში ერთ მხარეს იდგა სასამართლო სისტემა, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში გატყდა და თავად შეირყია საკუთარი მდგრადობა, ხოლო მეორე მხარეს ბავშვი, რომელიც დღეს მზადაა, უკან მოიტოვოს ხმარებაში გაცვეთილი მართლმსაჯულების სისტემა. 

მარიამ ქვარიანი