იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან მომავალი საფრთხე სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის 

16.12.2022

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში სასამართლო სისტემის კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში საბოლოო სიტყვას ამბობს ან, სულ მცირე, კანდიდატებს წარადგენს. ამ ქვეყნებში კონსტიტუცია ადგენს, რომ საბჭოს ფუნქციაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, მისი დაცვა ზემოქმედების გარე და შიდა საფრთხეებისაგან.

მიუხედავად ამ სახით განსაზღვრული დანიშნულებისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის უფლებამოსილებათა ფართო სპექტრის გადაცემამ წარმოშვა არსებითი საფრთხეები სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის. კვლევებით დადგინდა, რომ ძლიერი მართლმსაჯულების (იუსტიციის) საბჭოს ევროპული მოდელი, რომლის შემადგენლობაშიც უმრავლესობას მოსამართლეები წარმოადგენენ, იწვევს სისტემის ანგარიშვალდებულების ნაკლებობას. აღნიშნულის მაგალითია აღმოსავლეთ ევროპის არაერთი ქვეყანა.1

ხელისუფლების კლასიკური დანაწილების პრინციპის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს პარლამენტი, ეს უკანასკნელი კი პასუხისმგებელია ხალხის წინაშე. ხელისუფლების მესამე შტო არ შეიძლება თავისუფალი იყოს ყოველგვარი ანგარიშვალდებულებისაგან.2 სასამართლო ხელისუფლების დატოვებას ბალანსისა და კონტროლის სისტემის მიღმა, საგანგაშო შედეგების გამოწვევა შეუძლია. საერთაშორისო ექსპერტი ერნსტ ვოფგანგ ბიოქენფიორდე (Ernst-Wolfgang Böckenförde) განმარტავს, რომ „მოსამართლეები უფლებამოსილნი არიან, მიიღონ სავალდებულო გადაწყვეტილებები. ისინი უნდა შეირჩნენ ლეგიტიმური ჯაჭვის შესაბამისად; კერძოდ, ხალხი - პარლამენტი - მთავრობა“. მოსამართლეთა უმრავლესობით დაკომპლექტებული ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მიღებას ყველა საკითხზე ექსპერტი აფასებს, როგორც „არადემოკრატიულ კოოპტაციას.“

სტატიაში მოგითხრობთ იმ საფრთხეების შესახებ, რომელთაც წარმოშობს ფართო უფლებამოსილებების მატარებელი და ანგარიშვალდებულების არმქონე მართლმსაჯულების საბჭოს არსებობა სასამართლო სისტემაში.

ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით

ევროპული სტრუქტურები (ევროკავშირი, ევროსაბჭო, ვენეციის კომისია, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო) იუსტიციის საბჭოს მოდელს განიხილავენ, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მექანიზმს. მათ დასკვნებსა და რეკომენდაციებში იუსტიციის საბჭო წარმოდგენილია, როგორც სასამართლოს თვითმმართველობის ორგანო, რომელიც, ძირითადად, მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული, დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან. საბჭოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმიდან ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობის მოდელზე გადაეწყნენ. საბჭოები მიიჩნეოდა პოლიტიკური ძალებისაგან სასამართლოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოდ.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტურობისა და პასუხისმგებლობის თაობაზე რეკომენდაციების (CM/Rec(2010)12) თანახმად, ინსტიტუცია, რომელიც მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესებასა და მის კარიერაზე იღებს გადაწყვეტილებას, დამოუკიდებელი უნდა იყოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან და მისი შემადგენლობის, სულ მცირე, ნახევარი დაკომპლექტებული უნდა იყოს მოსამართლეთაგან, რომელთაც ასევე მოსამართლეები აირჩევენ. თუკი რომელიმე სახელმწიფოს კონსტიტუცია ან კანონები ითვალისწინებს მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნას მთავრობის ან პარლამენტის მიერ, იუსტიციის საბჭოს, სულ მცირე, მათთვის რეკომენდაციების გაწევა უნდა შეეძლოს.

ევროპის მოსამართლეთა საბჭომ 2010 წელს დაამტკიცა მოსამართლეთა magna carta, რომელიც მოითხოვს, ყველა სახელმწიფომ სასამართლო სისტემის ადმინისტრირების მიზნით, სასამართლოს სისტემაში შექმნას იუსტიციის საბჭო ან მსგავსი ორგანო, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იქნება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისაგან და შედგება, ძირითადად ან უმრავლესობით, მოსამართლეებისაგან. ამ ინსტიტუტს, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მიენიჭოს მოსამართლეთა სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

ამასთან, ვენეციის კომისიამ ამ საკითხზე მსჯელობისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ძველი დემოკრატიის ქვეყნებში გათვალისწინებული წესები გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მოსამართლეთა დანიშვნას, თუმცა, ამ ქვეყნების ტრადიციებიდან და სამართლებრივი კულტურიდან გამომდინარე, ისინი არ შეიცავს საფრთხეებს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის.3 

მიუხედავად ამისა, ევროპაში სასამართლო სისტემის განვითარება გრძელდება. ბრიტანეთში სასამართლო დანიშვნების კომისია (Judcial Appointments Commission) და ნიდერლანდებში მართლმსაჯულების საბჭო (Rat der Rechtsprechung) შეიქმნა. ამ ინსტიტუციების ფორმირების მიზანი იუსტიციაზე პოლიტიკური გავლენის შემცირება გახლდათ. სხვა ევროპულ ქვეყნებში ასეთი ორგანოების ჩამოყალიბებას საჭიროდ არ მიიჩნევენ.

პრობლემა

ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მექანიკური გაგებით, შესაძლებელია სასამართლო სისტემაზე ზედამხედველობა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან (მაგალითად, ასეთი მოდელი არსებობს გერმანიაში) პრობლემური იყოს, მაგრამ მესამე ხელისუფლების უკონტროლო დამოუკიდებლობაც საფრთხისშემცველია. ძლიერი საბჭოს ევროპული მოდელი, სადაც ბოლო პერიოდამდე რეკომენდებული იყო რომ მოსამართლეები უმრავლესობაში ყოფილიყვნენ, იწვევს გრძელვადიან პერსპექტივაში დამოუკიდებლობის გაძლიერების ხარჯზე სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების ნაკლებობას.4 თავის მხრივ, ანგარიშვალდებულების დეფიციტი საბოლოოდ განაპირობებს სასამართლოს ინსტიტუციური და მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის შეზღუდვას.5 

ძლიერი იუსტიციის საბჭოს მოდელი სწორედ იმიტომ იყო რეკომენდებული ევროპული სტრუქტურების (ევროკავშირი, ევროსაბჭო, ვენეციის კომისია, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო) მიერ, რომ მათი მეშვეობით უზრუნველყოფილიყო სასამართლოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა, მაგრამ ამ პროცესმა საპირისპირო შედეგი გამოიღო - პოსტსაბჭოთა მენტალობის სასამართლო სისტემებში, რომელთაც არ აქვთ დამოუკიდებლობის კულტურა, მოსამართლეთა თვითმმართველობის დანერგვამ ხელი შეუწყო მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების ძალაუფლების გაძლიერებას, მოსამართლეთა ინდივიდუალიზმის შემცირებას, კორპორატივიზმსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტრუმენტალიზაციას.6

 იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოში

ევროპული სტრუქტურების (ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიის, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს) რეკომენდაციები მიმართულია იმისკენ, რომ ავტორიტარული რეჟიმების დაძლევის შემდეგ იუსტიციის საბჭომ უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური და მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, როგორც თავდაცვის რეაქცია ხელისუფლების სხვა შტოებისაგან (აღმასრულებელი, საკანონმდებლო). სამწუხაროდ, კვლევებმა აჩვენა, რომ იუსტიციის საბჭოს მოდელმა მთელ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ვერ გაამართლა, რადგან ზედმეტად ფართო ძალაუფლება მიანიჭა მას სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ძალაუფლების გავლენიან მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის ხელში თავმოყრა,7 ამ მოცემულობამ კი, თავდაპირველად განსაზღვრული ამოცანის საწინააღმდეგოდ, დააზიანა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა. საქართველო მხოლოდ ერთ-ერთია იმ ქვეყანათაგან, რომელთაც ეს შედეგი იწვნიეს: წლებია, ისმის კრიტიკა გავლენიან პირთა ჯგუფის მიმართ სასამართლო ხელისუფლებაში, ე.წ. კლანსა და მათ გარიგებებზე მმართველ ძალასთან. კანონმდებელმა ყველა საკანონმდებლო პირობა შექმნა საიმისოდ, რომ საბჭოს როლი დომინანტური ყოფილიყო სასამართლო სისტემის მართვის ყველა სფეროში. ვენეციის კომისიამ აღიარა, რომ მთელ რიგ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში მოსამართლეთა დამოუკიდებლობას პარადოქსამდე მივყავართ, ვინაიდან სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყონ იმ მოსამართლეებმა, რომლებიც თავად არასოდეს არ ყოფილან დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი, რისი შედეგიც არის კორუფციის მაღალი რისკები, პროფესიონალიზმისა და ეფექტიანობის ნაკლებობა. 

სასამართლო სისტემის ფარგლებში შექმნილ იუსტიციის საბჭოს მხოლოდ მაშინ აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის რესურსი, როდესაც მისი უფლებამოსილებების ფართო სპექტრის საპირწონედ გათვალისწინებულია შიდა კონტროლისა და ანგარიშვალდებულების ფუნქციონალური მექანიზმები, მათ შორის: გადაწყვეტილებების დასაბუთებების მაღალი სტანდარტი, გასაჩივრების ქმედითი საშუალებები, არამოსამართლე წევრების რეალური მონაწილეობა კოლეგიური გადაწყვეტილებების მიღებაში და უფლებამოსილებების გადანაწილების საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც, მთლიანობაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლებას დააბალანსებს.

სქოლიო



1. Z. Fleck, Judicial Independence in Hungary, თავი B. I. 2. C. E დაბეჭდილი Anja Seibert-Fohr (ed.) Judicial Independence n Transition, Max Planck Institute for Comparative Public Law and International
Law.
2. Lydia F. Muller, Judicial Administration in Transitional Eastern Countries. p 944 ძლიერ საბჭოებს ხშირად აკრიტიკებდნენ ანგარიშვალდებულების არარსებობის გამო.
3. დასკვნა N 403/2006
4. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, მართლმსაჯულების საბჭოები საქართველოსა და საზღვარგარეთ, საქართველოში არსებული გამოწვევები, გვ.18 2001 თბილისი, 
5. საქართველოს მაგალითი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის #5 ანგარიში (2017)
6. „Granting extensive self-administration powers to the judiciary before genuine internal reform is dangerous. In a better scenario, the new institution will be a somewhat empty shell for a few years or decades to come. In a bad case scenario, which unfortunately appears more frequently, behavior and patterns start emerging which are very distant from anything the model was supposed to deliver: Individual judicial independence and impartiality is not only unprotected, it may be suppressed by judicial bosses. To speak of efficiency, quality, or transparency - other values apart from the judicial independence the system promised to deliver - would amount to idealism bordering on naivety“. იხ. Michal Bobek & David Kosař, Global Solutions, Local Damages: A Critical Study in Judicial Councils in Central and Eastern Europe, 2014.
იხ. მაგ. სლოვაკეთის მაგალითი the Slovak Judicial Council, created following the best practices of the Euro-model, has turned gradually into a “mafia-like” structure of intra-judicial oppression, run in the name of “judicial independence” by judges who started their judicial careers in the communist period.
7. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, მართლმსაჯულების საბჭოები საქართველოსა და საზღვარგარეთ, საქართველოში არსებული გამოწვევები, გვ.18 2001 თბილისი,

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ფოტო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური Facebook-გვერდი. 
ავტორი: თამარ ლალიაშვილი