იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აღარ უშვებენ 2024 წლის 2 ივლისიდან. რიგ შემთხვევებში კი საბჭოს წარმომადგენლები სხდომაზე მონიტორინგის მიზნით მისულ დამკვირვებლებს სხდომის ჩატარებისა თუ გადადების შესახებაც არ აწვდიან ინფორმაციას, რაც ხელოვნურად ზრდიდს სხდომაზე დაკვირვების მსურველებისთვის შენობის გარეთ ლოდინის დროს.
2024 წლის 19 სექტემბერს სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელი კიდევ ერთხელ შეეცადა საბჭოს სხდომაზე დასწრებას, მაგრამ არათუ სხდომის დარბაზში, არამედ საბჭოს შენობაშიც კი არ შეუშვეს. დაახლოებით, 1-საათიანი ლოდინის შემდეგ მისცეს საბჭოს ფოიეში შესვლის და იქ განთავსებული ეკრანის მეშვეობით საბჭოს სხდომის დაკვირვების უფლება. სამწუხაროდ, იმ დროისთვის, როდესაც დამკვირვებელი შენობაში შევიდა, სხდომა თითქმის დასრულებული იყო და მონიტორიდან ხმა გარკვევით არ ისმოდა.
სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელი კვლავ შეეცადა 2024 წლის 30 სექტემბერს დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დასწრებას, თუმცა უშედეგოდ. თავდაპირველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მანდატურმა განუმარტა, რომ შენობაში შესვლის უფლება დამკვირვებლებს არ ჰქონდათ, ხოლო ნებისმიერ დამაზუსტებელ შეკითხვაზე მათი პასუხი იყო: „არ შეიძლება“.
ამავე დღეს, ადგილზე ჟურნალისტების მოსვლის შემდეგ, მანდატურმა შენობაში არშეშვების მიზეზი შეცვალა და კამერების წინ განაცხადა, რომ შენობაში რემონტია. რაც შეეხება დამკვირვებლებს, მათ იმიტომ არ უშვებენ, რომ „შიგნით შეწუხდებიან“.
საბჭოში მისული ნებისმიერი ადამიანი შეამჩნევს, რომ მიმდინარეობს შენობის გარე კედლების მოპირკეთება, მოქალაქეთათვის განკუთვნილ სივრცეში კი სარემონტო სამუშაოები არ ტარდება. შეიძლება ითქვას, რომ შენობაში, ყავის აპარატის გარდა, არაფერია შეცვლილი.
საბოლოოდ, თითქმის ერთსაათიანი მცდელობის შემდეგ მანდატურმა გამოაცხადა, რომ შეიძლებოდა შენობაში შესვლა და ეკრანის მეშვეობით საბჭოს სხდომის დაკვირვება, თუმცა ამ დროისთვის სხდომა თითქმის დასრულებული იყო. ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ ბოლო რამდენიმე წუთი განიხილებოდა ისეთი საკითხი, რაც დღის წესრიგში არ იყოს წინასწარ მითითებული („საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლი).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამავე დღეს საბჭოს შენობაში ახლად დანიშნულ მოსამართლეებს უნდა დაედოთ ფიცი, თუმცა ახალი მოსამართლეების ოჯახის წევრებზე მსგავსი შეზღუდვები არ დაუწესებიათ.
ფიცის დადების ცერემონიაზე დასწრების საშუალება ახალდანიშნული მოსამართლეების ოჯახის წევრებს მიეცათ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის სხდომის დარბაზის კარი ისევ ჩაიკეტა. თავდაპირველად დამკვირვებლებს მონიტორზე შეეძლოთ ფიცის დადების ცერემონიისთვის თვალის დევნება, თუმცა ეკრანი მალევე, ჟურნალისტების წასვლისთანავე გამორთეს იმ პირობით, რომ ცერემონიის დაწყებისთანავე ეკრანს კვლავ ჩართავდნენ. ფიცის დადების ცერემონია ისე დასრულდა, რომ ეკრანი არავის ჩაურთავს, ცერემონიის დასრულების შესახებ ინფორმაცია დარბაზიდან გამოსულმა, ერთ-ერთი ახალი მოსამართლის ახლობელმა დაადასტურა.
ამ პროცესში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ გამოგონილი მიზეზებიც კი არათანმიმდევრული, არაპროგნოზირებადი და აბსურდულია. ყოველივე ეს კიდევ უფრო ამცირებს შანსს, რომ ახლო მომავალში ყოველგვარი დაუსაბუთებელი შეზღუდვა მოიხსნება და არასამთავრობო ორგანიზაციების სადამკვირვებლო საქმიანობას ხელი აღარ შეეშლება. და ეს იმ პირობებში, როცა საბჭოს სხდომაზე დასწრება ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალებაა, ვინაიდან საბჭოს ჩაკეტილობა გამოიხატება არა მხოლოდ სხდომების დახურვით, არამედ საჯარო ინფორმაციების გაცემაზე უარითა და საკუთარი ოფიციალური გადაწყვეტილებების დამალვის ჩვეული პრაქტიკით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების და საქმიანობის საჯაროობა წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ყველა დაინტერესებული პირისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სახის გადაწყვეტილებებს იღებს უმაღლესი საბჭო წინასაარჩევნო პერიოდში - ეს განსაკუთრებით ეხება საკადრო ცვლილებებს სასამართლო სისტემაში.
კონსტიტუციური ორგანოს მხრიდან დამკვირვებლებისთვის შენობის კარის ჩაკეტვა უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხის კიდევ უფრო გაუარესების მკაფიო მაგალითია.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.