2024 წლის 2 ივლისიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დამკვირვებლებს აღარ უშვებენ

01.08.2024
რა საკითხები განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ივლისში?

2024 წლის ივლისის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 23-ჯერ (დაინიშნა: აქედან ჩატარდა - 8 ჯერ (სხდომა, რომელზეც დამკვირვებელი დაუშვეს დაიწყო 1 საათამდე დაგვიანებით); გადაიდო 15.

ძირითადი მიგნებები

  • 2024 წლის 2 ივლისის შემდგომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დამკვირვებლებს აღარ უშვებენ - საბჭომ სხდომები სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის დახურა, თუმცა ამის თაობაზე ოფიციალური გადაწყვეტილება დღემდე არ არის გამოქვეყნებული.
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ;
  • სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით, ან რამდენიმე საათით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა. 

2 ივლისი, 2024

თავდაპირველად სხდომა 1 ივლისს დაინიშნა, თუმცა გადაიდო და 2 ივლისს ჩატარდა. სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 5 წუთი დაეთმო.

სხდომას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები: დიმიტრი გვრიტიშვილი და ნიკოლოზ მარსაგიშვილი.

დღის წესრიგი:

  1. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანა;
  2. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრა;
  3. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი ორი საკითხი მოიხსნა, მიზეზი არ დასახელებულა.
  • საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა, კერძოდ, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება განმცხადებელთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე. 

    შესაბამის თანამდებობაზე სულ წარდგენილი იყო შვიდი განაცხადი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაარეგისტრირა ყველა კანდიდატი, კერძოდ:

    1. აბაშიძე ივერი;
    2. ალფაიძე თამარ;
    3. ბონდარენკო ირაკლი;
    4. კოჭლამაზაშვილი არჩილ;
    5. მარსაგიშვილი ნიკოლოზ;
    6. ქადაგიძე შოთა;
    7. ჯინჯოლია მიხეილ.

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განცხადებების მიღება მიმდინარეობდა 2024 წლის 31 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2024 წლის 2 ივლისის შემდეგ სხდომაზე აღარ უშვებს დამკვირვებლებს, შესაბამისად მომდევნო სხდომების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ოფიციალურ ვებგვერდზე თითქმის აღარ აქვეყნებს საკუთარ გადაწყვეტილებებს, რაც ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას კიდევ უფრო აფერხებს.

  • თუმცა იუსტიციის საბჭოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ 2024 წლის 17 ივლისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ივერი აბაშიძეს, თამარ ალფაიძეს, ირაკლი ბონდარენკოსა და არჩილ კოჭლამაზაშვილს მოუსმინეს, ხოლო  18 ივლისს - ნიკოლოზ მარსაგიშვილს.

22 ივლისს გამოქვეყნდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ შემდგომ ეტაპზე გადავიდა კანდიდატი ნიკოლოზ მარსაგიშვილი (93%-ით).

  • 2024 წლის 22 ივლისის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა 18 ვაკანტურ თანამდებობაზე:

    1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 2 საშტატო ერთეული 
    2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა - 2 საშტატო ერთეული 
    3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 1 საშტატო ერთეული 
    4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა - 1 საშტატო ერთეული 
    5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - 3 საშტატო ერთეული 
    6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია - 3 საშტატო ერთეული 
    7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - 3 საშტატო ერთეული 
    8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია - 3 საშტატო ერთეული.

  • 2024 წლის 24 ივლისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით კანდიდატად დარეგისტრირდნენ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირები:

    1. აბაშმაძე ლალი

    2. ბალაბანიშვილი ტარიელ
    3. ბარბაქაძე ეკა
    4. გიორგაშვილი სანდრო
    5. გოგოლაძე ნანა
    6. გოჩაშვილი ზვიადი
    7. თეთრაული დავით
    8. ლოთიშვილი ქეთევან
    9. მარიდაშვილი ლელა
    10. სალთხუციშვილი სოსო
    11. საჯაია თამთა
    12. ჩინჩალაძე ნინო
    13. ჩუბინიძე მარიამი
    14. ცეკვავა ზვიად
    15. წითლაური ვლადიმერ
    16. ხაბალაშვილი ნინო
    17. ჯაბიძე სალომე

  • ამავე დღეს, ვებგვერდზე გამოქვეყნდა დადგენილების პროექტი - „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“ 

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი