რა საკითხები განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ივლისში

01.08.2023
2023 წლის ივნისის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 6-ჯერ დაინიშნა: აქედან ჩატარდა 5- ჯერ (სხდომები დაიწყო 4 საათამდე დაგვიანებით); გადაიდო ერთხელ.

ძირითადი მიგნებები

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში უკვე არიან არამოსამართლე წევრებიც, დამოუკიდებელი ინსპექტორის დანიშვნის საკითხი ერთხმად გადაწყდა;
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ;
  • ზოგი სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა. 

4 ივლისი, 2023

თავდაპირველად სხდომა 21 ივნისს დაინიშნა, თუმცა გადაიდო და 4 ივლისს ჩატარდა. სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 2 საათი და 40 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ლევან მურუსიძე.

დღის წესრიგი : 

  1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
  2. ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე;
  3. მოსამართლე გ. გელაშვილის განცხადება;
  4. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  5. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  6. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატების დაშვების შესახებ;
  7. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები;
  8. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ყავის აპარატის შესაძენად თანხის გამოყოფის საკითხს.

  • საპენსიო ასაკის მიღწევის გამო მოსამართლე ქეთევან ლუაშვილს შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილება;

  • მოსამართლე გ. გელაშვილის განცხადება ეხებოდა თბილისში ბინის ქირისთვის თანხის გამოყოფის საკითხს;

  • მე- 4 საკითხი - „ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ გადაიდო, მიზეზების განმარტების გარეშე;

  • მე- 5 საკითხი - „ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზების განმარტების გარეშე;

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მიღებული განცხადებების და თანდართული საბუთების შესაბამისობა მოთხოვნებთან. როგორც სხდომაზე გაირკვა 32 კანდიდატიდან მხოლოდ 9 კანდიდატის განცხადება და თანდართული დოკუმენტი შეესაბამებოდა მოთხოვნებს;

  • სხდომაზე ასევე განიხილეს „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად მოსამართლის სხვა სასამართლოში კონკურსის გარეშე გადაყვანის საკითხი.

    1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თათია გოგოლაურმა განაცხადი წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაყვანაზე; 
    2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატმა მოსამართლემ გიორგი ლობჟანიძემ განაცხადი წარადგინა თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში გადაყვანაზე; 
    3. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განაცხადი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გადაყვანაზე;
    4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე მაია კვირიკაშვილმა განაცხადი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში და ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში გადაყვანაზე;
    5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატმა მოსამართლემ ნუგზარ მგელაძემ განაცხადი წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში გადაყვანაზე;
    6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ განაცხადი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გადაყვანაზე;
    7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა განაცხადი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გადაყვანაზე;
    8. სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი ბუხრაშვილმა განაცხადი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში გადაყვანაზე;
    9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ანა ჩოგოვაძემ განაცხადი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაყვანაზე;
    10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა განაცხადი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაყვანაზე;
    11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ონიანმა განაცხადი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გადაყვანაზე.

  • მე- 8 საკითხი გადაიდო, მიზეზების განმარტების გარეშე.

10 ივლისი, 2023

დღის წესრიგი:

  1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
  2. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ’
  3. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  4. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

10 ივლისს 17:00 საათზე დანიშნული სხდომა, დაიწყო დაახლოებით 21:00 საათზე, მას შემდეგ რაც ყველა დამკვირვებელი წავიდა საბჭოდან. ვინაიდან პრობლემურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროების საკითხი, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს შერჩევითი მიდგომა და ამავდროულად ვებგვერდზე გონივრულ ვადებში არ ქვეყნდება გადაწყვეტილებები. ასევე, 2023 წელს ჩატარებული სხდომის ოქმები (აუდიო ფაილის სახით) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთოდ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, იუსტიციის საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია დაინტერესებულმა პირმა მიიღოს მხოლოდ სხდომაზე დასწრების ან საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაში. 

იქიდან გამომდინარე, რომ სხდომაზე დასწრება ვერ მოხერხდა და არ არის გამოქვეყნებული არც სხდომის ოქმი, არც გადაწყვეტილება რაც სხდომაზე მიიღეს საბჭოს წევრებმა ჩვენთვის უცნობია სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხების და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია.

12 ივლისი, 2023

სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 10 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ლევან მურუსიძე, თამარ ღვამიჩავა, ლევან მიქაბერიძე.

დღის წესრიგი : 

  1. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის წერილი;
  2. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები;
  3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები;
  4. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  5. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  6. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • პირველი საკითხი ეხებოდა ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საკითხში სოციალური მუშაკის მონაწილეობას. ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებში უნდა იყოს სპეციალიზებული კანონით დადგენილი სპეციალიზაციის შესაბამისად. ამის გამო პირველი ინსტანციის სასამართლოებმა განუხილველად დატოვეს სოციალური მუშაკების შუამდგომლობა, რადგან სპეციალიზაციის სტანდარტს არ აკმაყოფილებდნენ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა თხოვნით, რომ სასამართლოებს მიეცეს რეკომენდაცია დასაშვებად ცნონ სოციალური მუშაკების შუამდგომლობები. ბადრი შონიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ სასამართლო გაეცნო წერილის შინაარს დეტალურად, კოლეგიებს შორის გაიმართა მსჯელობა და გამოითქვა მოსაზრება, რომ რადგანაც სააგენტოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლებს არ უნდა მოეთხოვებოდეთ სპეციალიზაცია აუცილებელ წინაპირობად. ბადრი შონიას თქმით აღნიშნული საკითხი განიხილეს კოლეგებთან, სააპელაციო სასამართლოში და შესაბამისად ეს საკითხი აღარ იქნებოდა პრობლემა.

  • მეორე საკითხი ეხებოდა მოსამართლეთა გამოცდებს, რომელიც ჩანიშნეს სექტემბრის თვეში. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) 2023 წლის 17 სექტემბერს, მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) 2023 წლის 24 სექტემბერს გაიმართება. გამოცდაზე დაშვების მიზნით რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 24 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით;

  • დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები არ განხილულა სხდომაზე. 

21 ივლისი, 2023

სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 13 წუთი დაეთმო.
სხდომას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი.


დღის წესრიგი:

  1. იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული საკითხი;
  2. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  3. განკარგულების პროექტი - „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის 1/3 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
  4. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • პირველი საკითხი შეეხებოდა უმაღლესი სკოლისათვის მიმართვას და 2024 წლისთვის მსმენელთა რაოდენობის განსაზღვრას. როგორც, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა აღნიშნა, სკოლაში მსმენელთა მიღება საჭირო იქნება 2024 წელსაც, რადგან 2024 წლის ბოლოს დაახლოებით 110 მოსამართლის ვაკანსია იქნება სასამართლო სისტემაში. ამიტომ კანონის მიხედვით სკოლის მსმენელთა რაოდენობა 2024 წლისთვის 132 პირით განსაზღვრეს. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.

  • მეორე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზების განმარტების გარეშე.

  • მესამე საკითხი შეეხებოდა რაიონული სასამართლოების აპარატის თანამშრომლების ანაზღაურების თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის თანამშრომლების ანაზღაურებასთან გათანაბრების საკითხს. 
    ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განმარტა, რომ თბილისის სასამართლოში განსხვავებული კოეფიციენტის გამო უფრო მაღალი ხელფასებია, საბჭოს თავმჯდომარემ და წევრებმა, მათ შორის დიმიტრი გვრიტიშვილმაც აღნიშნეს, რომ საბჭოს დიდი ხნის სურვილი იყო მომხდარიყო გათანაბრება ხელფასების და რადგან ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას იძლევა, ისინი სიამოვნებით იღებენ ამ გადაწყვეტილებას. ასევე, საშტატო დოკუმენტში ცვლილება შევიდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ემატება 1 სპეციალისტი ადმინისტრაციულ საქმეების მიმართულებით.

  • მეოთხე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზების განმარტების გარეშე.

27 ივლისი, 2023

თავდაპირველად სხდომა 26 ივნისს დაინიშნა, თუმცა გადაიდო და 27 ივლისს ჩატარდა. სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 13 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თემურ გოგოხია.

დღის წესრიგი:

  1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის წერილი;
  2. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  3. საორგანიზაციო საკითხები;
  4. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხი.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • პირველი საკითხი შეეხებოდა შემდეგს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ადგილობრივ საბჭოებში არის წარმომადგენელი დანიშნული. ვინაიდან მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი გამწესდა იუსტიციის სკოლის მსმენელად და საბჭომ მის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს ახალი კანდიდატი, თუმცა უმაღლესი საბჭო ჯერ ვერ შეჯერდა ვინ შეიძლება კანდიდატად წარადგინონ, სწორედ ამიტომ ეს საკითხი გადაიდო.

  • მეორე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, განმარტების გარეშე.

  • საორგანიზაციო საკითხები შეეხებოდა:

    1. საერთო სასამართლოების მოსამართლეებისთვის დანამატის განსაზღვრის შესახებ განკარგულებას, კერძოდ, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს 2023 წლის ივლისის თვეში თანამდებობრივი სარგოს 70% განესაზღვრათ დანამატის სახით, ყოველთვიურ დანამატთან ერთად.

    2. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების და კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა იმ 5 კანდიდატს, რომლებიც, როგორც სხდომაზე აღნიშნეს, გამოცხადდნენ გასაუბრებაზე:

    - ანა მურაჩაშვილი;
    - ლევან ნემსაძე;
    - ლევან ფაცაცია;
    - შოთა ქადაგიძე;
    - ზაზა ხარებავა.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა დამსწრე წევრმა (სულ 11 წევრი) ერთხმად დაუჭირა მხარი შოთა ქადაგიძის კანდიდატურას.

  • მეოთხე საკითხი შეეხებოდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტში საშტატო ადგილის დამატებას. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე. უმაღლესი საბჭო თანახმაა დეპარტამენტის თავმჯდომარემ განსაზღვროს ახალი საშტატო ნუსხა და დაამატოს კიდევ ერთი შტატი თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. 

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა