2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 4-ჯერ დაინიშნა: აქედან ჩატარდა 2- ჯერ (სხდომები დაიწყო 4 საათამდე დაგვიანებით); გადაიდო 2-ჯერ.
ძირითადი მიგნებები
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 2 წლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობით ახორციელებს საქმიანობას;
- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ;
- ზოგი სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა.
18 ოქტომბერი, 2023
თავდაპირველად სხდომა 29 სექტემბერს დაინიშნა, თუმცა საბოლოოდ გადადების შემდეგ 18 ოქტომბერს ჩატარდა.
სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 13 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ლევან მურუსიძე და ახალარჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი გოგა კიკილაშვილი.
დღის წესრიგი :
- სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები;
- თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის წერილი;
- იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული საკითხები;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- პირველი საკითხი შეეხებოდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წერილს, რომლის მიხედვითაც, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქმედო გეგმით შეთანხმებულია სასამართლოს შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები. როგორც საერთო სასამართლოების წარმომადგენელმა აღნიშნა, აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისთვის საჭიროა ორი შენობის დემონტაჟი (ძველი გარაჟისა და სველი წერტილისთვის განკუთვნილი შენობები) იქიდან გამომდინარე რომ ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, წერილის თანახმად საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა თხოვნით, რომ საბჭოს გაეცა თანხმობა, ნახსენები შენობების დემონტაჟზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა დამსწრე წევრმა ერთობლივად გასცა ნებართვა შენობების დემონტაჟზე.
- პირველი საკითხის ფარგლებში სხდომაზე განიხილეს კიდევ ერთი წერილი, რომლის მიხედვითაც თელავის რაიონული სასამართლოდან საერთო სასამართლოების დეპარტამენტში შემოვიდა წერილი, იმის თაობაზე, რომ ძლიერმა წვიმამ დააზიანა სახურავი ნაფიც მსაჯულთა სხდომის დარბაზში და შესაბამისად საჭიროებს რეაბილიტაციას. ვინაიდან სამოქმედო გეგმაში არ არის შეტანილი აღნიშნული რეაბილიტაციის საკითხი, სამოქმედო გეგმა საჭიროებს ცვლილებას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა დამსწრე წევრმა გასცა ერთობლივი თანხმობა სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- პირველი საკითხის ფარგლებში მესამე განსახილველი წერილი შეეხებოდა საერთო სასამართლოების თავმჯდომარის 2015 წლის 14 აგვისტოს გაცემული ბრძანებით საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ბალანსზე არსებულ ქონების ამოწერის კომისიის საკითხს. კომისიამ განიხილა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ბალანსზე არსებული კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამოწერა და მათი გადაცემა ქონების მართვის სააგენტოსთვის. ამ საკითხზე განკარგულების გაცემაზე იუსტიციის საბჭოს ყველა დამსწრე წევრი ერთხმად იყო თანახმა.
- დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვა გადაიდო.
- დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრის გოგა კიკილაშვილის უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლების საკითხს, ვინაიდან გოგა კიკილაშვილის საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩია.
- დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე და მეხუთე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, რადგან როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აღნიშნა, ამ საკითხებთან მიმართებით არაფერია განსახილველი.
24 ოქტომბერი, 2023
სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 40 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა
დღის წესრიგი :
- სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები;
- თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის წერილი;
- ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
- განკარგულების პროექტი - საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევის შესახებ;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი შეეხებოდა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს, რაც გამოწვეული იყო სხვადასხვა ხარჯების ზრდით, მათ შორისაა სათარჯიმნო ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდით. საერთო ჯამში ხარჯების ზრდამ შეადგინა 650 000 ლარი. ცვლილების განხორციელებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა დამსწრე წევრი ერთხმად იყო თანახმა.
- დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი შეეხებოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის წერილს, რომლის თანახმადაც მოთხოვნილი იყო საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, დღევანდელი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს საშტატო ნუსხით არ არის გათვალისწინებული კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილება. თავმჯდომარე ითხოვს შეიქმნას ასეთი განყოფილება საშტატო ნუსხით, ერთი სპეციალისტის და ერთი განყოფილების უფროსის შემადგენლობით. ამ ცვლილებით საშტატო ნუსხაში ცვლილება არ იქნება, ვინაიდან 10 მოხელე ჰყავს სასამართლოს და რაოდენობრივად ისევ 10 მოხელე ეყოლება, თუმცა ცალკე შეიქმნება განყოფილება, რომელშიც შევა განყოფილების უფროსი, მისი თანამდებობრივი სარგო კი განისაზღვრება 2662 ლარით, ხოლო სპეციალისტის 1452 ლარით.
საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება თავისი შინაარსით არის რეორგანიზაცია, ამიტომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ამ საკითხის განხილვა გადადეს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარესთან კომუნიკაციის და საკითხის უკეთ გადაწყვეტის მიზნით.
- დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი შეეხებოდა ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანას, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილებებს მოიაზრებდა. შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში ახალი სტრუქტურული ერთეულის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბიუროს შექმნას. დადგენილების პროექტით, აღნიშნული ბიუროს ფუნქციები განისაზღვრება შემდეგი საკითხებით:
1. ბიურო უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამუშაო განრიგის ორგანიზებულობასა და მის კოორდინაციას;
2. უზრუნველყოფს მდივნის დავალებით მოქალაქეებთან შეხვედრას;
3. ორგანიზებას უწევს საბჭოს კოორდინაციას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
4. უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ანგარიშის გამოსვლების და მოსმენების მომზადებას;
5. უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, საბჭოს წევრების მიერ დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრებისა თუ სამუშაო ვიზიტების ორგანიზებას.
6. საბჭოს აპარატის ადამიანური რესურსების დეპარტამენტს დღეისთვის მინიჭებული ფუნქციით აღიჭურვება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბიურო.
კერძოდ, კონტროლის ფუნქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭო აპარატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის, საბჭოს აპარატის დებულების, შინაგანა წესის და სამსახურებრივი ეთიკის, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტის მოთხოვნების შეუთავსებლობაზე. ასევე, უმაღლესი საბჭოს აპარატის ადამიანური რესურსების დეპარტამენტი უზრუნველყოფს დისციპლინარული გადაცდომების კონტროლს. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აქვს უფლება მოხელეებს სთხოვოს კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენა და ა. შ. დადგენილების პროექტის თანახმად, ამ ფუნქციით აღიჭურვება უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბიურო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა დამსწრე წევრმა ერთხმად უყარა კენჭი აღნიშნული ბიუროს შექმნას და დაამტკიცა ცვლილებების შეტანა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის N1 დადგენილებაში.
- დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი ეხებოდა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევის. საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისგან აქედან 2 წევრს კი ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა უმაღლესი საბჭოს დანარჩენ წევრებს ვასილ მშვენიერაძე და ამავე საბჭოს მოსამართლე წევრი, პაატა სილაგაძე წარუდგინა საპროკურორო საბჭოს კანდიდატად. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა და უმაღლესი საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ წარდგენილ ორ კანდიდატს. პაატა სილაგაძეს კენჭისყრაში მონაწილეობა საკუთარ კანდიდატურასთან მიმართებით არ მიუღია.
- საკითხი - „ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ არ განხილულა. საორგანიზაციო საკითხების ფარგლებში კი განიხილეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის წერილი, რომლის მიხედვითაც, ის ითხოვდა იმ კონკურსანტთა სკოლაში მსმენელებად ჩარიცხვას, რომლებიც შეირჩნენ კონკურსის შედეგად. იუსტიციის საბჭოს ყველა დამსწრე წევრმა ერთხმად გასცეს თანხმობა აღნიშნულ საკითხზე.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.