„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენელი ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 16 ივნისს გამართულ სხდომას, სადაც განიხილეს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ თანამდებობის დატოვების და ახალ პოზიციაზე დანიშვნის საკითხი.
როგორც „სასამართლოს გუშაგისთვის“ გახდა ცნობილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ამავე სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ზურაბ აზნაურაშვილი ერთხმად დანიშნა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. შეიძლება ითქვას, რომ ის ამ გადაწყვეტილების შედეგად უფრო დაბალ თანამდებობაზე გადავიდა. მისი კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა წარუდგინა უმაღლეს საბჭოს.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ აზნაურაშვილი არ დასწრებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ სხდომას, სადაც განიხილეს მისი გადადგომის და ახალ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი.
ზურაბ აზნაურაშვილი დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობას 2020 წლის 24 იანვრიდან იკავებდა, რომელიც 5 წლით იყო არჩეული.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 1 კვირის ვადაში ის მიიღებს კანდიდატების განაცხადებს დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად.
დამოუკიდებელ ინსპექტორი აირჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, კონკურსის საფუძველზე, 5 წლის ვადით. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი დანიშნულება მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება/გამოკვლევაა. მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის შემთხვევაში ამ დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების მიზნით შექმნილ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ფოტო: დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური