თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ, პირადი განცხადებით, მოსამართლის თანამდებობა დატოვა

09.06.2023

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, შოთა გეწაძემ, პირადი განცხადებით, სხვა თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველზე, მოსამართლის თანამდებობა დატოვა. საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, შოთა გეწაძე დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე შვეიცარიის კონფედერაციაში, სადაც საქმიანობას მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან შეუდგება.

2023 წლის 2 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, შოთა გეწაძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 

თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მოსამართლის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა დასახელდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ პროტოკოლის დეპარტამენტში, ღონისძიებებისა და ცერემონიების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განაგრძობს. სხდომაზე ასევე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე პირველ ივნისს დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ აცნობა და ამის გამო მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება მოითხოვა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა ხმა მოსამართლის გათავისუფლების შესახებ საკითხს. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ,დიმიტრი გვრიტიშვილმა კი სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად სასამართლოს ერთი კარგი მოსამართლე მოაკლდება. 

შესაბამისად, 2023 წლის 1 ივნისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განწესებულმა მოსამართლემ, შოთა გეწაძემ, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის 13-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 43-ე მუხლის, „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია მოსამართლის სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა.


შოთა გეწაძის კარიერა სასამართლოში:

  • შოთა გეწაძემ სასამართლოში მუშაობა 21 წლის წინ დაიწყო. 2003-2006 წლებში ის იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივანი, მოგვიანებით კი - მოსამართლის თანაშემწე.
  • 2006-2007 წლებში მას ეკავა მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობა, ხოლო 2007-2009 წლებში ის იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი.
  • სამოსამართლო კარიერა შოთა გეწაძემ 13 წლის წინ დაიწყო, კერძოდ, 2011-2015 წლებში ის იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე
  • მოსამართლედ განწესებიდან 5 თვის შემდეგ, 2011 წლის 30 ივლისს, შოთა გეწაძე მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია, სადაც უფლებამოსილებას 2017 წლამდე ახორციელებდა.
  • საბჭოს წევრად ყოფნის პერიოდში, 2015 წელს შოთა გეწაძე დაწინაურდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა.
  • 2018 წლიდან ის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოსამართლო საქმიანობას თანამდებობის დატოვებამდე, 2023 წლის პირველ ივნისამდე ეწეოდა.

როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, შოთა გეწაძე სამოსამართლო საქმიანობის პარალელურად, ასევე, ჩართული იყო აკადემიურ საქმიანობაში. 

დაბოლოს აღსანიშნავია, რომ ის 2019 წელს იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შესარჩევ კონკურსში, რომელიც ნომინირებული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად.

შოთა გეწაძის სამოსამართლო საქმიანობა არაერთ გახმაურებულ თუ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოიცავს. მოსამართლის გახმაურებულ საქმეებს შორის არის: 

  • ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე;
  • დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტის, მიკაილ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვან განმარტებებსა და გადაწყვეტილებებს შორის არის:

  • 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინება, რომლითაც პრემიერ-მინისტრს აუკრძალა „საქპატენტის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა. როგორც სასამართლომ განმარტა, აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პირის დაცვა არასასურველი მმართველობითი ღონისძიების განხორციელებისგან. ამდენად, სხვა პირის დანიშვნის აკრძალვა მიზნად ისახავდა სასამართლო გადაწყვეტილების შეუფერხებლად აღსრულებას.
  • 2020 წლის 29 იანვარს შოთა გეწაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიური უბედურების დროს დაღუპულის ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დააკისრა თანხის გადახდა. 
  • მოსამართლე შოთა გეწაძემ განიხილა 2020 წლის 21 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და პატიმრის შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ გავრცელების საკითხი. 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის მიერ პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეომასალის უკანონოდ გავრცელების ფაქტი დაადასტურა და სამსახურს 4 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
  • სამოსამართლო კარიერის განმავლობაში, მოსამართლეს მნიშვნელოვანი/პრეცედენტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული ისეთ საკითხზე, როგორიც არის საჯარო სამსახურიდან მოხელის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე და მისი იძულება, საკუთარი განცხადებით დაეტოვებინა სამსახური.

„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მომზადებული პორტფოლიოს თანახმად, მოსამართლე შოთა გეწაძე პრაქტიკაში აქტიურად იყენებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. 

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ფოტო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური Facebook-გვერდი. 
ავტორი: სალომე კვირიკაშვილი