2023 წლის 27 ივლისს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 ხმით აირჩია შოთა ქადაგიძე, რომელსაც ყველა დამსწრე წევრმა მისცა ხმა. სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და მოსამართლე წევრი, თემურ გოგოხია. შოთა ქადაგიძე 2017-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა აირჩია.
შოთა ქადაგიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქმიანობის დროს გამოირჩეოდა სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის მიმართ ლოიალურობით, უფრო მეტიც, ფაქტობრივად, არ მოიძებნება საკითხი, რომელშიც მას საბჭოს სხდომებზე მოსამართლე წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა. შოთა ქადაგიძემ თავისი პოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვადის ამოწურვის შემდეგაც გამოხატა. ის იყო ერთ-ერთი ხელმომწერი 2022 წლის 19 ივლისს გავრცელებული განცხადებისა, რომლითაც მხარდაჭერა გამოუცხადეს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს, აშშ-ში სასწავლო ვიზიტისგან მოხსნის შემდეგ.
სანაცვლოდ შოთა ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე აირჩია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი, მათ მიმართ მხარდაჭერას რეაგირების გარეშე არ ტოვებს. ამგვარად, ქადაგიძემ შეძლო სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავება.
აღსანიშნავია, რომ ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მიერ (მათ შორის, ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატის) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა სამმა არამოსამართლე წევრმაც: ტრისტან ბენაშვილმა, გიორგი გზობავამ და ზურაბ გურასპაშვილმა. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ახალი არამოსამართლე წევრების ე.წ. კლანის მიმართ ერთგულება.
შოთა ქადაგიძის არჩევამდე დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობას იკავებდა ზურაბ აზნაურაშვილი, რომელმაც 2023 წლის 16 ივნისს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე ისე დატოვა, რომ უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ამოწურული არ ჰქონდა. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ზურაბ აზნაურაშვილი თანამდებობიდან გადადგომისთანავე, იმავე დღეს, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით. ზურაბ აზნაურაშვილი არ დასწრებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ სხდომას, რომელზეც მისი გადადგომისა და ახალ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი განიხილებოდა.
➡ ამავე თემაზე: დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილი გადადგა და მაშინვე ახალ თანამდებობაზე დანიშნეს
2017 წლის თებერვალში საერთო სასამართლოების სისტემაში შემოვიდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმება/გამოკვლევის უფლებამოსილება.