მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი ერთ-ერთია იმ ანგარიშვალდებულების მექანიზმთაგან, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს მიუკერძოებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას, თუმცაღა დაუბალანსებელი ანგარიშვალდებულების მექანიზმები, შესაძლოა, პირიქით, მოსამართლის წინააღმდეგ მიმართულ ბერკეტად იქცეს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2021 წლის 30 დეკემბერს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებას შეეხებოდა, მოსამართლეთა ნაწილმა მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევად მიიჩნია; ამ მოტივით, 2022 წლის 11 აპრილს მოსამართლეებმა – ეკა არეშიძემ, ქეთევან მესხიშვილმა, მადონა მაისურაძემ, მამუკა წიკლაურმა და თამარ ხაჟომიამ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.
საქართველოში მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, თითოეულ ეტაპზე კი გადაწყვეტილების მიმღებთა სხვადასხვა წრეა ჩართული.
გადაწყვეტილების მიღების პროცესის საწყისი რგოლი დამოუკიდებელი ინსპექტორია, რომელიც იწყებს მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას, აგრეთვე, მიმართავს დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას; ინსპექტორი იღებს, ასევე, დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ.
შემდეგი რგოლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა, რომელიც საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. გადაწყვეტილების მიღებისა და საქმის გაგრძელების შემთხვევაში კი პროცესში ერთვება მე-3 რგოლი – სადისციპლინო კოლეგია. საქმის გადაცემის შემდეგ სადისციპლინო კოლეგია განიხილავს მას და იღებს შემდეგი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთს:
ა) დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;
ბ) დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;
გ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ;
დ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ;
ე) მოსამართლის გამართლების შესახებ.
„ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება გასაჩივრებას უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს. სადისციპლინო პალატა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, დისციპლინური სამართალწარმოების ბოლო და მე-4 რგოლი სწორედ სადისციპლინო პალატაა.
წინამდებარე სტატიაში მკითხველის ყურადღებას პირველ რგოლს – დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს მივაპყრობთ.
დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღას“ უკავშირდება. ორგანულ კანონში მის შესახებ ჩანაწერი 2017 წლის 8 თებერვლიდან ჩნდება.
თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემისა და ინდივიდუალური მოსამართლის ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით, რეფორმის „მესამე ტალღის“ ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებას მიიჩნევდა. ვიდრე დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი ამოქმედდებოდა, დისციპლინური სამართალწარმოების საწყის ეტაპზე, წინასწარი შემოწმების შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აფასებდა დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და იღებდა გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღებით შეიზღუდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაჭარბებული ექსკლუზიური უფლებამოსილება დისციპლინური სამართალწარმოების ინიციირების ფაზაში.
უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მოხსენების თანახმად, დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღების შეთავაზების მიზანი მოსამართლის დისციპლინური უპასუხისმგებლობის სინდრომის დაძლევა, არასწორად გაგებული კორპორაციული ინტერესებითა და ზეგავლენით გაჯერებული დისციპლინური სამართალწარმოების გაჯანსაღება იყო.
დამოუკიდებელი ინსპექტორის შემოღება დადებითად შეაფასა ვენეციის კომისიამ; თუმცა, ამავდროულად, მიუთითა ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიების საჭიროებაზე.
მოგვიანებით, რეფორმის „მეოთხე ტალღის“ პირობებში, 2019 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, დამოუკიდებელ ინსპექტორს დამოუკიდებლობის დაცვის უფრო მეტი გარანტიები მიენიჭა; მათ შორის:
➡ დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევა
„დამოუკიდებელ ინსპექტორს კონკურსის საფუძველზე, 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კონკურსის გამართვის წესი განისაზღვრება ამავე უწყების რეგლამენტით; ხოლო დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე პირველი კონკურსი საბჭომ 2017 წლის 23 ოქტომბერს გამოაცხადა და იმავე წლის 20 ნოემბერს ქეთევან ცინცაძე განაწესა. აღსანიშნავია, რომ პირველი დამოუკიდებელი ინსპექტორი წარსულში მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე იყო. 2019 წელს მოქმედმა ინსპექტორმა მონაწილეობა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსში. საბჭომ მისი კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა და ამ უკანასკნელმა აირჩია.
2019 წლის 13 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ინსპექტორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად კვლავ გამოაცხადა კონკურსი. 2020 წლის 23 იანვარს ამ თანამდებობაზე ზურაბ აზნაურაშვილის არჩევის გადაწყვეტილება მიიღო. 2023 წლის 16 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ დამოუკიდებელმა ინსპექტორმა თანამდებობა დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე და საბჭომ ის ერთხმად დანიშნა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე.
საგულისხმოა, რომ ორივე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა თანამდებობა კანონით გათვალისწინებული 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე დატოვა და ორივე შემთხვევაში მართლმსაჯულების სისტემაში განაგრძო მუშაობა. ქეთევან ცინცაძე ჯერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა, ხოლო მოგვიანებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. რაც შეეხება ზურაბ აზნაურაშვილს, ის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული სასამართლო სისტემის ჩაკეტილობაზე მიუთითებს და აჩენს კითხვას, რამდენად იყვნენ ისინი თავიანთი საქმიანობის ეტაპზე დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, როდესაც მათი კარიერა შემდგომშიც კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაწილეობით განვითარდა.
➡ დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქციები და საქმიანობა
დამოუკიდებელ ინსპექტორს აქვს შემდეგი უფლებამოსილებები:
➡ დისციპლინური სამართალწარმოების ამსახველი სტატისტიკა
2017-2022 წლებში დამოუკიდებელი ინსპექტორის განსახილველად 1176 დისციპლინური საჩივარი დარეგისტრირდა. დამოუკიდებელი ინსპექტორის ანგარიშების თანახმად, შემოსული საჩივრები შემდეგ საკითხებს შეეხებოდა: მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება, სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა, აქტის კანონიერება, გადაცდომის სხვა სახეები. როგორც მონაცემები აჩვენებს, ყველაზე ხშირად დამოუკიდებელ ინსპექტორს საპროცესო ვადის დარღვევასა და პირადი ინტერესით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავდნენ. საჩივრების ყველაზე დიდი ნაწილი პირველი ინსტანციის სასამართლოებსა და სამოქალაქო სამართლის კატეგორიის საქმეებს მიემართება, რაზეც დამოუკიდებელი ინსპექტორის 2017-2021 წლების სტატისტიკა მიუთითებს.
2022 წელს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა მოამზადა 144 დასკვნა 145 მოსამართლის მიმართ, ხოლო 2021 წელს – 118 დასკვნა 140 მოსამართლის მიმართ; თუმცა ამ საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა შეწყდა დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმების ან მოკვლევის ეტაპზე და არსებით განხილვამდე ვერ მიაღწია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატისტიკის თანახმად, მიუხედავად წლის განმავლობაში მაღალი მიმართვიანობისა, მოსამართლეთათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იშვიათია. მეტიც საქმეთა უდიდესი რაოდენობა სადისციპლინო კოლეგიამდეც კი ვერ აღწევს. მაგალითად, სადისციპლინო კოლეგიაში 2017-2018 წლებში განსახილველად 4 მოსამართლის მიმართ 4 საქმე შევიდა, 2019 წელს. ასევე, 4 საქმე, 4 მოსამართლის მიმართ, 2020 წელს - 2 საქმე 2 მოსამართლის მიმართ.
გარდა იმისა, რომ ორივე დამოუკიდებელი ინსპექტორის კარიერული განვითარება სისტემის შიგნით მათი უფლებამოსილების ამოწურვამდე აღძრავს ეჭვებს, საგანგაშოა წარმოდგენილი სტატისტიკაც – სხვაობა მომართვიანობის მაჩვენებელსა და სადისციპლინო კოლეგიამდე მიღწეულ საჩივრებს შორის. მთლიანობაში, პრობლემაა ის, რომ, მიუხედავად მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის მრავალშრიანობისა, ისე არის მოწესრიგებული, რომ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის დასადგენად გადამწყვეტი სიტყვა ერთმნიშვნელოვნად ეკუთვნის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ფუნქცია პრაქტიკაში შემოისაზღვრება ინფორმაციის მოკვლევით საჩივარში დასმულ საკითხზე, რაც, თავისთავად, ღირებული და შრომატევადი ფუნქციაა; თუმცა მისი მანდატი ვერ გასცდა ამ მოცემულობას და ვერ ჩამოყალიბდა ინსტიტუტად, რომელიც ნაგულისხმევი იყო, როგორც ფხიზელი გუშაგი კორპორატივიზმის სენითა და ზეგავლენებით გაჯერებული სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის პროცესში.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.