სასამართლო დარბაზიდან ახალბედა ემიგრანტის ყოველდღიურობაში გადანაცვლება მისი არჩევანი არ ყოფილა. ანა ღელეყვა სისტემიდან სასამართლოს კლანმა გარიყა. ამ ინტერვიუში კარგად ჩანს, როგორ და რატომ.
ანა ღელეყვამ მოსამართლედ ათწლიანი მუშაობის შემდეგ ყველაფერი თავიდან და სხვა კონტინენტზე დაიწყო.
- თქვენ შესახებ გვიამბეთ. შეერთებულ შტატებში ცხოვრობთ, როგორც ვიცით. რას საქმიანობთ ახლა და რამ განაპირობა ეს არჩევანი?
- დიახ, ემიგრაციაში ვარ. ახლა ჩემს პროფესიასთან არაფერი მაქვს საერთო. ვმუშაობ აქ, როგორც ყველა ახალჩამოსული ემიგრანტი. ინგლისურის სწავლაც ახლა მიწევს.
მესმის და ვაცნობიერებ, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, ჩვენ მოქალაქეებს, არ გვაქვს იმის ფუფუნება, არჩევანი ჩვენი თავისა და პირადი კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთოთ. ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ შევცვალოთ რაიმე უკეთესობისკენ. ისევ ჩვენს პროფესიაში დარჩენის გზით, თუნდაც.
მაგრამ ჩემი თავი ვეღარ დავინახე მანდ. ვერ დავინახე ძალა და შესაძლებლობა, მებრძოლა უკეთესი მომავლისთვის.
- როგორ დაიწყეთ მოსამართლეობა? მანამდე სასამართლოშივე გაიარეთ კარიერული საფეხურები?
- 2006 წლიდან 2016 წლამდე ვიყავი მოსამართლე. სხვადასხვა სასამართლოში მაქვს ჩემი ცხოვრების დიდი და შეგნებული ნაწილი გატარებული. ვიყავი სხდომის მდივანი, კანცელარიის სპეციალისტი, მოსამართლის თანაშემწე და მერე უკვე მოსამართლე.
- რომელ სფეროზე იყავით სპეციალიზებული? სამოსამართლო გამოცდა რა მიმართულებით ჩააბარეთ?- ყოველთვის სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ვმუშაობდი.
- სასამართლოში პროფესიული ზრდის შესაძლებლობა გქონდათ? მაგალითად, რას აკეთებდა სასამართლო თქვენი პროფესიული განვითარებისთვის?- რა თქმა უნდა, ბევრი რესურსი აქვს დახარჯული სასამართლოს თითოეული მოსამართლის პროფესიულ განვითარებაზე. იმ პარტნიორების დახმარებით, რომელთაც ახლა საყვედურის ტონით ელაპარაკებიან.
მოსამართლედ როცა ინიშნები, მართალია, უკვე გავლილი გაქვს პროფესიული გზა, მაგრამ მაინც მგონია, რომ იმთავითვე არ ხარ მზად მოსამართლეობისთვის. ამას დრო და ამ პოზიციაზე გამოცდილების დაგროვება სჭირდება.
ძალიან ბევრი სემინარი ტარდებოდა პროფესიული განვითარების მიზნით. კვალიფიკაციას ვიმაღლებდით დრო და დრო.
- ამ ტრენინგებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ საქმიანობაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია თუ საქმიანობის ნაწილი?- ნებაყოფლობითი. არ ვიცი, ახლა თუ შეიცვალა რამე.
- თქვენს ირგვლივ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც პირადი სურვილით, ინტერესით ერთვებოდნენ ასეთ ღონისძიებებში და შემდეგ სისტემამ გარიყა? მხოლოდ ემიგრაციას არ ვგულისხმობ. პროფესიის შეცვლასაც, მაგალითად.- კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველას აქვს მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა ღონისძიებაში, თუმცა ამას შემდგომი გადანიშვნის დროს არ ითვალისწინებდნენ. მთავარი კრიტერიუმი მათდამი ერთგულება იყო. მე ეს პირდაპირ მითხრეს.
- ვინ გითხრათ და როდის?
- როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან ვითხოვე შეხვედრა. იმ დროს მურუსიძე გახლდათ და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინო?
ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა: იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო.
აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი? სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო - მომიგო. - მომავალში რა მოტივაცია ექნებათ [სხვა მოსამართლეებს] მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი.
- კონკრეტულად რა მხარდაჭერაზე გელაპარაკებოდათ?- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად [მოსამართლე] ლევან თევზაძე რომ აირჩიეს. ნინო გვენეტაძეს მეორე კანდიდატად გასიტაშვილი ჰყავდა წარდგენილი.
მაშინ მეგონა, რომ რამე სასიკეთოდ შეიცვლებოდა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიცვლებოდა არაფერი, თუნდაც გვენეტაძის კანდიდატი გასულიყო.
რადიკალურ ცვლილებებს პოლიტიკური ნება სჭირდება. ზოგჯერ ვფიქრობ, ბოლომდე გააზრებული რომ ჰქონდეთ, რას ნიშნავს ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო, ამას როგორ იზამდნენ? რატომ არ იზრუნებდნენ სასამართლოს მიმართ ნდობაზე?!
- კენჭისყრა ხომ ფარულია? მურუსიძემ მაინც იცოდა, რომ თქვენ ლევან თევზაძეს არ დაუჭირეთ მხარი?
- იცით, როგორ იყო? შემდეგ რომ დავუკვირდი, ესეც ძალიან არასწორი იყო. ორივე მხარე წინასწარ სიებს ადგენდა, წარმოგიდგენიათ?
მე ჩემმა ახლობელმა მოსამართლემ დამირეკა და მკითხა, ვის ვუჭერდი მხარს. ვუთხარი, რომ გასიტაშვილს. ასე აღმოვჩნდი გასიტაშვილის მხარდამჭერთა სიაში.
შემდეგ მოსამართლე ლევან თევზაძე მოვიდა ჩემთან სამსახურში. ასე დადიოდნენ - საარჩევნო კამპანია ჰქონდათ. მასაც ვუთხარი, რომ შანსი უნდა მიგვეცა ახალი ძალისთვის. მესმის, რომ ჩემი მხრიდან გულუბრყვილობა იყო, მაგრამ მაშინ ასე მჯეროდა.
კარგად მახსოვს ლევან თევზაძის სიტყვები დამშვიდობებისას: მომცემ ხმას, მოგცემ ხმასო.
- გასაგებია. წინასწარ გქონდათ გასიტაშვილის კანდიდატურისთვის მხარდაჭერა გამოცხადებული და ამას დაეყრდნენ. ამ კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მოხვედრილ სხვა მოსამართლეებსაც შეექმნათ პრობლემები?- ზეპირად იცოდნენ, ვინ ვის აძლევდა ხმას. არ ვიცი სხვების ამბები, მაგრამ [მოსამართლეების] უმრავლესობა „მოქნილი“ აღმოჩნდა. ზოგი თავს ასე ეძახის და დავესესხე.
- ანუ, როცა თქვენთან ლევან თევზაძე მოვიდა და არჩევანი დაგიწუნათ, მისთვის რომ გეგრძნობინებინათ, რომ არჩევანს ინანიებთ და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზად ხართ, ახლაც მოსამართლე იქნებოდით?- არა, ასეთი არ ყოფილა. ასე პირდაპირ არ მოქმედებენ. არაფერი დაუწუნებია. არც ის უკითხავს, ხმას ვის აძლევო. ძალიან ჭკვიანები არიან, ძალიან კარგად იციან წესები და სისხლის სამართალი. რბილად მოქმედებენ.
- მურუსიძე შეხვედრაზე მარტივად დაგთანხმდათ? კომუნიკაბელურია მოსამართლეებთან?
- კი, მარტივად. ძალიან გულწრფელი მომეჩვენა. თითქოს ენანებოდა ჩემი სასამართლოს მიღმა დარჩენა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ურთიერთობაში ძალიან გახსნილის და გულწრფელის შთაბეჭდილებას ტოვებს.
- ახსენეთ, რომ კარგად იციან სისხლის სამართალი. რა კონტექსტში უნდა გავიგოთ ეს?- არ დაუშვებენ ისეთ ნაბიჯს, რაც შექმნის დანაშაულის შემადგენლობას. რბილი და ეფექტური ძალაა. ზუსტად იციან, როგორ იმოქმედონ.
- მურუსიძეს შეხვდით მას შემდეგ, რაც არ გადაგნიშნეს. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ - ლოიალობა რომ დაგედასტურებინათ და „არასწორი“ კანდიდატის მხარდაჭერა მოგენანიებინათ, მეორე შანსს არ მოგცემდნენ?
- არა.
- ანუ ჩანდა, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყო და თავაზიანი ტონის მიუხედავად, არაფერი შეიცვლებოდა? ეს გადაწყვეტილება კონკრეტულად ლევან მურუსიძის იყო თუ პირთა წრის? თქვენ თქვით, თითქოს ენანებოდა თქვენი სასამართლოს მიღმა დარჩენა.- საუბრიდან როგორც ჩანდა, არ იყო მისი გადაწყვეტილება.
- თქვენი ათწლიანი სამოსამართლო პრაქტიკის განმავლობაში ორი პოლიტიკური ხელისუფლების პირობებში მუშაობის გამოცდილება გაქვთ. ამ წუთას, დიდი ფიქრის გარეშე, გახსენდებათ მათ შორის რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება თქვენი საქმიანობის კონტექსტში?- განსაკუთრებული არაფერი.
- თქვით, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე თქვენი არჩევანი სისტემაში ცვლილებების, სიახლეების იმედმა განაპირობა. რის ცვლილებას ელოდით? რა იქნებოდა თქვენთვის ნიშანი, რომ სისტემაში უკეთესობისკენ ძვრები დაიწყო?
- თუნდაც ის, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე საბჭოს წევრების არჩევის დროს კონკურენტული გარემო ყოფილიყო. რეალური არჩევნები რამდენიმე ნამდვილი და მოტივირებული კანდიდატის მონაწილეობით.
- თუ სწორად მესმის, ე.წ. კლანის მიერ ძალაუფლების მოპოვების შემდეგ მოსამართლედ მუშაობის საშუალება აღარ მოგცემიათ, მაგრამ მაინც გკითხავთ: თქვენ ქუთაისში მუშაობდით. ცხადია, კლანი დედაქალაქიდან ყველა მოსამართლეს ქვეყნის მასშტაბით ვერ გააკონტროლებს. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მათ ადგილებზე ნდობით აღჭურვილი პირები ჰყავთ? მათი გადაწყვეტილებების ადგილზე გამტარები?- „კლანი“ როგორი მორგებული სიტყვაა. მგონი, თავადაც აღარ აპროტესტებენ. თუ კლანია, სასამართლოს ხელმძღვანელიც (სასამართლოს თავმჯდომარე) კლანის წევრი იქნება - დაახლოებული პირი, სანდო და დასაყრდენი.
- ქუთაისში იყო ასეთი? - ბოლოს სამტრედიაში ვმუშაობდი. მახსოვს, ქუთაისში თათბირი ყოველ ორშაბათს ტარდებოდა. ეს იყო თათბირი ცალკეულ მოსამართლეებთან, განა ერთად? განსახილველი საქმეების ცალ-ცალკე მოსმენა იყო უფრო.
- ამ პირისპირ თათბირებზე განსახილველი საქმეების შინაარსზე მსჯელობდნენ?
- დიახ.
- თქვენთანაც იყო ასეთი შემთხვევები? სასამართლოს თავმჯდომარეებს ხომ ძირითადად ბიუროკრატიული, მენეჯერული ფუნქციები აკისრიათ და არა სხვა მოსამართლის განსასჯელი საქმის შინაარსში ჩარევა. - საქმეებზე საუბარი არ მინდა.
- ცხადია, ეს თქვენი უფლებაა. უბრალოდ, იმას გვიდასტურებთ, ხომ, რომ თავმჯდომარე პირისპირ შეხვედრებზე საქმეების შინაარსსაც განიხილავდა?- დიახ.
- თქვენ ახლა შეერთებულ შტატებში ახალჩასული ემიგრანტის ცხოვრებით ცხოვრობთ. იქ ახალგაცნობილებს, თუნდაც დამსაქმებლებს რომ ეუბნებით მოსამართლეობის ათწლიან გამოცდილებაზე, რეაქცია როგორია?
- ასე პირდაპირ ჩემი ბექგრაუნდით არავის წარვუდგები ხოლმე, თუმცა ჩემს დამსაქმებელს გარკვეული დროის შემდეგ რომ ვუთხარი, ძალიან გაუკვირდა.
- თქვენი გადმოსახედით, ასე - გეოგრაფიული და პროფესიული დისტანციიდან, აქ დარჩენილ მოსამართლეებს რა არჩევანი აქვთ?- ბევრი ღირსეული მოსამართლეა საქართველოში და ეს ძალიან მახარებს. ჩემი აზრით, მთავარი შიშის დაძლევაა. მესმის, რომ მოსამართლისთვის ძნელია სხვა სფეროში გადანაცვლება, თუნდაც, ადვოკატად. სულ სხვა სპეციფიკაა, სხვა უნარებს მოითხოვს - კლიენტთან ურთიერთობას, მაგალითად. მაგრამ ზოგჯერ პიროვნული განვითარებისთვის ღირს კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება.
- პროფესიაში დაბრუნებას განიხილავთ?- ახლა, ამ ეტაპზე არც კი ვფიქრობ.
- საქართველოში მოსამართლედ მუშაობას ვგულისხმობ.- თუკი რამე რადიკალურად შეიცვლება, რატომაც არა?!
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.