ინტერვიუ ყოფილ მოსამართლესთან: ნათია ქუთათელაძის გამოსავალი

27.07.2022
46 წლის ნათია ქუთათელაძე ახლა, ოჯახთან ერთად, ნიუ იორკში ცხოვრობს. მან მოსამართლედ ათწლიანი მუშაობის შემდეგ, 42 წლის ასაკში, 2018 წელს მანტია გაიხადა და ემიგრაციაში წავიდა.

დავაზუსტოთ - ნათია ქუთათელაძეს მანტიის გახდა სისტემამ აიძულა. ეს არ ყოფილა მისი არჩევანი. შეიძლება, უფრო გამოსავალი დავარქვათ. მასთან ინტერვიუ დისტანციურად ჩავწერეთ.

- მოსამართლეებისთვის ეს თანამდებობა კარიერის გვირგვინად აღიქმება თუ კიდევ ერთ საფეხურად კარიერულ კიბეზე?

- ეს მოსამართლეს გააჩნია - ვისთვის  როგორ. ჩემთვის მოსამართლეობა საყვარელი საქმიანობა იყო, მოწოდება; საშუალება სხვისი ცხოვრების, საზოგადოების, სახელმწიფოს უკეთესად გარდაქმნისთვის. 

მოსამართლეობა იმიტომ მინდოდა, რომ ჩემი ცოდნა, გამოცდილება იმგვარად გამომეყენებინა, რომ ირგვლივ ყველაფერი უკეთესი გამხდარიყო.

ეს ძალიან დიდი მორალური, პროფესიული ტვირთია. ეს არ არის კომფორტის ზონაში ყოფნა.

კომფორტის ზონაში მხოლოდ მაშინ ხარ, როდესაც სამართლიან გადაწყვეტილებას იღებ, ვიღაცის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლი, სასამართლო დარბაზში მოსული მხარის, რომელიც იმედით შემოგცქერის და იმედი აქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ... ყველაზე დიდი გამართლება მოსამართლეობის სწორედ ეს არის.

მაგრამ ყველასთვის არ არის ასე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოსამართლეები გახდნენ და უნდათ, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა.

- ეს უკვე სხვა პროფესიაა? სხვა საქმე?

- არ არის სხვა პროფესია, მაგრამ საქართველოს სინამდვილეში ცოტა სხვა რამ გახდა.

- იმიტომ, რომ ძალაუფლებასაც მოიცავს, ხომ, ალბათ?

-კი, ბატონო, ძალაუფლებასაც და... როგორც ჩვენ ვხედავთ და გამოცდილებაც გვაქვს, ყველაზე არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ თავმჯდომარეების უმრავლესობა, მაგალითად, სამოსამართლეო საქმიანობით აღარ არის დაკავებული.

- თქვენ არ გქონიათ გეგმა, სურვილი, რომ, მაგალითად, უზენაეს სასამართლოში გაგეგრძელებინათ საქმიანობა, ან საკონსტიტუციოში?

- მაღალი ინსტანციის სასამართლოში გადასვლა ცხადია, არის კარიერული წინსვლა, დაწინაურება, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად დაინიშნნენ. 

- სამოსამართლეო გამოცდილების უქონლობის მიუხედავად? მაგალითად, იურისტი პირდაპირ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა?

- დიახ, როგორ არა. გვაქვს ასეთი შემთხვევები.

- შეგიძლიათ, რამდენიმე მაგალითი დაგვისახელოთ?

- როგორ არა, მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერია. კანონიც უშვებს ამის შესაძლებლობას. ყველამ იცის, რომ უზენაეს სასამართლოში არიან მოსამართლეები, რომელთაც პირველ ინსტანციაში ან სააპელაციო სასამართლოში ერთი დღეც არ უმუშავიათ. 

მე თქვენი შეკითხვა ასე გავიგე: რა თქმა უნდა, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოში ინიშნები მოსამართლედ, იმის ჯანსაღი ამბიციაც უნდა გქონდეს, რომ, თუ კარგად მუშაობ, გაქვს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, შესაბამისი მორალური უფლება, ცხადია, შეგიძლია, პრეტენზია გქონდეს უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლედ მუშაობის. ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, ძალიან კარგიცაა. 

მაგრამ, თუ მოსამართლეობა მხოლოდ ძალაუფლების მოსაპოვებლად უნდათ (მაგალითად, დღეს გვყავს სასამართლოს თავმჯდომარეები,  ვისაც მოსამართლეობა მხოლოდ უცხოეთში ვიზიტების, სამსახურებრივი მანქანის, სხვა მოსამართლეებზე ძალაუფლების ქონის და ამ ძალაუფლებით ყოველდღიურად ტკბობისთვის უნდა), მათი ინტერესი მართლმსაჯულება აღარ არის და არც მოწოდებით არიან მოსამართლეები.

- თქვენ სადისციპლინო კოლეგიასა და სააპელაციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილებაც გაქვთ. ეს ამ სისტემაში თქვენი პროფესიონალიზმის აღიარებად აღიქვით? 

- ვფიქრობ, ჩემი პროფესიული გამოცდილება, ცოდნა, მაძლევდა ამის უფლებას - განმეხილა პირველი ინსტანციის სააპელაციო საჩივრები, შემემოწმებინა მათი კანონიერებაც და სამართლიანობაც.

- შეიძლება ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობის ხარისხიც შეიცვალა ამ შემთხვევაში?

- რა თქმა უნდა. ყველა მოსამართლეს აქვს პასუხისმგებლობა, ცხადია, მაგრამ ახლა მინდა, გავმიჯნო - როდესაც უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ხარ, არანაირად არაა ნაკლები პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეობა, მაგრამ შენ ამოწმებ ქვედა ინსტანციის სასამართლოს  გადაწყვეტილებას.

შეიძლება, პირველი ინსტანციის მოსამართლეს ბევრად მეტი საქმე ჰქონდეს განხილული, ვიდრე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს. მაგრამ, როცა სააპელაციო სასამართლოში მუშაობ, საქმეები, ძირითადად, კოლეგიურად იხილება. შეიძლება სამართლის ნორმის წაკითხვა პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებულად მოგიხდეს. არ იფიქროთ, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტება სავალდებულოა, მაგალითად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლისთვის, მაგრამ ეს, გარკვეულწილად, მათზეც ახდენს გავლენას, ცხადია. ამიტომ, პასუხისმგებლობაც უფრო მაღალია და საზოგადოების ყურადღებაც უფრო კონცენტრირებული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეზე.

არის გარკვეული ინსტანციის საქმეები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოში საბოლოოა და ზემდგომში აღარ საჩივრდება. პირველი, რაც გამახსენდა და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - საარჩევნო დავები, მაგალითად. საარჩევნო დავა სააპელაციო სასამართლოში სრულდება. აღარ საჩივრდება. 

- ანუ, ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ბევრად მეტი ადამიანის ბედი განსაზღვროს, ვიდრე პირველი ინსტანციისამ?

- კი, დავას გადაწყვეტს სააპელაციო სასამართლო და შესაძლოა, აბსოლუტურად შეცვალოს არჩევნების ბედი.

- ასეთი გადაწყვეტილებები მიგიღიათ?  

- რა თქმა უნდა. არაერთხელ. მქონია შემთხვევები, როდესაც საარჩევნო დავაში დამიწერია განსხვავებული აზრი. მოგეხსენებათ, სამი მოსამართლეა კოლეგიაში და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. როდესაც ორი მოსამართლე სხვაგვარად ფიქრობდა და ხმათა უმრავლესობით იღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩემი მოსაზრება განსხვავებული იყო.

შესაძლოა, იმ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემმა გადაწყვეტილებამ ვერაფერი შეცვალა, მაგრამ მომავალში, სხვა განხილვების დროს ეს შეიძლება პრეცედენტად იქცეს; ან თუნდაც, კანონი სწორად განიმარტა, დადგინდა ქცევის წესი, რასაც მომავალში ადმინისტრაციული ორგანოები გაითვალისწინებენ. ეს დოკუმენტირებული გადაწყვეტილებებია. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებაში მე მექნებოდა ისეთი მოსაზრებები, ისეთი დასკვნები, რაც საარჩევნო კომისიებს მანიპულაციური გადაწყვეტილებებისთვის სივრცეს არ დაუტოვებდა.

- უვადო მოსამართლეობა ჩვენთან ყბადაღებული თემაა. თქვენი გამოცდილებით, ეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას წაადგა, თუ პირიქით?

- ასე ცალკე აღებული, უვადოდ დანიშვნა სახელმწიფოში გარანტიას ვერ შექმნის. მაგალითად, მე რომ მოსამართლედ დავინიშნე, დაიწყო საუბარი, რომ ყველა დანიშნული მოსამართლე უნდა გადანიშნულიყო უვადოდ და ეს შექმნიდა გარანტიას, რომ  ეს მოსამართლეები იქნებოდნენ თავისუფლები, დამოუკიდებლები და მათ საქმიანობაზე ვერავინ მოახდენდა ზეგავლენას.

მოსამართლეების შეკრებაზეც ხშირად მითქვამს - მხოლოდ უვადოდ დანიშვნა ვერ განაპირობებს მოსამართლის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. 

თუ მოსამართლე არ არის შინაგანად თავისუფალი და დამოუკიდებელი, მხოლოდ უვადოდ დანიშვნა მას ასეთად ვერ გადააქცევს. თუმცა უვადობა, რა თქმა უნდა გააძლიერებს მოსამართლეს. მის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას უფრო გაამყარებს.

- ჩვენს რეალობაში, ამ მოსამართლეთა კორპუსში?

- ჩვენს რეალობაში სასამართლოში არის კლანი. თუ შენ სასამართლო კლანისთვის მისაღები ადამიანი არ ხარ, ვერ გააგრძელებ კარიერულ საქმიანობას. ვერ იმუშავებ.

ჩემს შემთხვევაში ასე იყო. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. არ მინდა, ვთქვა, რომ, ვინც ახლა სასამართლოში მუშაობს, ყველა კლანზეა დამოკიდებული. არ მინდა, ასე გაიგოთ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე იყო. არ ვიყავი კლანისთვის სასურველი მოსამართლე. იმთავითვე ვგრძნობდი, როდესაც ჩემს სასამართლო საქმიანობას ეწურებოდა ვადა - 3 წელი, ორი წელი, ერთი წელი... შეიძლება, ეს არავინ თქვას პირდაპირ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ჩემი ვადა იწურება. უნდა მივიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც კლანისთვის მოსაწონია. თავად უნდა იცოდე ამის შესახებ... თუ ეწინააღმდეგები სასამართლოში გაბატონებულ კლანს, გამოთქვამ განსხვავებულ მოსაზრებებს (ეს არ ეხება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. მაგალითად, იქ არის ცვლილებები კანონში, რომელსაც ლობირებს სასამართლო), თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება კანონპროექტთან დაკავშირებით და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობ კოლეგებთან, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, იცის კლანმა. შენ უკვე მისთვის არასასურველი ხარ.

იმთავითვე ხარ მზად, რომ, როცა ვადა ამოგეწურება და კონკურსზე გახვალ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ხმას არავინ მოგცემს და მოსამართლედ არ დაგნიშნავენ. ძალიან თამამად შემიძლია ეს ვთქვა და ვერავინ შემომედავება, რომ ასე არ არის. არავინ მოგცემს ხმას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუ მისთვის სასურველი პერსონა არ ხარ.

- თქვენი განცდით, კლანმა სისტემიდან გაგრიყათ?

- მათი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩემი ათწლიანი სამოსამართლო გამოცდილების მიუხედავად, მოსამართლედ არ დავნიშნულიყავი. ბევრი გარემოება მიმანიშნებდა ამაზე და მე ეს ვიცოდი. ვიცოდი, თუ განაცხადს შევიტანდი, იქ ხმას არავინ არ მომცემდა. ეს მარტო მე არა - ყველამ იცის. ყველა მოსამართლემ იცის, თუ კლანისთვის სასურველი არ ხარ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმას არ მოგცემს. შეიძლება, იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრს პერსონალურად ძალიანაც მოსწონდეს შენი საქმიანობა. ვინმეს შეიძლება, გულის სიღრმეში სინდისიც ქენჯნიდეს, მაგრამ ხმის მიცემას ვერავინ გაბედავს. იქ ისეთი ვითარებაა, რომ ვერავინ გაბედავს კლანის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღებას.

- მოდით, ამ თემას სხვა პერსპექტივიდან შევხედოთ. სად და როდის შეგვიძლია მოქალაქეებს კლანის კვალის დანახვა?

- მაგალითად, უსაფუძვლოდ გაჭიანურებულ საქმეებში. სასამართლოებში წლობით დევს საქმეები, ფიზიკური და იურიდიული პირები წლობით ელოდებიან პროცესების ჩანიშვნას და საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებას. 

საქმეების გაჭიანურებას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსების ჩატარების დროს დაშვებული გადაცდომები. გვახსოვს ბევრი უსაფუძვლოდ გაჭიანურებული კონკურსი, რომლის შემდეგ ბევრი პროფესიონალი არ დაინიშნა. ბევრი ადგილი დარჩა ვაკანტური. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღო მოსამართლეების ათწლიანი უფლებამოსილების ამოწურვის შემთხვევებში. 

რაღაც პერიოდის განმავლობაში, მოსამართლეებს უგრძელდებოდათ უფლებამოსილების ვადა მათი მონაწილეობით დაწყებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ამის შესაძლებლობას კანონი უშვებდა). 

შემდეგ, როცა უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ მათთვის არასასურველ მოსამართლეებს, მათ ეს წესი უგულებელყვეს, თუმცა, პერიოდულად, ზოგიერთ მოსამართლეს, უგრძელებდნენ უფლებამოსილების ვადას, მათ წარმოებაში არსებული საქმეების დასრულებამდე.

კვალი კარგად ჩანს გახმაურებულ საქმეებზე. მაგალითად, საარჩევნო დავაზე. მნიშვნელოვან საქმეზე, რომელსაც სახელმწიფოში ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, რომელიმე თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე. თუ ეს პირი კლანისთვის, ხელისუფლებისთვის მიუღებელია, ფაქტობრივად, შეუძლებელია სასამართლოში იმ შედეგის მიღება, რომელიც საზოგადოებას სამართლიანად, კანონიერად  ეჩვენება. ასეთ დავებზე კვალი ყველაზე ხელშესახები და ცხადია.

- შეგვიძლია ასე ვთქვათ - თუ პოლიტიკურ კვალს გავყვებით სამართალწარმოებაში, კლანს მივადგებით?

- კი, აუცილებლად. საზოგადოებას კლანის გავლენა შეუძლია დაინახოს, მაგალითად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე. აბსოლუტურად არაა საჭირო იურიდიული განათლება ამ სხდომებზე კლანის კვალის დასანახავად... რა დღეში აყენებდნენ ნაზი ჯანეზაშვილს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელსაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. ძალიან თვალშისაცემი და ხელშესახები იყო.

- თქვენ როდის აღიარეთ, რომ კლანი იმდენად ძლიერია, დაპირისპირებას გაცლა სჯობს?

- ვერ ვიტყვი, რომ გავეცალე. მე რომ მეფიქრა, რომ მოდი, წყნარად ვიქნები, არ გამოვხატავ ჩემს განსხვავებულ აზრს, ეს უფრო იქნებოდა გაცლა. 

მესმის, საზოგადოებას აქვს მოლოდინი, როცა მოსამართლე ამგვარ წინააღმდეგობას წააწყდება, უნდა იაროს ტელევიზიებში, წეროს სტატუსები სოციალურ ქსელებში... მაგრამ, როდესაც მოსამართლე ხარ, მართლმსაჯულებას ახორციელებ, რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ამ დროს ფიქრობ, რომ შენს სათქმელს შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ამბობ, თუმცა ამის შესაძლებლობასაც აღარ გაძლევენ.

მაგალითად, ჩემს შემთხვევაში, საარჩევნო დავაზე განსხვავებული აზრი დავწერე. რამდენიმე დღეში, საარჩევნო დავის განხილვისას, ნათლად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია მთელ რიგ სამართლებრივ საკითხებზე; ასევე, მკაცრად გავაკრიტიკე არაუფლებამოსილი პირების განხილვაში ჩარევა. მეორე დღეს რომ მორიგი საარჩევნო დავა შემოვიდა სასამართლოში, სამი მოსამართლის შემადგენლობით  უნდა განგვეხილა. საერთოდ დამიმალეს, რომ ეს საქმე იყო შემოსული.

- არ გითხრეს, რომ საქმე იხილებოდა?

- დიახ. მაგალითად, სამი მოსამართლე - ერთი კოლეგიური შემადგენლობა თვეების განმავლობაში ვიხილავთ საქმეებს. ცხადია, შეიძლება, ვიღაც მივლინებაში ან ბიულეტენზე იყოს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გადანაცვლება ხდება, მაგრამ მე არც მივლინებაში ვყოფილვარ, არც საავადმყოფო ფურცელზე, ჩვეულებრივად...

- სწორად გავიგე, რომ სამწევრიანი კოლეგიიდან ორმა იცოდა სხდომის შესახებ და თქვენ დაგიმალეს?

- რა თქმა უნდა, დამიმალეს, მაგრამ თავიანთი სურვილით არა. ეს დაავალეს.

- შეგიძლიათ, გვითხრათ, რა საქმე იყო ეს?

- ეს საარჩევნო დავა იყო. წინა დღეს სხვა საარჩევნო დავა ერთად განვიხილეთ და მეორე დღეს სხვა მოსამართლე დასვეს ჩემ ნაცვლად. შაბათი იყო, არასამუშაო დღე, თუმცა იმ დღესაც ვიყავი სამსახურში, მაგრამ არ მითხრეს.

წარმოიდგინეთ, რომ მე საქმე დამეწერა, ორი მოსამართლე მყავს შემადგენლობაში და მათ რომ დავუმალო.

- კოლეგა მოსამართლეებმაც არ გითხრეს? არ გაუკვირდათ, რომ არ იყავით?

- მათ უთხრეს, რომ მე არ უნდა ვყოფილიყავი.

- უთხრეს, რომ არ უნდა ყოფილიყავით და ამას დათანხმდნენ, თუ უთხრეს, რომ, მაგალითად, ავად ხართ და ამიტომ ვერ ახერხებთ დასწრებას?

- არა, რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ხომ ერთმანეთთან კომუნიკაცია გვქონდა. ერთ შენობაში ვმუშაობდით. ერთმანეთს ტელეფონით ვუკავშირდებოდით. მით უმეტეს, როცა ერთ შემადგენლობაში იხილავ საქმეებს, კონსულტაციებსაც გავდივართ ერთობლივ საქმეებზე, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

რა თქმა უნდა, მათ ეს იცოდნენ. დავალება იყო, რომ მოსამართლე ნათია ქუთათელაძე ამ პროცესზე არ უნდა დამჯდარიყო, რადგან წინა დღეს პრობლემები შევქმენი.

- ამ ორ მოსამართლეს მორალური დილემა არ ჰქონდათ ამ შემთხვევაში?

არ ვიცი, ისინი რას ფიქრობდნენ. ყოველ შემთხვევაში, მე დღეს მოსამართლე აღარ ვარ.

- არსებობდა კონკრეტული საქმე, რომელზეც ან სინდისიერი გადაწყვეტილება უნდა მიგეღოთ, ან კლანისგან მოწონებული და ამის გამო მოვედით იქამდე, სადაც ვართ? რა იყო ის, რამაც გარდატეხა განწყობა თქვენ მიმართ?

ეს შეიძლება იყოს მოსამართლეთა კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრება, რომელიც არ არის მათთვის მოსაწონი.  ეს ყველაფერი გროვდება. ჩემი მოსაზრებები, შემდეგ უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები... 

შემდეგ, უბრალოდ, აღარ გეწერება ისეთი საქმეები, რომლებმაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, საარჩევნო დავებზე, რასაც  შედეგებზე ზემოქმედება შეუძლია.

თუ ყველაფერზე თავს არ უხრი და შენთან ჭიდილი სჭირდებათ სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად, ეს საქმე შენამდე არც მოდის, უბრალოდ.

- როგორც თქვენი ნათქვამიდან მივხვდით, ორი მოსამართლე იჯდა გადაწყვეტილების მისაღებად, იცოდნენ, რომ თქვენც იქ უნდა ყოფილიყავით, მაგრამ ვიღაცამ დაგბლოკათ და არ იყავით. ამბობთ, რომ პირადი ურთიერთობა გაქვთ. როცა ერთმანეთს ხვდებოდით, მობოდიშების მცდელობა ჰქონიათ?

- კი, მეუბნებოდნენ, რომ ეს მათი გადასაწყვეტი არ იყო.

- თემა შევცვალოთ. დასავლეთში უკვე დამკვიდრებული ტრენდია, რომ იქაურ მოსამართლეებს აქაურზე ბევრად მაღალი ანაზღაურება კი აქვთ, მაგრამ ახალი მოსამართლეების რეკრუტირება მაინც უჭირთ. კერძო კომპანიებში იურისტებს ბევრად მეტს უხდიან. ასეთი პრობლემა, თქვენი გამოცდილებით, საქართველოშიც არსებობს? ჩვენ ხომ მოსამართლეთა ნაკლებობას განვიცდით. უკეთესი ანაზღაურების გამო კვალიფიციური მოსამართლეების დეფიციტი შეიძლება შეიქმნას?

- ჩემთვის მოსამართლეობა მხოლოდ მაღალი ხელფასი არასდროს ყოფილა. მხოლოდ ამის გამო არ გადამიწყვეტია მოსამართლეობა. არ ვიცი, რა დავარქვა ამას. შეიძლება, შინაგანად ხარ იდეალისტი. გინდა, შენი ცოდნა და გამოცდილება ქვეყანას მოახმარო. შენს გადაწყვეტილებებს ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. მხოლოდ მაღალი ხელფასისა და სტაბილური შემოსავლის გამო არ გადამიწყვეტია მოსამართლეობა. 

არ მგონია, რომ კერძო სექტორში მაღალი ხელფასის გამო ქვეყანაში ადამიანებს მოსამართლედ მუშაობა აღარ მოუნდებათ.

საქართველოში სხვა მიზეზებია უფრო გამოკვეთილი, რის გამოც კეთილსინდისიერ და პროფესიონალ ადამიანებს არ სურთ კერძო სექტორიდან სასამართლოს სისტემაში გადანაცვლება. ეს გახლავთ  სასამართლოში არსებული ნეპოტიზმი, რომელიც თვალხილულია. ფაქტობრივად, შეუძლებელია, დღეს საქართველოში დაინიშნო მოსამართლედ, თუ არ ხარ სასამართლო კლანისათვის მისაღები პერსონა.

- მოწოდებით მოსამართლეები არსებობენ? თქვენს შემთხვევაში, როგორც მივხვდი, ამ მოწოდებით მოსამართლეობაზე ლაპარაკობდით.

- ჩემი გამოცდილებით რომ გითხრათ - როდის ხარ შენ მოსამართლე? მაშინ, როცა მხოლოდ კანონზე, სამართლიანობასა და პრინციპებზე ხარ დამოკიდებული. საზოგადოების გარდა, არავის წინაშე არ ხარ ანგარიშვალდებული. 

მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.

როცა სხვა დაწესებულებაში მუშაობ, იერარქიის მიმართ ხარ ანგარიშვალდებული.

აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხარ შენს პროფესიაში. შედიხარ სათათბირო ოთახში და შენი სინდისისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად იღებ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა - კანონის შესაბამისად.

- ჩვენს მკითხველს მოსამართლეების ყოველდღიურ საქმიანობაზეც რომ შევუქმნათ წარმოდგენა - კანონმდებლობა ხომ ხშირად იცვლება. ჩვენნაირ ახალგაზრდა დემოკრატიაში - მით უმეტეს. ამ უზარმაზარი მასალის, დოკუმენტების რუტინულად გაცნობა, ალბათ, რთულია. შეგვიძლია, დავუშვათ, რომ რომელიმე ახალმიღებული კანონის რამდენიმე აბზაცის წაუკითხაობამ შესაძლოა, ბრალდებულის ბედისწერა შეცვალოს?

- რა თქმა უნდა. მოსამართლე ვალდებულია, სიახლეებს მუდმივად ეცნობოდეს.

- რამდენ დროს ხარჯავდით სიახლეების რუტინულად გაცნობაში?

- ცვლილებებს სულ ვეცნობოდი. საათებს და წუთებს ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა საქმის შესწავლისას ვამოწმებდი სამართლის ნორმებს, რომ გადამემოწმებინა, ახლა რომელი მოქმედებს.

უფრო მეტიც - უნდა გაეცნო საერთაშორისო პრაქტიკას, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

- პრეცედენტულ სამართალზე ლაპარაკობთ, ხომ?

- კი. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სამართლის ნორმა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. წავწყდომივართ ასეთ შემთხვევებს, საქმეების განხილვისას.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რატომღაც, ეს შეკითხვა უყვართ: კანონიერება თუ სამართლიანობა?

უცნაურად დასმული შეკითხვაა. არ არსებობს საქმე, რომელსაც მოსამართლე იხილავს და გადაწყვეტილების მიღება კანონიერადაც და სამართლიანადაც არ შეუძლია.

მოსამართლის ხელშია ყველა ბერკეტი, რომ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

ამიტომ, თავის გამართლება, მაშინ ეს კანონი მოქმედებდა და ჩვენ სხვანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეგვეძლოო, ფუჭ ლაპარაკად მიმაჩნია.

ერთხელაც ვიტყვი - მოსამართლეს ყოველთვის აქვს როგორც კანონიერი, ასევე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალება.

თუ ფიქრობ, რომ სამართლის ესა თუ ის ნორმა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, შეგიძლია, საკონსტიტუციო სასამართლოში გააკეთო წარდგინება.

- ბოლო შეკითხვა გვაქვს. თუ არ გსურთ, შეგიძლიათ, არ გვიპასუხოთ. ახლა შეერთებულ შტატებში ხართ ემიგრაციაში. მანდ რას საქმიანობთ?

- არაფერს. შვილს ვზრდი. 3 წლის შვილი მყავს. ჩემი მეუღლე მუშაობს. მე, ძირითადად, შვილის აღზრდით ვარ დაკავებული.

- ანუ, კვალიფიციურ მოსამართლეს, რომლის პროფესიულ ზრდაში ქვეყანამ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ბევრი რესურსი ჩადეს, ემიგრაციის გარდა სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა და მანდ, ფაქტობრივად, პროფესიაჩამორთმეული ხართ.

- დიახ. ჯერჯერობით, ასეა.

- ეს ტენდენციაა? ბევრ მოსამართლეს იცნობთ, ვისაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოუხდა?

- დიახ. მე არ ვარ ერთადერთი, რომელიც სასამართლო კლანისთვის სასურველი არ აღმოჩნდა.

- ერთი, ხუთი, ათი... ემიგრაციაში წასულ რამდენ მოსამართლეს იცნობთ?

- ჩანს, კარგად ვერ გავიგე შეკითხვა. ემიგრაციაში არა, მაგრამ სასამართლო სისტემიდან შინაგან ემიგრაციაში წასულს ბევრს ვიცნობ - ძალიან კეთილსინდისიერ, პროფესიონალ, მოტივირებულ მოსამართლეებს, რომელთაც პროფესიით მუშაობის შესაძლებლობა აღარ აქვთ.

ზოგიერთმა, ჩემსავით, ერთხელ შეიტანა კონკურსზე განაცხადი და მორჩა. უარი უთხრეს და აღარც უცდიათ მეორე ჯერზე, რადგან იციან, აზრი არა აქვს.

ზოგიერთმა ის ერთი განაცხადიც კი არ გააკეთა. ფუჭი ცდაც აღარ უნდოდათ.

- თქვენ ხომ შეიტანეთ განაცხადი [იუსტიციის უმაღლეს საბჭოში]?

- კი, შევიტანე. ორსულად ვიყავი. მალე დეკრეტში უნდა გავსულიყავი. მაშინ უნივერსიტეტშიც ვკითხულობდი ლექციებს. წერილი მივწერე, იქნებ, გამართოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა და გასაუბრებაზე გამომიძახოთ-მეთქი. საერთოდ არ მიპასუხეს.

შემდეგ მეორე წერილი მივწერე, უკვე გავდივარ საქართველოდან და სანამ წავალ, ამ რამდენიმე დღეში ჩამინიშნოთ, იქნებ, გასაუბრება ან ჩემი ჩართვა ელექტრონულად უზრუნველყავით, თუ იმ მომენტში საქართველოში აღარ ვიქნები-მეთქი...

- ასეთი გადაწყვეტილების მიმღებებს არა აქვთ, ხომ, ვალდებულება, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება? უბრალოდ, უარი გითხრეს და არ იცით - რატომ.

- დასაბუთება კი არა, პასუხიც არ გაუციათ ჩემს ბოლო წერილზე. მათი კოლეგა მოსამართლე ვიყავი კონკურსანტი. ერთად ვმუშაობდით ამდენი წლის განმავლობაში. არც წერილობით, არც ტელეფონით დამკავშირებია ვინმე. ჩემთვის არავის არ უპასუხია, არც ფოსტით, არც მეილით. უბრალოდ, ხომ შეეძლოთ, ეთქვათ - ვერ ვატარებთ სხდომას. ესეც კი არ ყოფილა.

მახსენდება შემთხვევები, როცა სხვა მოსამართლის მოთხოვნით სასწრაფოდ შეკრებილა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და  სასწრაფოდ გაუმართავთ ონლაინშეხვედრა.

ჩემს შემთხვევაში იმის ღირსადაც არ მიმიჩნიეს, რომ თუნდაც ფარატინა ფურცელი გამოეგზავნათ პასუხის ნიშნად.

როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასე ექცევა მისსავე კოლეგას, მოსამართლეს, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან, მისი წევრებისგან სასამართლოში მისულ ფიზიკურ პირს, მოსარჩელეს, განმცხადებელს?!  


courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: ირაკლი აბსანძე