საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საკონსტიტუციო სარჩელი

29.12.2022
2021 წლის 30 დეკემბერს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები შევიდა. მოსამართლეთა ნაწილმა მიიჩნია, რომ ახალი საკანონმდებლო დანაწესი მათ კონსტიტუციურ უფლებებს არღვევდა. ამ საფუძვლით, 2022 წლის 11 აპრილს მოსამართლეებმა - ეკა არეშიძემ, ქეთევან მესხიშვილმა, მადონა მაისურაძემ, მამუკა წიკლაურმა და თამარ ხაჟომიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. 

სადავო ნორმები შემდეგ საკითხებს შეეხება:

  • უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრება/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება
  • მოსამართლეთა მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის“ დარღვევა
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური წარმოების პროცედურისა და მოსამართლეთა საქმიანობისგან ჩამოცილების საკითხის ინიცირება


საკონსტიტუციო სასამართლოში 25 ნოემბერს გაიმართა გამწესრიგებელი სხდომა, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს პლენუმმა განიხილა აღნიშნული სარჩელის არსებით სხდომაზე დასაშვებობის საკითხი. მეტი სიცხადისთვის სტატიაში მიმოვიხილავთ საკონსტიტუციო სარჩელისა და სადავო ნორმათა არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით სასამართლოს საოქმო ჩანაწერის ძირითად აქცენტებს. 

მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება მისი თანხმობის გარეშე

მოსარჩელეები ასაჩივრებენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 371-ე მუხლის მეორე პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას ანიჭებს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების შესახებ გადაწყვეტილება „სხვა ობიექტური გარემოებების” არსებობის შემთხვევაში არაუმეტეს 2 წლის ვადით. ამასთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის მივლინების ვადის კიდევ არაუმეტეს 2 წლით გაგრძელების შესახებ.

საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, აღნიშნული ჩანაწერი რამდენიმე ასპექტის გამო არღვევს პირის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას:

  • მოსამართლის მივლინების საფუძვლად მითითებულია ბუნდოვანი და განუჭვრეტელი საფუძველი - „სხვა ობიექტურ გარემოებები”;
  • არ არის დეტალურად აღწერილი მივლინების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
  • მოსამართლეს ერთმევა დასაბუთებული მოსაზრების ზეპირად ან/და წერილობით წარდგენის შესაძლებლობა;
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭო ვალდებული არ არის დაასაბუთოს მოსამართლის მივლინების შესახებ გადაწყვეტილება;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 5-ს შეუძლია, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის საფუძველზე დანიშნული მოსამართლის თანამდებობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
  • გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება მოსამართლის სპეციალიზაცია;
  • მივლინების ასეთი ფორმა გავლენას ახდენს მოსამართლის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუვალობის უფლებაზე;
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს შესაძლებლობას, მოსამართლე სააპელაციო სასამართლოდან გადაიყვანოს საქალაქო (რაიონულ) სასამართლოში, განუჭვრეტელი საფუძვლით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. საკანონმდებლო ცვლილებამდე, ქვედა ინსტანციაში გადაყვანა სადამსჯელო ღონისძიებად მიიჩნეოდა. 

მოსარჩელეთა მოსაზრებით, გასაჩივრებული მოწესრიგება, მიზნად ისახავდა გამართული და შეუფერხებელი მართლმსაჯულების ხელშეწყობას; თუმცა, აღნიშნული მიზნის მიღწევას ხელს უშლიდა არა მივლინების ადრე არსებული წესი, არამედ მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა და ამით გამოწვეული საქმეთა ნაკადის მართვის სირთულე.

გასაჩივრებული ნორმა არ იცავს სამართლიან ბალანსს ურთიერთდაპირისპირებულ ინტერესებს შორის, მეტიც, ის სრულ უპირატესობას ანიჭებს დასახულ მიზანს და ამ მიზნის მიღწევის პროცესში მოსარჩელეებს მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარანტიების გარეშე ტოვებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მივლინების სადავო ნორმატიული შინაარსი დაუკავშირა არა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების იმ კომპონენტს, რომელიც თანამდებობაზე გამწესებას იცავს, არამედ საჯარო საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას. შესაბამისად, სარჩელი დასაშვებად ცნო ამ ნაწილში.

მოსარჩელეები, ასევე, ასაჩივრებდნენ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობით მოსამართლის მივლინების ვადის გაგრძელების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლომ საჩივარი ამ ნაწილში დაუშვებლად ცნო. მიიჩნია, რომ პირის უფლების არასათანადო შეზღუდვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უნდა დააზღვიოს თავად შეზღუდვის მომწესრიგებელმა ზოგადმა წესმა; ვინაიდან ის აპირებს, არსებითად შეაფასოს მივლინების ახალი წესი, არ მიიჩნევს საჭიროდ ცალკე მსჯელობას კვორუმთან მიმართებით.

ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრი გამოხატა მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა. მისი შეფასებით, სასამართლოს უნდა გამოეკვლია მოსამართლის მივლინების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმის კონსტიტუციურობის საკითხი. გარდა ამისა, საჭიროდ მიიჩნევს ტერმინის - „გამწესება“ - განმარტებას და მოიაზრებს თუ არა ეს ტერმინი მოსამართლის მივლინებას.

მოსამართლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის“ დარღვევის გამო

მოსარჩელეების აზრით, მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევის საფუძველზე დისციპლინური წარმოების დაწყება ლახავს მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებას, რადგან ეს იძლევა მოსამართლის, როგორც სამართლებრივ, ისე სოციალურ საკითხებზე მსჯელობის აკრძალვის შესაძლებლობას.

მოსარჩელე მოსამართლეებისთვის განჭვრეტადი არ არის, კონკრეტულად მათი აზრის გამოხატვა რა შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს დისციპლინური გადაცდომად. 

აღსანიშნავია, რომ მოსამართლეს ისედაც ეკრძალება პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრება, პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ, 2022 წლის 20 ივნისს, მოსამართლეების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის შემდგომ მის დასკვნაში აღნიშნა, რომ ტერმინი „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“ შეძლება დაექვემდებაროს ფართო ინტერპრეტაციას და გამოყენებას, ვინაიდან დეტალურად არ არის აღწერილი თუ რა ქმედებით შეიძლება დაირღვეს მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“. ამავდროულად ვენეციის კომისია ამბობს, რომ თუ ფორმულირება „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“ დარჩება, კანონმა უნდა განსაზღვროს დისციპლინური სანქციების საფუძვლები მოსამართლის მიერ ნეიტრალიტეტის დარღვევის შემთხვევაში ან უნდა გამოირიცხოს გარკვეული ტიპის საკითხები, როგორიცაა სასამართლო რეფორმები და საკანონმდებლო საკითხები.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არსებითად განსახილველად მიიღო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური წარმოების პროცედურისა და მოსამართლეთა საქმიანობისგან ჩამოცილების საკითხის ინიცირება


მოსარჩელეები ასაჩივრებენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაბამის თანამდებობაზე დარჩენით მოსამართლე ხელს შეუშლის დისციპლინურ სამართალწარმოებას ან/და დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ან/და განაგრძობს სამუშაო დისციპლინის დარღვევას. მოსარჩელეთა პოზიციით, აღნიშნული წარმოადგენს არსებით ჩარევას მათი უფლებამოსილების განხორციელებაში. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი აღნიშნულ ნაწილში არსებითად განსახილველად მიიღო.

მოსარჩელეები, ასევე, არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და მისი საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესის საბჭო იღებს ე.წ. შუალედურ გადაწყვეტილებას, რაც საკითხის ინიცირების ტოლფასია და, თავისთავად, არ იწვევს მოსამართლის საქმიდან ჩამოცილების ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენ შედეგს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობის შეფასებით მოცემულ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსხვავებული კვორუმით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ დგას.
ამ საკითხზეც განსხვავებული აზრი გამოხატა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა. მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო აღნიშნული მოთხოვნები და შეეფასებინა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების წესი და კვორუმი საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ

განსახილველი საქმის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტმა დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე, ერთ - ერთი მოსარჩელის (ქეთევან მესხიშვილის) Facebook სტატუსზე, რომელიც ნეგატიურად აფასებდა სადავო ნორმათა შინაარსს, გამოხატა დადებითი ემოცია ე.წ „დაგულება“. საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ ბ-ნი კვერენჩხილაძის ამგვარი ქმედება ექცეოდა მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, გამოხატვის ფორმის, დროისა და ვითარების გათვალისწინებით, იმ დაშვებითაც კი, თუ გარე დამკვირვებლისთვის კვერენჩხილაძის ქმედება, გარკვეულწილად შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც წინასწარი ნეგატიური დამოკიდებულება სადავო ნორმის მიმართ.

საკონსტიტუციო სარჩელი გამორჩეულად საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ გამოხატავს მოსამართლეთა კრიტიკულ დამოკიდებულებას და კანონმდებლისგან განსხვავებულ ხედვას მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობისა და მათი საქმიანობის ხელშეუვალობის შესახებ. სამართალწარმოება, რომლის მომსწრენიც ვართ, თავისთავად ღირებული პროცესია, რომელსაც შეუძლია თავისი როლი შეასრულოს სამართლის უზენაესობის დაცვის სტანდარტის ამაღლებაში.


-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ფოტო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდი.
ავტორი: ანა ჩიქოვანი