🎬 "მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ" ▶ დოკუმენტური ფილმის ჩვენება თბილისში და შთაბეჭდილებები სამოსამართლო აქტივიზმზე

31.05.2023

დოკუმენტური ფილმი „მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ“ ფრანგი განმანათლებლის, შარლ ლუი დე მონტესკიეს მოსაზრებით იწყება: „როცა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მოქცეულია ერთი პირის ან უწყების ხელში, იქ თავისუფლება არ არსებობს. თავისუფლება არც მაშინ არსებობს, როცა სასამართლო ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.“ შემდეგ კადრში ჩანს ღამის ვარშავა - პოლიციელები მომიტინგეებს ხელკეტებით უსწორდებიან და ისმის გამაფრთხილებელი სირენების ხმა. „ძალაუფლება მისია, ვისაც კეტი უჭირავს ხელში“, – ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე. კადრები 2020 წლის ოქტომბერშია გადაღებული, პარტიის - „კანონი და სამართლიანობა“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებიდან 5 წლის შემდეგ.

ბოლო წლებში, ამ პარტიის ინიციატივით, პოლონეთში ბევრი ისეთი რეფორმა გატარდა, რომელსაც ქვეყნის შიგნითაც და ევროკავშირის მასშტაბითაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ერთ-ერთი და, ალბათ, ყველაზე ხშირად გაკრიტიკებული – სასამართლო რეფორმაა. სწორედ ამ რეფორმის ცხოვრებაში გატარების პერიპეტიებს ემთხვევა ფილმში განხილული პროცესებიც.

მთავარი გმირის - პოლონელი მოსამართლის, იგორ ტულიას მიმართ სადისციპლინო ღონისძიებები გატარდა. „მოსამართლეებმა მიიღეს გზავნილი - თუკი თქვენი ვერდიქტები ჩვენთვის არასასურველი იქნება, თქვენ დაისჯებით. საქმეები კაფკას „პროცესის“ მსგავსად იკერება“, - ასე აღწერს ვითარებას ფილმში ერთ-ერთი მოსამართლე.

მთელი ფილმი პოლონელი მოსამართლეების ბრძოლის ქრონიკაა. 

ისინი ფლაერებით ხელში, შორტებითა და მაისურებით დადიან ქუჩებში, მუსიკალურ ფესტივალებზე, პლაჟებზე და მოქალაქეებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობას უხსნიან - როგორც ადრეული მისიონერები.

„მოსამართლეები არ არიან კიბორგები. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და გვაქვს გრძნობები. მიხარია, როცა ემოციური ვხდები, როცა რაიმე გრძნობებით მავსებს და გულს მიჩუყებს, როცა ვერდიქტის გამოცხადების დროს ხმა მიკანკალებს. - ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ადამიანი ვარ, რომ შემიძლია, ვიყო მოსამართლე“, - ესეც იგორ ტულიაა, პოლონეთში გამართულ ერთ-ერთ არაფორმალურ დისკუსიაზე. 

თბილისში ფილმის - „მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ“ - საჯარო ჩვენება დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის, დემოკრატიის ინდექსისა და საქართველოს სასამართლოს გუშაგის ორგანიზებით, 2023 წლის 18 მაისს ჩატარდა. ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

კინოსეანსის დასრულების შემდეგ, დისკუსიაში ონლაინ ჩართვისას, მოსამართლე იგორ ტულიამ თქვა, რომ სასამართლო, რომელმაც მისი უდანაშაულობა დაადგინა, დამოუკიდებელი არ არის და ვარშავაში მიღებული გადაწყვეტილება ევროფონდებიდან პოლონეთისთვის მიმდინარე და სამომავლო ფინანსურ დახმარებას უკავშირდება.

„სასამართლომ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დამოუკიდებელი, დაადგინა რომ არ ჩამიდენია რამე დანაშაული.  […] ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს ევროკავშირთან თამაშის ნაწილია, პოლონეთისთვის ევროკავშირის ფონდებიდან ფინანსურ დახმარებას უკავშირდება. 

მოსამართლეებზე თავდასხმა ოდნავ შემცირდა, მაგრამ უფრო დახვეწილ მეთოდებს მიმართავენ. მაგალითად, ვინც 30 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეებს იხილავდა, სამოქალაქოში გადაიყვანეს. 

შეგრძნება მაქვს, რომ ვზივარ დინამიტით სავსე კასრზე. ვცდილობთ, ცნობადობა ავამაღლოთ, ჩვენი გამოცდილება გავავრცელოთ ხალხში და ხაზს ვუსვამთ იმას, რომ დათმობა არ შეიძლება, როცა საქმე პრინციპებს შეეხება.“

იგორ ტულიასა და მისი თანამოაზრეების ინიციატივით შექმნილი ასოციაცია დღეს პოლონეთის მოსამართლეთა კორპუსის 1/3-ს აერთიანებს.

„ჩვენ არ ვიცავთ სკამებს, არამედ ვიცავთ ღირებულებებს. თუ გინდათ რეფორმა წარმატებული იყოს, მოუსმინეთ პრაქტიკოსებს. ასეთი მყარი პოზიციით ვიგებთ. რამდენიმე ადამიანი სისტემას ეფექტიანად ვერ შეეწინააღმდეგება. ამიტომ ჩვენი ასოციაციის მოსამართლეები ერთობლივად ვმოქმედებთ. ასოციაციაში ყველაზე მეტად ქალი მოსამართლეები აქტიურობენ. როდესაც სისტემა ქალებს დაუპირისპირდა, თავიდანვე უნდა სცოდნოდათ, რომ ეს ბრძოლა წაგებული ჰქონდათ.“

მან იცის, რომ ბრძოლაში გამარჯვება ომის მოგებას არ ნიშნავს: „მმართველებს არ უყვართ მაკონტროლებლები. პოლონეთში ყველა მაკონტროლებელ რგოლზე იყო დარტყმა. ჩვენი მისია და მოვალეობა არ შეიცვლება. არც მაშინ, როცა სხვა ხელისუფლება მოვა.“ ფილმის მთავარ გმირს, იგორ ტულიას უფლებამოსილება 740-დღიანი ბრძოლის შემდეგ აღუდგინეს. 

ფილმის ჩვენებისა და დისკუსიის შემდეგ „სასამართლოს გუშაგის გამოცემა CourtWatch.ge დაინტერესდა ღონისძიების  მონაწილეთა (მოსამართლეების, ადვოკატებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების) შთაბეჭდილებებითა და მოსაზრებებით.

მანტია და აქტივიზმი – მოსამართლეების ბრძოლა უკეთესი მართლმსაჯულებისთვის

ლევან დარბაიძე, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე:

- საერთოდ, სამოსამართლო აქტივიზმი, როგორც მოვლენა სამოსამართლო ცხოვრებაში არ არის ძველი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, ამ კუთხით ქართველი მოსამართლეებისთვის ფილმის ნახვა მნიშვნელოვანი იყო, რადგან უკვე არსებობს გამოცდილება, როდესაც მოსამართლეებმა უშუალოდ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე დაიწყეს აზრის გამოთქმა და ზოგადად მოსამართლისა და სასამართლოს იდეისთვის ბრძოლა. 

ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გაცნობიერება, თუ რა არის მოსამართლის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საქმეთა განხილვისა და უშუალოდ მოქალაქეების ბედის გადაწყვეტის დროს, არამედ სახელმწიფოში როგორ ხედავს ის თავს და თავის დანიშნულებას. რა თქმა უნდა, ყველა მოსამართლის საქმიანობა კონკრეტული საქმეების განხილვაზე გადის, ამით იწყება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სამოსამართლო აქტივიზმი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს იდეის განსახორციელებლად ნაბიჯების გადადგმა მოსამართლის მოვალეობა მგონია.

ეს არაა უფლება, ვგულისხმობ აქტივიზმის კუთხით, არამედ გარკვეულ შემთხვევებში მოსამართლის მოვალეობაც არის. როდესაც შენ ხედავ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას ექმნება საფრთხე და ამას ეგუები, უბრალოდ, მოსამართლის იდეას ეჭვქვეშ აყენებ – თუნდაც საქმეების განხილვის კუთხით. ქართველმა მოსამართლეებმა უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ სასამართლოს იდეა (რაც ძალიან ბევრ საკითხთანაა დაკავშირებული) არ შესუსტდეს და რეალურად განხორციელდეს.

მადონა მაისურაძე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე:

- ყველაზე მეტად ემოციური იყო მოსამართლეების რაღაცნაირად არდანებების პროცესი – როდესაც ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან, რომ მათ, უბრალოდ, აღარ აქვთ ენერგია. ასევე ის, რომ იციან, უშედეგო ბრძოლაში შედიან, მაგრამ მაინც არ ყრიან ფარ-ხმალს. გამიხარდა, რომ [ფილმის გმირს] სამოსამართლო უფლებამოსილება აღუდგინეს. [მისი ბრძოლა] რომ ამ შედეგით დასრულდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ეკა არეშიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე:

- ზოგადად, მიმაჩნია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ სამართლიანად და სწორად იბრძვი და იდეა, რომლისთვისაც იბრძვი, პროგრესულია და როგორც სასამართლოს, ასევე ქვეყნის გაჯანსაღებას ემსახურება, საბოლოო ჯამში.

ამ ფილმის გმირები ჩაგვერთნენ დისტანციურად. ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო, რასაც მათ გაუსვეს ხაზი: ჩვენ არ ვიბრძვით სოციალური ან მატერიალური უპირატესობის მისაღებად, ჩვენ ვიბრძვით იდეისთვის, რომ მოსამართლე და სასამართლო სისტემა იყოს დამოუკიდებელი, არ იყოს რომელიმე ხელისუფლების ან კონკრეტული უწყების დაქვემდებარების ქვეშ და არ ასრულებდეს მათ დაკვეთებს.

ჩვენთან პროტესტი თუ კრიტიკა ასე ღიად და ამხელა მასშტაბით ნამდვილად არ გამოუხატავთ, თუმცა ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. როცა მოსამართლე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს, იმთავითვე ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს პირადი ამბიციები ამოძრავებს და ამისგან რაღაც ბენეფიტებს მოელის – იქნება ეს კარიერული წინსვლა სამომავლოდ თუ სხვა რამ.

რეალურად, ვინმეს შეიძლება ასეთი მიზნებიც ამოძრავებს, როდესაც რაღაც განცხადებებით გამოდის, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი იდეის ნამდვილად სჯერათ, პროგრესულობის სჯერათ, მხოლოდ იდეისთვის იბრძვიან. ასეთ შემთხვევებში, უფრო შესაძლებელია, მან დაკარგოს პრივილეგიები და მარტოც აღმოჩნდეს, ვიდრე პირიქით, მისი მდგომარეობა რაღაც კუთხით გაუმჯობესდეს. 

სამწუხაროდ, ზოგჯერ ვერც კი ხვდებიან, როცა კონკრეტული მოსამართლე თავის უფლებებს იცავს და კანონით დაშვებულ ფარგლებში კრიტიკულ აზრს გამოთქვამს, ამას აკეთებს სასამართლო სისტემის სამომავლო გაჯანსაღებისთვის. დამოუკიდებელი სასამართლო არის დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლური პრინციპი – ამის გაგება ბევრს უჭირს და ცდილობენ, ასეთ მოსამართლეებს გარკვეული ლაქა მოსცხონ, ანტიპიარი გაუკეთონ და ა.შ.

მჯერა, რომ სამართლიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და პოზიტიური მაგალითი გადამდებია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოსამართლეებმა შეძლონ კრიტიკული აზრის დაფიქსირება, თუკი ფიქრობენ, რომ მათი უფლებები, გარკვეულწილად, ილახება, თუნდაც არასწორი კანონის მიღებით, რომელიც ზღუდავს მოსამართლის უფლებებს და თვითონ კანონის მიღების პროცედურაც ზედმეტად დაჩქარებული წესით და არასათანადო პირების ჩართულობით მიმდინარეობს. 

საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც რამდენიმე მოსამართლეს (მათ შორის მეც) გვაქვს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში გატარებულ ცვლილებებს ეხება. ეს კანონი ახალი წლის წინა დღეებში დაჩქარებული წესით მიიღეს და მოსამართლეების აზრი არ გაუთვალისწინებიათ. ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო ყველასთვის, რადგან ამას არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ ეს ჩემს და ჩემი კოლეგების უფლებებს ლახავს. შეიძლება, ამით უფრო მართვადი გახდეს სასამართლო სისტემა ვიღაცის ხელში. მე ჩემი პოზიცია ამით [სარჩელის შეტანით] გამოვხატე. 

ზოგადად, მიმაჩნია, რომ მოსამართლე, რომელიც არ იცავს საკუთარ უფლებებს, ვერ დაიცავს ვერც სხვის უფლებებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მოსამართლეებს გარკვეული ბოჭვის ფარგლები გვაქვს. პოლიტიკურ მოქმედებებში არ უნდა გადაიზარდოს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ აზრის გამოთქმა არ არის საშიში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას, რომ ვიყო დამოუკიდებელი მოსამართლე და არ შემეშინდეს განსხვავებული აზრის გამოხატვის, როდესაც ამის საჭიროებას დავინახავ. მიმაჩნია, რომ ეს თემაც განიცდის პროგრესს. ეს იქნება გადამდები და ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პირის ან კოლეგის მიმართ ბრძოლა. ეს არის ჩვენი უფლებების დასაცავად ბრძოლა – რომ სასამართლოს სისტემა გაჯანსაღდეს და რეფორმები, ტალღები, რაც ფურცელზეა დაწერილი, რეალურად გატარდეს და არა მხოლოდ ფორმალურად.

დამოუკიდებელი სასამართლოს როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში

ლევან დარბაიძე, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე:

- იმდენად მაღალია სასამართლოს დანიშნულება საზოგადოებაში, იმდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი სასამართლოს იდეის არსებობას და რეალიზებას, რომ ამის გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია მაღალი იდეალების განხორციელება, რაც თითოეული ადამიანის კეთილდღეობასთანაა დაკავშირებული.

ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ამ ფილმში მოახდინა მოსამართლე იგორ ტულიას მიერ მატარებლით მგზავრობისას გამოთქმულმა მოსაზრებამ სახელმწიფო მოწყობის მოდელის შესახებ, რომ სახელმწიფოს იდეა დაკავშირებულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. ანუ საუბარია დემოკრატიულ მმართველობაზე, როდესაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება არის წარმოდგენილი საყრდენების სახით. თუ რომელიმე მათგანი იწყებს რყევას ან საერთოდ გაქრობას, შემდეგ სახელმწიფოც იწყებს ვარდნას და ერთი ხელისუფლების დასუსტება იწვევს მეორის დასუსტებას, მეორე – პირველის და, საბოლოოდ, სახელმწიფოს არსებობა შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ. 

უბრალოდ, შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ასევე ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის გარეშე. ეს არის ფორმულა, რომლის განმარტებაც ან აღქმაც სხვაგვარად, უბრალოდ, შეუძლებელია; აქ არ არსებობს რაღაც მე-3, მე-4 გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, სასამართლო გავხადოთ საზოგადოებისთვის მისაღები. ძალიან მტკიცედ მწამს და მჯერა, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს გარეშე, შეუძლებელია დემოკრატიის განვითარება. დემოკრატია ეს არის კაცობრიობის მიერ გამოგონილი ერთადერთი ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების მშვიდობიან თანაცხოვრებას. 

მოკავშირეები: საზოგადოებისა და კოლეგების სოლიდარობა, როგორც ბრძოლაში მოტივატორი

ნინო ბაქაქური, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე:

- ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო, როდესაც ფილმში მოსამართლეები საუბრობდნენ მათ მიმართ ინდივიდუალურ შეტევაზე, ცილისწამებასა და იმ კამპანიაზე, რომელიც არა მხოლოდ, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლების, არამედ უშუალოდ კონკრეტული მოსამართლეების მიმართ გამოიყენებოდა. 

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასეთ სიტუაციაში ისინი ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებდნენ და გარკვეული ჟესტებით, სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ, სოლიდარულები ყოფილიყვნენ, რომ რომელიმე მოსამართლე მარტო არ დარჩენილიყო. 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზოგადად საზოგადოება, ამ მოსამართლეებს მხარდაჭერას უცხადებდა თავიანთი, თუნდაც, ვთქვათ, დისციპლინური წარმოების პროცესის დროს. 

ლევან დარბაიძე, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე: 

- მე დავინახე, როგორი მხარდაჭერა ჰქონდათ პოლონელ მოსამართლეებს საზოგადოების მხრიდან. ეს იყო რაღაცნაირი თავგანწირვის მაგალითი, როდესაც ამდენი ხალხი უჭერდა მხარს არა კონკრეტულ მოსამართლეებს, არამედ სასამართლოს იდეას. 

ჩვენ უნდა შევძლოთ, უფრო მეტი გახსნილობით, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციით გამოვიწვიოთ ინტერესი და საზოგადოებასაც გავაგებინოთ, რომ ამ იდეისთვის ბრძოლა მათი ვალდებულებაც არის.

რით ჰგავს და რით – არა ქართული რეალობა პოლონურს?

ნინო ბაქაქური, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე:

- [ფილმი] ძალიან საინტერესო იყო. ბევრი მსმენია, ზოგადად, პოლონეთში მიმდინარე ამ საკითხის შესახებ, ამ პრობლემის შესახებ; ინტენსიურად ვადევნებდით თვალს და დეტალური ინფორმაციაც გვაქვს, მაგრამ სრულიად სხვა ეფექტი აქვს, როდესაც უყურებ ფილმის სახით კონკრეტულ გამოცდილებას.
გარდა იმისა, რომ ემოციური იყო, ბევრი ისეთი მომენტიც იყო ფილმში აღნიშნული და ხაზგასმული, რაც ჩვენი რეალობისთვისაც არის დამახასიათებელი. მიუხედავად იმისა, რომ ამოსავალი წერტილი სიტუაციისა არის სხვადასხვა, სრულიად ერთმანეთის საპირისპირო, პოლონეთსა და საქართველოში, მაინც ბევრი პრობლემა, რაც მოსამართლეებს აქვთ თავიანთი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, არის საერთო და ეს საერთო მომენტებიც, გარდა განსხვავებისა, მნიშვნელოვანი იყო, რომ დაგვენახა. 

ლილი მსხილაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე:

- ძალიან მძიმე ფილმია. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, შუაგულ ევროპაში, პოლონეთში, ასე სდევნიდნენ მოსამართლეებს და სადისციპლინო კოლეგია ასეთი დეგრადირებული თუ იქნებოდა, ნამდვილად, ვერ წარმოვიდგენდი. ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი ფაქტები შეიქმნას საქართველოში, თუმცა 2005 წელს ნამდვილად იყო ამგვარი რეპრესიები მოსამართლეების მიმართ და ღმერთმა ნუ ქნას, ახლაც ასე დაიწყოს. ცუდია, როცა ასე ხდება. არაფრით არ უნდა ხდებოდეს არც ერთ ქვეყანაში, არათუ ევროკავშირში, რომლის წევრობისკენაც ჩვენ მივილტვით.

ეკატერინე გასიტაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე:

- ფილმი არის ძალიან ემოციური, რადგან ის ეხება მოსამართლეების ბრძოლას თავისუფლებისთვის, მათი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საქმიანობისთვის... და იცით რა? – ეს არ არის მარტო მოსამართლეების ბრძოლა. თავისუფალი სასამართლო სჭირდება თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოების თითოეული წევრის მოლოდინიცაა და მოთხოვნაც, ამიტომაც, ეს იყო ძალიან ემოციური ფილმი. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით უნგრული საგა, თუნდაც, ანდრეჟ ბაკას ცნობილი საქმე, რომელიც განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ასევე, არის სხვა საქმეც, რომელიც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება. 

იცით, ეს ფილმშიც იყო აღნიშნული, რომ დიახ, მოსამართლეები ქმნიან და აადამიანურებენ კანონებს. დიახ, მოსამართლეები ვართ ადამიანები და როდესაც საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ ჩვენ მიერ სახელმწიფოს სახელით მიღებული გადაწყვეტილებებით, ეს უნდა იყოს ყველაზე ჰუმანური, სამართლიანი გადაწყვეტილებები. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ნებისმიერი საზოგადოებისთვის, მით უმეტეს ახალგაზრდა დემოკრატიის და თუნდაც ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. სამართლებრივი ტრადიციები ძალიან დიდი გვაქვს, ისტორიულად, თუმცა თავისი დამღა, რაც დაასვა მართლმსაჯულებას, თუნდაც საბჭოურმა წარსულმა, თუნდაც იმ გამოწვევებმა, ჯერ კიდევ რაღაც გარკვეული სარეფორმო პერიოდები გვაქვს გადასალახი, ეს არის მუდმივი ბრძოლა და შრომა. ამდენად, ამ ფილმში ეს ყველაფერი იყო წარმოჩენილი ძალიან ზუსტად, რაც უშუალოდ ადამიანებს გადახდენიათ. 

იქ არ არის მარტო წმინდად მოსამართლის განცდები, ეს არის ადამიანების განცდები, რომელთაც უკან ოჯახები დგანან. ძალიან ემოციური იყო, მაგალითად, მომენტი, როცა დედა ურეკავს იმიტომ, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია მოსამართლე, რომელსაც უსამართლოდ და უკანონოდ დევნიან და ბუნებრივია, მშობელიც ფიქრობს, თუ როგორია მისი შვილის ემოციური მდგომარეობა, ხვალ რა იქნება... 

ჩვეულებრივად, ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ამიტომაც, ძალიან შთამბეჭდავია ეს ფილმი და ვფიქრობ, მსგავსი საკითხები ასეთი დისკუსიის თემაც უნდა გახდეს, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა საფრთხე არსებობს, რა გამოწვევებია, თუმცა, ასევე არსებობს კარგი მიგნებები. როგორც შეგვიძლია, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები.

ეკა არეშიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე: 

- უკვე მე-18 წელია, სამოსამართლო უფლებამოსილებას ვახორციელებ და ჩემთვის ძალიან ნაცნობი და სენსიტიურია ის პრობლემები, რომლებიც, ზოგადად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, წლების განმავლობაში არსებობდა და დღესაც არსებობს. მსგავსი პრობლემები არის სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც, გარკვეულწილად, ავტორიტარულ რეჟიმებში იყვნენ მოქცეულნი და ცდილობენ ამისგან თავის დაღწევას და დემოკრატიის განვითარებას თავიანთ ქვეყნებში. ეს ფილმი იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო, ვიცოდი ამ ფილმის არსებობის შესახებ და დიდი ინტერესით ველოდებოდი. სხვა მსგავს პოზიციაში მყოფი ქვეყნისა თუ კოლეგის და ა.შ. მაგალითის გაზიარება, ზოგადად, ძალიან საინტერესოა.

ჩემთვის ფილმი იყო ძალიან სენსიტიური, იმ თვალსაზრისით, რომ ვხედავდი, ჩემი კოლეგები პოლონეთში როგორ იბრძოდნენ სასამართლოსა და პირადი დამოუკიდებლობისთვის, როგორც მოსამართლეები. ამის ყურება სენტიმენტალურიც იყო, გარკვეულწილად, და ემოციურიც. საინტერესო იყო იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორი მხარდაჭერა მოიპოვა მათმა ამ ბრძოლამ. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, თითქოს, ეს ადამიანები მარტონი იყვნენ ამ პრობლემის წინაშე, რასაც ებრძოდნენ, საზოგადოების მხრიდან და თუნდაც სხვა ევროპულ ქვეყნებში მათი კოლეგების მხრიდან დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა. 
პოლონური და ქართული რეალობის მსგავსებაზე აზრი გამოთქვეს კინოჩვენებაზე დამსწრე ადვოკატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.

თამარ ხუბულური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის უფროსი იურისტი:

- პრობლემატიკა, რაც ამ ფილმშია წამოწეული, ვფიქრობ, ჩვენც გვეხება და აქ ერთს დავამატებდი – რადგან ადვოკატი ვარ. როცა მაქვს პროცესი კერძო წარმომადგენლობის ფარგლებში, ყოველთვის ვეცნობი მოსამართლის ბიოგრაფიას, სამუშაო გამოცდილებას და პირველი კითხვა, რაც მიჩნდება ჩემს თავთან – არის თუ არა ის კლანის მოსამართლე? სხვა მხრივ, სამსახურებრივად რა ტიპის პროცესებზეც გამოვდივარ – ეს არის საქართველოს უზენაეს სასამართლოში, პალატასთან (იგულისხმება სადისციპლინო პალატა). ვისურვებდი მოსამართლეთა ისეთ შემადგენლობას, რომელთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით ამდენი კითხვა არ გაჩნდებოდა და მაღალი იქნებოდა მათ მიმართ საზოგადოების ნდობა. მე ბევრი წელია (2013 წლიდან), ვმუშაობ პალატაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლობაზე, სხვადასხვა მოსამართლესთან მქონია ურთიერთობის გამოცდილება და დღეს რა ხარისხითაც მიმდინარეობს საქმეთა განხილვა, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ უზენაეს სასამართლოს საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა დასაბუთების უფრო მაღალი ხარისხი შეეფერება.

თეა ხამხაძე, ადვოკატი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე:

- სიმართლე რომ გითხრათ, ფილმი ჩემთვის მძიმე სანახავი აღმოჩნდა. გაგონილი მქონდა, რომ პოლონეთში სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, მოსამართლეების მიმართ ზეწოლასთან დაკავშირებით პრობლემები იყო, თუმცა მაინც გამიკვირდა და რთულად მივიღე. ხელისუფლების მხრიდან თუ ასეთი მძაფრი ზეწოლა იყო, ასე დეტალურად არ ვიცოდი.

ფილმში, რამაც ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და ჩვენს ქვეყანასთან მსგავსებაც დავინახე, იყო ის, რომ პარალელურად ინიშნებოდნენ ახალი მოსამართლეები და სწორედ იმ ახალი მოსამართლეებით ხდებოდა არსებული მოსამართლეების განდევნა სასამართლოდან. ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და აღსაქმელად ასე რთული მოსამართლეთა კონფლიქტი, ხელისუფლების ზეწოლიდან გამომდინარე. მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნა და ა.შ. საქართველოსთვისაც არ არის უცხო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასეთი მძაფრი არასოდეს ყოფილა, მაგრამ გასაკვირი არ არის, როდესაც პოლიტიკა ერევა სასამართლო სისტემაში, დისციპლინური საკითხები უფრო აქტუალური ხდება. 

ფილმში დავინახე ის, რაც ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, უფრო ნაკლებად ხდება - ეს იყო მოსამართლეების ერთმანეთის გვერდში დგომა, ერთიანი ბრძოლა. ფილმის ერთ მომენტში ერთი მოსამართლე მეორეს ეუბნება - ჩვენ თუ გავჩუმდებით, არც ევროპა აღარ ილაპარაკებს ჩვენზე იმიტომ, რომ ჩვენი გაჩუმება გააჩუმებს იმათაც, ანუ ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ, რათა მათგან მხარდაჭერა მივიღოთ. ეს ჩვენთან ნაკლებად არის და ვფიქრობ, ჩვენს სასამართლოში, ამ მხრივ, პრობლემებია. ჩემი აზრით, ჩვენთან დამოუკიდებელი მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედებს როგორც სასამართლო, ისე ხელისუფლება ერთობლივად და ამიტომაც, ჩვენთან უფრო ჩრდილში არიან დამოუკიდებელი მოსამართლეები და ცდილობენ, ხმა არ ამოიღონ, განსხვავებით პოლონეთისგან. იქ ხმა ამოიღეს მოსამართლეებმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მაია ბაქრაძე, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე:

- [ფილმი] იყო ძალიან ემოციური ბევრი მიმართულებით. ჩანს, რომ ზოგადად ქვეყნები მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან. კიდევ ერთხელ აჩვენა მანტიის სიმძიმე, მედეგობის არსი, საზოგადოების მხარდაჭერა და რეალურად ის, თუ ვისთან არის ანგარიშვალდებული მოსამართლე.
ჩვენ ვართ მსგავსი წარსულის ქვეყანა, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ პროცესებს აქვს გავლენა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე და ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ რაღაც უნიკალური პროცესები არ ხდება არც ერთ ქვეყანაში. არსებობს მსგავსი გამოწვევები და მსგავსი წინააღმდეგობებიც.

ირაკლი ჩომახაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი:

- პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ არ მეგონა, თუ პოლონეთის დღევანდელი პრეზიდენტიც კი ეცდებოდა checks and balances სისტემის დარღვევას ქვეყანაში. ორი სტრატეგია შეიძლება დავისახოთ სასამართლოს მიმართულებით: ერთია, რომ შევცვალოთ აბსოლუტურად ყველაფერი და მეორე - მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც საერთოდ დაანებებს თავს სასამართლო სისტემას. 

ასეთ დროს ის, ვინც სასამართლოში კორუფციისთვისაა მოსული, თვითონ წავა, რადგან მოსამართლის ანაზღაურებაზე კორუმპირებული მოსამართლეები არ გაჩერდებიან და საბოლოო ჯამში თვითონ გარემო დაანგრევს მათ. ანუ, შეიძლება, აუცილებელიც კი არ გახდეს საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც, მაგალითად, ალბანეთში მოხდა და მერე გასაჩივრდა ევროსასამართლოში, რომელმაც, თავის მხრივ, არ დააკმაყოფილა ალბანელი მოსამართლეების საჩივარი. 

შესაბამისად, ფილმი კარგი იყო იმ კუთხით რომ, გამოჩნდა, იქ ხალხი უფრო აანალიზებს კონსტიტუციას და იცავს, ასევე – ისიც, რომ მოსამართლეთა 98% პოლიციის მიერ აქტივისტების დაკავებას ეწინააღმდეგება, საქართველოში კი პირიქითაა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლო არ ემორჩილება ხელისუფლებას და როგორიც არ უნდა იყოს სასამართლო, როცა ის არ ემორჩილება პოლიტიკურ ხელისუფლებას, უკვე კარგია.

ერთი გარემოება ის არის რომ, განსხვავებით პოლონეთისგან, სადაც, როგორც ფილმში ვნახეთ, მთავარ მოსამართლეს შეუჩერეს, დისციპლინურით, სამოსამართლო უფლებამოსილება, მაგრამ ხელფასის 25% დააკლდა, საქართველოში ასე არ არის. საქართველოში რომ გამოვიდეს და საჯაროდ გააკეთოს ასეთი განცხადება საქმეზე, ისე შეუჩერებენ უფლებამოსილებას ამ მოსამართლეს, ხელფასსაც არ გადაუხდიან; მერე შეიძლება გაამართლონ, მაგრამ ამას წლები დასჭირდება. შესაბამისად, ამ ეტაპზე ქართულ მოდელს აქტივისტი მოსამართლეები, რომლებიც აქციებზეც დადიან და აპროტესტებენ ამ ყველაფერს, ჯერჯერობით, ვერ მოერგებიან, ვინაიდან მათი მთავარი შემოსავლის წყარო არის ანაზღაურება, დისციპლინარული წარმოება კი, ფაქტობრივად, წყაროს ჩაუკეტავს და იმ აქტივიზმსაც მოკლავს.

სამოქალაქო საზოგადოება - აქტიური მოსამართლეების თანამოაზრე და თანამებრძოლი

თამარ ხუბულური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის უფროსი იურისტი:

- აქტიურობა მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის ლექციას ვესწრებოდი წლების წინ და დამამახსოვრდა მისი ფრაზა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა დგას ინდივიდუალური მოსამართლეების აქტივიზმზე. ამიტომ სისტემური პასუხისმგებლობების გარდა, ბუნებრივია, ინდივიდუალური მოსამართლის პასუხისმგებლობაცაა, რომ იზრუნოს თავის აქტივიზმზე და უზრუნველყოს მთლიანად სისტემის შემდგომი ეფექტიანი ფუნქციონირება. [საჭიროა მოსამართლეების] მეტი ჩართულობა, იმ თვალსაზრისით, რომ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებში მიიღონ მონაწილეობა. 

ჩვენ ვიცით, რომ კეთდებოდა პროექტები სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო USAID-ის პროექტი, როცა პანდემიის დროს დაიწყეს ინტერვიუების ჩაწერა მოსამართლეებთან. მაგალითად, როგორი უნდა იყოს კარგი მოსამართლე. სხვადასხვა თემატიკას ეხებოდა ისინი და, სხვათა შორის, ამ ინტერვიუებს სასწავლო პროცესში მეც ვიყენებ, რომ სტუდენტები იცნობდნენ მოსამართლეებს და იცოდნენ ამ პროფესიის როგორც დადებითი, ასევე რთული მხარეები. 

ამიტომ მგონია, რომ მოსამართლეების აქტივიზმი, ალბათ, ეს არის მეტი ურთიერთობა საზოგადოებასთან, თან კონსტიტუციითაც და პროფესიული ეთიკითაც დაცულია მათი გამოხატვის თავისუფლება, თუ ისინი საუბრობენ ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან თემებზე და რაღაც დეტალებში არ შედიან გარკვეულ საქმეებზე. ისინი ამ ნაწილში დაცულნი არიან. 

გურამ იმნაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი:

- ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფილმის ჩვენება, რადგან აქ მოთხრობილია მოსამართლეების ბრძოლაზე. ჩვენი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს, რადგან ჩვენთან არ არის მიღებული და დამკვიდრებული, რომ არა მარტო პროფესიონალებმა, სამოსამართლო კაბინეტების მიღმა მოსამართლემაც შეიძლება იბრძოლოს დემოკრატიისთვის. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფილმში მოსამართლეები ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავიანთი პერსონალურობით. აქვთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, დადიან მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც ცდილობენ, ისაუბრონ თავიანთი როლისა და პრობლემების შესახებ. ისინი არ არიან მხოლოდ მანტიამოცმული პროფესიონალები. ჩვენ სწორედ ასეთი მოსამართლეები გვჭირდება და არა მხოლოდ კაბინეტებში მომუშავე კერპები, რომლებიც დისტანცირებულები არიან საზოგადოებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც სისტემაშია შექმნილი. დღეს ჩვენ თითქმის ვერ ვხედავთ ინდივიდუალურ მოსამართლეებს, მხოლოდ კრებსით მასას და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში რამდენიმე გამორჩეულ მოსამართლეს, რომლებიც უმცირესობაში არიან და მათი ხმები ჯერ არ არის საკმარისი. ამიტომაც კიდევ უფრო მეტად ნიშნეულია მათი პოზიციის უფრო ხმამაღლა საზოგადოებრივ და მრავალფეროვან აუდიტორიებში დაფიქსირება.

ძალიან რთულია წინასწარ ამის გათვლა, მაგრამ არსებულ რეალობაში, თუ ჩვენ გვჯერა, რომ სისტემაში არიან დამოუკიდებელი, პრინციპული და კეთილსინდისიერი მოსამართლეები (და მე ამის მჯერა), თუნდაც სულ თითზე ჩამოსათვლელი იყოს ასეთი მოსამართლეების რაოდენობა, მაქვს მოლოდინი, რომ ისინი იქნებიან უფრო პრინციპულები და ხმამაღლები. საზოგადოებასთან ერთად ეს მოსამართლეები არ შეეგუებიან არსებულ სიტუაციას, რაც დღეს ქვეყანაშია.

ჩვენთვის, დემოკრატიის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაა მართლმსაჯულების სისტემაში. ყველაზე დიდ წნეხს მოსამართლეები განიცდიან და ეს ჩვენება წამახალისებელი და ემოციურად დამმუხტავავი შეძლება იყოს როგორც მოსამართლეების, ასევე რიგითი მოქალაქეებისთვისაც.

ირაკლი ჩომახაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი:

- ფილმი მოტივაციას აძლევს ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ჩვენნაირ მოქალაქეებს, რომლებიც მივიჩნევთ, რომ რაღაც გაგებით ვართ სისტემის წევრები. მაგალითად, მე ადვოკატი ვარ. ვწუხვარ, რომ აქ პროკურორები არ არიან და კიდევ უფრო ვწუხვარ, რომ მეტი მოსამართლე არ მოვიდა. 
მაგრამ ცვლილება იწყება ერთი პატარა ნაპერწკლით, ამიტომ ეს უნდა იყოს დასაწყისი, გარკვეულწილად, როდესაც საზოგადოებას ამ ფილმით ვაჩვენებთ (ხალხმა რომ გაიაზროს), კონსტიტუციური ჩარჩოს გაპროტესტებაც კი შეიძლება; ხალხი არა მხოლოდ სოციალურ მდგომარეობასა და პოლიტიკურ საკითხებზე უნდა გამოვიდეს, არამედ დამოუკიდებელი მოსამართლეების დასაცავადაც. შეიძლება ჩვენს ახლობლებს მოუწიოთ ამ მოსამართლეების წინაშე წარდგენა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ფილმი ნახოს ყველამ, განსაკუთრებით – სტუდენტებმა, ახალმა თაობამ, რომელთა ხელშიცაა ქვეყანა. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ გამოიცვლება ეს თაობა და გვეყოლება სრულიად განსხვავებული, სხვა მმართველობა. დრო არ უნდა დავკარგოთ... ეს ფილმი მოტივაცია შეიძლება გახდეს სტუდენტებისთვის, რომელთაც შეუძლიათ, რეალურად შეცვალონ სისტემა და ჩაანაცვლონ წინამორბედები.

ჩემი აზრით, პასიური აქტივიზმია, რასაც დღევანდელი მოქალაქეები მიმართავენ სოციალურ ქსელში. მეც მყავს ისეთი მოსამართლეები, რომლებიც აქტიურად წერენ პოლიტიკურ განცხადებებზე, რომ ჩვენ ევროპაში გვინდა.

შეიძლება ისინი თავიანთ განსახილველ საქმეებზე არ ამბობენ, რომ ვიღაც გვირეკავს, მაგრამ თუნდაც ის ნაბიჯი, რომ ამხელა ზეწოლის შემდეგ, რომელიც, ფაქტობრივად, სასამართლოზე ხორციელდება და ეს ყველამ ვიცით, ვიღაც მაინც გაფრინდა ამერიკაში. ამაზე მეტი აქტივიზმი, ჯერჯერობით, არ არის, მაგრამ, თუ ბევრი მოსამართლე მოიქცევა ასე, საკმარისი იქნება. თუნდაც 300 მოსამართლიდან 50 მოსამართლე თუ ასე მოიქცა, ჩავთვალოთ, რომ იმსხვრევა სისტემა, პანდორას ყუთი გახსნილია და პროცესი თავისით მიედინება.

მივიჩნევ, რომ ასეთი [როგორიც ფილმშია ნაჩვენები] აქტივიზმი საქართველოში რთულია, მაგრამ, ის პასიური აქტივიზმიც, რაც საქართველოში გვაქვს (თუნდაც სოციალურ ქსელებში და არამხოლოდ იქ), რომ ამბობენ, რაც არ მოსწონთ; არ საუბრობენ ზეწოლაზე, მაგრამ ამბობენ, რომ რაღაც არ მოსწონთ, ეს ძალიან კარგია. თუ მოსამართლეების უმცირესი ნაწილი ასეთ აქტივიზმს გამოხატავს, მათ ჩამოართმევენ უფლებამოსილებას და ყველაფერი ამით დასრულდება. აქტივიზმი რომ დაიწყო, აუცილებელია, რამდენიმე ათეული [მოსამართლე] მაინც იყოს ერთად. 

ანა პაპუაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მართლმსაჯულების პროგრამის პროექტების კოორდინატორი:

- ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლეთა აქტივიზმი. მესმის, რომ მოსამართლეს გარკვეული შეზღუდვები აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა მგონია, რომ არის რაღაც ნაწილი სასამართლო ხელისუფლებისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის, სადაც მოსამართლეებმა უნდა იაქტიურონ, თავიანთი წილი ტვირთი და პასუხისმგებლობა აიღონ მათ დასაცავად. მე, პირადად, ცოტა იდეალისტი ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მინიმუმ, ვისურვებდი, ალბათ, იმას, რომ როდესაც რაღაც საკითხები, რაღაც პრობლემები ძალიან ზედაპირზეა, სულ მცირე, გაემიჯნონ მაინც ამ მდგომარეობას, ამ სიტუაციას; რაღაც ფორმით მაინც გამოხატონ თავიანთი აზრი ან თუნდაც ის, რომ ემიჯნებიან ამ პროცესებს. განსაკუთრებით ბოლო პროცესებს, რაც სასამართლოში ვითარდება. [ფილმში დავინახე] სხვანაირი ტიპის მოსამართლეები - ძალიან გულწრფელი, მამაცი. 

ჩემთვის პირადად, როგორც ადამიანისთვის, ვინც მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად იბრძვის ამ ქვეყანაში, ძალიან ახლობელი იყო ამ ადამიანების ბრძოლა. მოსამართლეებთან ერთგვარად თავს ვაიგივებ ასეთ სიტუაციაში. ჩემთვის, როგორც არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემისთვის მებრძოლი ადამიანის, არამედ როგორც ერთი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქისთვის, ახლობელი იყო ეს ყველაფერი. 

მოსამართლე არ იყო ვიღაც დისტანციური ფიგურა, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი, ჩემნაირი ადამიანი, რომელიც იბრძვის უკეთესი სახელმწიფოსა და უკეთესი დემოკრატიისთვის ქვეყანაში. ქართულ რეალობაშიც, ალბათ, ასეთი განცდა უნდა ყოფილიყო ამ ფილმის ყურების დროს. 

მაია ბაქრაძე, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე:

- როგორც ფილმიდანაც ჩანდა, მოსამართლეები არ არიან დისიდენტები, მაგრამ მათ აქვთ ძალიან კარგი საშუალება გადაწყვეტილებებისა და თვითმმართველობის ფორმირების სახით, რა დროსაც შეუძლიათ, იმაზე მეტი აკეთონ, ვიდრე რიგით მოქალაქეებს შეგვიძლია.