სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის პრეზენტაცია

05.10.2023

საქართველოს სასამართლოს გუშაგმა სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია 2023 წლის 5 ოქტომბერს, სასტუმრო რუმსში ჩატარდა და მას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოსამართლეები, ადვოკატები და სხვა დაინტერესებული პირები.  ღონისძიება ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში ქალბატონმა მელინე არაკელიანმა გახსნა. 

პროექტის “სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის” მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდას, სასამართლო სისტემის ინოვაციური მეთოდოლოგიით შეფასების გზით. საქართველოს სასამართლოს გუშაგის გუნდმა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის შეფასების მეთოდოლოგია და ჩაატარა კვლევა, რომლის საფუძველზე ქულათა სისტემით შეფასდა საერთო სასამართლოების ეფექტიანობა. სასამართლოების სისტემური შეფასების პროცესი, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გზით მონაცემების შეგროვებას, არამედ ვიზიტებს საქართველოს ყველა სასამართლოში.

საქართველოს სასამართლო სისტემა ხუთი ინდიკატორისა და 45 ქვეინდიკატორის საფუძველზე შეფასდა, მათ შორის:

  • სასამართლოს ვებგვერდის ინფორმაციულობის ხარისხი;
  • სასამართლოს შენობის ხელმისაწვდომობა და მომსახურების ხარისხი;
  • საქმეთა ნაკადის მართვის ეფექტიანობა;
  • სასამართლოს ადამიანური რესურსის ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სასამართლოს გამჭვირვალობა.

კვლევის მიხედვით სასამართლომ ყველაზე დაბალი შეფასება საქმეთა ნაკადის მართვის ნაწილში 1,22%, ხოლო ყველაზე მაღალი - 31,42% სასამართლოს ადამიანური რესურსის ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფაში მიიღო. 

რაც შეეხება კონკრეტული სასამართლოების შეფასებებს, ყველაზე მაღალი პკოეფიციენტი - 41,10% რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო, ხოლო ყველაზე დაბალი - 17,8% გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ. 

შესაბამისად, 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსია 30,70%.  

ღონისძიებაზე კვლევის პრეზენტაციის გარდა, კითხვა-პასუხი და დისკუსია გაიმართა. 

კვლევა მომზადებულია პროექტის “საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის” ფარგლებში, რომელსაც სასამართლოს გუშაგი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს სასამართლოს გუშაგი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.