▶ სასამართლოს დამოუკიდებლობა ევროპული სასამართლოს განმარტებით

13.06.2023

სასამართლოს დამოუკიდებლობა  სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულება და სამართლის უზენაესობის მთავარი გარანტიაა. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არის ღერძი, რომელსაც ეყრდნობა ქვეყნისა და საზოგადოების  დემოკრატიული განვითარება. 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, კონვენციის მე-6 მუხლით განსაზღვრული სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებში, განვითარებული აქვს ფართო პრაქტიკა, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის კონცეფციის სხვადასხვა ასპექტს ეხება. 

ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებში დამოუკიდებლობის პრინციპს ევროპული სასამართლო აფასებს ყველა კონკრეტულ საქმეში, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, მყარად ჩამოყალიბებული კრიტერიუმების საფუძველზე (Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey [GC], 2015, § 221).  

სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებისას ევროპული  სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ მახასიათებლებს: 

  • მოსამართლეების („ტრიბუნალის წევრების“)  დანიშვნის წესს;
  • მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის ხანგრძლივობას;
  • ზეგავლენისგან დაცვის გარანტიების არსებობას;
  • წარმოჩინდება თუ არა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია (appearance of independence)  (Findlay v. the United Kingdom, 1997, §73).

- მოსამართლეების დანიშვნის წესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ჭრილში

სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების ერთ-ერთი არსებითი ინდიკატორია მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების წესი – როგორც თავად დანიშვნის საკანონმდებლო პროცედურა, ისე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე ორგანო. 

არსებობს ისეთი სამართლებრივი მოწესრიგებაც, როდესაც ყველა სასამართლოს მოსამართლეს საკანონმდებლო ორგანო ირჩევს. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსამართლეებს პარლამენტი ირჩევს, არ შეიძლება, გახდეს მათ დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი (Filippini v. San Marino, 2003; Ninn-Hansen v. Denmark, 1999). მთავარია, არსებობდეს გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს პროფესიულ დამსახურებასა და პიროვნულ კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებულ დანიშვნას.  ასევე, არსებითია, რომ მოსამართლე თავისუფალი იყოს ყოველგვარი გავლენისა და ზეწოლისგან, სამოსამართლო საქმიანობისას (Henryk Urban and Ryszard Urban v. Poland, 2010, § 49; Campbell and Fell v. the United Kingdom, 1984, § 79; Maktouf and Damjanović v. Bosnia and Herzegovina [GC], 2013, § 49).  

საქმეში „ტაიამი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Thiam v. France §§75-85)  ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მაშინაც კი, თუ მოსამართლეთა დანიშვნის ან დაწინაურების პროცესში მონაწილეობს აღმასრულებელი ხელისუფლება, ან ქვეყნის პრეზიდენტი, მათი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა შეიძლება ეჭვს არ იწვევდეს, იმ შემთხვევაში თუ:

  • მათი უფლებამოსილების ვადა კონსტიტუციით გარანტირებულია;
  • მოსამართლეები არ არიან პირდაპირ სუბორდინაციაში იუსტიციის მინისტრთან ან აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე ორგანოსთან;
  • მათი დანიშვნის პროცედურა, კარიერული დაწინაურების, მივლინებისა და გადაყვანის სისტემა სათანადოდ მოწესრიგებულია და შეიცავს საკმარის გარანტიებს, რაც იცავს მოსამართლეებს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში რაიმე სახის ჩარევისა და ზეწოლისაგან.

შესაბამისად, ევროპული სასამართლოს სტანდარტით  მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსამართლეები ინიშნებიან სასამართლოს სისტემის ორგანოს-მართლმსაჯულების საბჭოს მიერ, ვერ უზრუნველყოფს მოსამართლის დამოუკიდებლობას, თუკი უშუალოდ დანიშვნის, კარიერული დაწინაურების, მივლინება-გადაყვანის ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცედურები ხარვეზიანია და სათანადოდ არ შეიცავს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს.

დამოუკიდებლობის პრინციპთან შესაბამისობის შეფასებისას ერთ-ერთი არსებითი საკითხია, თუ როგორ ხდება სასამართლო საქმეების განაწილება და კონკრეტული მოსამართლისათვის საქმის განსახილველად გადაცემა.  მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ექცევა წევრ სახელმწიფოთა ხელისუფლების შეფასების ფარგლებში და განისაზღვრება ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, ევროპული სასამართლო ამოწმებს, შეესაბამებოდა თუ არა საქმის განაწილება ევროპული კონვენციის მე-6(1)  მუხლის პრინციპებს (Moiseyev v. Russia, 2008, § 176).  

- მოსამართლის უფლებამოსილების ვადა, როგორც დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ასპექტი

ევროპული სასამართლო არ ადგენს მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის კონკრეტულ ვადას, როგორც აუცილებელ მინიმუმს დამოუკიდებლობისათვის, თუმცა აღიარებს მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპს და მიიჩნევს მას მოსამართლის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ საკანონმდებლო გარანტიად. 

ამასთან,  შიდა კანონმდებლობით მოსამართლის შეუცვლელობის პირდაპირი ფორმალური აღიარების არარსებობა იმთავითვე დამოუკიდებლობის ნაკლებობას არ გულისხმობს, როდესაც ეს პრინციპი, ფაქტობრივადაა, დაცული და არსებობს ამის სათანადო გარანტიები (Campbell and Fell v. the United Kingdom, 1984, § 80).  

ევროპული სასამართლო მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპთან მიმართებაში განიხილავს მოსამართლეთა მივლინება-გადაყვანის წესს. შესაბამისად, ამ უკანასკნელის განსაზღვრისას, მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის  სათანადო გარანტიების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მივლინების ხარვეზიანი სისტემა მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის პირდაპირ საფრთხედ განიხილება. 

- ზეგავლენისგან დაცვის გარანტიების არსებობა


ევროპული სასამართლო,  სასამართლოს ზეგავლენისგან დაცვის თვალსაზრისით, რამდენიმე ცალკეულ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:

ინსტიტუციური დამოუკიდებლობა –  გულისხმობს მთლიანად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ხელისუფლების სხვა შტოებისგან და გამომდინარეობს ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო). 

სასამართლო ორგანოების ავტონომია – ძალაუფლების დეცენტრალიზაცია სასამართლო სისტემის შიგნით და ამა თუ იმ ორგანოს უფლებამოსილება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. ძალაუფლებრივი ბალანსის დაცვა სასამართლო ორგანოებს შორის.

ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა – გულისხმობს თითოეული მოსამართლის ერთგვარ საორიენტაციო სისტემას, რომელიც მოიცავს დამოუკიდებლობას თავის შეხედულებებსა და მსჯელობებში, პროფესიული მრწამსის ქონას, დაცვის გარანტიების არსებობას სამოსამართლო საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევის პრევენციის მიზნით, როგორც სასამართლოს გარედან (მაგ. პოლიტიკური აქტორებისგან), ისე შიგნიდან (სხვა მოსამართლეების ან სასამართლოს ადმინისტრაციული თანამდებობის პირებისგან).

სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების პოზიტიური ვალდებულება ფართო და მრავალწახნაგოვანია. იგი სახელმწიფოსგან მოითხოვს, წინასწარ გაატაროს ყოველმხრივი საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ღონისძიებები, დამოუკიდებლობის დაცვის ეფექტიანი გარანტიების შესაქმნელად. ევროპული სასამართლო არაერთ საქმეში აცხადებს, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად სათანადო გარანტიების არარსებობა სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ განმცხადებლის საჩივარი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე დასაბუთებულია (Parlov-Tkalčić v. Croatia, 2009, § 86; Daktaras v. Lithuania, 2000, § 36; Moiseyev v. Russia, 2008, § 184). 

- წარმოჩინდება თუ არა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია

იმაზე მსჯელობისას, აკლდა თუ არა კონკრეტულ სასამართლოს დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა, მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეში, ევროპული სასამართლო ყურადღებას აქცევს ბრალდებულის პოზიციას და იმას, თუ რამდენად დასაბუთებულია მისი ეჭვები ობიექტური ფაქტორებით (Incal v. Turkey, 1998, § 71).  ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ნეიტრალური ფიგურა – პირი, რომელიც საქმის შედეგით დაინტერესებული არ არის. სასამართლო ტოვებს დამოუკიდებლობის შთაბეჭდილებას, თუ „ობიექტურ დამკვირვებელს“ არ დარჩებოდა შეშფოთების საფუძველი განსახილველი საქმის გარემოებებზე დაკვირვებისას  (Clarke v. the United Kingdom (dec.), 2005). 

ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მოსამართლე არა მარტო უნდა იცავდეს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ობიექტურ კრიტერიუმებს, არამედ ხაზგასმით უნდა ცდილობდეს ამის დემონსტრირებას; ის უნდა აღიქმებოდეს დამოუკიდებლად საზოგადოების მიერ. 


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.


ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე