„ჩატეხილი ხიდი“ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემას შორის

24.06.2023

მართლმსაჯულების განხორციელებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოიცავს საზოგადოების ინფორმირებას სასამართლო სისტემის საქმიანობის შესახებ. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციით, საზოგადოების ინფორმირებაში განსაკუთრებულ როლს წლიური ანგარიშები ასრულებს, რომლებიც ოფიციალურ ვებგვერდებზე ქვეყნდება და საჯაროვდება. ანგარიშები ემსახურება საზოგადოებასა და სასამართლოს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას, რაც, საბოლოოდ, გავლენას ახდენს ნდობის გაზრდაზე სასამართლო სისტემის მიმართ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ანგარიში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ამავე უწყების ვებგვერდზე ქვეყნდება. ეს წესი საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და საზოგადოების წინაშე საბჭოს ანგარიშვალდებულების პრინციპს ეფუძნება. აღნიშნული ვალდებულება ორგანული კანონით 2019 წლის 13 დეკემბერს გატარებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად განისაზღვრა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე, ამ თანამდებობას იკავებს 2020 წლის 15 ოქტომბრიდან. მისი არჩევის შემდეგ, 2021 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა მოსამართლეთა კონფერენცია, რომელზეც, ვალდებულების მიუხედავად, ნინო ქადაგიძეს წლიური საქმიანობის ანგარიში არ წარმოუდგენია, თუმცა ამ დღეს კონფერენციაზე მოისმინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის ანგარიში. პრობლემური იყო ანგარიშის შინაარსიც: საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მდივანმა წარმოადგინა სტატისტიკური ინფორმაცია სხდომებისა და მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობის შესახებ, აგრეთვე, იმასთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენ კანდიდატს მოუსმინეს და რამდენი მოსამართლე განწესდა თანამდებობაზე. ასეთი სახის მონაცემები ძალიან მწირია საიმისოდ, რომ ანგარიშგების მიზანს უპასუხოს.

განსხვავებული მდგომარეობა იყო 2015 , 2017 და 2018 წლებში: ორგანული კანონის 65-ე მუხლის იმ დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ex officio იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგენდა ხოლმე წლიური საქმიანობის ანგარიშს, თუმცა მათი შინაარსი საჯაროდ არ ქვეყნდებოდა. პოზიტიური გამონაკლისი იყო 2016 წელი , როდესაც თავმჯდომარემ წარმოადგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდა.

2006-2013 წლებში უზენაესი სასამართლოს და ex officio საბჭოს თავმჯდომარის გამოსვლა მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე მისასალმებელი სიტყვით შემოიფარგლებოდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ანგარიში


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები შეადგენენ პლენუმს.
 
პლენუმი ისმენს და აფასებს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა ინფორმაციას, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების ანგარიშებს, განიხილავს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებულ წინადადებებს; და რაც მთავარია, პლენუმი ამზადებს და აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ.

სამწუხაროდ, პლენუმის მიერ აღნიშნული ვალდებულებების შესრულების შედეგებს ვერ ვხედავთ. 
უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე, სტატისტიკური ინფორმაციის გრაფაში, ხელმისაწვდომია ანგარიში „მართლმსაჯულება საქართველოში“, რომელიც 2009 წლიდან იწარმოება. ის მომზადებულია სტატისტიკის სექტორის მიერ და ასახავს მონაცემებს საერთო სასამართლოების სისტემაში საქმეთა ნაკადის მართვის მდგომარეობის თაობაზე. კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ეს რიცხობრივი მონაცემები პლენუმისთვის ანგარიშგების ნაწილში წარსადგენ სავალდებულო დოკუმენტაციას - საქმიანობის შინაარსობრივ ანგარიშს და წინადადებებს მის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, პასუხი მარტივია – არა, თუმცა ის, გარკვეულწილად, ავსებდა უზენაესი სასამართლოს მიერ ორგანული კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ვაკუუმს. ამიტომ, სამწუხაროა, რომ 2021 წელს ეს სტატისტიკური ინფორმაცია აღარ გამოქვეყნებულა და იმედს ვიტოვებთ, რომ 2022 წელს მაინც გამოქვეყნდება ამ სახით, რადგან მითითებული ფორმატი მინიმალურ ინფორმაციას მაინც აწვდიდა სასამართლო სისტემაში საქმეთა ნაკადის მართვით დაინტერესებულ საზოგადოებას.
 
დადებითად უნდა აღინიშნოს საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც 2018 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია თოდუამ, უზენაეს სასამართლოში მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა ანგარიში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ, რომელიც, ასევე, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ანგარიში ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი მოიცავს ინფორმაციას უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თაობაზე, მათ შორის, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებათა გაუქმების მიზეზების ანალიზს; ანგარიშის მეორე ნაწილი მოიცავს იმ ღონისძიებებსა და სიახლეებს, რომლებიც 2018 წელს უზენაეს სასამართლოში განხორციელდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ანგარიში

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 65-ე მუხლის დღეს მოქმედი რედაქცია მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილებების ჩამონათვალში განსაზღვრავს თანამდებობის პირებს, რომელთა ანგარიშებსაც ის ისმენს. მათ შორისაა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემული მუხლი ორივე თანამდებობის პირს ავალდებულებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინონ მოსამართლეთა კონფერენციას, თუმცა გაურკვეველია, რით შეიძლება განსხვავდებოდეს საბჭოს მდივნის მიერ მოსამართლეთა კონფერენციისთვის წარდგენილი ანგარიში საბჭოს თავმჯდომარის მიერ ამავე მიზნით მომზადებული ანგარიშისგან. სამართლებრივი ნორმების ასეთი ბუნდოვანება მხოლოდ ხელს უშლის პასუხისმგებელი უწყებების ანგარიშვალდებულების პროცესს.

2019 წლის საკანონმდებლო ცვლილებამდე, ორგანული კანონის 65-ე მუხლი არ აკონკრეტებდა, რომ კონფერენცია ისმენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშს. მიუხედავად ამისა, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საბჭოს მდივანი უმეტეს შემთხვევაში ამ ფუნქციას ასრულებდა, თუმცა იყო ისეთი მაგალითიც, როდესაც მდივანი კონფერენციაზე მხოლოდ მისასალმებელი სიტყვით შემოიფარგლა.

სასამართლოს თავმჯდომარის ანგარიში

ორგანული კანონი სააპელაციო და რაიონული(საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეებს ავალდებულებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიში წარუდგინოს შემდეგ საკითხებზე:

  • მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადება და განზოგადების მასალები;
  • საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ განზოგადებული ინფორმაცია (მათ შორის, საქმეთა შემოსვლისა და დასრულების მაჩვენებლები, საქმისწარმოების ვადები, სხდომების გადადებისა და საქმისწარმოების შეფერხების მიზეზები), მიღებული ზომები საქმისწარმოების შეფერხების სისტემური მიზეზების აღმოსაფხვრელად.

„საქართველოს სასამართლო გუშაგმა“ განცხადებებით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და რამდენიმე სასამართლოს, მოეწოდებინათ ინფორმაცია სასამართლოს თავმჯდომარეების მიერ საბჭოში წარდგენილი ანგარიშისა და რეკომენდაციების თაობაზე. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოგვაწოდა ინფორმაცია თავმჯდომარის მიერ მომზადებული ანგარიშის შესახებ, თუმცა საბჭოს ვებგვერდზე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბჭომ განიხილა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ანგარიში. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილიდან ირკვევა, რომ რეკომენდაციები მისთვის არ წარუდგენიათ და არ განუხილავთ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გვიპასუხა განცხადებაზე, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გვაცნობა, რომ ანგარიშს საერთოდ არ ამზადებენ.

წარმოდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობის ანალიზი მხოლოდ შემდეგი დასკვნის საფუძველს ქმნის:

საზოგადოების ინფორმირება სასამართლოს საქმიანობის შესახებ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის განმსაზღვრელი კომპონენტია. როდესაც სასამართლო სისტემა უარს ამბობს თავისი საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის ანგარიშის წარდგენაზე, ის უგულებელყოფს ინსტიტუციური ანგარიშვალდებულების ფუნდამენტურ პრინციპს, რომელსაც მისი საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს. საქართველოში, სადაც ყოველდღე ისმის ბრალდებები მართლმსაჯულების მიმართ და საზოგადოება წლებია, ელოდება პასუხს კითხვებზე, ასეთი „ხმამაღალი“ დუმილი იმ ნდობასაც უთხრის ძირს, რომელიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ დარჩენილია მის მიმართ. დაბოლოს, მაშინ, როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ძირეული დანიშნულება სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფაა, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სივრცეში, სადაც ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემა თავად უაპელაციოდ არღვევს საქართველოს ორგანული კანონით მისთვის დაწესებულ მოთხოვნებს.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.