როდესაც ნაფიც მსაჯულად გამოგიძახეს

13.07.2023

2010 წელს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებიდან საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულებამ ძირეული ცვლილებები განიცადა, ინკვიზიციური სისხლის სამართლის პროცესი შეიცვალა შეჯიბრებითი პროცესით და დაინერგა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ განსაზღვრავს იმ დანაშაულების ჩამონათვალს, რომელთა სავარაუდო ჩადენის შემთხვევაში არის შესაძლებელი, ბრალდებულმა მოითხოვოს ნაფიც მსაჯულთა მიერ მისი საქმის განხილვა. 

ეს დანაშაულებია:

  • მუხლი 108 (დამთავრებული) - განხრახ მკვლელობა;
  • მუხლი 109 (დამთავრებული) - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში;
  • მუხლი 117 (მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილები) - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;
  • მუხლი 126 (მე-2 ნაწილი) - ძალადობა;
  • მუხლი 1351 - ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა;
  • მუხლი 143 (მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები) - თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
  • მუხლი 144 - მძევლად ხელში ჩაგდება;
  • მუხლი 1441 - წამება;
  • მუხლი 1442 - წამების მუქარა;
  • მუხლი 1443 (მე-2 ნაწილი) - დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა;
  • მუხლი 146 (მე-2 ნაწილი) - უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში;
  • მუხლი 147 - განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატირმება;
  • მუხლი 149 - ფისქიატრიულ საავადმყოფოში უკნონო მოთავსება ან დაკავება;
  • მუხლი 197 (მე-4 ნაწილი) - ფალსიფიკაცია;
  • მუხლი 198 (მე-3 ნაწილი) - ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია;
  • მუხლი 229 - აფეთქება.

იმისათვის, რომ ბრალდებულმა ამ უფლებით ისარგებლოს, დანაშაულები - განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (სსკ-ის 108-ე და 109-ე მუხლები) დასრულებული უნდა იყოს. შესაბამისად, ის ამ დანაშაულების მცდელობებზე არ ვრცელდება.

სასამართლოები, სადაც ნაფიცმა მსაჯულებმა შეიძლება განიხილონ საქმე

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმეები განიხილება მხოლოდ შემდეგ სასამართლოებში:

  1. თბილისის საქალაქო სასამართლო;
  2. ქუთაისის საქალაქო სასამართლო;
  3. ბათუმის საქალაქო სასამართლო;
  4. რუსთავის საქალაქო სასამართლო;
  5. ზუგდიდის რაიონული სასამართლო;
  6. თელავის რაიონული სასამართლო;
  7. გორის რაიონული სასამართლო.

ბრალდებულის არჩევანი- მისი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვა ბრალდებულის უფლებაა. ამიტომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსამართლე არკვევს ბრალდებულის არჩევანს - მისი საქმე განიხილოს პროფესიონალმა მოსამართლემ თუ 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა. საპროცესო კოდექსის მიხედვით, თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, მოსამართლემ, სავალდებულო წესით, უნდა აცნობოს აღნიშნული ბრალდებულს, ასევე, გასაგებად უნდა განუმარტოს მას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსი და მასთან დაკავშირებული ბრალდებულის უფლებები.

აღნიშნული განმარტებების მიწოდების შემდეგ, მოსამართლე ეკითხება ბრალდებულს, სურს თუ არა მას, რომ მისი საქმე ნაფიმა მსაჯულებმა განიხილონ. თუ ბრალდებული ამ შესაძლებლობაზე უარს არ განაცხადებს, მაშინ მოსამართლე დანიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს. 

ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული?

მოქალაქეები ნაკლებად არიან ინფორმირებულნი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით. საჭიროა, თითოეულმა მათგანმა იცოდეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება თავად აღმოჩდნენ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში.

შესაძლოა ნაფიც მსაჯულად გამოძახება საზოგადოებაში გარკვეულ დაბნეულობასაც იწვევდეს, რადგან ეს ინსტიტუტი ქართულ მართლმსაჯულებაში ახალია და მის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაც ნაკლებია. მათ უჩნდებათ შეკითხვები, რატომ დაუკავშირდნენ მაინცდამაინც მას? შეძლებს თუ არა იგი ამ უფლების განხორციელებას ჯეროვნად? და რა გავლენას იქონიებს ამ მოვალეობის შესრულება მათ სამსახურსა თუ სხვა საქმიანობაზე?

გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ მსაჯულები გახდნენ ბრალდებულის ან მისი ოჯახის წევრების მხრიდან ზემოქმედების ობიექტი. ამ მდგომარეობას ისიც ამძაფრებს, რომ ნაფიც მსაჯულთა განსახილველი საქმეები, როგორც წესი, წარმოადგენს ძალიან მძიმე დანაშაულებს, მათ შორის ისეთს როგორიცაა მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

მნიშვნელოვანია, ნებისმიერ მოქალაქეს, მისთვის გასაგებ ენაზე მიეწოდოს ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირების და მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

მოთხოვნები ნაფიცი მსაჯულებისადმი:

პირი უფლებამოსილია, გახდეს ნაფიც მსაჯული, თუ:

1. საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, როგორც 18 წელს მიღწეული პირი;
2. იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა (ქართული);
3. ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში − იმის შესაბამისად, თუ საქართველოს რომელ ნაწილში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი;
4. არ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ხელს შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.

ინტერესთა შეუთავსებლობა 

პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ იგი არის:

  1. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი; (პრეზიდენტი; პარლამენტის წევრი; პრემიერ-მინისტრი; მთავრობის სხვა წევრი და მისი მოადგილე; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრი ან მისი მოადგილე);
  2. პროკურორი;
  3. გამომძიებელი;
  4. პოლიციელი;
  5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე;
  6. ადვოკატი;
  7. მოქმედი სამხედრო მოსამსახურე;
  8. სასულიერო პირი;
  9. აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე;
  10. ბრალდებული;
  11. პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული;
  12. ნასამართლევი. 
     

უარი ნაფიც მსაჯულობაზე

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე შემდეგ შემთხვევებში:

1. თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;
2. თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვასთან, და მისი კონკრეტულ პერიოდსა და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, რაც დასტურდება ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი ინფორმაციების ერთობლიობით. ეს წესი განსაკუთრებული მნიშვნელობის სხვა სამუშაოს შემსრულებელ პირზე შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;
3. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; 
4. თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ;
5. თუ 70 წელს გადაცილებული პირია.

ამასთან კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ნაფიცი მსაჯულის მიერ დასახელებულ კანონიერ ინტერესებს სასამართლო აფასებს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. სასამართლო არ გაათავასუფლებს პირს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისგან თუ მიიჩნევს, რომ ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებით დაცული სიკეთე ნაკლებია, ვიდრე მართლმსაჯულებისთვის ან მესამე პირისთვის მიყენებული ზიანი. 

რა ეკრძალება ნაფიც მსაჯულს?

ნაფიც მსაჯულებს და მათ შორის, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ ქრთამის აღებისა და ზეგაველნით ვაჭრობისთვის. დანაშაულს წარმოადგენს, აგრეთვე, მსაჯულთა მიერ სასამართლოს თათბირის და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა. სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ მსაჯულებთან რაიმე სახის კონტაქტი ან მსაჯულების მხრიდან რაიმე სახის ინფორმაციის გავრცელება არის აკრძალული. დაუშვებელია რომელიმე მსაჯულმა, თუნდაც კენჭისყრის დასრულების და ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, გაახმაუროს, თითოეულმა მათგანმა რომელ ვერდიქტს დაუჭირა მხარი და სხვ. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სათათბირო ოთახში გაჟღერდება, უნდა დარჩეს სათათბირო ოთახშივე. დასახელებული დანაშაულის ჩადენა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. სასამართლოს შეცდომაში შეყვანა - ეს დანაშაული გულისხმობს სასამართლოსათვის ინფორმაციიის მიუწოდებლობას ან მცდარი ინფორმაციის წარდგენას მსაჯულობის კანდიდატის ან მსაჯულის სტატუსთან შეუთავსებლობის შესახებ. 

პასუხისმგებლობა მოვალეობისთვის თავის არიდებისათვის

ნაფიცი მსაჯულობა არ არის ნებაყოფლობითი. კანდიდატის არჩევა ნაფიც მსაჯულად პირს ავალდებულებს, რომ განახორციელოს აღნიშნული უფლებამოსილება. ხოლო, ამ მოვალეობის შეუსრულებლობა კი იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას:

  • ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა სასამართლოში განსაზღვრულ დროს გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.
  • ნაფიცი მსაჯულის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა არსებითი სასამართლო განხილვისას გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.
  • ხოლო ნაფიცი მსაჯულის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.

სოციალური გარანტიები ნაფიცი მსაჯულებისათვის 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ნაფიც მსაჯულთა სოციალურ გარანტიებს. ნაფიც მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ, დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რაც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის განხორციელებასთან.
სასამართლო, ნაფიცი მსაჯულების თანხმობით, უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას საცხოვრებელი ან დროებითი განთავსების ადგილიდან შესაბამის სასამართლომდე და უკან. დღიური, სამგზავრო ხარჯების და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება. ამ სოციალური გარანტიებით სარგებლობენ არა მხოლოდ ნაფიცი მსაჯულები, არამედ მსაჯულობის კანდიდატებიც.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.