ნაფიც მსაჯულთა შერჩევა - კანდიდატობიდან ვერდიქტამდე

20.07.2023

ნაფიც მსაჯულთა შერჩევა


ნაფიც მსაჯულთა შერჩევა ხდება სრულწლოვან მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, რომელსაც განახლებული სახით, სასამართლოს უგზავნის სერვისების განვითარების სააგენტო, ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 ივლისისა. სასამართლო აღნიშნული სიიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, შეარჩევს სამას კანდიდატს და მიანიჭებს მათ რიგით ნომრებს.
ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიაში მიეთითება პირის გვარი და სახელი. სიას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) და ასლებს გადასცემს მხარეებს.
მოქალაქეთა ერთიანი სიიდან შეირჩევა 300 კანდიდატი. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე თითოეულ მათგანს საცხოვრებელი სახლის მისამართზე ეგზავნება მოსამართლის მიერ მხარეებთან თათბირის საფუძველზე დამტკიცებული კითხვარი. თუ თქვენც მიიღეთ ასეთი უწყება და გაინტერესებთ, რა უნდა გააკეთოთ, გაეცანით ჩვენს სტატიას, როგორ მოვიქცეთ როცა ნაფიც მსაჯულად გამოგვიძახეს

კითხვარი ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებისთვის

კითხვარი არის მხარეების მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელმაც მხარეებს და მოსამართლეს პირველადი წარმოდგენა უნდა შეუქმნას კანდიდატზე. კითხვარში ჩამოყალიბებულია ისეთი კითხვები, რომლებიც საშუალებას იძლევა, დადგინდეს კანდიდატის პიროვნება, მისი კავშირი მართლმსაჯულებასთან, მისი დამოკიდებულებები ცალკეული საკითხების მიმართ. პირველ რიგში, კანდიდატი უთითებს პირად ინფორმაციას, ცნობებს განათლებაზე, სამსახურზე, ოჯახურ მდგომარეობაზე და სხვა.

ერთ-ერთი არსებითი საკითხი, რომლის შესახებაც კანდიდატმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს, არის მისი კავშირი მხარეებთან და პროცესის მონაწილე სხვა პირებთან. ამ გზით, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა. მაგალითად შეუთავსებლობის ერთ-ერთი საფუძველია კანდიდატის განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა. ამიტომაც, კითხვარში ყოველთვის წარმოდგენილია ინფორმაცია დავის მხარეების, მოსამართლის, ბრალდებულის და ზოგადად საქმის შესახებ, რომელზეც პირი გამოძახებულია ნაფიც მსაჯულად.

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს და 5 დღის ვადაში დაუბრუნოს მოსამართლეს შევსებული კითხვარი. თავის მხრივ, მოსამართლე ვალდებულია, შევსებული კითხვარები, მიღებიდან 5 დღის ვადაში გადასცეს მხარეებს. მითითებული ვადების დაწესების მიზანია, პირველ რიგში, კანდიდატს ჰქონდეს გარკვეული დრო, უპასუხოს კითხვარს და ასევე, მხარეებს ჰქონდეთ გონივრული დრო ამ მოცულობის ინფორმაციის გასაცნობად და მათზე დაყრდნობით, მსაჯულების შესარჩევად.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს კითხვართან ერთად ეგზავნებათ უწყება, რომელშიც მითითებულია:
  • სხდომის დაწყების დრო;
  • სხდომის ადგილი;
  • სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობა.

ნაფიც მსაჯულთა შესარჩევი სხდომა

მოსამართლეს საპროცესო კოდექსი ანიჭებს უფლებამოსილებას, იმ შემთხვევაშიც დაიწყოს სხდომა, თუკი ნაფიცი მსაჯულობის 50-ზე ნაკლები კანდიდატი გამოცხადდება. ჩვეულებრივ, შერჩევის სხდომა არის ღია, გარდა საქართველოს საპროცესო კოდექსით, ზოგადად, სასამართლოს სხდომის დახურვისთვის გათვალისწინებული შემთხვევებისა. სხდომა პროცედურულად მიმდინარეობს შემდეგნაირად:

  1. სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) წარადგენს საკუთარ თავს და სხდომის მდივანს;
  2. მიმართავს კანდიდატებს და განუმარტავს მათ მათი მოწვევის მიზანს;
  3. აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, და კანდიდატებს გააცნობს წარდგენილი ბრალდების შინაარსს;
  4. კანდიდატებს განუმარტავს კანონს, რომელიც გამოყენებული იქნება საქმის განხილვისას;
  5. აცხადებს საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებს;
  6. განსაზღვრავს სხდომის ხანგრძლივობას და სხვა პროცედურულ საკითხებს.

მხარეები აქტიურად მონაწილეობენ პროცესში. როცა საჭიროდ მიიჩნევენ, ისინი აყენებენ შუამდგომლობას კანდიდატის აცილების შესახებ.

როგორ ხდება ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილება?

არსებობს ორი სახის აცილება:

  1. დასაბუთებული
  2. დაუსაბუთებელი.

თავდაპირველად გამოიყენება დასაბუთებული აცილების მექანიზმი, შემდეგ კი - დაუსაბუთებელი. ამასთან, ჯერ ბრალდების მხარე აყენებს შუამდგომლობას აცილების შესახებ, შემდეგ - დაცვის მხარე. მხარეს აქვს განუსაზღვრელი რაოდენობის დასაბუთებული აცილების და 6 დაუსაბუთებელი აცილების დაყენების უფლება. ამ წესიდან არსებობს გამონაკლისი, კერძოდ, თუ პირს ისეთი ბრალდება აქვს წაყენებული, რომელიც სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მხარეს ათი დაუსაბუთებელი აცილების უფლება ენიჭება ნაცვლად ექვსისა.

სხდომაზე მოსამართლე ამოწმებს ყველა გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს მსაჯულობის კანდიდატის აცილების (თვითაცილების) საფუძველი. მოსამართლე უფლებამოსილია, მოსთხოვოს მხარეებს მისთვის წინასწარ იმ შეკითხვების წარდგენა, რომელთა მსაჯულობის კანდიდატებისათვის დასმასაც აპირებენ; ეს არ ზღუდავს მხარეებს, რომ დასვან დამაზუსტებელი შეკითხვები. შეკითხვის დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად სხდომის თავმჯდომარე მხარეებსა და მსაჯულობის კანდიდატს გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

კანდიდატის აცილებას შეიძლება სხვადასხვა საფუძველი ჰქონდეს და იგი, უმეტესწილად, სწორედ მხარეების მიერ კანდიდატისათვის კითხვების დასმის გზით ვლინდება. მაგალითად, კითხვები შეიძლება ეხებოდეს კანდიდატის დამოკიდებულებას ოჯახური ძალადობის მიმართ. აცილების საფუძველი შეიძლება იყოს, ასევე, კანდიდატის ზედმეტად ლოიალური ან მეტისმეტად მკაცრი დამოკიდებულება ბრალდებულის მიმართ. შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ კანდიდატს წინასწარ აქვს ჩამოყალიბებული გარკვეული წარმოდგენები საქმესთან დაკავშირებით და სხვ.

მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია, რომ მხარეების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხოს ამომწურავად და სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მსაჯულობის მოვალეობის შესრულებაში.

მოსამართლემ აცილების შესახებ შუამდგომლობა უნდა განიხილოს ცალკე, მხოლოდ მხარეების მონაწილეობით და გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებით. აცილებული კანდიდატი ტოვებს სხდომის დარბაზს. 

რამდენი ნაფიცი მსაჯული უნდა შეირჩეს?

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 ნაფიცი მსაჯულისა და სულ ცოტა 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯულისაგან; ამასთან, საპროცესო კოდექსი უშვებს ამ წესიდან გამონაკლისებსაც შემდეგი დათქმით, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს:

  1. ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - 6-ზე ნაკლები მსაჯული;
  2. მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - 8-ზე ნაკლები მსაჯული;
  3. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - 10-ზე ნაკლები მსაჯული.

საბოლოოდ, აცილების პროცესის შემდეგ დარჩენილ კანდიდატთაგან შესაბამისი რაოდენობის ნაფიც მსაჯულებს ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე. საგულისხმოა, რომ კანონი არ უთითებს სათადარიგო მსაჯულების მაქსიმალურ რაოდენობას. მოქმედი კანონმდებლობით, გარკვეულ შემთხვევებში, საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოსამართლე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება უფრო მეტი სათადარიგო მსაჯულის დამტკიცების შესახებ.

რატომ არის საჭირო სათადარიგო მსაჯული?

სათადარიგო მსაჯული ესწრება სასამართლო სხდომას, მაგრამ მას უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან დაესწროს სასამართლოს თათბირს. სათადარიგო მსაჯულის არსებობა ემსახურება მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელების მიზანს. იმ შემთხვევაში თუ ნაფიცი მსაჯული გარკვეული მიზეზით ვეღარ გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას, სასამართლო პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სათადარიგო მსაჯული ცვლის მას და საქმის განხილვა გრძელდება.

ნაფიცი მსაჯული შეიძლება შეიცვალოს სათადარიგო მსაჯულით იმ შემთხვევაში თუ:

  • აღმოჩნდა, რომ ნაფიც მსაჯულს არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობა
  • გამოვლინდა მისი აცილების საფუძველი
  • ნაფიცმა მსაჯულმა დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.

ასეთ შემთხვევებში სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულს ათავისუფლებს მისი მოვალეობის შესრულებისაგან და მის ნაცვლად ნაფიც მსაჯულად ნიშნავს მსაჯულთა სიაში მომდევნო სათადარიგო მსაჯულს. შესაბამისად, სასამართლოს არ დასჭირდება გადადოს პროცესი კანდიდატების ხელახლა მოსაწვევად და დახარჯოს რესურსები ახალი მსაჯულის შერჩევაზე.

საქმის განხილვის დაწყება

როგორც კი სასამართლო შეარჩევს ნაფიც მსაჯულებს, არაუგვიანეს შერჩევის პროცესის დასრულებიდან მესამე დღისა, უნდა დანიშნოს საქმის განხილვის დღე. 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომას ყოველთვის წარმართავს სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე). პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად:

  • თავდაპირველად სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სასამართლოს შემადგენლობას
  • აცხადებს, თუ ვინ უჭერს მხარს ბრალდებას და ვინ ახორციელებს დაცვას.
  • მხარეებს ეკითხება, ხომ არ აქვთ მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, სხდომის მდივნის, თარჯიმნის ან პროცესის სხვა მონაწილის აცილების საფუძველი.
  • პროცესის მონაწილეებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს.

ამ პროცედურის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ადგენს ბრალდებულის ვინაობას (სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი) და განუმარტავს შემდეგ საკითხებს:

  • ბრალდებულის უფლებები
  • ბრალდების არსი
  • ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაცია
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ და მაქსიმალურ ზომები, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით;
  • ბრალდებულის უფლება - ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს, როგორც მოწმემ.

ამის შემდგომ მოსამართლე არკვევს:

  • ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ.
  • საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას

შემდეგ კი განიხილავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს. ამის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე მიმართავს ნაფიც მსაჯულებს და აძლევს განმარტებებს (ამასთან დაკავშირებით იხილეთ საქართველოს სასამართლოს გუშაგის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატია - მოსამართლის განმარტებები ნაფიცი მსაჯულებისადმი).

უფროსი მსაჯული

უშუალოდ საქმის განხილვის დაწყებამდე მსაჯულები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ირჩევენ უფროსს მსაჯულს, რომელიც

  • თავმჯდომარეობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირს;
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სახელით წერილობითი შეკითხვით მიმართავს სხდომის თავმჯდომარეს;
  • აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს;
  • ადგენს შესაბამის დოკუმენტებს;
  • ხელს აწერს ვერდიქტს და სასამართლო სხდომაზე აცხადებს მას.

უფროსი მსაჯულის არჩევის შემდეგ მსაჯულები დებენ ფიცს.

ნაფიცი მსაჯულის ფიცის შინაარსი ასეთია:

„ვფიცავ, პატიოსნად და მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა, გავითვალისწინო ყველა კანონიერი მტკიცებულება, გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს!“

ფიცის ტექსტს კითხულობს მოსამართლე და შემდეგ მსაჯულთა სიაში რიგითობის მიხედვით, ყოველი მსაჯული ამბობს:

„ვადასტურებ!“

ფიცს დებენ როგორც ძირითადი, ასევე, სათადარიგო მსაჯულები. ფიცის დადების დროს მსაჯულები ფეხზე უნდა წამოდგნენ. ფიცის დადების შემდეგ მოსამართლე მსაჯულებს მათ უფლება- მოვალეობებს განუმარტავს.

ნაფიც მსაჯულთა უფლება-მოვალეობები

ნაფიც მსაჯულს უფლება აქვს, სასამართლოსგან მიიღოს:

  • განმარტება გამოსაყენებელი კანონის თაობაზე;
  • წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი მტკიცებულებების შესახებ;
  • სასამართლო სხდომის დროს დამატებითი განმარტება: სხდომის თავმჯდომარისაგან – კანონის შესახებ, მოწმეთაგან – ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, მხარეთაგან – დასკვნითი სიტყვების შესახებ;
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირის დროს დამატებითი განმარტება მოსამართლისაგან გამოსაყენებელი კანონის შესახებ.

ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს ეკრძალებათ:

  • სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება;
  • ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;
  • განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა;
  • განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სხდომის ფარგლებს გარეთ;
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა;
  • სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა.

ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაესწროს განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირს.

საქმის განხილვა

საქმის განხილვა იწყება მხარეთა შესავალი სიტყვებით. ამისთვის გონივრულ დროს განსაზღვრავს მოსამართლე. პირველად შესავალ სიტყვას ამბობს ბრალდების მხარე, შემდეგ - დაცვის მხარე. შესავალ სიტყვაში მხარეები წარმოადგენენ განსახილველ საქმეს, აყალიბებენ მოვლენათა განვითარების საკუთარ ვერსიას, მიუთითებენ მტკიცებულებებზე, და სხვა. შესავალი სიტყვის შემდეგ იწყება მტკიცებულებების გამოკვლევა. ამჯერადაც, სასამართლო თავდაპირველად იკვლევს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და შემდეგ - დაცვის მხარისას. მტკიცებულების გამოკვლევის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს მოწმეთა დაკითხვა. მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. მოწმე დაიკითხება ორი სახით:

  1. პირდაპირი დაკითხვა;
  2. ჯვარედინი დაკითხვა.

პირდაპირი წესით მოწმეს კითხავს ის მხარე რომელმაც იგი გამოიძახა. მაგალითად, ბრალდების მხარის მოწმეს პირაპირი დაკითხვის წესით დაკითხავს ბრალდების მხარე. ჯვარედინი წესით მოწმეს კითხავს ის მხარე, რომელსაც იგი დასაკითხად არ გამოუძახებია. მაგალითად ბრალდების მხარის მოწმეს ჯვარედინი წესით დაცვის მხარე დაკითხავს. პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის შემდეგ იწყება განმეორებითი პირდაპირი და განმეორებითი ჯვარედინი დაკითხვები. ამის შემდეგ, მხარეები სასამართლოს და მსაჯულების წინაშე გამოვლენ დასკვნითი სიტყვებით. ზემოთ ნახსენები პრინციპით, დასკვნით სიტყვასაც ჯერ წარმოთქვამს ბრალდების მხარე, შემდეგ- დაცვის მხარე. დასკვნითი სიტყვაში მხარეები აჯამებენ პროცესს, საბოლოო სახით აყალიბებენ საკუთარ პოზიციას და ხაზს უსვამენ მათი პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. საბოლო სიტყვის შემდეგ მხარეები იგივე თანმიმდევრობით სარგებლობენ რეპლიკის უფლებით, რომლის დროსაც საბოლოო აზრს ან შენიშვნებს აფიქსირებენ. სხდომის დასასრულს, ბრალდებულს შეუძლია საბოლოოო სიტყვით მიმართოს სასამართლოს. ამის შემდეგ, მოსამართლე კიდევ ერთხელ გააკეთებს განმარტებებს მსაჯულებისათვის და ისინი გადიან სათათბირო ოთახში.

ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი 

ნაფიც მსაჯულთა თათბირი

სათათბირო ოთახში მხოლოდ ნაფიცი მსაჯულები იმყოფებიან და მათ გარდა სხვას არავის აქვს იქ ყოფნის უფლება. ნაფიც მსაჯულებს თათბირის შეწყვეტა შეუძლიათ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოსამართლეს, თუკი რომელიმე მსაჯული :

  • თავს იკავებს ხმის მიცემისაგან;
  • მოსამართლის მიერ მიცემულ მითითებებს უგულებელყოფს;
  • იმ მტკიცებულებას ითვალისწინებს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა;
  • აშკარა მიკერძოებას გამოხატავს;
  • სხვაგვარად აშკარად არღვევს კანონს.

ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია გააფრთხილოს ნაფიცი მსაჯული, ხოლო მის მიერ დარღვევის განმეორებისას დაითხოვოს იგი და სათადარიგო მსაჯულით შეცვალოს. იმ შემთხვევაში, თუ წარმოიქმნა ნაფიცი მსაჯულის დათხოვნის ვალდებულება და სათადარიგო მსაჯულთა შემადგენლობა ამოწურული აღმოჩნდა, მოსამართლე ვალდებულია დაითხოვოს ნაფიც მსაჯულთა სრული შემადგენლობა და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ უფროსი მსაჯული თანამიმდევრულად აყენებს ღია კენჭისყრაზე თითოეულ საკითხს სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობით და ფორმულირებით.

ვერდიქტის ფორმა

სათათბირო ოთახში გასვლის წინ, მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს გადასცემს ვერდიქტის ორ ფორმას:

  1. გამამართლებელ ვერდიქტს;
  2. გამამტყუნებელ ვერდიქტს.

გამამართლებელი ვერდიქტის ფორმა შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქმეზე (საქმის ნომერი და დასახელება) ბრალდებული (სახელი და გვარი) არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით (ნაწილით, ქვეპუნქტით) (ნომერი) გათვალისწინებული დანაშაულის (დასახელება) ჩადენაში;

გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქმეზე (საქმის ნომერი და დასახელება) ბრალდებული (სახელი და გვარი) არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით (ნაწილით, ქვეპუნქტით) (ნომერი) გათვალისწინებული დანაშაულის (დასახელება) ჩადენაში;

ნაფიცმა მსაჯულებმა თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე უნდა გადაწყვიტონ ბრალდებულის უდანაშაულობის ან ბრალეულობის საკითხი.

ჯერ კენჭი ეყრება ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით; კერძოდ ჯერ კენჭი ეყრება ბრალდებას, რომელიც ყველაზე მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს, შემდეგ კი ბრალდებას, რომელიც უფრო მძიმე სასჯელს ითვალისწინებს.

ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. ნაფიცი მსაჯულები ხმას აძლევენ მსაჯულთა სიაში მათი რიგითობის მიხედვით. უფროსი მსაჯული ხმას აძლევს ბოლოს და აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს.

ნაფიცი მსაჯულები განსჯიან და გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ ფაქტების შესახებ, სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე.

ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს იღებენ ერთხმად. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 4 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილებების ერთხმად მიღებას, გადაწყვეტილებები მომდევნო 8 საათის განმავლობაში მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით:

  1. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 11 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 8 ხმით;
  2. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 10 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 7 ხმით;
  3. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 9 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 6 ხმით;
  4. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 8 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 5 ხმით;
  5. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 4 ხმით.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო 8 საათის განმავლობაშიც ვერ მიიღებენ მსაჯულები გადაწყვეტილებას, სხდომის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ განუმარტავს ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის მნიშვნელობას და სთხოვს უფროს ნაფიც მსაჯულს, სხდომის თავმჯდომარეს მოახსენოს, არის თუ არა ისეთი მსაჯული, რომელიც უარს აცხადებს მსჯელობაში მონაწილეობის მიღებაზე ან რომელსაც აქვს ინტერესი საქმის მიმართ, რის შესახებაც არ განაცხადა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის დროს. აღნიშნული განმარტების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე მიმართავს ნაფიც მსაჯულებს, დაბრუნდნენ სათათბირო ოთახში და გამოიტანონ ვერდიქტი კანონის შესაბამისად.

ამის შემდეგ, მათ კიდევ 3 საათი ეძლევათ, თუმცა, თუ ამ დროშიც ვერ მიიღებენ ვერდიქტს მოსამართლეს აქვს ორი არჩევანი:

  1. იგი მისცემს მსაჯულებს დამატებით გონივრულ ვადას ან
  2. დაითხოვს მათ სრულ შემადგენლობას და დანიშნავს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღს. თუ არც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ახალ შემადგენლობას შესწევს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით, ბრალდებული გამართლებულად ითვლება.

ვერდიქტის გამოცხადება

მას შემდეგ, როდესაც მსაჯულები მიიღებენ ვერდიქტს და დაბრუნდებიან სხდომათა დარბაზში, უფროსი მსაჯული სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს ვერდიქტს.

სხდომის თავმჯდომარე უნდა გაეცნოს ვერდიქტს და დარწმუნდეს შემდეგში:

  • ვერდიქტი თითოეულ ბრალდებაზე სწორი კენჭისყრის შედეგად არის მიღებული;
  • არ არის აშკარა წინააღმდეგობა ვერდიქტის ფორმებს შორის;
  • ვერდიქტი გამოტანილია ყველა წარდგენილ ბრალდებაზე.

თუ მოსამართლე ვერდიქტის შემოწმების შემდეგ დარწმუნდება, რომ იგი კანონის დაცვით არის მიღებული, მოსამართლე მას გამოსაცხადებლად დაუბრუნებს უფროს მსაჯულს.

უფროსი მსაჯული აცხადებს ვერდიქტს სასამართლო სხდომის დარბაზში.

იმ შემთხვევაში, თუ ვერდიქტი კანონის დარღვევით არის მიღებული, მოსამართლე ვერდიქტს უბრუნებს უფროს მსაჯულს და მოითხოვს ნაფიც მსაჯულთა დაბრუნებას სათათბირო ოთახში შეცდომების გასასწორებლად.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობისათვის მადლობას უხდის ნაფიც მსაჯულებს და დაითხოვს მათ

სასჯელის დანიშვნის სხდომა 

იმ შემთხვევებში თუ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი გამამტყუნებელია, მოსამართლე ნიშნავს სხდომას სასჯელის განსაზღვრის მიზნით ვერდიქტის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 3 დღისა.

სასჯელის სხდომის დანიშვნამდე მოსამართლე მხარეებს ეკითხება, სურთ თუ არა, რომ სასჯელის დანიშვნის სხდომა მსაჯულთა მონაწილეობით გაიმართოს. თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, მაშინ სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება მსაჯულთა მონაწილეობით.

სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები იძლევიან რეკომენდაციას სასჯელის დამძიმების ან შემსუბუქების შესახებ.

თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე მეტი; ხოლო თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მინიმალური ზღვარი აღემატება მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედს, მსჯავრდებულს ენიშნება მინიმალური სასჯელი.

თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის დამძიმების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე ნაკლები.

თუ ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, მაშინ მათ მიერ მიღებული რეკომენდაცია სავალდებულოა მოსამართლისათვის. მსაჯულთა მიერ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა შესაძლებელია გახდეს შემდგომში გამამტყუნებელი ვერდიქტის გასაჩივრების საფუძველი.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.