22.11.2023

გივი ჩვენ ვართ, გივი


არის აქ ვინმე? 
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ სასამართლოში შესვლისას ამ კითხვას დავსვამდი. 
სასამართლოს შენობაში არავინ იყო. დავიბენი, ხელში პირადობა მეჭირა, რომელიც, როგორც წესი, საჭიროა სასამართლოს შენობაში შესასვლელად. განსაკუთრებულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ვიდექი დერეფანში და ველოდებოდი ვინმეს გამოჩენას, პირადობის შესამოწმებლად თუ არა, იმის შესაკითხად მაინც „აქ რა დაგრჩენიაო“.

ecd.court.ge -ზე ამოვიკითხე, რომ ხობის მაგისტრატ სასამართლოში 28 თებერვალს ადმინისტრაციული პროცესი უნდა გამართულიყო. ვინაიდან ვებგვერდი ოფიციალურია და იქ განთავსებული ინფორმაცია სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს, არც მიფიქრია, რომ პროცესი არ ჩატარდებოდა; თუმცა პროცესის არჩატარება რა მოსატანია, სასამართლო მიტოვებულ შენობას ჰგავდა, სანამ საპირფარეშოში გასული მანდატური არ დაბრუნდა თავის ადგილზე. ცხადია, მანდატური საპირფარეშოშიც შეიძლება გავიდეს და შეისვენოს კიდეც, თუმცა აქ პრობლემა ის არის, რომ სასამართლოში სხვა არავინ იყო და თუ ერთადერთი მანდატურიც არ იქნება თავის ადგილზე, ნებისმიერი ვიზიტორი ჩემსავით გაურკვევლობაში აღმოჩნდება.

არ ვიცი, ეს სიტუაცია რამდენი წელია, გრძელდება - იქნებ სამი, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები... ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნამდვილად არ არის „ძალიან კარგი“.

სასამართლოს დერეფნებში სიარული დავიწყე და მანდატურიც მალევე გამოჩნდა. ვკითხე, დღეს პროცესი ხომ ტარდება-მეთქი. გაიკვირვა, იფიქრა, იფიქრა და ბოლოს მაინც მითხრა, არაო. ისიც გაუკვირდა, პროცესზე დასასწრებად ვინმე რომ მივიდა. რეგიონებში მაგისტრატ სასამართლოებს დიდად ყურადღებას არავინ აქცევს, ამიტომ ალბათ არავის მოსვლია თავში აზრად, რომ ღია სხდომაზე დასასწრებად დაინტერესებული პირი მივიდოდა, ის, ვინც არ არის მხარე და ვერ გაიგებდა, რომ პროცესი, მართალია, ჩანიშნულია, მაგრამ არ ჩატარდება ან იქ არ ჩატარდება, სადაც არის დანიშნული.

რა გაეწყობა-მეთქი, ვუთხარი და დაბლა ჩამოვედი, საპირფარეშოში ხელების გადასაბანად, მაგრამ იქაურობა ისეთი მოუწესრიგებელი იყო, მალევე გამოვედი. შენობიდან გასვლისას მანდატურმა მომაძახა, კარი კარგად გაიხურეო, მეც მთელი ძალით მოვიჯახუნე და ეზოში გავედი.

შენობიდან ძახილი მომესმა - 7-ში მოდი, 7 მარტს ჩატარდება პროცესი. მეორე სართულიდან მეძახდა მოღიმარი და ცოტა დაბნეული მანდატური. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა, მეც ბევრი არაფერი მიკითხავს, კარგი-მეთქი ვუთხარი და იქაურობა დავტოვე.

პრობლემების გაანალიზება რომ დავიწყოთ, პირველი ალბათ საჯაროობის ნაწილშია. უნდა აღინიშნოს ის, რომ საიტზე განთავსებულია ინფორმაცია სხდომების შესახებ, რომლებიც სინამდვილეში არ ტარდება. რამდენად დიდი პრობლემაა ეს? თუ ამ შემთხვევაში პრობლემას კილომეტრებით „გავზომავთ“, მისი სიდიდე 325 კილომეტრს აღწევს. ზუსტად 325 კილომეტრი გამოვიარე, თბილისიდან ხობამდე სხდომაზე დასასწრებად, რომელიც თურმე არ ტარდებოდა, მაგრამ, მანდატურის დაპირებით, 7 მარტს აუცილებლად ჩატარდებოდა, მანდატურსაც თავის მხრივ, ვიღაც ტელეფონს მიღმა მოსაუბრე დაჰპირდა ამას.

ეს ვერ ამართლებს იმ ფაქტს, რომ მე, დაინტერესებულ პირს, არ მომეცა საშუალება, ჩემთვის საინტერესო სხდომას დავსწრებოდი - თანაც, არა იმიტომ, რომ დავიგვიანე ან მხარემ, ან მოსამართლემ დაიგვიანეს, ან რომელიმე მხარემ გადადება იშუამდგომლა, არა - სხდომა, უბრალოდ, არ ჩატარდა იმ კონკრეტულ სასამართლოში, იმ კონკრეტულ დღეს და დროს, რაც მითითებული იყო საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე. მეორე პრობლემას დაპირების ნაწილში ვხედავ - „7-ში ნამდვილად ჩატარდება“. რა არის მიზეზი, რომ 28 თებერვალს დანიშნული სხდომა არ ჩატარდა და 7 მარტს დანიშნული ნამდვილად ჩატარდება? 
 
საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდიდან ჩანს, რომ როგორც 28 თებერვალს დანიშნული პროცესის, ასევე 7 მარტს დანიშნული პროცესების განმხილველი მოსამართლეა ეკატერინე მაღრაძე, ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა განსახილველი და ორივეს შესახებ ინფორმაცია ერთსა და იმავე ვებგვერდზეა განთავსებული.

და მაინც, რა იქნებოდა იმის გარანტი, რომ 7 მარტს ხობის მაგისტრატი სასამართლო ისევ ცარიელი არ დაგვხვდებოდა? რატომ იყო ეს დაპირება სარწმუნო? ან რატომ ჩათვალა ტელეფონს მიღმა მოსაუბრე, ჩემთვის უცნობმა ადამიანმა, რომ 7 მარტს პროცესის ჩატარება 28 თებერვალს არჩატარებულ პროცესს გააბათილებდა?

აღსანიშნავია, რომ განსხვავებით 28 თებერვლისა, 7 მარტს სასამართლოში ნამდვილად ჩატარდა ის პროცესები, რაც ზემოთ აღნიშნულ ვებგვერდზე იყო მითითებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ვიზიტი ნამდვილად გამორჩეული იქნება, ყველა სხვა სასამართლოში ვიზიტისგან, მინიმუმ იმით, რომ მსგავსი მისტიკური სიცარიელე ჯერ არ შეგვხვედრია და მომავალშიც რთულად წარმოსადგენია რომელიმე სხვა სასამართლოში.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
მეგი შამათავა