მოსამართლის სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების გამო

23.10.2023
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მოლდოველი მოსამართლის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი.

მომჩივანი დომინიკა მანოლე კიშინიოვის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო. 2017 წლის ივნისში კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ, სამი მოსამართლის შემადგენლობით, რომელთა შორისაც იყო მანოლე, არ დააკმაყოფილა გაზეთ „Jurnal de Chişinău“-ს საჩივარი მოლდოვის პარლამენტის მიერ დაწყებულ ცილისწამების საქმეზე გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. ამ საქმეში გაზეთს დაევალა შესწორებული ინფორმაციის გავრცელება ტელეკომპანია „Jurnal“-ის შესახებ, რომელიც იმავე მედიაკონცერნს ეკუთვნოდა.
მოსამართლე მანოლემ გადაწყვეტილებას დაურთო თავისი განსხვავებული აზრი. სანამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტი გამოქვეყნდებოდა, მოსამართლეს დაუკავშირდა ტელეკომპანია „Jurnal“-ის ჟურნალისტი. მოსამართლე მანოლემ ჟურნალისტს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც მოკლედ განმარტა თავისი არგუმენტები განსხვავებული აზრის შესახებ. იმავე დღეს „Jurnal“-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღწერილი იყო მომჩივანთან [მოსამართლე მანოლესთან] საუბარი და მისი განსხვავებული აზრის დასაბუთება.
მანოლეს წინააღმდეგ, თავისი განსხვავებული აზრის არგუმენტების მედიისთვის გასაჯაროების გამო, დისციპლინარული სამართალწარმოება დაიწყო. დისციპლინარულმა კომისიამ დაადგინა, რომ მოსამართლის მხრიდან ადგილი ჰქონდა დარღვევას და მოლდოვის პრეზიდენტს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მანოლე ამტკიცებდა, რომ მის მიმართ დაირღვა გამოხატვის თავისუფლება (საჩივარი № 26360/19).
2023 წლის 18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, დაადგინა, რომ მანოლეს თანამდებობიდან გათავისუფლება ეფუძნებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მან თავისი განსხვავებული აზრის მოკლე არგუმენტაცია გაუმხილა სატელევიზიო არხს „Journal TV“-ს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს იყო მომჩივნის [მანოლეს] გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებაში ჩარევა.
ჩარევას სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა. მოსამართლეთა სტატუსის შესახებ არსებული კანონის თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლება იყო ერთადერთი მოქმედი სანქცია იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც ინფორმაციის გაცემის აკრძალვის შესახებ წესს არღვევდნენ. დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დისციპლინურ კომისიას ჰქონდა ფართო უფლებამოსილება, აერჩია შესაბამისი პროცედურა იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე  ზემოხსენებულ დებულებას დაარღვევდა, რა შესაძლებლობაც მან, მანოლეს საქმის განხილვისას, არ გამოიყენა.
პროპორციულობის შესწავლისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიზნად ისახავდა სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებას. რაც შეეხება იმას, საჭირო იყო თუ არა ასეთი ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელიც ერთადერთი სანქცია იყო იმ დროისათვის, იყო ძალიან მკაცრი სასჯელი, რამაც 18-წლიანი წარმატებული სამსახურის შემდეგ, მოსამართლე მანოლეს კარიერა სამუდამოდ დაასრულა. უფრო მეტიც, ეს სანქცია არ იყო მომჩივნის მიმართ რამდენიმე სამართალწარმოების ან გადაცდომის შედეგი.
მანოლეს მიმართვის შემდეგ დისციპლინარულმა კომისიამ და შემდეგ უკვე სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მისთვის დაკისრებული სანქციის სიმძიმე. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოლდოვის მთავრობამ არ წარმოადგინა რაიმე დამატებითი გარემოება, რომელიც გაამართლებდა მოსამართლის გათავისუფლების ბრძანებას.
დაბოლოს, იმ პერიოდში სანამ უზენაესი სასამართლო მოსამართლე მანოლეს საჩივარს განიხილავდა, მოსამართლეთა სტატუსის შესახებ კანონში, რომელიც საფუძვლად დაედო მანოლეზე დაკისრებულ სანქციას, შეტანილ იქნა შესწორებები. ამ ცვლილებებით შემსუბუქდა მოსამართლის მიერ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნებისთვის გათვალისწინებული სასჯელი.
დაკისრებული სანქციის სიმკაცრისა და სამართალწარმოების პროცესის მტკივნეულობის გათვალისწინებით, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში დაირღვა მომჩივნის გამოხატვის თავისუფლება და, შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი. ზემოთქმულის საფუძველზე სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ 4500 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
დოქტორი დომინიკა ბიხავსკა-შინიარსკა, პოლონეთი