მოქმედ მოსამართლეთა დანიშვნები: იმავე ან ზემდგომ ინსტანციაში

20.09.2022

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, რომ მოსამართლე ზემდგომ ინსტანციაში წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების და შეფასების საფუძველზე დანიშნოს, თუმცა საბჭო ამ ვალდებულებას არ ასრულებს.

მოსამართლეთა დაწინაურების სისტემის ნაკლოვანებები

„მოსამართლეთა პროფესიულ კარიერასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიცაა კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება,  შესაძლებლობები და ეფექტიანობა.“1

დასავლურ ქვეყნებში მოსამართლეთა დაწინაურების სისტემა მხოლოდ ზედა ინსტანციაში მოსამართლის დანიშვნით არ შემოიფარგლება და კარიერული წინსვლის სხვადასხვა შესაძლებლობას გულისხმობს, მათ შორის, სასამართლოს ან პალატის თავმჯდომარედ დანიშვნას.

მოსამართლის დაწინაურების განმარტება

საქართველოში დაწინაურებად მიიჩნევა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა სააპელაციო სასამართლოში.

თუმცა, არაფერია ნათქვამი უზენაეს სასამართლოში მოსამართლის არჩევის შესახებ, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ბოლო წლებში უზენაესი სასამართლო ძირითადად პირველი ან მეორე ინსტანციის მოქმედი მოსამართლეების მიერ დაკომპლექტდა, რაც თავისი არსით დაწინაურებას ნიშნავს.

განვიხილოთ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის დაწინაურების პროცედურა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, შეიმუშაოს მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს მოსამართლე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება მოსამართლის დაწინაურების შესახებ.

„სასამართლოს გუშაგმა“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა თხოვნით, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმების შესახებ, თუმცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ჯერ კიდევ არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი ვადა, ჩვენი მიმართვიდან, უკვე გასულია.

გასათვალისწინებელია, რომ, როგორც 2021 წლის მარტში საბჭოს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის“ მიწოდებული ოფიციალური წერილის შინაარსიდან ირკვევა, მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმები  იმ დროისთვის შემუშავებული არ ყოფილა.

შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ამ თვალსაზრისით დღემდე  არაფერი შეცვლილა  და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის ზემდგომ ინსტანციაში დანიშვნის გადაწყვეტილებას სულ სხვა საფუძვლით იღებს.

 

გადაწყვეტილების მიღება დაწინაურების სტანდარტების გვერდის ავლით

ვინაიდან დღეისათვის არ არსებობს მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმები და შეფასების სისტემა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ სტანდარტების გვერდის ავლით იღებს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ 37-ე მუხლის საფუძველზე.

 

როგორ აფასებს ვენეციის კომისია მოსამართლეთა დაწინაურების მოქმედ წესს?

ამ კუთხით საინტერესოა საერთაშორისო გამოცდილება, განმარტებები და რეკომენდაციები. ვენეციის კომისიის დასკვნაში “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების კანონპროექტზე“ (2014 წ.) მოსამართლეთა დაწინაურების საკითხთან მიმართებით ვკითხულობთ, რომ „ვენეციის კომისია და დირექტორატი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა ყველა დაწინაურება უნდა ხდებოდეს კონკურსის წესით, რათა თავიდან იქნეს აცილებული სისტემის ბოროტად გამოყენების ყოველგვარი შესაძლებლობა. ამასთან, არსებობს საფრთხე იმისა, რომ კონკურსის გარეშე დაწინაურების შენარჩუნების შემთხვევაში, ვერ განვითარდება მორიგი (ჩვეულებრივი) დაწინაურების სისტემა და მისი კრიტერიუმები, რომელიც ორგანული კანონის 41.1 მუხლის თანახმად უმაღლესმა საბჭომ უნდა შეიმუშაოს. “

შესაბამისად ვენეციის კომისიის დასკვნაში, რეკომენდებულია, კონკურსის გარეშე დაწინაურების პროცედურის გაუქმება და თუ ის მაინც შენარჩუნდება პროექტში, მისი საგამონაკლისო ხასიათის ცხადად ასახვა კანონპროექტში.[2]

თუმცა, დღეს მოქმედ რედაქციაში კონკურსს გარეშე დაწინაურების პროცედურას ისევ ვხვდებით და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმებიც დღემდე არ არის შემუშავებული.

 

უნდა შეფასდეს თუ არა მოსამართლე ზემდგომ ინსტანციაში დანიშვნისას?

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს დაამტკიცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  მოსამართლის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების წესები, დღეს მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ აფასებს, შესაბამისად, არც დაწინაურება ეფუძნება შეფასების შედეგებს.

საინტერესოა ის, რომ შეფასების წესი ბოლოს 2017 წელს შეიცვალა. მასში მითითებული იყო, რომ „ამ წესით გათვალისწინებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარედგინება რეკომენდაციები ცალკეულ მოსამართლეთა წახალისების თაობაზე. ცვლილების შედეგად, დოკუმენტიდან გაქრა  ჩანაწერი მოსამართლის წახალისების შესახებ.

ამდენად, გამოიკვეთა საქართველოში მოსამართლეთა დაწინაურების სისტემის სხვადასხვა ნაკლოვანი მხარე:

  • ერთი მხრივ, მოსამართლის დაწინაურება არ ეფუძნება შეფასების შედეგებს წინასწარ დადგენილ კრიტერიუმების შესაბამისად, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღემდე არ შეუმუშავებია მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმები;
  • მეორე მხრივ კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პირველი ინსტანციის მოსამართლეებს ზემდგომ ინსტანციაში ნიშნავს დაწინაურების კრიტერიუმების და შეფასების გარეშე. შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს ზემდგომ ინსტანციაში ნიშნავს ისე, რომ ამას დაწინაურებას არც კი უწოდებს.

 

მოქმედ მოსამართლეთა დანიშვნა სხვა სასამართლოში

თვალს თუ გადავავლებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგებს, საკითხების ჩამონათვალში ხშირად შევხვდებით შემდეგ ფორმულირებას საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები“, რაც იმას ნიშნავს რომ მოსამართლეების გადაყვანა (ზემდგომ ან იმავე ინსტანციაში) რეგულარულად ხდება.

მოქმედი მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლოა დაინიშნოს კონკურსის გარეშე იმავე ან ზემდგომი ინსტანციის მოსამართლედ „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნორმის საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა დაწინაურების შესახებაც, რასაც ოფიციალურად დაწინაურებას არ არქმევს.

ქვემოთ წარმოდგენილი სია ასახავს იმ პრობლემას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმავე დონის ან ზემდგომ სასამართლოში მოსამართლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას ერთი საფუძვლით და სტანდარტით იღებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე, კონკურსის გარეშე სხვა სასამართლოში (იმავე ან სააპელაციო ინსტანციაში) ყველაზე ხშირად დანიშნული მოქმედი მოსამართლეები არიან:

  • ძაბუნიძე ამირანი: 3-ჯერ დაინიშნა კონკურსგარეშე სხვა სასამართლოში - 2013, 2015 და 2020 წლები;
  • გველესიანი მაკა: 2-ჯერ დაინიშნა კონკურსგარეშე სხვა სასამართლოში - 2013 და 2019 წლები;
  • გიგიტაშვილი ნაირა: 2-ჯერ დაინიშნა კონკურსგარეშე სხვა სასამართლოში, ორივე დანიშვნა 2013 წელს იყო;
  • გოგიშვილი ანა: 2-ჯერ დაინიშნა კონკურსგარეშე სხვა სასამართლოში - 2013 და 2015 წლები;
  • ზარნაძე ეკა: 2-ჯერ დაინიშნა კონკურსგარეშე სხვა სასამართლოში - 2013 და 2020 წლები;
  • ქაშაკიშვილი გიორგი: 2-ჯერ დაინიშნა კონკურსგარეშე სხვა სასამართლოში - 2013 და 2020 წლებში;
  • ფუტკარაძე გოჩა: 2-ჯერ დაინიშნა კონკურსგარეშე სხვა სასამართლოში - 2013 და 2020 წლები;
  • ზარქუა ირინა: 3-ჯერ დაინიშნა კონკურსგარეშე სხვა სასამართლოში - 2019 და 2020 (ორჯერ) წლები;
  • ცაცუა მანუჩარ: 2-ჯერ დაინიშნა კონკურსგარეშე სხვა სასამართლოში - ორივე დანიშვნა 2019 წელს იყო;
  • სტურუა ბიძინა: 2-ჯერ დაინიშნა კონკურსგარეშე სხვა სასამართლოში - ორივე დანიშვნა 2019 წელს იყო;
  • ენუქიძე მალხაზ: 2-ჯერ დაინიშნა კონკურსს გარეშე სხვა სასამართლოში - 2019 და 2020 წლები;
  • ჯეირანაშვილი გოჩა: 2-ჯერ დაინიშნა კონკურსს გარეშე სხვა სასამართლოში - 2020 და 2021 წლებში;
  • მშვენიერაძე ვასილ: 3-ჯერ დაინიშნა კონკურსს გარეშე სხვა სასამართლოში - 2019 და 2020 (ორჯერ) წლები;

 

სულ 2013-2021 წლებში სხვა სასამართლოში კონკურს გარეშე დანიშნულ მოსამართლეთა რაოდენობა 125-ს აღწევს. მათგან:

  • 2013 წელს დაინიშნა 25 მოსამართლე;
  • 2014 წელს არ დანიშნულა არც ერთი მოსამართლე;
  • 2015 წელს დაინიშნა 13 მოსამართლე;
  • 2016 წელს არ დანიშნულა არც ერთი მოსამართლე;
  • 2017 წელს დაინიშნა - 1 მოსამართლე;
  • 2018 წელს დაინიშნა - 1 მოსამართლე;
  • 2019 წელს დაინიშნა 52 მოსამართლე (თუმცა იუსტიციის საბჭოდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 53 მოსამართლე გადაიყვანეს სხვა სასამართლოში. დაზუსტების შემდეგ გაირკვა, რომ 1 მოსამართლე სიაში შეცდომით ეწერა);
  • 2020 წელს დაინიშნა - 25 მოსამართლე;
  • 2021 წელს დაინიშნა 7 მოსამართლე.


 

ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრების წინაპირობად მიიჩნევს სასამართლო სისტემის რეფორმირებას, რომელიც „ევროპულ სტანდარტებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად უნდა შეესაბამებოდეს“. ამისთვის რეფორმირების პროცესმა, inter alia, მოსამართლეთა დაწინაურების სისტემის ნაკლოვანებების გამოსწორების გამოწვევას უნდა უპასუხოს. ასე რომ, აუცილებელია ზემოთ წამოჭრილ პრობლემაზე დროული და შესაბამისი რეაგირება.

სქოლიო
1. ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მოსაზრება, რომელიც  წევრ სახელმწიფოებში მოსამართლეთა დანიშვნასა და დაწინაურებას ეხება.


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ავტორი: მეგი შამათავა