02.05.2023

ნეპოტიზმი სასამართლო სისტემაში


მიმდინარე წლის 5 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, „საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა" და „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის" გამო, სავიზო შეზღუდვა დაუწესდათ სამ მოქმედ (მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და ირაკლი შენგელია) და ერთ ყოფილ მოსამართლეს (ვალერი ცერცვაძე). ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ისინი მოითხოვდნენ, სანქცირებული მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

აღსანიშნავია, რომ კორუფცია მხოლოდ ქრთამის აღებას/მიცემას არ გულისხმობს. კორუფცია შესაძლოა სხვადასხვა სახით გამოვლინდეს და მას აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო ფართოდ განმარტავენ. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ (რომელიც ებრძვის კორუფციას მსოფლიოს ქვეყნებში) კორუფციის ფორმად ასახელებს ფავორიტიზმს, ხოლო ფავორიტიზმის ფორმებად - კრონიზმსა და ნეპოტიზმს.

რა არის ნეპოტიზმი?

ნეპოტიზმი - ეს არის ფავორიტიზმის ფორმა, რომელიც ეფუძნება ნაცნობობასა და ოჯახურ ურთიერთობებს, რისი საშუალებითაც ოფიციალური თანამდებობის პირი იყენებს თავის უფლებამოსილებას და ძალაუფლებას, რათა უზრუნველყოს ოჯახის წევრი ან მეგობარი სამსახურით, ან სხვაგვარი სარგებლით, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება არ იმსახურებდეს ან არ ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია. 

ნეპოტიზმი, თავისი არსით, მერიტოკრატიის საპირისპირო ცნებაა. თუკი ეს უკანასკნელი გულისხმობს კვალიფიკაციის, დამსახურებისა და გამოცდილების საფუძველზე დანიშვნას ან/და დაწინაურებას, ნეპოტიზმი სწორედ პროფესიული კრიტერიუმებისა და დამსახურების უგულებელყოფაა. 

მისი პრევენცია საჯარო სექტორში

იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის დაკავებასთან ან ამა თუ იმ კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული ნორმები სათანადოდ მოწესრიგებული არ არის, ხოლო უფლებამოსილი პირები დანიშვნასთან/დაწინაურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას სარგებლობენ ფართო დისკრეციით, იზრდება ნეპოტიზმის რისკი, რაც გულისხმობს კადრების შერჩევას არა დამსახურებაზე დაფუძნებით, არამედ სუბიექტური ფაქტორებით.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის პრევენციისათვის გასათვალისწინებელ რამდენიმე საკითხს გამოყოფს. 

  • ე.წ. „bright line rules” - ობიექტურ ფაქტორებზე დაფუძნებული მკაფიოდ განსაზღვრული წესები და სტანდარტები 

ნეპოტიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია საჯარო სექტორში ნეპოტიზმის პირდაპირი აკრძალვა, კონკურსანტსა და მოქმედ თანამშრომელს/დამსაქმებელს შორის ნათესაურ-მეგობრული კავშირის შესახებ შეტყობინების ვალდებულებით.

უფრო ეფექტიანად მიჩნეულია კადრების შესარჩევად ობიექტური და ვალიდური კრიტერიუმების სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს დამსახურებაზე დაფუძნებულ დანიშვნებს.

  • იმ პირთა წრის სწორად განსაზღვრა, რომლებსაც რეგულაციები ეხებათ

საჯარო სამსახურში დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნის უზრუნველყოფისა და ნეპოტიზმის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად საჭიროა, სწორად განისაზღვროს ნეპოტიზმის ფარგლები. ტერმინი ნეპოტიზმი ლათინური სიტყვიდან nepos (nepotis) მომდინარეობს და ძმისშვილს, დისშვილს ან შვილიშვილს ნიშნავს. ნეპოტიზმი თანამდებობის პირთა მიერ ოჯახის წევრების მფარველობას გულისხმობს, თუმცა ცნება ასე ვიწროდ არ განიმარტება და ის მოიცავს მეგობრებისა და სხვა დაკავშირებულ პირებსაც. ამდენად, საჭიროა საკითხის იმგვარი რეგულირება, რომ გამოირიცხოს ნეპოტიზმის ნებისმიერი ფორმა საჯარო სამსახურში.

ნეპოტიზმი სასამართლო სისტემაში

საქართველოში სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმს არაერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორისაა:

  • მოსამართლეთა დანიშვნის/დაწინაურების ფორმალური კრიტერიუმების ხარვეზიანობა;
  • კანონმდებლობა და პოლიტიკა, რომელიც არ არის ორიენტირებული სასამართლო სისტემის განახლებაზე, რაც სასამართლოს ახალი კადრებით დაკომპლექტებას აფერხებს და სისტემის ჩაკეტილობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის;
  • მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ფორმალურობა (შაბლონურობა);
  • სასამართლოს თავმჯდომარეთა ფართო უფლებამოსილება და პროცესის გაუმჭვირვალობა სასამართლოების აპარატის მოხელეთა შერჩევისას;
  • გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მიუკერძოებლობის უზრუნველმყოფი გარანტიების არარსებობა;
  • კორპორატივიზმი – საქართველოში ყველაზე მეტად ნეპოტიზმსა და კრონიზმს სასამართლოში არსებული კორპორატივიზმი აძლიერებს, რაშიც იგულისხმება გავლენიანი მოსამართლეების მიმართ ლოიალურობის ნიშნით პირთა დანიშვნა ყველა დონეზე.

მოსამართლეთა დანიშვნის/დაწინაურების ფორმალური კრიტერიუმების ხარვეზიანობა ან არასაკმარისი მოწესრიგება კანონმდებლობით

სასამართლო რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღის“ ფარგლებში გატარდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მოხდა მოსამართლის დანიშვნის პროცედურების დახვეწა - მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმების დეტალური აღწერა საკანონმდებლო ნორმებით, თუმცა აღნიშნული ცვლილებების მიღება დაგვიანდა. ამ პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაგრძობდა მოსამართლეთა დანიშვნას. შედეგად მოსამართლეთა დიდი ნაწილი ხარვეზიანი წესის პირობებში დაინიშნა - ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები დაკონკრეტდებოდა და საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება განისაზღვრებოდა.

კანონმდებლობა და პოლიტიკა, რომელიც არ არის ორიენტირებული სასამართლო სისტემის განახლებაზე და სასამართლოში ახალი კადრების შედინებას აფერხებს

მოქმედი საკანონმდებლო ნორმები და პრაქტიკა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სასამართლო სისტემაში მერიტოკრატიულ დანიშვნებს და ვერც ახალი კადრების შედინებას უწყობს ხელს.

ამავე თემაზე:

ბოლო წლებში გამართული მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსები ნათლად აჩვენებს, რომ სასამართლოში ახალი კადრი ნაკლებად ხვდება. რაც გამოწვეულია ერთი მხრივ, მსურველთა ნაკლებობით, ხოლო მეორე მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკით, რომელიც სისტემაში სოციალიზებულ კადრებისთვის (მოქმედი მოსამართლეები, მოსამართლის თანაშემწეები და სასამართლო სისტემის სხვა მოხელეები) უპირატესობის მინიჭებას გულისხმობს. ამით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უჩნდება ბერკეტი თავი დაიცვას არაპროგნოზირებადი და არამართვადი კადრებისგან. 

დანიშვნის გადაწყვეტილების დასაბუთების ფორმალურობა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, 2019 წლის 13 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, განისაზღვრა კანდიდატის შეფასებასთან/დანიშვნასთან დაკავშირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. თუმცა გადაწყვეტილებები მაინც ფორმალური ხასიათისაა და ვერ აკმაყოფილებს დასაბუთების სათანადო სტანდარტს ვინაიდან ის არ შეიცავს დეტალურ ანალიზს თუ რამდენად შეესაბამება კანდიდატის სამოსამართლო კრიტერიუმებს. დანიშვნის გადაწყვეტილების დასაბუთების შაბლონურობა შესაძლებელს ხდის, რომ მოსამართლეების შერჩევა მოხდეს ისეთი არაფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიცაა გავლენიანი ჯგუფების მიმართ ლოიალობა/ერთგულება, სანდოობა, მორჩილება. ასევე, ჩნდება ნათესაური, მეგობრული და სხვა ნიშნით პირთა დანიშვნისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

სასამართლოში არსებული ნეპოტიზმის მასშტაბებზე საუბრობენ მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები და სასამართლოს სხვა თანამშრომლები „სასამართლოს გუშაგის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში. ისინი აცხადებენ, რომ სასამართლოების დაკომპლექტებისას არამერიტოკრატიული მიდგომა, მათ შორის, ნათესაური დ მეგობრული ნიშნით კადრების შერჩევა, სისტემური პრობლემაა.

რესპონდენტები (მოსამართლე/ყოფილი მოსამართლე, სასამართლოს მოქმედი/ყოფილი მოხელე) ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების სასამართლო სისტემაში დასაქმების ტენდენციას ხსნიან მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ინტერესით, რათა შემოიკრიბონ მართვადი, სანდო კადრები და ამით გამორიცხონ მათთვის არაპროგნოზირებადი პირების სასამართლოში მოხვედრა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი 2019 წლის ანგარიშში ღიად მიუთითებს ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების პროცესში.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა არ მოახდინა თვითაცილება მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმოექმნათ ინტერესთა კონფლიქტი იმის გამო, რომ ორ განმცხადებელთან მათ ჰქონდათ ნათესაური კავშირი მეუღლის მხრიდან.“ (ეუთო/ODIHR)

„არსებობს ინფორმაცია, რომ ერთი კანდიდატი არის საბჭოს ერთ-ერთი წევრის ცოლისძმა, ხოლო სხვა კანდიდატი – საბჭოს სხვა წევრის მაზლი, თუმცა პირველი მათგანი ამტკიცებს, რომ კანდიდატი მისი ყოფილი მაზლია. კითხვები არსებობდა მესამე წევრთან დაკავშირებითაც, რომელიც, როგორც ჩანს, ნათლიად ეკუთვნის ერთ-ერთი კანდიდატის შვილს.“ (ეუთო/ODIHR)

აღნიშნული შეფასებები შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრებს ირაკლი შენგელიას და თამარ ონიანს. ერთ შემთხვევაში საუბარია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შენგელიას და მისი ცოლისძმის, ლევან თევზაძის შესახებ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმზე მიუთითებს ისიც, რომ მოსამართლე ირაკლი შენგელიას ცოლი, ლანა თევზაძე მუშაობს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, რომელიც, როგორც ი. შენგელიას დეკლარაციიდან ირკვევა, 2014 წლიდან არის დასაქმებული აღნიშნულ პოზიციაზე; ხოლო მისი და, თინათინ შენგელია სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სპეციალისტია. ეს არის სასამართლო სისტემაში არსებული ნეპოტიზმის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა და წინამდებარე სტატიაში არ ვეხებით სხვა ფაქტებს, რომლებიც სასამართლოს გუშაგისთვის არის ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში ნეპოტიზმის თვალსაზრისით არსებული პრობლემები აშკარაა, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ ატარებს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმის აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული. უფრო მეტიც, ხელისუფლების პოლიტიკა სასამართლო სისტემასთან მიმართებით ნეპოტიზმის გაძლიერების მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.

„საქართველოს სასამართლოს“ გუშაგის რეკომენდაციაა, რომ გამჭვირვალე იყოს სასამართლო სისტემაში ნათესაური კავშირების შესახებ ინფორმაცია; რაც მიღწეული უნდა იქნას მოსამართლეებისათვის სასამართლო სისტემის ფარგლებში ნათესაური კავშირების საჯაროდ დეკლარირების ვალდებულების დაკისრებით. ეს მოგვცემს არა მხოლოდ ნეპოტიზმის პრევენციის რეალური შესაძლებლობას, არამედ, გაჩნდება ნეპოტიზმის რისკებსა და მასშტაბებზე უფრო მეტად ინფორმირებული მსჯელობის საშუალებაც.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 

ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე