საქართველოს სასამართლოს გუშაგმა კვლევის „ნეპოტიზმისა და კრონიზმის ხელშემწყობი ფაქტორები სასამართლო სისტემაში“ პრეზენტაცია გამართა

22.09.2022

2022 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა წარმოადგინა კვლევა: „ნეპოტიზმისა და კრონიზმის ხელშემწყობი ფაქტორები სასამართლო სისტემაში“. ის ეფუძნება სასამართლოს გუშაგის მიერ ჩატარებულ 30 სიღრმისეული ინტერვიუს მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებთან, ადვოკატებთან, ექსპერტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. ამასთან, ორგანიზაციამ გაანალიზდა კანონმდებლობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები.

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში ჩატარებულმა სასამართლო რეფორმებმა შექმნა პროგრესის ილუზია; ინსტიტუციური და პროცედურული გარანტიები ფასადად იქნა გამოყენებული, რამაც მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს სასურველი საკადრო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა მისცა. 

კვლევის ფარგლებში მონაწილე რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ:

  • ნეპოტიზმი და კრონიზმი სასამართლოებში სისტემური და მზარდია;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეების შერჩევისას არაფორმალური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. კერძოდ - ამოწმებენ, რამდენად ლოიალური, სანდო, მართვადი და პროგნოზირებადია კანდიდატი;
  • საბჭოს წევრები „საკუთარ წრეში“ ეძებენ მოსამართლეობის მსურველებს, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ; სისტემა დახურულია გარე კადრებისთვის, რომლებსაც მფარველები არ ჰყავთ („სასამართლოში ქუჩიდან ვერ მოხვდები... რეკომენდატორი გჭირდება“);
  • სასამართლო სისტემაში კარიერული წინსვლა დამოკიდებულია ლოიალურობის დემონსტრირებასა და მფარველის „წონაზე“;
  • არსებული საკადრო პოლიტიკა მოსამართლეთა მცირე ჯგუფს სისტემის მართვის ბერკეტების მონოპოლიზების საშუალებას აძლევს. დამკვიდრებული პრაქტიკა უარყოფითად მოქმედებს ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, ასევე, ზოგადად, მართლმსაჯულების ხარისხსა და ეფექტიანობაზე.


სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმისა და კრონიზმის ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორები:

ა) მმართველი პარტიის მიერ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერა, რომლის ინტერესშიც არის სისტემის მართვადი მოსამართლეებით დაკომპლექტება.
ბ) მოსამართლეთა დიდი ნაწილის პასიურობა და კონფორმიზმი.
გ) სასამართლოში კარიერის მიმართ დაბალი ინტერესი და კონკურენციის ნაკლებობა.
დ) დაბალი საზოგადოებრივი ინტერესი ნეპოტიზმისა და კრონიზმის მიმართ.

სასამართლოს გუშაგის ზოგიერთი რეკომენდაცია:

  • მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ნათესაური კავშირების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა და მოსამართლეებს სასამართლო სისტემის ფარგლებში ნათესაური კავშირების საჯაროდ დეკლარირების ვალდებულების დაეკისროთ;   
  • საჭიროა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა რაოდენობრივი თანაფარდობა;
  • სასურველია სასამართლო სისტემაში კადრების შერჩევის პროცესის მონიტორინგი განხორციელდეს საზოგადოებრივი საბჭოს მიერ; 
  • გატარდეს ზომები იმისათვის, რომ სასამართლო სისტემაში კარიერის მიმართ ინტერესი გაიზარდოს; 
  • გაიზარდოს სასამართლოს აპარატის თანამშრომლების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა.

კვლევა გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.