ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებას.
როგორც არაერთხელ
აღვნიშნეთ, სააკაშვილის მდგომარეობის უკიდურეს გაუარესება დაფიქსირებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და სახალხო დამცველის სპეციალური კონსილიუმის მიერ.
სახალხო დამცველის თანახმად, არსებობს სასჯელის გადავადების საფუძველი და მისი მკურნალობა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკაშია შესაძლებელი. ეს დაადასტურეს სასამართლოში გამოკითხულმა მოწმეებმაც, კერძოდ:
- ამერიკელი ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის განცხადებით, სააკაშვილს არასწორად მკურნალობენ და იგი საჭიროებს ქელატაციური თერაპიით დეტოქსიკაციას;
- ჯეიმს კობიმ ჩამოთვალა სააკაშვილის დიაგნოზები და აღნიშნა, რომ თუ მკურნალობის დაგვიანდება, იგი მოძრაობის უნარს დაკარგავს;
- თავად კლინიკა “ვივამედის” ნევროლოგმა, თამარ აბაშიძემ, განაცხადა, რომ ბოლო თვეებში სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი გაუარესება ნათელია სამედიცინო დასკვნებიდან და ექსპერტთა ჩვენებებიდან. მისი ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო ლეტალური შედეგის დადგომა, ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სასამართლოს , გაითვალისწინოს დარგის სპეციალისტთა დასკვნები და უმოკლეს ვადაში, მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება.
ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი და საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური კოლაფსი.
ხელმომწერები:
1. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა3. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი5. მედიის განვითარების ფონდი6. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის8. საქართველოს სასამართლოს გუშაგი9. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება10. პრევენცია პროგრესისთვის11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი12. უფლებები საქართველო13. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია14. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი15. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი16. სოციალური სამართლიანობის ცენტრი17. საფარი