როდიდან როდემდე აქვს დალოდების საათები?

30.08.2022
2 თვის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 28-ჯერ დაინიშნა და მხოლოდ 7-ჯერ გაიმართა.

– ისე, დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ დღეს თუ არ მოვიდა, ხვალ ხომ შეიძლება, დაველოდო? 

– კი, ბატონო, დაელოდეთ. 

– მეტს აღარ მოგაცდენთ, როდიდან როდემდე აქვს დალოდების საათები?

– დილიდან დღის ბოლომდე.

– დიდი მადლობა.

– არაფრის.


სასამართლოს გუშაგს 2022 წლის 1 ივნისს შემოვუერთდი, 2 ივნისს კი პირველად წავედი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.  საბჭომდე მიმავალ გზაზე ორ რამეზე ვფიქრობდი, როგორი იყო, რეალურად, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უშუალოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მეორე, საქართველო-გიბრალტარის მატჩს ხომ მივუსწრებდი. სხდომა 16:00 საათზე იყო ჩანიშნული, 16:03 წუთზე საბჭოს შენობაში შევედი, აღელვებული, მეგონა, დავაგვიანე. შენობაში შევედი თუ არა, დაცვამ დამამშვიდა, ჯერ არ დაწყებულაო. ამ დროს მგზავრობა მარტივი არ არის; რამდენიმე გადაჯდომის შემდეგ საბჭომდეც მიაღწევ, მაგრამ ძალიან უნდა იჩქარო. ამ ჯერზე გამიმართლა, არ დაწყებულა.  „ჯერ არ დაწყებულა“  პროცესი კიდევ 2 საათი გაგრძელდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მატჩისთვის მოგვიანებით, ეკრანებიდან უნდა მეცქირა, მაგრამ ზუსტად 18:00 საათზე სხდომა დაიწყო. დაგვიანებულზე, ორჯერ ნაკლები დრო დასჭირდა დღის წესრიგში მითითებული საკითხების სრულად განხილვას.  მატჩს მივუსწარი.

საღამოს საბჭოში ჩემი პირველი „ვიზიტის“ გაანალიზება დავიწყე, დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-3 საკითხი მოიხსნა: რაიონული (საქალაქო) სასამართლოების კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ საბჭოს სხდომაზე არ უმსჯელია; სამწუხარო ის იყო, რომ ვერ მივხვდი, რატომ; საბჭოს ზოგიერთი წევრი ძალიან ჩუმად, თითქმის ჩურჩულით საუბრობდა ოთახის ერთ ბოლოში, ოთახის მეორე ბოლოში კი, უბრალოდ, შეუძლებელი იყო ყველაფრის გაგება. წამით გავიფიქრე, ასე ჩუმად იმიტომ ხომ არ ლაპარაკობენ, აქ რომ ვარ-მეთქი, მაგრამ ამის დაჯერება გამიჭირდა. მოგვიანებით ჩანაწერის მოსმენა ვცადეთ, თუმცა იმდენად ჩუმად საუბრობენ, ჩანაწერშიც რთულია რამის გაგება და ალბათ, შემიძლია, დავიჯერო, რომ ამ ჩურჩულს მართლაც აქვს მიზეზი.

3 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება და კენჭისყრა (საკითხის განხილვა) გადაიდო  არაუგვიანეს ამ მოსამართლეების წარმოებაში არსებული  საქმეების განხილვამდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განმარტებით,  გასაუბრების ეტაპზე გადასვლის უფლებას არ აძლევთ ის ფაქტი, რომ საბჭო ვერ აფასებს გამოსაცდელ ვადაში მყოფ მოსამართლეებს, არასრული შემადგენლობის გამო (5 არამოსამართლე წევრის ადგილი დღემდე ვაკანტურია). მისივე თქმით, ვადის გაგრძელების უფლებას აძლევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

სხდომა დასრულდა 18:42 საათზე. დასრულებისთანავე ჩემი ფურცლების ჩანთაში ჩალაგება დავიწყე; რა დრო დასჭირდებოდა ამ პროცესს? ვიღაცამ დამიყვირა, სხდომა დასრულდა დროზე გადით გარეთ! და რა დრო სჭირდებოდა უბრალოდ ფურცლების ჩანთაში ჩაწყობას, 20 წამი – 30? როგორც მივხვდი, საამისოდ დრო აღარ მქონდა; ცოტა დაბნეული გამოვედი ოთახიდან, ფურცლები გარეთ ჩავაწყვე ჩანთაში.

მეორე დღეს, 3 ივნისს, ისევ დაინიშნა საბჭოს სხდომა, 17:00 საათზე, თუმცა მისვლისთანავე აღმოვაჩინე, რომ სხდომა გადაიდო.  უცნაური შეგრძნებაა – სულ ორი დღეა, რაც საბჭოში მონიტორინგი დავიწყე, პირველ დღეს 2 საათით დააგვიანეს სხდომის დაწყება, მეორე დღეს კი გადადეს.

შემდეგი სხდომა 8 ივნისს დაინიშნა, თუმცა ამ ჯერზეც საბჭოში მისულმა აღმოვაჩინე, რომ სხდომა ისევ გადაიდო... შედარებით გამიმართლა 10 ივნისს – ჩანიშნული სხდომა არ გადადებულა, მხოლოდ 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო – 40 წუთი ჩუმად ვიჯექი და ველოდებოდი, სანამ დაცვის თანამშრომელი არ გამომელაპარაკა... აშკარად წუხდა, არც თვითონ იცოდა, „ლოდინის ბოლოს“ გადაიდებოდა თუ გაიმართებოდა სხდომა. სხდომის დასრულებისთანავე ოთახიდან გავედი, არც კი მიცდია რამის ჩალაგება. ქალი, რომელსაც ოთახში შევყავარ, ხვდებოდა, რატომ ვცდილობდი ასე სწრაფად გასვლას – არ მინდოდა, ისევ ბავშვივით დაეყვირათ ჩემთვის. რაკი ქალი, რომელსაც ოთახში შევყავარ, მიხვდა ჩემი სიჩქარის მიზეზს, თვითონ გამომელაპარაკა – მაშინ ვინც დაიყვირა, თუ დააკვირდი, საბჭოს წევრი არ იყოო; თითქოს ამით სახე შეუნარჩუნა საბჭოს.

შემდეგი სხდომა 14 ივნისს დაინიშნა,  თუმცა კვლავ გადაიდო, ისევე, როგორც 15 ივნისს. სხდომა გადაიდო 16 ივნისსაც, თუმცა ნაკლებად „გამიმართლა“ წინა გადადებებთან   შედარებით, რადგან  17:00 საათზე დაცვის თანამშრომელმა მითხრა, რომ სხდომა 17:30 საათამდე გადაიდო; 17:30 საათზე  დაცვამ მითხრა, რომ სხდომა ისევ გადაიდო 18:30 საათამდე, 18:30 საათზე კი გამაგებინეს, რომ სხდომა გადაიდო  17 ივნისამდე.

17 ივნისს სხდომა დაინიშნა 17:00 საათზე. მოლოდინი არ მქონია, რომ არ გადაიდებოდა. სამართლიანადაც –  სხდომა გადაიდო და დაინიშნა 20 ივნისს, 17:00 საათზე, თუმცა გადაიდო, ისევე, როგორც 21 და 23 ივნისს და რატომ? – ვეკითხები უკვე გაბრაზებული დაცვის თანამშრომელს; არ ვიცი, მპასუხობს. მიზეზებზე ვფიქრობდი და იქნებ _ „ყუფარაძეს რომ არ დაერეკა... მაგრამ დარეკა და...“ 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ გადადებების პროცესში არ იცვლებოდა დღის წესრიგი, ყველა ჩანიშვნაზე გათვალისწინებული იყო – „ზოგიერთი რაიონული (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის/უფლებამოსილების დაკისრების საკითხი“. 2 ივნისს გამართულ სხდომაზე რამდენიმე ადამიანს დააკისრეს თავმჯდომარის უფლებამოსილება, სანამ ახლებს დანიშნავდნენ, მათ შორის –  თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს.  გადადებული სხდომები მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებდა, სავარაუდოდ – ჩინჩალაძე ისევ უნდა დაენიშნა საბჭოს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებას ჩუმად  ცდილობდა, სიჩუმეს კი მონიტორინგი, სულ მცირე, ხელს უშლიდა. მაგრამ, როგორც ერთი ნაკლებად ცნობილი მწერალი ამბობდა, აღმოჩნდა, რომ „მხოლოდ სიჯიუტეში ყოფილა ჭკუა“. ასე რომ, მონიტორინგი გრძელდებოდა ჯიუტად, ყოველდღე. საბჭოდან გამოსული უფრო თბილად ვემშვიდობები დაცვის თანამშრომელს. ერთად დიდხანს გვიწევს ლოდინი, თითქმის დავმეგობრდით კიდეც. ყოველი გადადებული სხდომის შემდეგ მინდა, ჯიუტად ვთქვა, რომ არ მომბეზრდება, ამიტომ არასოდეს ვამბობ „ნახვამდის“, „კარგად იყავით“... ვამბობ „დროებით“. დაცვის თანამშრომელიც იღიმის. ზუსტად არ ვიცი, ხვდება თუ არა, რომ „დროებით“ ნიშნავს, ხვალაც ვიქნები, თუ უბრალოდ ცდილობს განეიტრალებას ჩემი იმედგაცრუების.

შემდეგი სხდომა 27 ივნისს დაინიშნა. ამჯერად მარტო არ მივსულვარ საბჭოში – ბევრი კამერა, უფრო მეტი პოლიციელი და არცთუ ცოტა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა; სხდომაც გაიმართა და თანაც „მხოლოდ“ 18 წუთის დაგვიანებით. ჩინჩალაძე, მართლაც, დანიშნეს ხელახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ. აქ გავიაზრე, რომ საბჭოს ერთ პატარა ოთახშიც ის ხდება, რაც აქამდე ეკრანებიდან ჩანდა, არაფერი არ ყოფილა გაზვიადებული, არაფერი სხვანაირად  და ხელოვნურად წარმოჩენილი; საბჭო მართლაც ემსახურება კლანურ ინტერესებს. გულდაწყვეტილი ვიყავი, თუმცა არა იმედგაცრუებული; სხვაგვარი გადაწყვეტილების მოლოდინი არც მქონია. 

  • შემდეგი სხდომა დაინიშნა 30 ივნისს, 15:00 საათზე, თუმცა, ჩვეულებრივ, გადაიდო, როგორც 1 ივლისს.
  • სხდომა გადაიდო, ასევე, 4 ივლისს და დაინიშნა 5 ივლისს, 17:00 საათზე.
  • 5 ივლისს სხდომა არ გადადებულა – დაიწყო 20 წუთის დაგვიანებით.
  • 8 ივლისს ჩანიშნული სხდომა ისევ გადაიდო.
  • შემდეგი სხდომა გაიმართა 11 ივლისს და მხოლოდ 18 წუთის დაგვიანებით.
  • გადაიდო 12, 13, 15 ივლისს ჩანიშნული სხდომები.
  • 15 ივლისს ჯერ 17:00 საათზე დაინიშნა სხდომა, შემდეგ 17:30 საათამდე გადადეს, მერე 19:00-მდე, ბოლოს კი – სხვა დღისთვის.
  • მართალია, 18 ივლისს გაიმართა სხდომა, მაგრამ 74 წუთი დაიგვიანეს.
  • სხდომის გადადების ტრადიცია 20 ივლისსაც არ დარღვეულა, რომელიც საბოლოოდ 22 ივლისს ჩატარდა, თუმცა 2 საათი და 35 წუთი დაიგვიანეს. სად გვეჩქარება?! ამ 155 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე ვიკითხე – გადაიდო? და პასუხი ყოველ ჯერზე იყო – არ ვიცით, როდის დაიწყება? ვკითხულობ იმ იმედით, რომ ზუსტად მეტყვიან – 10 წუთში, 20 წუთში 3 საათში ან არ დაიწყება... თან  განცდა მაქვს, რომ მიპასუხებენ – „ასე, თვის ბოლოს; დაბრძანდით დაელოდეთ!“, მაგრამ არა, „არ ვიცი“ უნიკალური პასუხია, ყველა კითხვისთვის გამოდგება. „არ ვიცის“ უნიკალურობას, ალბათ, საბჭოში ყველაზე პირველები მიხვდნენ.

ერთ-ერთ გადადებულ სხდომაზე: რაო, რატომ გადაიდოო, ეკითხება ერთი ჩემთვის უცნობი ადამიანი, სავარაუდოდ, საბჭოშივე დასაქმებული, მეორე, ასევე ჩემთვის უცნობს. თავმჯდომარე არ მოსულაო, ისმის პასუხად და მე, 2-საათიანი ლოდინის შემდეგ უბრალოდ გავდივარ შენობიდან, თან ვფიქრობ, ნეტავ, ეს გადადებები ახალი პრაქტიკაა თუ სულ ასე იყვნენ?! ვეძებ საბჭოს ოფიციალურ გვერდზე განცხადებებს და საინტერესო მოცემულობას ვაწყდები.

უახლოეს წარსულში საბჭო ოფიციალურ გვერდზე სიახლეებში აქვეყნებდა ინფორმაციას როგორც სხდომის გამართვის, ასევე გადადების შესახებ. დღეს არსებული რეალობა სულ სხვაგვარია – საბჭოს გვერდზე სიახლეებში აღარ ჩანს მონაცემები არც ჩანიშნულ და არც გადადებულ სხდომებზე; ინფორმაცია უბრალოდ, ქრება – „კვალიც კი აღარ ჩანს“, თითქოს სხდომა არც ჩანიშნულა.




მონიტორინგის დაწყებიდან ზუსტად 2 თვეში საბჭოს სხდომა 28-ჯერ დაინიშნა და მხოლოდ 7-ჯერ გაიმართა. შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია:

სულ გადადებების რეჟიმში ხართ, საბჭოს წევრებო!

რაში ვართო, რაშიო?

გადადების რეჟიმში.

"ძალიან კარგი!"

შენიშვნა:

ბლოგის პირველ აბზაცში მითითებული დიალოგი აღებულია ფილმიდან "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", გამოყენებულია შედარებისთვის. 

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა