ოთხი წელია ველოდები, რომ დამირეკავენ სასამართლოდან, მაგრამ ამაოდ - ინტერვიუ გაჭიანურებულ საქმეზე

09.12.2024

სარჩევი

გაჭიანურებული საქმეები მართლმსაჯულების სისტემისთვის დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ხშირია შემთხვევები, როდესაც მხარეებს წლობით უწევთ ლოდინი სანამ მათი საქმის განხილვა დაიწყება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შესაძლოა სულაც აღარ არსებობდეს პრობლემა, რომელსაც სასამართლო დავა შეეხებოდა, ან/და ამ პერიოდში დადგეს გამოუსწორებელი შედეგი.

საქართველოს სასამართლოს გუშაგმა დაიწყო გაჭიანურებული საქმეებით “დაზარალებულ” პირებთან ინტერვიუების სერია.

მედეა სულხანიშვილი გვიყვება საქმეზე, რომლის განხილვაც 4 წლის წინ დაიწყო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერაც არ არის მიღებული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელეს რამდენიმე კითხვა დავუსვით, იმ საკითხზე, თუ რა ეტაპზეა საქმის წარმოება და რას შეეხება განსახილველი საქმე.

- როდის დაიწყო დავა სასამართლოში?

- სიღნაღის რაიონულ სასამართლოში წარმოებაშია სამოქალაქო სამართლის საქმე, რომელიც შევიტანე 2020 წლის 16 სექტემბერს, საქმე უნდა განეხილა მოსამართლე ალექსანდრე ლომიძეს. სარჩელთან ერთად ვითხოვდი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, რათა მოსამართლეს შეეჩერებინა უკანონო და უნებართვო ღია ტერასის მშენებლობა ზედ სამეზობლო მიჯნაზე. ასევე სარჩელთან ერთად წარდგენილი მქონდა, ჩემი განცხადებები მუნიციპალიტეტის მერიასთან და მათ მიერ მოწერილი პასუხები, სადაც ეწერა რომ მშენებლობის ნებართვა არ იყო გაცემული. მიუხედავად ამისა, სარჩელის უზრუნველყოფაზე მოსამართლემ უარი გვითხრა.

- როდის დაინიშნა პირველი პროცესი? 

- სასამართლო პროცესი ჯერ არ დანიშნულა. ოთხი წლის მანძილზე ველოდები, რომ დამირეკავენ და მაცნობებენ, მაგრამ ამაოდ. ხშირად მივდივარ სასამართლოში და ვკითხულობ თუ რატომ არ ტარდება სასამართლო სხდომა?! ვუხსნი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეგვიძლია ოჯახს, რადგან ამ ღია ტერასაზე რესტორანია განთავსებული და საშინელი ხმაური შემოდის სახლში. ასევე, ძალიან ძნელია იმის ატანა, რომ ტურისტებიც და მასპინძლებიც, დილის 9 საათიდან, საღამოს შუა ღამემდე ჩემს ეზოში და და ფანჯრებში იყურებიან.

- რას შეეხება განსახილველი საქმე? 

- საქმე ეხება სამეზობლო დავას. ჩემი მშობლების მიერ აშენებულ სახლში ვცხოვრობ, ამ სახლში ცხოვრობენ ასევე ჩემი ოჯახის წევრებიც. ჩემმა მეზობელმა მიწის ნაკვეთზე, რომელიც ჩემს სახლთან ჩასასვლელ კიბეს ესაზღვრება დაიწყო ორმოების თხრა ზედ სამეზობლო გამყოფ, რკინის ბადით შემოსაზღვრულ მიჯნაზე. მე მათ ვუთხარი, რომ დაეცვათ სამეზობლო მიჯნა - 3 მეტრი. მათ ჩემი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და ააშენეს ღია ტერასა, ისე, რომ არც ნებართვა არ აქვთ ჩვენი ოჯახისგან, როგორც იქ მცხოვრებლებისგან. მე ამ დარღვევებზე მივმართე მუნიციპალიტეტის მერიას და პასუხად მაცნობეს, რომ არ ჰქონდათ გამგეობიდან მშენებლობის ნებართვა, მაგრამ მათი სიძე გამგეობის თანამშრომელია და ყველა დოკუმენტი მოუგვარეს ისე რომ მასხარად იგდებდნენ ჩვენს ოჯახს, ეს მათი წერილების შინაარსიდანაც იგრძნობა.

- ახლა რა ეტაპზეა საქმის წარმოება?

 - საქმე განუხილველი დევს თაროზე, ჩემმა ადვოკატმა გაასაჩივრა სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა, მაგრამ თავდაპირველად გვითხრეს, რომ სახელმწიფო ბაჟი არ გაქვთ გადახდილიო, არა და გადახდილი გვქონდა. ეს ყველაფერი დროში ისე გაიწელა, რომ მოპასუხე მხარემ დაასრულა თავისი ღია ტერასის მოწყობა. სააპელაციო სასამართლომ კი არ დააკმაყოფილა სარჩელის უზრუნველყოფა. 2020 წლის 10 სექტემბერს მივმართეთ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მივმართეთ განცხადებით და მოვითხოვეთ სამშენებლო ექსპერტიზის ჩატარება, რათა უფრო მეტი მტკიცებულება გვქონოდა სასამართლოსთვის. 2020 წლის 19 ოქტომბერს, როდესაც ჩამოვიდა ექსპერტი, მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა, რათა ექსპერტიზა ჩაეტარებინა. არაერთხელ მიმართა ჩემმა ადვოკატმა, გიორგი ბერიაშვილმა მოსამართლე ალექსანდრე ლომიძეს განცხადებით ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

- რის საფუძველზე თვლით რომ გაჭიანურდა (დროში გაიწელა) თქვენი საქმის განხილვა?

- 2020 წლის 16 სექტემბრიდან - დღემდე, ჩემი სარჩელი თაროზე დევს განუხილველად. 

მედეა სულხანიშვილს ასევე ვკითხეთ თუ გამოიყენა რაიმე ტიპის სამართლებრივი შესაძლებლობა რომ დაეჩქარებინა მისი საქმის განხილვის პროცესი და აღმოჩნდა, რომ ყოველგვარი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

- მიმართეთ თუ არა საჩივრით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით? თუ კი რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათ მიერ?

- ჩემმა ადვოკატმა მიმართა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს საჩივრით 2024 წლის 11 იანვარს, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

- მიმართეთ თუ არა სასამართლოს, რომ თქვენი საქმე კანონით დადგენილ ვადებში განეხილა? თუ კი, რა უკუკავშირი მიიღეთ? 

- ჩემმა ადვოკატმა განცხადებით მიმართა მოსამართლე ალექსანდრე ლომიძეს, 2023 წლის 10 ოქტომბერს, რათა ჩაეტარებინა სასამართლო სხდომა, დაენიშნა განმეორებითი ექსპერტიზა და განჩინებით დაევალდებულებინა მოპასუხე მხარე, რომ მონაწილეობა მიეღო ექსპერტიზის ჩატარებაში.

ადვოკატმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებებს, რომ გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. იმ პერიოდში, როდესაც პრობლემა წარმოიშვა, ჩემი შვილი არასრულწლოვანი იყო. ჩემთან ცხოვრობს პენსიონერი დედა და და, ასევე მე ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სმენის აპარატს ვიყენებ, რის გამოც უფრო მძლავრად მესმის ხმაური. სასამართლოს მხრიდან განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია. 

2023 წლის 23 ოქტომბერს კვლავ მივმართეთ განცხადებით, ასევე უშედეგოდ ბოლოს 2023 წლის დეკემბერში მესამედ მივმართეთ სასამართლოს განცხადებით, თუმცა ისევ რეაგირების გარეშე ჩაიარა ამ შემთხვევამაც. 

- როგორ ფიქრობთ, რა არის საქმის გაჭიანურების მიზეზი? 

- მე ვფიქრობ ,საქმის განხილვის გაჭიანურების მიზეზი კავშირშია იმასთან, რომ მოპასუხე მხარის ოჯახის წევრი (სიძე) გამგეობის თანამშრომელია და სასამართლოშიც ბევრი ახლობელი ჰყავს.

სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურება არა მხოლოდ ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით არის პრობლემური, არამედ პრობლემურია ფინანსური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, შესაბამისად, სასამართლოს გუშაგი ამ საკითხითაც დაინტერესდა.

- რა გავლენა მოახდინა თქვენზე საქმის გაჭიანურებამ? 

- მეზობლები აღარ მელაპარაკებიან. ჩემი და ფორტეპიანოს პედაგოგია, მე თეატრის მსახიობი ვარ და მოპასუხე მხარე ცირკის მასხარას მიწოდებს. ჩვენს შორის დაძაბული და კონფლიქტური სიტუაციაა. ჩემს არასრულწლოვან შვილზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. ბავშვი ხედავდა, როდესაც მათ ვეუბნებოდი: ასე რატომ არღვევთ კანონს, რატომ არ იცავთ სამეზობლო მიჯნას, რატომ მიყურებთ მთელი დღის მანძილზე ან რატომ ღრიალებენ და ყვირიან თქვენი სტუმრები? მათი მხრიდან პასუხი მხოლოდ ცინიკური ღიმილი იყო. ისინი მორალურ ზიანს გვაყენებენ. ზაფხულში ეზოში, რომ ვერ დაჯდები, ფანჯარას ვერ გააღებ, რადგან ხმაური შემოდის... მთელი დღის მანძილზე ჩაბნელებულ ოთახში სწავლობდა ჩემი შვილი, რადგან ფარდას რომ გადაწევ, ყველაფერი ჩანს ჩემს სახლში რაც ხდება. ჩემი შვილი აბიტურიენტობის დროს ხმაურის და ხორხოცის ფონზე სწავლობდა. მატერიალური ზარალიც მომადგა, ობოლი ბავშვის პენსია გამოვიტანე, რათა ადვოკატის, ექსპერტის და სხვა სასამართლო ხარჯები გამესტუმრებინა. რა უფლება აქვს მეზობელს, რომ არ იცავს სამეზობლო კანონს და ამდენ ზიანს აყენებს ოჯახს. 

"ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა მაქვს, ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ყოველდღე ვხედავ, როგორ მიგდებს მოპასუხე მხარე მასხარად და არ მიცავს კანონი და სასამართლო."

წინამდებარე ინტერვიუ ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქმის კანონით დადგნეილ ვადებშ განხილვა. სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ასპექტი სწორედ საქმის გონივრულ ვადებში განხილვაა. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს: „სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).