საპროცესო ვადები სასამართლოში

28.12.2024

სასამართლოში საქმის წარმოებისას მნიშვნელოვანია პროცესის მხარემ დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ვადები,   რათა ეფექტიანად მოახერხოს საკუთარი უფლებების რეალიზება. ამისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, პროცესის მხარე საბაზისო დონეზე მაინც ფლობდეს ინფორმაციას იმ ძირითად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებზე, რომლებიც სამართლის დარგების მიხედვით განსხვავდება და, ამავდროულად, რომელთა დაცვა სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

სტატიაში მიმოვიხილავთ იმ ძირითად ვადებს, რომლებიც სამოქალაქო, ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის პროცესებში გვხვდება.

ვადები სამოქალაქო სამართალში

  • ხანდაზმულობის ვადები სამოქალაქო სამართალში 

სამოქალაქო საქმის წარმოების დაწყებამდე, პროცესის მხარემ უნდა გაითვალისწინოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები. „სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამდენად, უფლებადარღვეული პირისთვის უფლების დაცვა დროის გარკვეულ პერიოდშია შესაძლებელი, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვლება, რაც მოთხოვნის სასარჩელო წესით დაცვას (მატერიალურად, და არა - პროცესუალურად) გამორიცხავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებული პირი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, შესრულებაზე თანახმაა.“ (სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, 720-721).

ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება უფლების წარმოშობის მომენტიდან. ხანდაზმულობის ზოგადი ვადა, თუ სამოქალაქო კოდექსი სხვა ვადას არ ითვალისწინებს, განისაზღვრება 10 წლით.თუ მოთხოვნა სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარეობს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმე უძრავ ნივთებს შეეხება, მაშინ ხანდაზმულობის ვადა 6 წელია.

  • საქმის განხილვის ხანგრძლივობა სამოქალაქო საქმეზე 

„სამოქალაქო საპროცესო“ კოდექსის მიხედვით, სასამართლო საქმეს განიხილავს განცხადება/სარჩელის მიღების დღიდან, არაუგვიანეს, 2 თვისა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქმე განსაკუთრებულად რთულია, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 თვით. თუმცა არსებობს რამდენიმე ტიპის გამონაკლისი, როცა სასამართლოს საქმე 1 თვეში უნდა განიხილოს.

  • სააპელაციო/საკასაციო საჩივრის ვადები სამოქალაქო საქმეზე

სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აითვლება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან და შეადგენს 14 დღეს.

საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა აითვლება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან და შეადგენს 21 დღეს.

სამოქალაქო საქმეზე საკასაციო საჩივრის მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის საერთო ვადაა 6 თვე, ხოლო უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეზე – 2 თვე. 

ვადები ადმინისტრაციულ სამართალში

  • ხანდაზმულობის ვადები ადმინისტრაციულ სამართალში

თუ პირი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს და ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის სახით არის წარმოდგენილი, მისი გასაჩივრების ვადა შეადგენს ერთ თვეს. ხოლო თუ პირს სურს, გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტი, მაშინ სასამართლოში გასაჩივრების ვადა 3 თვეა.  იმ შემთხვევაში, თუ ორგანომ არ მიიღო შესაბამისი სამართლებრივი აქტი, სასამართლოს სარჩელი უნდა წარედგინოს აქტის გამოცემისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში. ასევე, არსებობს შემთხვევები, როდესაც თუ პირს ადმინისტრაციულ ორგანოსგან არ ეცნობება სასამართლოში გასაჩივრების უფლებაზე, აგრეთვე, იმაზე თუ რომელ სასამართლოში, სად, რა ვადაში და როგორ შეუძლია გასაჩივრება, ამ შემთხვევაში პირს შეუძლია, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს სადავო აქტის გამოცემიდან 1 წლის ვადაში.

  • სხვა ვადები

მნიშვნელოვანია, მხედველობაში მივიღოთ, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ცნობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სხვა დებულებას არ ითვალისწინებს. აღნიშნული ვრცელდება საპროცესო ვადების შემთხვევაზეც.

ვადები სისხლის სამართალში

  • ხანდაზმულობის ვადები სისხლის სამართლის საქმეზე 

სისხლის სამართლის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ კონკრეტული ვადის გასვლის შემდგომ პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

პირი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევაში, თუ გავიდა:

  • 2 წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლის მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • 6 წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; 
  • 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
  • 15 წელი სამოხელეო დანაშაულით გათვალისწინებული შემთხვევებისთვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს;
  • 20 წელი  სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი  დანაშაულიდან, თუ ის არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს;
  • 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.

ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე.

  • საქმის განხილვის ხანგრძლივობა სისხლის სამართლის საქმეზე

მას შემდეგ, რაც მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებითად განხილვის თაობაზე, 24 თვის განმავლობაში პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, განაჩენი. 

  • სააპელაციო/საკასაციო საჩივრის ვადები სისხლის საქმეზე 

სააპელაციო/საკასაციო საჩივრის შეტანა ხდება განაჩენის გამომტან სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო საჩივრის შეტანა განაჩენის აღსრულებას არ აჩერებს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება  სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ - 6 თვის ვადაში.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.