საჯარო შეხვედრა ზუგდიდში სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით

26.04.2023

2023 წლის 26 აპრილს, ზუგდიდში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გაიმართა.

სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა აუდიტორიას „მოქალაქეთა მიერ სასამართლოების მონიტორინგი“-ს პროექტი გააცნო, მონიტორინგის მეთოდოლოგია მიმოიხილა და სასამართლო რეფორმის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოხალისეთა მიერ სასამართლო პროცესების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 

საჯარო შეხვედრაზე მოწვეული ექსპერტები იყვნენ იურისტები - ნიკა სიმონიშვილი და მეგი შამათავა, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

გარდა ამისა, შეხვედრის ბოლოს სასამართლოს თემაზე ფილმების ჩვენება და დისკუსია გაიმართა.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში ატარებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიის, სტუდენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა სასამართლოს გუშაგის პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი” ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.