მოხელეთა განსხვავებული შრომის ანაზღაურება სასამართლოებში

22.05.2023

საქართველოში კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესაფასებლად. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს. ნორმის მიზანია, უზრუნველყოს თანასწორობა კანონის წინაშე და არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ ან პირიქით. თანასწორობის უფლების ჭრილში მნიშვნელოვანია შრომის თანაბარი ანაზღაურება. ამ თვალსაზრისით გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა, თუ რა მდგომარეობაა მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების მხრივ საერთო სასამართლოების სისტემაში.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამტკიცებს. 

მოქმედი განკარგულება, რომელიც თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებს განსაზღვრავს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2023 წლის 16 იანვარს დაამტკიცა.

თითოეულ სასამართლოს, საჭიროებებიდან გამომდინარე, განსხვავებული საშტატო ნუსხა აქვს, ჩვენ გამოვიკვლიეთ ის თანამდებობები, რომლებიც ყველა საქალაქო სასამართლოსთვის საერთოა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში მოქმედი 5 საქალაქო სასამართლოდან მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში არის განსხვავებული თანამდებობრივი სარგოები. მაგალითისათვის, თუ ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის საქალაქო სასამართლოების მენეჯერებისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო 2662 ლარს შეადგენს, 1936 ლარით მეტი ანუ 4598 ლარია გათვალისწინებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერისთვის.

სხდომის მდივნების, მოსამართლის თანაშემწეებისა და მანდატურების შემთხვევაშიც მსგავსი ვითარებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ სხვა დანარჩენ საქალაქო სასამართლოებში უფრო დაბალი თანამდებობრივი სარგო აქვთ ამ პოზიციაზე მყოფ პირებს, ვიდრე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებული პირებისათვის განსხვავებულ თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს, საერთო სასამართლოების დანარჩენ სასამართლოებთან შედარებით, თუმცა განსხვავებული მოპყრობა იმთავითვე დისკრიმინაციას როდი ნიშნავს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დისკრიმინაციად არ მიიჩნევა განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება არსებითად ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ შეფასებას, ითვალისწინებს საჯარო ინტერესს და ამყარებს სამართლიან ბალანსს საზოგადოების საერთო ინტერესსა და ინდივიდის უფლებებს შორის. განსხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული, პროპორციული ურთიერთმიმართება განსხვავებულ მოპყრობასა და დასახულ ლეგიტიმურ მიზანს შორის.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას განსხვავებული შრომის ანაზღაურების შესახებ შესაბამისი მიზეზი და ახსნაც უნდა ჰქონდეს, თუმცა, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაში მსგავს დასაბუთებას ვერ ვხვდებით, შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ, რა შეიძლება იყოს მსგავსი მიდგომის რაციონალური ახსნა. 

სასამართლოს გადატვირთულობა?

თბილისის საქალაქო სასამართლო ყველაზე დიდი და დატვირთული სასამართლოა საქართველოში. ამ ფაქტს ადასტურებს არსებული სტატისტიკაც. სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში 49 957 საქმე შევიდა განსახილველად, მაშინ, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმავე წელს 8083 საქმე დარეგისტრირდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოში კი – 5361 საქმე. თუმცა სასამართლოს ზოგადი დატვირთულობა არ ნიშნავს, რომ თითოეული მოსამართლე ან ინდივიდუალურად რომელიმე მოხელე ნაკლებად დატვირთულია. 

სასამართლოების ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობაში საშტატო ნუსხით 126 მოსამართლეა, მაშინ როდესაც 12 მოსამართლეა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 12 – რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 2 - ფოთის საქალაქო სასამართლოში, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში - 5 მოსამართლე. 

შესაბამისად, მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოველწლიურად ყველაზე მეტი საქმე შედის განსახილველად, მაგრამ მხოლოდ ამ ზოგადი ფაქტით ვერ აიხსნება, თუ რატომ აქვთ სხვა საქალაქო სასამართლოებისგან განსხვავებული შრომის ანაზღაურება თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებულ სხდომის მდივანსა და თანაშემწეს მაშინ, როდესაც შესაძლოა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლე ყოველწლიურად უფრო მეტ საქმეს განიხილავდეს, ვიდრე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 

განსხვავებული ფუნქციები?

კიდევ ერთი რაციონალური ახსნა თავად დასაქმებულ პირთა მოვალეობებში უნდა ვეძიოთ. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებული პირების სამუშაო აღწერილობა, ფუნქციები და ვალდებულებები უფრო მრავალფეროვანი და დატვირთული ხომ არ არის, ვიდრე სხვა საქალაქო სასამართლოების?

საქალაქო სასამართლოების მიერ სხვადასხვა დროს ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსები და სასამართლოს აპარატის წევრთა ფუნქციები მიუთითებს, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული პირების მოვალეობები არ განსხვავდება სასამართლოების მიხედვით. 

მაგალითისათვის შეგვიძლია, განვიხილოთ სხდომის მდივნის პოზიცია. მისი ფუნქციების ჩამონათვალი სხვადასხვა სასამართლოში მართალია იდენტურად არ არის ფორმულირებული, თუმცა, შინაარსობრივად, მეტ-ნაკლებად ანალოგიურია.

სხდომის მდივნის ფუნქციები თითოეულ შემთხვევაში მოიცავს საქმის მომზადებას სასამართლო სხდომაზე განსახილველად, სასამართლოს სხდომის ოქმის წარმოებას და სხვ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ სხდომის მდივნის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მითითებული ფუნქციების აღწერა უფრო დეტალური და მოცულობითია, ვიდრე თბილისის საქალაქო სასამართლოს შემთხვევაში. მეტიც, რუსთავის საქალაქო სასამართლოს აღწერა მოიცავს ისეთ ვალდებულებებს, რომლებსაც არ შეიცავს თბილისის საქალაქო სასამართლოს საკონკურსო განცხადება.

„მოსამართლის თანაშემწის სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, სხდომის მდივანი, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ვალდებულია, შეასრულოს როგორც მოსამართლის თანაშემწის, ასევე სხდომის მდივნის მოვალეობები.“

ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მითითებული მოთხოვნა სასამართლოში დასაქმებულ პირს უფრო მეტ ვალდებულებას/პასუხისმგებლობას აკისრებს, საჭიროების შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შედარებით.შესაბამისად, განსხვავებული შრომის ანაზღაურების განსაზღვრის დასაბუთების ნაწილში ის სავარაუდო არგუმენტი უნდა გამოვრიცხოთ, რომელიც შრომის ანაზღაურების ოდენობებს შორის სხვაობას ფუნქცია- მოვალეობების განსხვავებულ შინაარსს უკავშირებს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გასულ წლებშიც განსხვავებული და უფრო მაღალი თანამდებობრივი სარგო იყო განსაზღვრული მოხელეთათვის, სხვა სასამართლოებთან შედარებით. მაგალითად, 2020 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერის სარგო იყო 3300 ლარი, ხოლო სხვა საქალაქო სასამართლოებში - 2000 ლარი. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიდგომა თანამშრომელთა სარგოებთან დაკავშირებით არახალია.

ბუნდოვანია, რას ეფუძნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განსხვავებული მიდგომა თანამდებობრივი სარგოს საკითხზე ანალოგიურ პოზიციებთან მიმართებაში.

მთავარი პრობლემაც სწორედ ესაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ განმარტავს და შესაბამისად არ ასაბუთებს საკუთარი გადაწყვეტილების მოტივებსა და მიზნებს. ცხადია, განსხვავებულ მიდგომას, რომელიც განსხვავებულ თანამდებობრივ სარგოში გამოიხატება, შესაძლოა, ჰქონდეს რაციონალური დასაბუთება, თუმცა ასეთის წარმოდგენის მცდელობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღემდე არ ჰქონია. 

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: სალომე კვირიკაშვილი