საქართველოს სასამართლოს გუშაგმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

10.02.2023

10 თებერვალს, რუსთავში  საქართველოს სასამართლოს გუშაგმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. სასამართლოს გუშაგის ანგარიში ისეთ  საკითხებს ეხება, როგორიცაა თავმჯდომარის როლი, მოხელეთა შრომის ანაზღაურება, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და რაოდენობა. ანგარიშის პრეზენტაციაზე ერთ-ერთი მომხსენებელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ფილიალის თავმჯდომარე, ნათია ქოქიაშვილი, იყო, რომელმაც სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურება, არაერთგვაროვან პრაქტიკასა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. 

ანგარიშზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე დაკისრებული მოვალეობის ფარგლებში, განაზოგადებს საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აწვდის. რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გაგზავნილი წერილებით ჩანს, რომ 2019-2021 წლებში რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა გადატვირთულობის პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა საორგანიზაციო ღონისძიებების გატარების თაობაზე. თუმცა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი ანგარიშების საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებით ღია სხდომაზე არ განუხილავს. 

საქართველოს სასამართლოს გუშაგის ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც  მიემართება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტს. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

  • შრომის ანაზღაურება: გათანაბრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება.
  • სასამართლოს მოხელე: დაზუსტდეს სასამართლოს მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 
  • სასამართლოს საშტატო ნუსხა და აპარატის სტრუქტურა: დასაბუთდეს გადაწყვეტილება სასამართლოს საშტატო ნუსხისა და აპარატის სტრუქტურის ცვლილებების შესახებ.
  • ყოველწლიური ანგარიშები: საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომაზე მოისმინოს სასამართლოს თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში. 

საქართველოს პარლამენტს:

  • საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით დადგინდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულება, გამოაცხადოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი (რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში) წინასწარ, შესაბამისი ვაკანტური ადგილის წარმოშობამდე.


ანგარიში გამოიცა ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. ანგარიში არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.