სტატიის ავტორია თეიმურაზ თოდრია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 2005-2015 წლებში.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, სასამართლოს რეფორმამ ვერ მიაღწია დასახულ მიზანს და ის დღემდე წარუმატებლად გრძელდება. სასამართლოს რეფორმის სხვადასხვა ეტაპზე მეორდებოდა ერთი და იგივე პრობლემები, მოცულობისა და ხარისხის ცვლილებების მიუხედავად.
ამ გზაზე, ევროპული სტანდარტების საფუძველზე, შემუშავებული იქნა სხვადასხვა დონისა და შინაარსის რეკომენდაციები, რჩევები, სახელმძღვანელოები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. იცვლებოდა საკანონმდებლო ბაზა, რომლის შედეგად რეფორმა შეეხო იუსტიციის უმაღლეს სკოლას, მოსამართლეთა შერჩევას, დანიშვნასა და სხვა საკადრო საკითხებს, მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასა და ინსტიტუციურ მოწყობას, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობას, სასამართლოს დაფინანსებას და ა.შ. ეს საკითხები წარმოადგენენ სასამართლოს რეფორმირების ძირითად სამიზნეს. დღემდე, ამ საკითხებს ყურადღება ექცევა, როგორც სასამართლოს რეფორმირების მთავარ მიმართულებებს და, შესაბამისად, ყოველი დისკურსი ეხება მათ წარმატებულ თუ წარუმატებელ შედეგებს. ყოველივე ეს კვლავ და კვლავ მეორდება.
სწორედ ამ მიმართულებებით, დასავლელი პარტნიორებისა და თანამეგობრობის მიერ საქართველოსათვის გაწეული იქნა შეუფასებელი დახმარება, მათ შორის მოსამართლეთა და მოსამართლეთა კანდიდატების, ასევე სასამართლოს მოხელეების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის კუთხით. უამრავი სამართლებრივი აქტი იქნა მიღებული, რომელიც საბოლოოდ მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნას.
მაგრამ, სამწუხაროდ, ვერანაირმა ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო.
შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო სისტემის ერთ-ერთი პრობლემაა საქართველოში არსებული ობიექტური რეალობა, რომლის პირისპირ დგანან მოსამართლეები. ობიექტური რეალობა, რომელიც მჟღავნდება სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის სხვადასხვა პრობლემაში და რაც, სასამართლო რეფორმების წარუმატებლობის ძირითადი მიზეზია.
საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მოსამართლის დამოუკიდებლობას. კერძოდ, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. თუ კონსტიტუციამაც ვერ შეძლო დაერწმუნებინა მოსამართლე (სასამართლო), რომ ის დამოუკიდებელია, ვერც ერთი სამართლებრივი აქტი ამას ვერ შეძლებს.
დიახ, რატომღაც სასამართლო სისტემა მაინც სავალალო მდგომარეობაშია. გვიჩნდება ბევრი კითხვა. მაგალითად, რატომ დავდივართ ერთსა და იმავე წრეზე? რას ვერ ვაკეთებთ? სად არის ჭეშმარიტი პრობლემები? შეიძლება თუ არა ამ პრობლემების აღმოფხვრა? როგორ შეიძლება მათი დაძლევა და რა დროა საჭირო ამ პროცესებისთვის? და, კიდევ მრავალი კითხვა ისმის, რაც ჩვენი სატკივარი გახდა.
ალბერტ აინშტეინი ამბობდა: სულელია ის, ვინც ერთსა და იმავეს აკეთებს და სხვა შედეგს მოელისო.
დიდი ხანია მოვიდა დრო, რომ შევცვალოთ ჩვენი ხედვების პარადიგმა, რომლის თანახმად სასამართლოს რეფორმირების სამიზნე იქნება არა მხოლოდ სასამართლო ინსტიტუტები, არამედ სოციალურ-ეკონომიკური რეალობა. ამავდროულად უნდა გაიზარდოს ფართო საზოგადოების ჩართულობა სასამართლოს რეფორმირების პროცესში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის სათავე პოლიტიკური ნებაა.
სასამართლოში არსებული პრობლემების განსაზღვრის მნიშვნელობა
სასამართლო რეფორმის ყველა ეტაპი მოიცავდა გადასაწყვეტ საკითხთა სხვადასხვა წრეს, მაგრამ ყველა ამ ეტაპს აერთიანებდა ერთი საერთო მიზანი, რაც დღემდე მიუღწეველია - სასამართლოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კომპეტენცია. ამ პრინციპებს ეფუძნება სასამართლო, ისინი ქმნიან სასამართლოს სუბსტანციას, რომლის გარეშე ის არ არსებობს.
უნდა გვახსოვდეს, რომ შეუძლებელია ევროპულო დონის სასამართლოს შექმნა იმ სახელმწიფოში, რომელიც შორს არის ევროპული სტანდარტებისგან. ამის გაცნობიერებას აქვს დიდი, ვიტყოდი გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამ მოცემულობის გააზრება მნიშვნელოვანია პირველ რიგში, სასამართლო რეფორმირების მიზნებისა და ამოცანების და ზოგადად, სასამართლოს რეფორმირების სტრატეგიის სწორად განსაზღვრისა და გადასაჭრელ საკითხთა დიფერენცირებისათვის. დასავლური სტანდარტების ავტომატური გადმოღება და მათი დანერგვა საქართველოს სასამართლო სისტემაში არ მუშაობს და არც მომავალში მათ არ ექნება სასურველი ეფექტი, თუ არ გავითვალისწინებთ ჩვენს რეალობას.
პირველ რიგში ეს არის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან ჩვენი ცხოვრების უმთავრეს მიმართულებებს, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ, მათ შორის საქართველოს მოსამართლეები. ეს არის საძირკველი, თუ გნებავთ ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ გავლენას ახდენს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობასა და კომპეტენციაზე. რა თქმა უნდა, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეს, როგორც რეფორმირების სამიზნეს გააჩნია ისეთი მასშტაბისა და შინაარსის მიზნები და ამოცანები, რომლებიც განსხვავდებიან სასამართლოს ინსტიტუტების რეფორმირების ამოცანებისგან, თუმცა ეს ორივე მიმართულება ორგანულად უკავშირდება ერთმანეთს. საკითხთა პირველი სივრცე ეხება იმ ფაქტორებს, რომლებიც წარმოადგენენ მთავარ, საბაზისო მიმართულებებს, ხოლო მეორე - გარდამავალი პერიოდის საკითხებს, რომლებზეც საჭიროა დეტალური მსჯელობა.
მათ, ერთ შემთხვევაში, გააჩნია გრძელვადიანი, ხოლო მეორე შემთხვევაში - მოკლევადიანი (გარდამავალი პერიოდი) პერსპექტივა. ორივე მიმართულება უნდა წარმოადგენდეს სასამართლოს რეფორმის ერთიან სტრატეგიას. ახლა კი დავუბრუნდეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - სასამართლოში არსებულ პრობლემებს. უფრო ზუსტად, ამ პრობლემების მხოლოდ უმთავრეს ნაწილს, რომელიც აერთიანებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ ყველა ხარვეზს - პრობლემები, რომელთა გადაჭრის გარეშე არ გვექნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური სასამართლო.
სასამართლოს წარმატებებისა და წარუმატებლობის შეფასების უნარი (ძალაუფლება) გააჩნია საზოგადოებას და არა - სახელმწიფოს ან სასამართლოს.
მიუხედავად ყოველივე ამისა, ისმის შემდეგი კითხვები: ნამდვილად არსებობს პრობლემები სასამართლოში, მისი დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის კუთხით თუ ეს პრობლემები სუბიექტური აღქმის შედეგია? იქნებ სასამართლო აკმაყოფილებს ამ მაღალ მოთხოვნებს და მხოლოდ „ბოროტი“ ენები აყენებენ ჩრდილს სასამართლოს? რა გვაძლევს ამ კითხვებზე პასუხს?
სამწუხაროდ, სასამართლო არ აკმაყოფილებს მის მაღალ სტანდარტს.
იმ შემთხვევაშიც, თუ ამის თაობაზე ადგილი აქვს მხოლოდ ეჭვს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ის, რომ სასამართლო არ აკმაყოფილებს აღნიშნულ პრინციპებს, ამაზე მიუთითებს მრავალი კვლევა და რეკომენდაცია, მათ შორის ჩვენი დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ გაწეული სამსახურის შედეგად მიღებული დასკვნები. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც სასამართლო რეფორმების წარუმატებლობის ნათელი ინდიკატორია არის ის, რომ სასამართლოში განხორციელებული რეფორმებით კმაყოფილი რჩებოდა ყოველთვის მხოლოდ სახელმწიფო და თვითონ სასამართლო, მაგრამ არასდროს - საზოგადოება.
ამ ცვლილებების ყველა ეტაპზე, თანამდებობის პირები, მმართველი პარტიისა თუ სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენლები, სტატისტიკური თუ სხვა მონაცემების მოშველიებით უთითებდნენ სასამართლოს რეფორმირების მიღწევებსა და რეფორმის ძირითადი ამოცანების შესრულებაზე.
ამ ყველაფერს, ხშირ შემთხვევაში ახლდა მათი მხრიდან საპირისპირო მოსაზრებების ემოციური და მწვავე კრიტიკა, განსხვავებული მოსაზრების მიუღებლობა და სხვა. თუმცა, „დიდი წარმატების“ მიღწევასთან ერთად, ისიც გვესმოდა, რომ „ამ გზაზე კიდევ ბევრია გასაკეთებელი“ და ეს ყველაფერი წარმოჩინდებოდა იმ კონტექსტში, რომ მიუხედავად ამისა, ყველა ამოცანა წარმატებით შესრულდა.
სასამართლო ეკუთვნის ხალხს. შესაბამისად, საზოგადოება წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების არა მხოლოდ მთავარ და მნიშვნელოვან შემფასებელს, არამედ სასამართლო რეფორმირების მთავარ ავტორს, რომლის ჩართულობა უნდა გახდეს ამ გზაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ელემენტი.
სასამართლოში არსებული პრობლემების კონკრეტიზაციის მნიშვნელობა
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ზემოთაღნიშნული სასამართლოს პრინციპები ურთიერთკავშირში არიან და მხოლოდ ერთობლივად განსაზღვრავენ სასამართლოს მაღალ სტატუსს. საკმაოდ მაღალკვალფიციური და გამოცდილი, მაგრამ მიკერძოებული მოსამართლის საქმიანობა, რბილად რომ ვთქვათ, შეიძლება იყოს არანაკლებ დამანგრეველი თავისი შედეგებით, ვიდრე მიკერძოებული და ნაკლებად კომპეტენტური მოსამართლის ან მიუკერძოებელი, მაგრამ არაკომპეტენტური მოსამართლის საქმიანობა. ამიტომ, სამივე პრინციპის დარღვევა განპირობებულია ერთი და იმავე პრობლემით, რომლის გადაჭრის გზები ერთიან სტრატეგიაში უნდა იქნეს განხილული.
მაგრამ, უშედეგოა სასამართლოს რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა, თუ მანამდე არ გვეცოდინება სასამართლოში არსებული პრობლემების კონკრეტული სახე და გამომწვევი მიზეზები.
ნებისმიერი ამოცანის თუ პრობლემის ან სხვა საჭირბოროტო საკითხის გადასაჭრელად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მათთვის თავისი სახელების დარქმევა.
უნდა მოვახდინოთ პრობლემების გამოვლენა, მათი დაკონკრეტების გზით. მხოლოდ აბსტრაქტულ მოდელებში დარჩენა და მათი განხილვა ვერასოდეს ვერ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე. ის იმდენად კონკრეტულ ხასიათს უნდა ატარებდეს, რომ შესაძლებელი გახდეს მისი ჭეშმარიტი სახის დანახვა. ეს პროცესი, გარკვეულწილად, ემსგავსება „დიაგნოსტირებას“, როდესაც ექიმმა უნდა დაადგინოს პაციენტის ავადმყოფობის ზუსტი სახე და გამომწვევი მიზეზები. ამ პროცესის წარმატებით გავლის შედეგად ცხადი ხდება მისი მკურნალობის გზა.
სწორედ არსებული პრობლემების კონკრეტიზაციის მიზნებიდან გამომდინარე ისმის კითხვა:
რა არის სასამართლოში არსებული პრობლემების გამომწვევი ფაქტორები, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და კომპეტენციას?
ფოტო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
ამ კითხვაზე პასუხად ხშირად გვესმის, რომ სასამართლოს მართავს გაბატონებული პოლიტიკური კლასი, სხვა ხელისუფლების წარმომადგენლები, სასამართლოში შიგნით არსებული „გავლენიანი“ მოსამართლეთა ჯგუფები, კლანი, პროკურატურა და ა.შ. ამ მიზეზებზე, ისედაც საკმაოდ ბევრი გვესმის სხვადასხვა წყაროებიდან, ამიტომ ამ შემთხვევაში დავამატებ მხოლოდ იმას, რომ ჩამოთვლილი ფაქტორები ატარებენ არა გამომწვევ, არამედ სატელიტის ან/და გამტარ-გამაძლიერებლის ფუნქციას. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ფაქტორები შეიძლება დავახასიათოთ მხოლოდ, როგორც თანმდევი, მეორადი ფუნქციის მატარებლები. ისინი ემსახურებიან, ეხმარებიან და აძლიერებენ ძირითადი, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების მავნე გავლენას.
შესაბამისად, ხშირი მსჯელობის საგანია სწორედ სასამართლოზე (მოსამართლეზე) მეორადი ფაქტორების მავნე გავლენა. მაგრამ, გვავიწყდება, ყველაზე მთავარი, რაც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას. ეს არის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოში არსებული ობიექტური რეალობა. სწორედ მასთან დაკავშირებული ფაქტორების კონკრეტიზაციას ენიჭება მნიშვნელობა, რაც უპირველეს ყოვლისა, ვლინდება ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში.
ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ ერთის მხრივ, სასამართლო ახდენს გავლენას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, ხოლო მოსამართლეები თავადაც ხდებიან ამავე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაზე დამოკიდებული.
სოციალურ-ეკონომიკური გავლენები მოსამართლის დამოუკიდებლობაზე
მოსამართლეებს ეშინიათ განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირების. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე „ბედავს“ განსხვავებული აზრის ჩამოყალიბებას, ძირითადად მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელზეც კარგად იცის, რომ ამით არავის არ „გააღიზიანებს“.
საქართველოში მოსამართლეს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა უჯდება თავისი კეთილდღეობის ფასად, რასაც ხშირ შემთხვევაში, მოჰყვება მის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება, დისციპლინური დევნის აღძვრა, მისთვის აუტანელი პირობების შექმნა და ა.შ.
საბოლოოდ ვიღებთ ძალიან უცნაურ სურათს. ჩვენს სახელმწიფოში საერთო ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია, ხოლო დასაქმება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ასევე მწირია იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანმა მიიღოს მაღალკვალიფიციური და მოთხოვნადი ცოდნა; ამას ემატება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ნეპოტიზმი და სხვა. ამ პირობებში სასამართლო სისტემის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერებით იზრდება კონტრასტი სასამართლოში დასაქმების შემთხვევაში პიროვნების კეთილდღეობასა და მისი, როგორც სასამართლოს მიღმა, საზოგადოების წევრის კეთილდღეობას შორის.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს გარეთ ცხოვრება უარყოფითად აისახება მოსამართლეზე. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამ საკითხის გენერალიზაცია და საბედნიეროდ, სასამართლოში მოღვაწეობენ პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოსამართლის მაღალ სტატუსს და თავისი ცოდნითა და გამოცდილებით მათ შესწევთ სასამართლოდან წამოსვლის შემთხვევაშიც საზოგადოებაში თვითრეალიზაციის უნარი.
მაგრამ არსებული მდგომარეობის საერთო სურათი სასამართლოში არსებულ საპირისპირო ტენდენციებზე მიუთითებს. კერძოდ, მოსამართლე დამოკიდებული ხდება ობიექტურ რეალობაზე. მისი სასამართლოში „დარჩენა“ ხდება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა. სასამართლოში შექმნილი კეთილდღეობა ერთ შემთხვევაში და საზოგადოებაში არსებული დაბალი სოციალურ-ეკონომიკური დონე, მეორე შემთხვევაში, გავლენას ახდენს მოსამართლის დამოუკიდებლობაზე.
სამწუხაროდ, ამ საკითხს ვერ აგვარებს მოსამართლეების უვადო დანიშვნები. ეს საკმაოდ მტკივნეული საკითხია, რომელიც მოითხოვს ღრმა და საფუძვლიან განმარტებას, რასაც შეიძლება დაეთმოს ცალკე სტატია. ამ სტატიის ფორმატის გათვალისწინებით კი უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს გარეთ არსებული არასასურველი გარემო უვადოდ დანიშნულ მოსამართლეზეც ახდენს გავლენას. მოსამართლის უვადოდ გამწესებით არ იცვლება მის გარეთ არსებული ობიექტური რეალობა.
მოსამართლე ჰგავს ადამიანს ნავში, რომელიც მიცურავს ოკეანეში. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს ნავი უვადოდ გადაეცა, ის ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს ამ ნავის მიღმა ან/და აუტანელი გახდეს მისთვის იქ ყოფნა, თუ ის ამ ნავს „არასწორი“ მიმართულებით წაიყვანს. უვადოდ მოსამართლის დანიშვნა ვერ ცვლის ერთიან დინებას.
ამგვარად, უვადოდ დანიშვნის პირობებშიც კი ასეთი მოსამართლე ეცდება ეს ნავი „მართოს“ დინების მიმართულებით. ასეთ მოსამართლეზე უარყოფით გავლენას ახდენს, ასევე იმ მოსამართლეების ტრაგიკული მაგალითები, რომლებმაც გამოავლინეს თავისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რომლის შედეგად ისინი აღმოჩნდნენ არასახარბიელო მდგომარეობაში. მოსამართლეები, რომლებიც დამოუკიდებლები არიან ამ ფაქტორებისგან და არ ემორჩილებიან დინებას, სისტემის შიგნით განიცდიან დისკრიმინაციას, რაც, თავის მხრივ, აუტანელს ხდის ამ სისტემაში მათ მუშაობას, ისინი მიდიან სისტემიდან ან სისტემაში აგრძელებენ მუშაობას და აღიქმებიან, როგორც „კეთროვანები“. ასეთ მოსამართლეებს სისტემა აღარ „იღებს“. ეს ვლინდება ყველა წვრილმანში, დამოკიდებულებაში, მოსამართლის პატივისა და ღირსების შემლახველი მდგომარეობის შექმნაში და სხვა ისეთ საკითხებში, რაც, რბილად, რომ ვთქვათ, ამ მოსამართლის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მას დამოუკიდებელი და განსხვავებული აზრი გააჩნია რიგ საკითხებთან მიმართებაში, რაც სისტემის აზრით აუცილებლად „უსიტყვოდ უნდა გატარდეს“. სამწუხაროდ, ეს წინააღმდეგობა იურიდიულ-სამართლებრივი კამათის მიღმა იმალება.
მოსამართლის კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა არ უნდა იქცეს მისთვის ბრძოლის იარაღად. ეს ფასეულობები წარმოადგენენ იმ პრინციპებს, რაც განსაზღვრავს მოსამართლის ნორმალურ მდგომარეობას. შესაბამისად, არ ექნება არანაირი შედეგი და არ იმუშავებს გამართულად ისეთი სასამართლო სისტემა, რომელშიც დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ბრძოლით მიიღწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ მცირერიცხოვან მოსამართლეებს მივიღებთ, რომლებიც გაბედავენ ბრძოლას.
აქედან გამომდინარე, სასამართლო რეფორმა, პირველ რიგში ითვალისწინებს ისეთი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შექმნას, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის, მათ შორის მოსამართლისთვის ცხოვრებისა და თვითრეალიზაციის ღირსეულ გარემოს. სწორედ ამ მარტივ მოცემულობაშია, მთავარი ღერძი, რომლის მიმართაც უნდა ორიენტირდეს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პოლიტიკა.
სასამართლო არ არის ცალკე არსებული კონტინენტი ან კუნძული, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური თუ სოციალური პროცესებისგან დამოუკიდებლად. ადამიანის მსგავსად, სასამართლოც არის დიდი ორგანიზმის ნაწილი, რომლის მდგომარეობა ორგანულ კავშირშია სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან. სხვა სექტორებთან ერთად, საგანმანათლებლო და ეკონომიკური რეფორმების გარეშე, სასამართლოს რეფორმირება კარგავს აზრს.
ამ საკითხს უნდა დაეთმოს ცალკე, ღრმა და საფუძვლიანი კვლევა. კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მივუთითოთ მხოლოდ ის, რომ დღეს არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ უმაღლესი (საუნივერსიტეტო) განათლება საქართველოში არ პასუხობს იმ მაღალ სტანდარტს, რომლის მოლოდინიც გააჩნია საზოგადოებას. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ახალბედა იურისტი ვერ ახერხებს დასაქმებას. ეს განპირობებულია მრავალი ფაქტორით, როგორიცაა შრომის ბაზარზე იურისტების სიმრავლე, ამას ემატება ის, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი არ სარგებლობს მაღალი ნდობით საზოგადოებაში და შესაბამისად, იურისტის მიერ მიღებული ცოდნის შეფასების სტანდარტი არ უზრუნველყოფს მის დასაქმებას. ამას თან ახლავს ნეპოტიზმის პრობლემა და სხვა ეკონომიკური ფაქტორები. მაგალითად, ადვოკატების (იგივე შეიძლება ითქვას საქმიანობის სხვა სფეროებზეც) არც თუ ისე მცირე ნაწილს, საკმაოდ რთულ სიტუაციაში უწევთ მუშაობა, უკეთეს შემთხვევაში დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ ახორციელებენ თავის საქმიანობას ან სანახევროდ უმუშევრები არიან.
სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ დიდი უფსკრულია სასამართლოში და მის მიღმა არსებულ რეალობებს შორის. ვიღებთ პარადოქსს: მოსამართლის ცხოვრების მაღალი პირობებით უზრუნველყოფა და იმის მცდელობა, რომ სასამართლო სისტემა სარგებლობდეს ევროპული საზომთან მიახლოებულ სტანდარტებით, იწვევს უკურეაქციას. მოსამართლეს აღარ უნდა „ევროპიდან“ „საქართველოში“ დაბრუნება.
რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს მოსამართლის ცხოვრების მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფას ყოველთვის მოჰყვება უარყოფითი შედეგი. დადებითი ეფექტისათვის რეფორმა უნდა განხორციელდეს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური დონის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებასთან ერთად, გარდა ამისა, პიროვნება უნდა იღებდეს კვალიფიციურ განათლებას, რომელიც მოთხოვნადია ბაზარზე და მას თავისი ცოდნითა და გამოცდილებით უნდა შეეძლოს თვითრეალიზაცია და ღირსეული ანაზღაურების მიღება.
სასამართლოში შექმნილი სიტუაცია არის საზოგადოების ანარეკლი, სარკე. ძლიერი საზოგადოება განაპირობებს ძლიერ სასამართლოს.
საზოგადოებაში არსებული მდგომარეობა სარკისებურად აისახება სასამართლო ხელისუფლებაზე (და არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებაზე). სასამართლო რეფორმების ეტაპების მოჯადოებული წრე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ „ვებრძვით“ ანარეკლებს და არა - ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებს.
ყოველივე ეს ამავე პრინციპით ვრცელდება მოსამართლის თანამდებობის არჩევანზეც. როგორც ჩანს, უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხი, არ არის საკმარისი მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად. სხვადასხვა მოთხოვნებთან ერთად, აუცილებელია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების გავლა. სწორედ აქედან იწყება საინტერესო პროცესი. იუსტიციის უმაღლესი სკოლა წარმოადგენს აუცილებელ რგოლს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად. მაგრამ, საინტერესოა, რომ მოსამართლის კანდიდატს ამ სკოლაში, პრაქტიკულად, საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში უხდება საუნივერსიტეტო პროგრამის მსგავსი სწავლების გავლა, რაც როგორც აღინიშნა, ისედაც არ აკმაყოფილებს სათანადო მოთხოვნებს.
ვიღებთ კიდევ უფრო მძიმე სურათს. ამის შემდეგ, კანდიდატი გადის გასაუბრებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყოველივე ზემოთაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ისმის კითხვა: კიდევ რისი დემონსტრირება უნდა მოახდინოს კანდიდატმა, რომ საბჭოსგან დადებითი შეფასება მიიღოს? იქნებ, კანდიდატის დამოუკიდებლობა, კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა წყვეტს საკითხს? თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ამას ემატება საკმაოდ საეჭვო შეფასების სისტემა. მოსამართლის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შეფასება.
მაგალითად, მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეობის კანდიდატს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. შეუძლებელია ამ ფორმით გაიზომოს ისეთი ფასეულობა, როგორიცაა კეთილსინდისიერება.
გაუგებარია რა განსხვავებაა ამ ორ შეფასებას შორის, რომ მოსამართლე არის კეთილსინდისიერი თუ სრულად კეთილსინდისიერი. მოსამართლე რომელიც არ არის სრულად კეთილსინდისიერი უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ის არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.
ამ პროცესების გაცნობიერებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სასამართლო რეფორმირების სამოქმედო გეგმის შედგენისათვის. თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ ამ მიმართულებებს, რაც წარმოადგენს პრობლემის საძირკველს, მისგან გამომდინარე საკითხების გადაწყვეტა აზრს კარგავს, თუნდაც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
გასატარებელი ამოცანების შინაარსის გათვალისწინებით ჰიპოთეტურად შესაძლებელია ზოგიერთ მიმართულებაზე ყურადღების გამახვილება
- მოსამართლეთა კანდიდატების სასწავლო პროცესში სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, აუცილებლად უნდა დაემატოს ისეთი საკითხები, როგორიცაა მოსამართლე, მისი მნიშვნელობა და ადგილი საზოგადოებაში (ვინ არის მოსამართლე? რა როლი ეკისრება მას სასამართლოში და საზოგადოებაში? მოსამართლე - თანამდებობაა? რით განსხვავდება სხვა თანამდებობებისგან? და ა.შ.), მოსამართლე სოციალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური გამოწვევების წინაშე, სასამართლო ეთიკა და სხვა.
- აუცილებლად უნდა განხორციელდეს სასამართლოს თავმჯდომარეთა ინსტიტუტის რეფორმირება. სხვა საკითხების მსგავსად, ამ ინსტიტუტის რეფორმირება ნაკარნახევია საქართველოში არსებული რეალობით. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ცდუნება, რომ სასამართლო მართოს თავმჯდომარეების მეშვეობით. სასამართლოების თავმჯდომარეებსა და მოსამართლეებს არ უნდა გააჩნდეთ სუბორდინაციული ურთიერთდამოკიდებულება. არც ფორმალური და არც შინაარსობრივი განსხვავება არ უნდა არსებობდეს მათსა და მოსამართლეს შორის. სასამართლოს თავმჯდომარეები როტაციის წესით მოკლე, მაგალითად ერთი წლის ვადით უნდა იკავებდნენ თავმჯდომარის თანამდებობას.
- თავის მხრივ, უნდა გაანალიზდეს და გადაიხედოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაზრდილი უფლებამოსილება. უმთავრესია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელება.
საზოგადოებაა სასამართლოს ფორმირების წყარო, ამიტომ, ის უნდა მონაწილეობდეს ამ პროცესში აქტიური ჩართულობით. სასამართლოს რეფორმირების გენერალური ხაზი უნდა კარნახობდეს სასამართლოში გასატარებელი რეფორმების შინაარს. მთავარი მომენტი არის ის, რომ სასამართლოს ინსტიტუტების რეფორმირებას არ მოჰყვება არანაირი შედეგი, მანამ სანამ ერთდროულად არ იქნება გაძლიერებული ფართო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობა, განათლების სისტემა და სხვა.
თეიმურაზ თოდრია, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (2005-2015 წლები), სამართლის დოქტორი, ღია უნივერსიტეტის პროფესორი
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.