მოსამართლეთა მივლინების წესი - რეკომენდაცია, რომელსაც ხელისუფლება არ ასრულებს

12.12.2023

დიდი ხანია მოსამართლის მივლინების საკანონმდებლო წესი და მისგან გამოწვეული რისკები მწვავე კრიტიკის საგანია ევროპული სტრუქტურების მხრიდან, ხოლო ამ წესის საფუძვლიან ცვლილებასთან დაკავშირებული კონკრეტული მითითებები არაერთხელ აისახა მათ დოკუმენტებში. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება პრინციპულად არ ასრულებს ამ მოთხოვნას და არ ცვლის მოსამართლეთა მივლინების წესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. 

მოსამართლის შეუცვლელობის უნივერსალური პრინციპი, რომელიც გულისხმობს თანამდებობის დაკავებას (საპენსიო ასაკის მიღწევამდე ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვამდე), აღიარებულია როგორც გაეროსა და ევროპის საბჭოს აქტებით, ისე საქართველოს კონსტიტუციით. იგი მიჩნეულია ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიად მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი აბსოლუტური ხასიათის არ არის და შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში - მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელებისთვის, რადგან არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ მართლმსაჯულების აღსრულების პროცესი გონივრული ვადის დაცვით მიმდინარეობდეს. სწორედ ამგვარ გამონაკლისს წარმოადგენს მოსამართლის მივლინება მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად მივლინებას სხვა სასამართლოში გარკვეული ვადით. საქართველოში მივლინებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმები წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა.

2012 წლამდე არსებული წესი მივლინება შეზღუდვების გარეშე

მოსამართლის მივლინების წესს განსაზღვრავდა საქართველოს კანონი „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისთვის დაკისრების წესის შესახებ.“ კანონში მითითებული იყო მოსამართლის მივლინების ორი საფუძველი: მოსამართლის არყოფნა ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა. აღნიშნული ეხებოდა როგორც რაიონულ (საქალაქო), ისე სააპელაციო სასამართლოს. ამასთან კანონი უშვებდა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მივლინებას სააპელაციო სასამართლოში და პირიქით (სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მივლინებას რაიონულ/საქალაქო სასამართლოში).

2012 წლამდე არსებული საკანონმდებლო ნორმა ადეკვატური სამართლებრივი შეზღუდვების მიღმა ტოვებდა მივლინების წესს და მინიმალურ გარანტიებსაც არ ითვალისწინებდა თვითნებური გადაწყვეტილებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან მოსამართლის დასაცავად. კანონი არ განსაზღვრავდა რაიმე შეზღუდვას მივლინების ვადასთან ან ადგილთან დაკავშირებით, მეტიც, მოსამართლის თანხმობის საჭიროებაც კი არ იყო გათვალისწინებული. ეს ყოველივე შეუზღუდავ უფლებამოსილებას ანიჭებდა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 

2012-2017 წლებში მოქმედი წესი – პირველი შეზღუდვები მივლინებასთან დაკავშირებით 

2012 წლის მარტის საკანონმდებლო ცვლილებებით პირველად დაწესდა გარკვეული შეზღუდვები მოსამართლის მივლინების წესთან დაკავშირებით. 

  • სავალდებულო გახდა მოსამართლის თანხმობა;
  • მივლინების ვადა შეიზღუდა 1 წლით; 
  • მივლინების ვადის გაგრძელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მოსამართლის თანხმობით და არაუმეტეს 1 წლით. 

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის მივლინებასთან დაკავშირებით კვლავ უამრავი საკითხი დარჩა მოუწესრიგებელი, 2012 წლის საკანონმდებლო ცვლილებები იყო პირველი ნაბიჯი გარკვეული საკანონმდებლო გარანტიების შექმნისა, რათა მოსამართლეები დაცული ყოფილიყვნენ მათ წინააღმდეგ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დამოუკიდებლობის ხელყოფისგან. ამგვარი ნაბიჯი მისასალმებელი ფაქტი იყო. 

2017 წლის ცვლილებები – საკანონმდებლო წესის გაუმჯობესება და ახალი გარანტიები თვითნებობის წინააღმდეგ

2017 წლის თებერვალში სასამართლოს რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღის“ ფარგლებში ძალადაკარგულად გამოცხადდა „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისთვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა ნაწილი და მათ შორის ის ნორმა, რომელიც არეგულირებდა მივლინების წესს. მოსამართლის მივლინების წესი აისახა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. ნორმა ითვალისწინებდა რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში სხვა მოსამართლის მივლინების ორ საფუძველს:

  • მოსამართლის არყოფნა;
  • განსახილველ საქმეთა მკვეთრი ზრდა. 

მითითებული საფუძვლებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებით მიმართავდა ჯერ რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს/მოსამართლეებს; მათგან წერილობითი უარის მიღების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიმართავდა იმავე ინსტანციის ტერიტორიულად ახლომდებარე სასამართლოს მოსამართლეებს, ხოლო, მათგან წერილობითი უარის მიღების შემთხვევაში - იმავე ინსტანციის სხვა სასამართლოს მოსამართლეებს.„აუცილებლობის შემთხვევაში“, „მართლმსაჯულების ინტერესებიდან“ გამომდინარე, კანონმა დაუშვა თანხმობის გარეშე მოსამართლის მივლინება, რომელიც პირველ რიგში ტერიტორიულად ახლოს მდებარე სასამართლოს მოსამართლეებს ეხებოდათ. ამასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეს გამოავლენდა წილისყრის საფუძველზე; აგრეთვე, კანონი ითვალისწინებდა საბჭოს ვალდებულებას, გადაწყვეტილებაში მიეთითებინა მართლმსაჯულების ინტერესების არსებობის დამადასტურებელი კონკრეტული გარემოებები. მიუხედავად იმისა, რომ თანხმობის გარეშე მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების სამართლებრივი საფუძველი „მართლმსაჯულების ინტერესები“ ბუნდოვანია და მეტ კონკრეტიკას საჭიროებს, 2017 წლის საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებდა გარკვეულ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთაც გარკვეულწილად შეამცირეს აღნიშნული მექანიზმის მოსამართლის წინააღმდეგ გამოყენების რისკი და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების ალბათობა. ეს გარანტიებია:

  • ტერიტორიული შეზღუდვა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულება, პირველ რიგში ტერიტორიულად ახლომდებარე სასამართლოს მოსამართლეს დააკისროს სხვა სასამართლოში უფლებამოსილების განხორციელება;
  • შემთხვევითობის პრინციპის დაცვა - მივლინებისთვის მოსამართლის შერჩევა წილისყრის საფუძველზე;
  • წილისყრის შედეგად გამოვლენილი მოსამართლის მიერ დასაბუთებული მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა;
  • მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულება;
  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მივლინების აკრძალვა;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულება, შესაბამის სასამართლოში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გონივრულ ვადაში გამოეცხადებინა მოსამართლის ვაკანტური თანამდებობაზე კონკურსი, რაც მივლინების საფუძვლის დროულად აღმოფხვრის შესაძლებლობას ქმნიდა.

შემდგომში ცხადი გახდა, რომ აღნიშნული მინიმალური გარანტიებიც კი არ იყო მისაღები კანონმდებლებისთვის და შემუშავდა ნორმები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელყოფის საფრთხე. 

2021 წლის ცვლილება – მივლინების წესის მნიშვნელოვანი გაუარესება და რისკები მოსამართლის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ

2021 წლის 30 დეკემბერს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოსამართლის მივლინების წესსაც შეეხო. ახალმა ნორმამ მნიშვნელოვნად შეცვალა მივლინების წესი და პრაქტიკულად გააუქმა მანამდე არსებული ყველა სამართლებრივი გარანტია, რომლებიც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფდა მოსამართლის დაცვას მის წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.

  • მივლინების საფუძვლები გაფართოვდა და დაემატა ისეთი ბუნდოვანი საკითხი, როგორიცაა „სხვა ობიექტური გარემოება“;
  • გაუქმდა ტერიტორიული შეზღუდვა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღარ აკისრია ვალდებულება, პირველ რიგში მიმართოს (ხოლო თანხმობის არარსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღოს) ტერიტორიულად ახლოს მდებარე სასამართლოს მოსამართლეებს. მას შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით ნებისმიერი სასამართლოს მოსამართლეს დააკისროს სხვა სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება;
  • ახალი ნორმა აღარ ითვალისწინებს შემთხვევითი შერჩევის წესს მოსამართლის მივლინებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას. მივლინებისათვის მოსამართლე შეირჩევა არა წილისყრის საფუძველზე, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით;
  • გაუქმდა მოსამართლის თანხმობის გარეშე სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მივლინების აკრძალვა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს, თავისი გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე გადაიყვანოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში;
  • მივლინების ვადა 1 წლიდან 2 წლამდე გაიზარდა, რაც მოსამართლის თანხმობის გარეშე შეიძლება გახანგრძლივდეს არაუმეტეს 2 წლით;
  • 2021 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა მოსამართლის მივლინების გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების იმპერატიული მოთხოვნა, კერძოდ კი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულება, გადაწყვეტილებაში მიუთითოს ის კონკრეტული გარემოებები, რომლებიც ადასტურებს „მართლმსაჯულების ინტერესების“ ან „სხვა ობიექტური გარემოების“ არსებობას;
  • ნორმა აღარ შეიცავს მითითებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულებაზე – შესაბამის სასამართლოში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გონივრულ ვადაში გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე. მართალია, მოქმედი კანონი ითვალისწინებს დათქმას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე წყდება, მაგრამ იმავდროულად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ავალდებულებს პროაქტიულად ზომების მიღებას იმისთვის, რომ მივლინების კონკრეტული საფუძველი აღმოიფხვრას.

ერთადერთი მნიშვნელოვანი და პოზიტიური მექანიზმი, რაც მივლინებასთან დაკავშირებით კანონში აისახა, არის უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. საჩივრის წარსადგენად კანონი მივლინებისთვის შერჩეულ მოსამართლეს 7 დღის ვადას აძლევს.

2023 წლის ივნისის - სიმბოლური ცვლილებები კანონში

ვენეციის კომისია დიდი ხანია მოუწოდებს ხელისუფლებას, მოსამართლის მივლინების საფუძვლებთან დაკავშირებით ვიწრო და ნათელი კრიტერიუმები განსაზღვროს. ნაცვლად ამისა, 2023 წლის ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებით, მივლინების საფუძვლებთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური ცვლილება განხორციელდა და ფრაზა „სხვა ობიექტური გარემოება“ შეცვალა ფრაზამ „მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესთან დაკავშირებული სხვა ობიექტური გარემოება.“ 

ამავე საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა მივლინებული მოსამართლისთვის ყოველთვიური სამივლინებო დანამატის მიცემის ვალდებულება, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კანონმა დაადგინა სამივლინებო დანამატის მინიმალური ზღვარი და იგი არ უნდა იყოს მივლინებული მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 10%-ზე ნაკლები.

2023 წლის სექტემბერში ინიციირებული კანონპროექტი და კვლავ შეუსრულებელი რეკომენდაციები

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას, სხვა ნორმებთან ერთად, მოსამართლის მივლინების წესსაც (371 მუხლი) ეხება:

ა) ორგანული კანონის 371-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია დათქმა იმის შესახებ, რომ მივლინების არსებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე თავისი ინიციატივით მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი სხვა სასამართლოში მივლინების თაობაზე;

ბ) მოსამართლის თანხმობის გარეშე მივლინების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ორგანული კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა 2 წლიდან 1 წლამდე მცირდება, თუმცა უცვლელი რჩება თანხმობის გარეშე მოსამართლის მივლინების საწყისი ვადა, რომელიც არაუმეტეს 2 წელია;

გ) კანონპროექტი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულებას, დაასაბუთოს როგორც თანხმობის გარეშე მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების, ასევე მივლინების ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება. კერძოდ, დაასაბუთოს იმ გარემოებების არსებობა, რომლებმაც თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინების ან ვადის გაგრძელების აუცილებლობა განაპირობა.

ვენეციის კომისიის შეფასებები

2022 წლის 20 ივნისის დასკვნა

2021 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებები ვენეციის კომისიამ 2022 წლის 20 ივნისს გამოქვეყნებულ დასკვნაში მწვავედ გააკრიტიკა.

1. წილისყრის წესის და გეოგრაფიული შეზღუდვის გაუქმება

ვენეციის კომისიის შეფასებით, კანონის ძველი ვერსია, რომელიც მოითხოვდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წილისყრის საფუძველზე შეერჩია მოსამართლე და ახლომდებარე სასამართლოში მიევლინა, ამცირებდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. ვენეციის კომისიამ სარწმუნოდ არ მიიჩნია მმართველი პარტიის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც წილისყრის წესი ზედმეტად ხანგრძლივ პროცედურას გულისხმობდა.

რთული საკითხია, როგორ უნდა გამართლდეს ცვლილება, რომელსაც შემოაქვს შემთხვევითი შერჩევის და გეოგრაფიული შეზღუდვის გარეშე არსებული პროცედურა.

2. მივლინების საფუძვლების ბუნდოვანება

კომისიის რეკომენდაციით, მოსამართლის მივლინება უნდა მოხდეს გამონაკლის შემთხვევაში, ხოლო ვაკანსიის არსებობის ან საქმეთა ნაკადის მკვეთრი ზრდისას თანხმობის გარეშე მოსამართლის ხანგრძლივი ვადით მივლინებამდე უნდა გამოიყენებოდეს ისეთი ალტერნატიული ზომები, როგორიცაა არსებულ ვაკანსიაზე უვადო დანიშვნები, ნაკლებად სასურველ სასამართლოებში მომუშავე მოსამართლეების წახალისება და მხარდაჭერა, აგრეთვე სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის საზღვრების იმგვარად რეგულირება, რომ საქმეთა უფრო მეტად თანაბარი რაოდენობა იყოს უზრუნველყოფილი.3მაშინ როდესაც ტერმინი „აუცილებლობა“ აწესებს გარკვეულ საზღვრებს, „მართლმსაჯულების ინტერესები“ ძალიან ფართო და ბუნდოვანი ტერმინია.

3. მივლინების გაზრდილი ვადა

მოსაზრებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ვერ იძლევა დამაჯერებელ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა საჭირო თანხმობის გარეშე მოსამართლის მივლინების ვადის 1 წლიდან 2 წლამდე გაზრდა, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს არაუმეტეს 2 წლით.

კომისიის შეფასებით, 371-ე მუხლი მნიშვნელოვნად ზრდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლებას მოსამართლეებთან მიმართებით და წარმოადგენს მნიშვნელოვან ჩარევას მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ხელშეუხებლობაში.

2023 წლის 14 მარტის დასკვნა

2022 წლის ნოემბერში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაინიცირდა ორგანული კანონის პროექტი, რომელიც ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის – სასამართლოს რეფორმის ფარგლებში შემუშავდა. კანონპროექტში მოსამართლის თანხმობის გარეშე მივლინებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის არცერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არ ყოფილა გაზიარებული და 371-ე მუხლში არსებითი ხასიათის ცვლილებები არ ასახულა. შესაბამისად, კანონპროექტის შეფასებისას ვენეციის კომისიამ 2023 წლის 14 მარტის მოსაზრებაშიც გაამახვილა ყურადღება მივლინების წესის პრობლემურ ასპექტებზე და კვლავ გაიმეორა წინამორბედ დასკვნაში წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები.

მისი განმარტებით, თანხმობის გარეშე მოსამართლის მივლინებას კანონი უნდა უშვებდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და გამართლებული იყოს ლეგიტიმური მიზნით გარდა ამისა ,კომისიის მოსაზრებით, საჭიროა განისაზღვროს (დაბრუნდეს):

  •  ვიწრო და ნათელი კრიტერიუმები;
  •  უფრო მოკლე ვადა;
  •  შემთხვევითი (ან ობიექტური) შერჩევის წესი;
  •  გეოგრაფიული შეზღუდვა.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, არსებითად გაუმჯობესებულიყო მოსამართლის მივლინების წესი და შემუშავებულიყო ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვის გარანტიები, 2023 წლის 13 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებით არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაცია არ ყოფილა გათვალისწინებული.

2023 წლის 9 ოქტომბრის დასკვნა

ვენეციის კომისიის ახალი დასკვნა 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მასში შეფასებულია, როგორც ივნისის საკანონმდებლო ცვლილებები, ისე სექტემბერში ინიციირებული ორგანული კანონის პროექტი. დასკვნაში საუბარია მოსამართლის მივლინების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზეც. კომისიამ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით ორგანული კანონის 371 მუხლის პირველ პუნქტში ლინგვისტური ცვლილებები შევიდა. კომისიის განცხადებით, „კანონმა დაამატა მესამე ალტერნატიული კრიტერიუმი, რომელიც დაუსრულებელია, შესაბამისად აკლია სიცხადე და განჭვრეტადობა (მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესთან დაკავშირებული სხვა ობიექტური გარემოება).“ [პარაგრაფი 26]

რაც შეეხება მოსამართლისათვის სამივლინებო დანამატის მიცემას, კომისიამ იგი პოზიტიურად შეაფასა, თუმცა განმარტა, რომ „საკმარისად ვერ პასუხობს კომისიის ძირითადად რეკომენდაციას, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი უფლებამოსილება – თავად შეარჩიოს მოსამართლე მივლინებისათვის, 4 წლამდე ვადით, ფართო და ნაწილობრივ ბუნდოვანი საფუძვლებით, ქმნის საბჭოს მიერ მოსამართლის ვადის დაცვაში (უცვლელობაში) არასათანადო ჩარევის რეალურ რისკს...“ [პარაგრაფი 27]

კომისიამ იმსჯელა იმ ცვლილებებზეც, რომლებსაც სექტემბერში ინიციირებული კანონპროექტი გვთავაზობს. მან დადებითად შეაფასა მივლინების მეორადი ვადის 2 წლიდან 1 წლამდე შემცირება, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ეს ცვლილება არ არის საკმარისი და ჯამში 3 წელი მაინც ხანგრძლივი ვადაა.

საბოლოოდ, ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები მივლინების წესთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ გათვალისწინებული არ არის და, როგორც კანონპროექტიდან ჩანს, არც უახლოეს მომავალში იგეგმება საკანონმდებლო წესის გაუმჯობესება. შესაბამისად, უცვლელი რჩება ის საფრთხეები, რომლებსაც ამ პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჭარბი ძალაუფლება უქმნის მოსამართლის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას.

ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფეისბუქის ოფიციალური გვერდი.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 

ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე