მოსამართლეთა მივლინების ე.წ მანკიერი პრაქტიკა წლებია, სასამართლო სისტემაში მოსამართლის დაწინაურების ან, ხშირ შემთხვევაში, დასჯის მექანიზმს წარმოადგენს. „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ გადაწყვიტა, შეესწავლა 2007 წლიდან დღემდე, 2023 ნოემბრამდე, სასამართლო სისტემაში განხორციელებული მივლინებების სტატისტიკური მონაცემები.
2007-2023 წლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა მივლინების შესახებ 535 გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა ყველაზე მეტი მივლინება 2009 წელს განხორციელდა, ხოლო 2010 წლიდან კლების ტენდენცია შეინიშნება.
რაც შეეხება სასამართლოს, ყველაზე ხშირი შემთხვევები თბილისის საქალაქო სასამართლოდან ან თბილისის საქალაქო სასამართლოში მივლინებას უკავშირდება. შესაბამისად, მონაცემებში წარმოდგენილია ინფორმაცია წლების მიხედვით, კერძოდ: მივლინების შემთხვევების საერთო რაოდენობა, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოდან და თბილისის საქალაქო სასამართლოში განხორციელებული მივლინებების რაოდენობა.
განსაკუთრებით საყურადღებოა სასამართლოს ინსტანციებს შორის მივლინებების განხორციელების შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა შეფასდეს, როგორც მოსამართლეთა დასჯა ან დაწინაურება.
2007-2023 წლების განმავლობაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოებიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხორციელდა 25 მივლინება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში - 16 მივლინება, ხოლო, სააპელაციო სასამართლოებიდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში - 12 მივლინება.
მოსამართლეთა მივლინებები (2... by courtwatchstatistics
მივლინებები სასამართლოების ... by courtwatchstatistics
მივლინებები მოსამართლეების ... by courtwatchstatistics
მონაცემები მომზადდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.