2018 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10 სპიკერი-მოსამართლე დანიშნა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით მათ მედიისთვის ბრიფინგები არ ჩაუტარებიათ.
იმისათვის, რომ საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს სასამართლოს სისტემისადმი, ისინი უნდა იყვნენ მინიმალურად მაინც ჩართულები მართლმსაჯულების პროცესში, იმ კუთხით, რომ ჰქონდეთ ინფორმაცია სასამართლოს სისტემის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე. ამ მიზნის მისაღწევად სპიკერ-მოსამართლეთა ინსტიტუტი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომელიც საქართველოში წლებია არსებობს, თუ როგორ ფუნქციონირებს იგი, განვიხილავთ წარმოდგენილ სტატიაში.
2018 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა სასამართლო სისტემის საკომუნიკაციო სტრატეგია. "საზოგადოების ნდობა არის საკვანძო მნიშვნელობის საკითხი სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. სასამართლო სისტემის სტრატეგიული დოკუმენტი ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად საზოგადოებაში სასამართლოს დამოუკიდებლობის აღიარების დაბალ ხარისხს ასახელებს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის სტრატეგიაში არსებული სიტუაციის შეფასებისას, ასევე ასახულია პრობლემები, რომლებიც პირდაპირ კორელაციაშია საზოგადოებაში სასამართლო სისტემის მიმართ დამოკიდებულებისა და აღქმის ჩამოყალიბებასთან." - ვკითხულობთ სტრატეგიაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ: „ENCJ-ის [მართლმსაჯულების საბჭოების ევროპულ ქსელის] ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა სპიკერის ინსტიტუტის შემოღება, რომელიც სასამართლო სისტემის სახელით საუბრობს საზოგადოებასთან. სპიკერის ძირითადი ამოცანაა პრესისა და საზოგადოების ინფორმირება სამართლებრივი გადაწყვეტილებებისა და პროცედურების შესახებ. მათ აუდიტორიამდე ეფექტიანად, მარტივად და გასაგებ ენაზე უნდა მიიტანონ სასამართლო სისტემის გზავნილი.“
ექვსი წლის წინ, 2016 წელს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა საქართველოს საერთო სასამართლოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სპიკერ-მოსამართლის დებულება. ამ დოკუმენტის თანახმად, საერთო სასამართლოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და სპიკერი-მოსამართლე უნდა მუშაობდნენ კოორდინირებულად, რათა საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია სასამართლოს საქმიანობისა და სასამართლო სისტემაში გატარებული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სპიკერ-მოსამართლეთა ფუნქციები.
საერთო სასამართლოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან შეთანხმებით წარმართავს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას და მონაწილეობს ამავე სამსახურის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელიც განსაზღვრავს საკომუნიკაციო პოლიტიკას და სტრატეგიას;
- ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას სასამართლოს საქმიანობის თაობაზე;
- მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაციას აწვდის მასობრივი ინფორმაციების საშუალებებს;
- ეხმარება მოსამართლეებს მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში;
- საქმის განმხილველი მოსამართლის წინადადებით ან სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით აწყობს ბრიფინგებს, პრესკონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს. ასევე, ამზადებს პრესრელიზებს და საინფორმაციო ფურცლებს;
- უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქმის განმხილველი მოსამართლისგან გასავრცელებელი მასალის მოსამზადებლად;
- უზრუნველყოფს სპიკერ-მოსამართლისათვის ინფორმაციისა და საჭირო დოკუმენტების მოძიებას;
- უზრუნველყოფს სასამართლოს სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებას და სხვ.
სპიკერ-მოსამართლის კომპეტენცია
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აუცილებელი ინფორმაციისა და განმარტების მიცემა. მისი ვალდებულებაა ინფორმაციის ოპერატიულად მოძიება და სისწორის გადამოწმების შემდეგ გონივრულ ვადებში მედიასაშუალებებისთვის მიწოდება.
სპიკერი-მოსამართლე ინიშნება სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამავე სასამართლოს მოსამართლეებთან შეთანხმებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. ასევე შესაძლებელია ერთ სასამართლოში იყოს რამდენიმე სპიკერი-მოსამართლე სპეციალიზაციების მიხედვით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, საერთო სასამართლოებში სპიკერი-მოსამართლეები დაინიშნნენ
თბილისის სააპელაციო სასამართლო
1. თამარ ალანია;
2. შოთა გეწაძე;
3. მირანდა ერემაძე;
4. ნინო სანდოძე.
თბილისის საქალაქო სასამართლო
1. ხატია არდაზიშვილი;
2. ალექსანდრე იაშვილი;
3. ნიკოლოზ მარგველაშვილი;
4. ლევან მიქაბერიძე;
5. მაია სვიანაძე;
6. დიანა ფარქოსაძე.
საქართველოს სასამართლო გუშაგმა მოიკვლია სხვადასხვა სასამართლოს სპიკერ-მოსამართლის მიერ 2018 წლიდან დღემდე გაკეთებული საჯარო განცხადებები და ჩატარებული ბრიფინგები.
სასამართლოების ვებგვერდებზე და ონლაინსივრცეში ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთი სპიკერი-მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის
განცხადება იძებნება. კერძოდ, 2020 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა განმარტებები პანდემიის გამო სასამართლოში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. მან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეებს სასამართლოში ვიზიტებისგან თავ შეკავებისკენ მოუწოდა.
სხვა დანარჩენი 9 სპიკერი-მოსამართლის აქტივობების შესახებ, თუ რა საქმიანობას ახორციელებდნენ ამ რანგში, რათა საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, არ იძებნება.
მიუხედავად იმისა, რომ ათ მოსამართლეს მიენიჭა სპიკერის უფლებამოსილება, არცერთ სპიკერ-მოსამართლეს არ ჩაუტარებია ბრიფინგი და გაუკეთებია განმარტებები სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ წარსულში სასამართლო სისტემას აქტიური სპიკერ-მოსამართლის გამოცდილებაც აქვს - 2008-2018 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერი-მოსამართლე იყო ეკა არეშიძე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ეკა არეშიძის სპიკერ-მოსამართლედ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება არ იძებნება; თუმცა, ინტერნეტწყაროებში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ მოსამართლე არეშიძე წარმოადგენდა სასამართლოს ამ ამპლუაში.
საერთო სურათი იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ საქართველოს სასამართლოებში სპიკერ-მოსამართლის ინსტიტუტი, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს. ეს კი მაშინ, როდესაც ინსტიტუტის დემოკრატიულობისა და ეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარ საზომად სწორედ საზოგადოების ინფორმირება და მისი ჩართულობის უზრუნველყოფა მიიჩნევა. რატომ არ იცავს სასამართლო სისტემა ანგარიშვალდებულების პრინციპს? კონკრეტული სპიკერ-მოსამართლეები არ ასრულებენ ჯეროვნად მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, თუ სისტემის პოლიტიკა გამორიცხავს ამ ინსტიტუტის ეფექტიანობას? ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, საკუთარი საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საერთო სასამართლოების დღის წესრიგში არ შედის.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მიუხედავად სპიკერ-მოსამართლის ინსტიტუტის მხოლოდ ფორმალური მხარის არსებობისა, უახლოეს წარსულში 2022 წლის 21 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში სპიკერ-მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში სპიკერ-მოსამართლეებად დაინიშნნენ
- დიმიტრი გვრიტიშვილი;
- ლავრენტი მაღლაკელიძე;
- ხატია არდაზიშვილი;
- დავით მამისეიშვილი;
- თამარ ალანია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში
- სალომე გველესიანი;
- ალექსანდრე იაშვილი;
- მაია ქოქიაშვილი;
- ლელა ცაგარეიშვილი.
„სასამართლოს გუშაგი“ დააკვირდება, თუ რამდენად შეასრულებენ სპიკერი-მოსამართლეები მათზე დაკისრებულ ვალდებულებას - სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მიაწოდებენ თუ არა საზოგადოებას აუცილებელ ინფორმაციას და განმარტებებს, და ამ მიზნით ითანამშრომლებენ თუ არა მედიასაშუალებებთან.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.