როგორ ინიშნებიან თავმჯდომარეები საერთო სასამართლოებში?

18.10.2022
ზოგადად, სასამართლოს თავმჯდომარე არის თანამდებობის პირი, რომელსაც შეუძლია, პროაქტიული როლი შეასრულოს მართლმსაჯულების ეფექტიანად ადმინისტრირების პროცესში. ვენეციის კომისია განგვიმარტავს, რომ „სასამართლოს თავმჯდომარეები ქმედითად უნდა გაუძღვნენ სასამართლოებს და უზრუნველყონ  მართლმსაჯულების  ძლიერი და მყარი ორგანიზება“.  ამდენად, მნიშვნელოვანია,  ამ თანამდებობას ღირსეული კანდიდატი იკავებდეს და მის დანიშვნას წინ უძღოდეს გამჭვირვალე და  სამართლიანი პროცესი, რომელიც, ერთი მხრივ, დამოუკიდებლობის გარანტიებს შექმნის მისი საქმიანობისთვის  და, მეორე მხრივ, განამტკიცებს საზოგადოების  ნდობას სასამართლო სისტემისადმი.       

ვინ და როგორ შეიძლება დაინიშნოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ?


რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. დანიშვნამდე  საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს კონსულტაციებს.

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

ვინ და როგორ შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ? 

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით ანალოგიური მოთხოვნებია დადგენილი:  ინიშნება შესაბამისი სასამართლოს შემადგენლობიდან, 5 წლის ვადით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით.  3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის ამ თანამდებობაზე დანიშვნაზეც  იდენტური წესი ვრცელდება. სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესი, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფოკუსში 2014 წლის 14 მაისის წერილით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიმართა ვენეციის კომისიას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ცვლილებათა კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადდა. 

ცვლილებების პროექტი ითვალისწინებდა ორ მთავარ სიახლეს  საქალაქო (რაიონული) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეთა დანიშვნის მოქმედ წესში ცვლილებებს: 

ა) სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნისთვის უფლებამოსილი ორგანო აღარ იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მას თავად შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეები ირჩევდნენ საკუთარი შემადგენლობიდან;  

ბ)  სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა მცირდებოდა 5 წლიდან 3 წლამდე.   

ვენეციის კომისია  მიესალმა და აღნიშნა, რომ: „სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წარმოდგენილ სისტემას იმავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ ფარული კენჭისყრით, რაც შეესაბამება მართლმსაჯულების შიდა დამოუკიდებლობის პრინციპის მოთხოვნებს.“   მისი შეფასებით, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაწილეობის გამორიცხვა.

ვენეციის კომისიამ განმარტა, რომ  „სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევა იმავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ, უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის უკეთეს გარანტიებს, მოქმედ სისტემასთან შედარებით, სადაც სასამართლოების თავმჯდომარეებს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“.  თუმცა ვენეციის კომისიამ იქვე დააკონკრეტა, რომ ვერ ხედავს „სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადის ხუთი წლიდან სამ წლამდე შემცირების მიზეზს. პირიქით, დანიშვნის პროექტით შემოთავაზებული ახალი პროცედურის შედეგად, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის მეტ გარანტიებს, სასამართლოს თავმჯდომარეებს შეიძლება ჰქონდეთ უფლებამოსილების კიდევ უფრო ხანგრძლივი ვადა“. 

პირველი ცვლილება, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესს (მოსამართლეების მიერ თავმჯდომარის არჩევას) ეხებოდა და რომელიც ვენეციის კომისიამ მოიწონა, საქართველოს პარლამენტს არ მიუღია – კანონპროექტის საბოლოო ვერსიიდან ეს  ცვლილება საერთოდ ამოიღეს. 

რაც შეეხება მეორე ცვლილებას, რომელიც თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის 5-დან 3-წლამდე შემცირებას გულისხმობდა და რომელიც არ  გაიზიარა ვენეციის კომისიამ,  საქართველოს პარლამენტს, ასევე, არ მიუღია; თუმცა ამ შემთხვევაში საგულისხმოა ის გარემოება, რომ ვენეციის კომისია უფლებამოსილების ვადის შემცირების საჭიროებას ვერ ხედავდა სწორედ სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის ახალი – კანონპროექტით შემოთავაზებული წესის გათვალისწინებით; ხოლო ამ წესის შემოღების გარეშე, ვადის უცვლელად დატოვება არ ყოფილა რეკომენდებული ვენეციის კომისიის მიერ.

ვენეციის კომისია „სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადის შეზღუდვის საკითხის შეფასებისას“ ცდილობს, „იპოვოს ოქროს შუალედი, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების შიდა დამოუკიდებლობის მოთხოვნასა და, მეორე მხრივ, მყარი და ქმედითი სასამართლოს ორგანიზების უზრუნველყოფის მოთხოვნებს შორის. ამ პროცესში გადამწყვეტი კრიტერიუმია ის, თუ რა ბერკეტები აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას სასამართლოების თავმჯდომარეთა დანიშვნის პროცესზე ზეგავლენის მოსახდენად“. 

სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გონივრულობა უნდა შეფასებულიყო მისი დანიშვნის წესთან კომბინაციაში და პროცესების დემოკრატიულად და სამართლებრივად წარმართვის პრიზმაში, რაც არ მომხდარა.

საბოლოოდ, „მესამე ტალღის“ რეფორმის ფარგლებში, კანონპროექტის თავდაპირველი რედაქცია შეიცვალა იმგვარად, რომ რაიონული (საქალაქო)და სააპელაციო სასამართლოს  თავმჯდომარეებს ნიშნავს ისევ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და  ისევ 5 წლის ვადით. შესაბამისად, მანამდე არსებული საკანონმდებლო ჩანაწერი  დღემდე უცვლელი დარჩა, მიუხედავად  კანონპროექტის მომზადებისა და   ვენეციის კომისიის  მიერ მისი განხილვისა და უკუკავშირის წარმოდგენისა. 

რატომ არის დამაზიანებელი თავმჯდომარის დანიშვნის დღეს მოქმედი წესი მართლმსაჯულების  დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობისათვის?


  • ერთი და იგივე მოსამართლეები ინიშნებიან სასამართლოს თავმჯდომარეებად იმავე ან სხვადასხვა სასამართლოში;
  • სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხის განხილვისას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, როგორც წესი, არის მხოლოდ ერთი კანდიდატი;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოს თავმჯდომარისა დანიშვნის დასაბუთება ფორმალურ ხასიათს ატარებს;
  • საინტერესოა ის, რომ თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადასთან დაკავშირებით იკვეთება ორი სახის ტენდენცია – ან ძალიან ხანგრძლივი დროით ჰყავს ზოგიერთ სასამართლოს ერთი და იგივე თავმჯდომარე, ან ძალიან ხანმოკლე დროით:

    მაგალითად, სასამართლოს ჰყავს და იგივე თავმჯდომარე 10-ზე მეტი წლის განმავლობაში;როგორც წესი, მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 5 წელია, თავმჯდომარეების რეალური ვადები ბევრად ხანმოკლეა, ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე თვეც კი.
  • ცალკე საკითხია ის, რომ ზოგჯერ სასამართლოს თავმჯდომარე საერთოდ არ ჰყავს და მოვალეობას ასრულებს ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე მოსამართლე. 
აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ ჯერ განვიხილავთ იუსტიციის საბჭოს მიერ თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლეების  კარიერულ გზას და მარტივად დავინახავთ, რომ ერთი და  იგივე მოსამართლე არაერთხელ ინიშნება ხან ერთ, ხან მეორე სასამართლოში,  თავმჯდომარის პოზიციაზე. 


თავმჯდომარეები თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2007 წლიდან დღემდე




თავმჯდომარეების დანიშვნების პრაქტიკის შესწავლიდან ირკვევა, რომ სხვადასხვა სასამართლოში, სხვადასხვა დროს ერთი და იგივე მოსამართლეები ინიშნებიან თავმჯდომარეებად. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სისტემა თავის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილ პირებს ინარჩუნებს ამ პოზიციებზე და სხვა მოსამართლეებისთვის მაღალი თანამდებობების დაკავება მარტივი არ არის.

იმისათვის, რომ სასამართლოს ორგანიზება ეფექტიანად წარიმართოს, საჭიროა, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მოსამართლეები სამართლიანად იყვნენ წარმოდგენილნი და ინიშნებოდნენ მათი დამსახურების შესაბამისად, რისთვისაც მათ მონაწილეობის თანაბარი და რეალური შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. სხვა ყველა საკვანძო უფლებამოსილებასთან ერთად აღნიშნული ბერკეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელშია და მას თავისი ღრმად ფესვგადგმული, გავლენიანი მდგომარეობის გასამყარებლად იყენებს. სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის პროცესი, ზემოთ წარმოდგენილი და გაანალიზებული ხარვეზების გათვალისწინებით, შესაძლოა, შეფასდეს, როგორც დამაზიანებელი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და  ეფექტიანობის ხარისხისთვის.



-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 


ავტორი: მეგი შამათავა