როგორ (არ) შესრულდა პარლამენტის მიერ შემუშავებული 2022 წლის „სასამართლო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა”?

05.12.2023

2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა. შეფასების დოკუმენტი მოიცავს ცხრა პირობას, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რომელთაგან მეექვსე პირობა სასამართლოში, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოვლისმომცველი რეფორმის ჩატარებას ეხება. აღნიშნულ დოკუმენტში ასევე საუბარია სასამართლო სისტემის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს მოამზადა.

ევროკომისია, ანგარიში საქართველოს შესახებ (09/11/2023): სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ ეხება მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებს და არ მოიცავს ძირითადი სტრატეგიული მნიშვნელობის თემებს (წინა რეფორმების განხორციელების დეტალური ანალიზი და დარჩენილი გამოწვევები, ქმედებების თანმიმდევრობა, პასუხისმგებელი ორგანოების განსაზღვრა, ინდიკატორები, მონიტორინგის მექანიზმი. და ა.შ.).“

საქართველოს სასამართლოს გუშაგი გასულ წელს სასამართლოს სტრატეგიასთან მიმართებით აცხადებდა, რომ დოკუმენტი არ პასუხობდა სასამართლო სისტემის ისეთ ძირითად გამოწვევებს, როგორიცაა სასამართლოს ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, დამოუკიდებლობა და სხვ.

2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ,,დეოლიგარქიზაციის გეგმა“.  ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ დეოლიგარქიცაზიის გეგმაში, მართლმსაჯულების ნაწილში, ზედმიწევნით არის გამეორებული 2022 წლის სასამართლოს სტრატეგიიდან 16-დან 12 პუნქტი. ეს კი პირდაპირ ადასტურებს, რომ 2022 წლის სასამართლოს სტრატეგიით დასახული ამოცანები თითქმის არ შესრულებულა.

სასამართლოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საერთო ჯამში 16 ძირითად საკითხს მოიცავს, რომელსაც ქვემოთ დეტალურად მიმოვიხილავთ. 

საკითხი #1:

მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა, დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების გონივრულ ვადაში შესასრულებლად და საქმიანობის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად.

- სასამართლო სისტემაში მოსამართლეებისა და მოხელეების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფის მიზნით რაიმე სახის ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა.

საერთო სასამართლოების სისტემაში ამჟამად უფლებამოსილებას ახორციელებს 334 მოსამართლე. ამჟამად მოსამართლეთა ვაკანსიების რაოდენობა აღემატება 100-ს. გარდა ამისა, მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) სტანდარტების მიხედვით, საქართველოში უფლებამოსილებას 737 მოსამართლე უნდა ახორციელებდეს. აღნიშნული მონაცემის გათვალისწინებით, მოსამართლეების მხრიდან მოვალეობების გონივრულ ვადაში და ხარისხიანად შესრულება თითქმის შეუძლებელია. 

საკითხი #2:

სასამართლოში საქმეთა ნაკადის შემცირება და სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება, რისთვისაც აუცილებელია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების სათანადო განვითარება და ხელშეწყობა, როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით.

- შეიძლება ითქვას ის, რომ დავის ალტერნატიული საშუალებების განვითარების მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა სასამართლოებში საქმეთა ნაკადის შემცირება კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

მედიაციის ცნობადობის ასამაღლებლად მედიატორთა ასოციაციამ 2022-2023 წლებში არაერთი ღონისძიება გამართა. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში სხვადასხვა რეგიონში მედიაციის ცენტრები გაიხსნა. რაც შეეხება არბიტრაჟს, ამ მხრივაც გარკვეული ღონისძიებები ჩატარდა. რამდენადაც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები.

საკითხი #3:

სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება და მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა პროფესიული განვითარების კიდევ უფრო ხელშეწყობა.

- უცნობია, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე, მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა პროფესიული განვითარების კუთხით რა ზომები გატარდა. საქართველოს სასამართლოს გუშაგმა 2023 წლის 14 ნოემბერს მიმართა საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლას საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით, თუმცა არც ერთ მათგანს შესაბამისი ინფორმაცია არ მოუწოდებია. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა წლებია რეგულარულად ატარებს ტრენინგებს მოსამართლეებისა და მოხელეებისათვის.

საკითხი #4:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვის მექანიზმების გაუმჯობესება.

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიქმნა ანალიტიკური სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქცია მოსამართლეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზია. ვინაიდან სასამართლოები გადაწყვეტილებებს არ ასაჯაროებენ, ამჟამად რთულია შეფასება, თუ რა გავლენა იქონია საკანონმდებლო ცვლილებამ ან ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნამ სასამართლოში.

საკითხი #5:

მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება.

- მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიები სასამართლოს სტრატეგიისა და სამოქმედო მიღების შემდეგ არ გაუმჯობესებულა.

საკითხი #6:

მართლმსაჯულების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების კიდევ უფრო განვითარება.

- მართლმსაჯულების გამჭვირვალობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები არ გატარებულა, შეიძლება ითქვას რომ სასამართლო სისტემაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

გამჭვირვალობის საკითხი მოიცავს როგორც ორგანოთა ანგარიშების გამოქვეყნებას, გადაწყვეტილებების გასაჯაროებას, ისე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ამ მხრივ მიზანშეწონილია თითოეული კომპონენტის მიმოხილვა:

  • სასამართლო ხელისუფლება რეგულარულად არ აქვეყნებს ანგარიშებს საზოგადოების ინფორმირების მიზნით სისტემის საქმიანობის შესახებ. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიში 2018 წლით თარიღდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი – 2019 წლით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის – 2020 წლით, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ანგარიში – 2021 წლით;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებები, 2020 წლის შემდგომ, შესაბამის (ecd.court.ge) ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის;
  • გამჭვირვალობის კუთხით პრობლემაა სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემა მოთხოვნის საფუძველზე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემას უზრუნველყოფენ რუსთავის საქალაქო, გორისა და თელავის რაიონული სასამართლოები. მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლო, მოთხოვნის საფუძველზე, სრულყოფილად გასცემს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, კანონით დადგენილი ვადის დაცვით;
  • მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს სასამართლოს გუშაგის სასამართლოების უმეტესობამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა მხოლოდ მცირე ნაწილზე გასცა პასუხი, რაც ადასტურებს იმას, რომ სასამართლოებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება რიგ დაბრკოლებებს უკავშირდება;
  • საქართველოს არცერთ სასამართლოში საშტატო ნუსხით არ არის გათვალისწინებული სპეციალური პირი, რომელიც მხოლოდ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. აგრეთვე პრობლემაა ის, რომ უმეტეს შემთხვევაში არ არის განთავსებული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია (მითითებული სატელეფონო ნომერი ხშირად არ ეკუთვნის იმ პირს, ვისაც უშუალოდ ეხება საჯარო ინფორმაციის გაცემა).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში სასამართლოს გამჭვირვალობის ხარისხი არადამაკმაყოფილებელი იყო.

საკითხი #7:

საზოგადოების ინფორმირებულობისა და მასთან კომუნიკაციის გაზრდის გზით სასამართლოს მიმართ ნდობის კიდევ უფრო გაძლიერება, სასამართლოს დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესება.

- საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით, 2023 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან არ შემუშავებულა ახალი „კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“. ამასთანავე, არ გაზრდილა სპიკერი მოსამართლეების რაოდენობა საერთო სასამართლოებში. ამ ეტაპისთვის მხოლოდ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებშია გათვალისწინებული აღნიშნული თანამდებობა. სასამართლოების ვებგვერდები და სოციალური ქსელები, მოსახლეობისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თითქმის უფუნქციოა. ამდენად, სასამართლო სისტემისთვის პრიორიტეტს საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა არ წარმოადგენს.

საკითხი #8:

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შემდგომი გაძლიერება;

საკითხი #9:

სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ელექტრონული საშუალებების გამოყენების პრაქტიკის გაფართოება;

საკითხი #10:

მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სერვისების დანერგვა;

საკითხი #11:

შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფა, აგრეთვე, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით სათანადო გარემოს შექმნა.

საკითხი #12:

თარჯიმნის სერვისის გაუმჯობესება, რათა სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა ჯეროვნად იქნეს უზრუნველყოფილი.

საკითხი #13:

იუსტიციის უმაღლესი სკოლის გაძლიერება, რათა მან ჯეროვნად შეძლოს სათანადო რაოდენობის იუსტიციის მსმენელთა მომზადება, რაც აუცილებელია 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განწესების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის.

#8, #9, #10, #11, #12, #13 - საჯაროდ ხელმისაწვდომი რესურსებიდან დგინდება, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა.

საკითხი #14:

მიზანშეწონილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ნორმების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვროს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა არჩევის პროცედურაში საბჭოს წევრობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის ვალდებულება.

- სარეფორმო საკითხი #14 შესრულდა. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-7 პუნქტში შევიდა შემდეგი სახის ცვლილება: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს.“ 

საკითხი #15:

მიზანშეწონილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ნორმების გათვალისწინებით, უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის წესთან დაკავშირებული ცალკეული საკითხებიც; კერძოდ, მიზანშეწონილია, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცესში საბჭოს წევრობის კანდიდატს მიეცეს მოსამართლეთა კონფერენციისთვის თავისი ხედვების წარდგენის შესაძლებლობა.

- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტს 2023 წლის ივნისში დაემატა შემდეგი დებულება: „კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრამდე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას მიმართოს და წარუდგინოს თავისი ხედვა და მოსაზრება მისი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში მის მიერ საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.“

საქართველოს სასამართლოს გუშაგს მიაჩნია, რომ სავალდებულო უნდა გახდეს საბჭოს წევრობის კანდიდატის მიერ საკუთარი ხედვის წარდგენა მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე.

საკითხი #16:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო გარკვეული საკანონმდებლო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სათანადო საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში ასახულ მიდგომებთან კანონის შესაბამისობას განაპირობებს.

- სასამართლო გადაწყვეტილების გასაჯაროებასთან დაკავშირებით მიმდინარე წელს ცვლილებები განხორციელდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი, შესაბამის საქმეზე, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სათანადო ვებგვერდზე ქვეყნდება. 

ამდენად, ცვლილება პირდაპირ არ ეხება წარსულში მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებებს და, ამასთანავე, ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაში იქნება შესული. ამდენად, მნიშვნელოვანია 1 იანვრიდან, როდესაც ძალაში  შევა ცვლილება როგორ დაინერგება პრაქტიკაში სასამართლო სისტემის მიერ. ამ ეტაპზე, აღნიშნული სარეფორმო საკითხი არ შეიძლება სრულყოფილად განხორციელებულად მივიჩნიოთ.

„სასამართლო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ ანალიზი და შედეგები ცხადყოფს, რომ:

1. სასამართლო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ პასუხობს სასამართლოში არსებულ გამოწვევებს;

2. დასახული ამოცანები, რომლებიც პარლამენტმა  მნიშვნელოვნად მიიჩნია და ასახა 2022 წლის სასამართლოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, თითქმის არ შესრულებულა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი