იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემის წარმომადგენელი?

11.10.2022

იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქმნება საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისთვის. იუსტიციის საბჭოებმა თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად და უნდა იმუშაონ გამჭვირვალედ, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. იუსტიციის საბჭომ უნდა დაიცვას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, რისთვისაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასამართლოების მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობა და  რეგიონების მრავალფეროვნება. 

სტატიაში  ვისაუბრებთ იუსტიციის საბჭოს როლზე მართლმსაჯულების სისტემაში, რამდენად არის რეგიონის სასამართლოები წარმოდგენილი მასში. განვიხილავთ სისტემის ეფექტიანი მუშაობისთვის რამდენად  ხდება მათი პრობლემების მიტანა ცენტრალურ დონეზე და შემდეგ უკვე მათი განხილვა. 

კანონით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისაგან შედგება. 8 წევრს ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო – მოსამართლეთა კონფერენცია, მათგან თითო წევრი მაინც უნდა წარმოადგენდეს თითოეული ინსტანციის სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად არის იუსტიციის საბჭოს წევრი. 5 არამოსამართლე წევრს ირჩევს პარლამენტი, ერთს ნიშნავს პრეზიდენტი. 

როგორია საბჭოს შემადგენლობა ახლა?


5 არამოსამართლე წევრი პარლამენტს წელიწადზე მეტია არ აურჩევია და ამ დროის განმავლობაში 10-წევრიანი შემადგენლობით მუშაობს. 10 – დან 8 – კონფერენციის მიერ არჩეული მოსამართლე წევრია, 1 – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საბჭოს წევრი და 1 – პრეზიდენტის მიერ ორი წლის წინ დანიშნული არამოსამართლე წევრი. 

9 წევრიდან 4 – უზენაესი სასამართლოდანაა (3 კონფერენციის არჩეული და ერთი ex officio, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე), 3 პირველი ინსტანციის, ხოლო 2 სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 

დღეისათვის იუსტიციის საბჭოში მხოლოდ თბილისის სასამართლოები არიან წარმოდგენილი, მაშინ როდესაც სისტემაში უმრავლესობას სხვადასხვა ქალაქებში მდებარე რაიონული (საქალაქო) სასამართლოები შეადგენენ.

2013 წლიდან დღემდე კონფერენციამ საბჭოში 25 მოსამართლე წევრი აირჩია. 25 წევრიდან მხოლოდ დიმიტრი გვრიტიშვილი წარმოადგენდა იმავდროულად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. 

კანონმდებლობით რეგიონების კვოტა არ არის გათვალისწინებული. მოსამართლეთა კონფერენციებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ არც კონფერენცია  აწესებს მაღალ სტანდარტს. საბჭოს წევრის დასახელების შესაძლებლობა ნებისმიერ მოსამართლეს აქვს, თუმცა ამ უფლებით „რჩეულები“ სარგებლობენ და დანარჩენი მოსამართლეები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ მათ. გავლენიანი ჯგუფის ინტერესში არ შედის სისტემის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მოსამართლეების რეალური ჩართულობის უზრუნველყოფა, ინდივიდუალიზმის წახალისება. ამას ხელს უწყობს მმართველი პარტიაც. ბოლო ცვლილებებს თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ იგი მთლიანად სისტემის გავლენიანი პირების ინტერესებზე იყო მორგებული. მაშინ როდესაც საბჭოში თავმჯდომარეების კვოტაც არის გათვალისწინებული და თავმჯდომარეებად წლების განმავლობაში ერთგულებაში გამოცდილი მოსამართლეები ინიშნებიან. დეკემბერში დაჩქარებულად მიღებული ცვლილებებით, იმის ნაცვლად, რომ კანონმდებელს მოსამართლეების ფართო წარმომადგენლობა წაეხალისებინა, იუსტიციის საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის შესაძლებლობა დააბრუნა კანონში. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ეს ცვლილება ემსახურებოდა „პროფესიული გამოცდილებისა და დამსახურების პრინციპზე დაყრდნობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას, საბჭოში ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებას.“ ეს იმ ფონზე როდესაც სისტემაში მთავარ გამოწვევად კორპორატივიზმი და კლანური მმართველობა რჩება და წლების განმავლობაში ერთი და იგივე მოსამართლეები იკავებენ მენეჯერულ თანამდებობებს.

მმართველი პარტიის არგუმენტი, ცვლილების, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა. თუმცა ვენეციის კომისიამ, ერთ-ერთ დასკვნაში,  ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კონტექსტი განსაკუთრებულია, რადგან წარსულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ მოიპოვა საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება. 

იმ ფონზე, როდესაც სისტემას გავლენიანი ჯგუფი მართავს, რომელიც ყოველგვარ ინდივიდუალიზმის გამოვლენას მყისიერად ახშობს, არ არის კონკურენტული გარემო, მხოლოდ რეგიონული კვოტების შემოღება რასაკვირველია, არაფერს შეცვლის. რეგიონული კვოტების შემოღებასთან ერთად, ძირეული რეფორმებია საჭირო, რაც ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი მოსამართლეების იუსტიციის საბჭოს წევრობის აკრძალვაში, ინდივიდუალური მოსამართლეების წახალისებაში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წესის ცვლილებაში უნდა გამოიხატოს.

სასამართლოს სტრატეგია და რეგიონის სასამართლოების ჩართულობა 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ინკლუზიური პროცესის შედეგად 2017-2021 წლის მართლმსაჯულების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომელიც სასამართლო სისტემის განვითარებისა და საქართველოს მიერ  საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა. 

სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში, მათ შორის საკმაოდ იყო ყურადღება გამახვილებული რეგიონის მოსამართლეების ჩართულობაზე სისტემის მართვასა თუ რეფორმირებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, „საბჭოში ყველა ინსტანციის სასამართლოს და შეძლებისდაგვარად, რეგიონების სასამართლოების წარმომადგენლობაზე.“ სტრატეგია ყურადღებას ამახვილებდა სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით მაღალმთიან და არამჭიდროდ დასახლებული რეგიონებისთვის. ასევე, საუბარი იყო, სასამართლოებს შორის კომუნიკაციის გამარტივებისა და გაუმჯობესებისთვის ინტრანეტის დახვეწაზე, რათა რეგიონების სასამართლოები აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართული სისტემაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში. სტრატეგიაში, სასამართლოს და მოსამართლეთა გადატვირთულობის შემცირების ერთ-ერთი გზად დავების ალტერნატიული საშუალებების განვითარებაზე და მათ ეფექტურ გამოყენებაზე იყო მოწოდება.

განტვირთვის ალტერნატიული საშუალებების განვითარების საკითხზე,  იუსტიციის საბჭოს მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში წერია, რომ „რუსთავის საქალაქო და გორის რაიონულ სასამართლოებში თანამედროვე სტანდარტით მოეწყო სასამართლო მედიაციის დარბაზები და უკვე ჩატარდა მედიაციის პროცესებიც.“ რამდენად განმუხტა მედიაციის, როგორც ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების ამოქმედებამ სასამართლოები ამ საკითხზე იუსტიციის საბჭოს შინაარსობრივად არცერთ სხდომაზე არ უმსჯელია. გადატვირთულობა კი კვლავ რჩება სისტემის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად. 

სტრატეგიის მიხედვით მოსამართლეთა ჩართულობის უზრუნველყოფისთვის, საბჭომ რეგლამენტში ცვლილება შეიტანა. გადაწყდა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მასალები დაიდება ინტრანეტზე მოსამართლეებისგან წერილობითი შენიშვნების/კომენტარების მიღების მიზნით. იმ ფონზე, როცა იუსტიციის საბჭო ქაოტურად ნიშნავს სხდომებს, ხოლო სხდომის თარიღიც და დღის წესრიგიც სამი დღით ადრე გამოქვეყნების ნაცვლად, სხდომის წინა საღამოს ქვეყნდება, სრულიად წარმოუდგენელია ამ ცვლილებამ ოდნავ მაინც გააუმჯობესოს ვითარება და მოსამართლეთა ჩართულობას მისცეს ბიძგი.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების იმპლემენტაციის პროცესში გამოიკვეთა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში  პრობლემური საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ ტექნიკურად ხდებოდა და აქტივობების ფორმალურ შესრულებას ემსახურებოდა, ხოლო სასამართლო სისტემის ხარისხობრივი გაუმჯობესება, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების ინტერესს მიღმა რჩებოდა, რასაც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიც ნათლად ადასტურებს. 

გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმის მიღება და იმპლემენტაცია, ფართო, ინკლუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებაზე ორიენტირებული პროცესის გზით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კვლავ ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს.

როგორ მუშაობს იუსტიციის საბჭო?


დღესდღეობით  საბჭოს სხდომების ჩატარების გრაფიკი ქაოტურია. ხშირად, სხდომამდე ნახევარი საათით ადრე, საბჭოს სტაფმაც კი არ იცის სხდომა ჩატარდება თუ არა. ამ პირობებში ჩნდება კითხვა, იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი სხვა რეგიონის სასამართლოს მოსამართლე იქნებოდა იუსტიციის საბჭოს წევრი, რამდენად შეძლებდა მის საქმიანობაში ეფექტიანად მონაწილეობას. ეს თითქოს წვრილმანია დიდ სურათში, თუმცა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს იმ სამწუხარო რეალობას, რაც იუსტიციის საბჭოშია შექმნილი. 

გახმაურებული საკითხების გარდა, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირება, მოსამართლეების დანიშვნა/გადანიშვნები, თავმჯდომარეების დანიშვნა, სხვა თემებზეც მსჯელობს საბჭო, თუმცა საკითხავია, რამდენად არის რეგიონებში მდებარე სასამართლოების პრობლემები პრიორიტეტული საბჭოსთვის. 2021 წლის განმავლობაში რაიონულ სასამართლოებთან დაკავშირებულ 10-მდე საკითხზე იყო მსჯელობა, მაგრამ ძირითადად მოიცავდა მოსამართლის ბინით და საწვავით უზრუნველყოფას, მივლინებას, კონკურის გარეშე გადაყვანების ინიცირებას.  

მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში (მუნიციპალიტეტში) არა აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეების შემთხვევაში ასეთ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭო იღებს და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით ადგენს საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის გამოსაყოფი თანხების ოდენობას. ამასთან, საბჭო საერთო სასამართლოების დეპარტამენტს აძლევს თანხმობას მოსამართლეებისთვის საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრაზე.

მოსამართლეების ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული პირობების შექმნა მათი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად უდავოდ მნიშვნელოვანი პირობაა, მაგრამ მოსამართლეების დამოუკიდებლობა, ინდივიდუალური თავისუფლების,  შიდა  და გარე გავლენისაგან თავისუფალი გარემოს შექმნის გარეშე შეუძლებელია.

მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის საკითხს საბჭო ბოლო წლებია აქტიურად აინიცირებს (რაც ერთგვარი შიდა კონკურსია). მოსამართლეთა სხვა სასამართლოებში გადაყვანის სიხშირე და მოსამართლეების როტაცია ეჭვებს აჩენს გავლენიანი ჯგუფის მიერ გარკვეულ სტრატეგიულ სვლებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვან სასამართლოებში ერთგული მოსამართლეების გადანიშვნას ემსახურება და არა სასამართლოების განტვირთვას. 

იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა სხვა სასამართლოებში გადაყვანისას არათანმიმდევრულია, როდესაც ამას საქმეთა სიმრავლის მოტივით ხსნის  და მხედველობაში არ იღებს გადატვირთულობის პრობლემას, რომელიც სხვა სასამართლოშიც მწვავედ დგას. თუ გადაყვანების პრაქტიკას დავაკვირდებით, ნათელი არ არის კონკრეტული კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლიანობა. რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეთა გადაყვანები პირადი რეკომენდაციის საფუძველზე ხდება და არ ემსახურება სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემის რეალურ მოგვარებას.  

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს საჭიროებებზე, რეგიონისთვის დამახასიათებელ გამოწვევებზე შინაარსობრივად საბჭოს არცერთ სხდომაზე არ უმსჯელია. სისტემის ეფექტიანად მუშაობა შეუძლებელია იმ საჭიროებების გამოკვლევის გარეშე, რაც რეგიონის სასამართლოები წინაშე დგას. დღის წესრიგში საკითხების გადახედვის დროსაც კი ნათელია ხდება, სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის გეგმები და სტრატეგია. ასეთი მიდგომა, კიდევ ერთხელ მიუთითებს ნების არარსებობაზე – მიიღოს სასამართლო სისტემის ეფექტიანი მუშაობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და არა ისეთი რომელიც გავლენიან ჯგუფს კიდევ უფრო გააძლიერებს.

---

საქართველოს სასამართლოს გუშაგის პროექტი: ,,აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის’’

სტატია მომზადდა ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატია არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

ავტორი: ნინო ნოზაძე