უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა

31.05.2024

2024 წლის 31 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურა დაიწყო. განაცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 31 მაისიდან  21 ივნისის ჩათვლით პერიოდი.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი გამოცხადდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის, ეკატერინე გასიტაშვილის ადგილზე, რომელიც ვაკანტური 2025 წლის ივნისში გახდება, ვინაიდან სწორედ ამ დროს იწურება მისი უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34 პრიმა მუხლის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონით დადგენილი წესით იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას. პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. ამდენად, უპრეცედენტოდ და არაბუნებრივად ადრე დაიწყო მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი, რომლის გამოცხადება საბჭოს 2025 წლის მარტშიც კი შეეძლო. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ხომ არ უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს? 

უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა 28 მოსამართლით განისაზღვრება. ამჟამად კი 27 მოქმედი მოსამართლეა, მათ შორის 24 უვადოდ არის არჩეული. 2 მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ოთხ თვეში ეწურებათ. გასული წლის დეკემბერში კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა ალექსანდრე წულაძემ, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 2024 წლის 30 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილის და გიზო უბილავას კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ.