ის, რაც ჩვენთან არ არსებობს - დროის მენეჯმენტი სასამართლოში

15.01.2024

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, „ყოველი ადამიანი აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის განხილვის უფლებით.“ აღნიშნული უფლების რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია სასამართლო დროის მენეჯმენტის იმგვარი სისტემის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობას. თუმცა, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში დღემდე არ არის დანერგილი შესაბამისი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში დროის ეფექტიან მენეჯმენტს და საქმეთა ნაკადის მართვას, რაზეც ყურადღება გაამახვილა „საქართველოს სასამართლო გუშაგმა“ გასულ წელს ჩატარებულ კვლევაში „სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი“. კვლევის მიხედვით, ყველაზე დაბალი მაჩვენებლით სასამართლო სისტემა შეფასდა იმ ინდიკატორში, რომელიც საქმეთა ნაკადის მართვას და სასამართლოს დროის მენეჯმენტს უკავშირდებოდა.

უნდა აღინიშნოს ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ამ თემაზე დისკუსია დაიწყო. 2023 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე ქეთევან ცინცაძემ (საქართველოს წარმომადგენელი CEPEJ-ში) აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემისთვის მნიშვნელოვანია დოკუმენტების, დროის მენეჯმენტისა და საქმეთა ნაკადის მართვის იმგვარი სისტემის იმპლემენტირება, რომელზეც მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია (CEPEJ) თავის სხვადასხვა დოკუმენტში ამახვილებს ყურადღებას.

„საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ იმედოვნებს, რომ ეროვნულ დონეზე დაინერგება ის სახელმძღვანელო წესები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლო პროცესების დროის ეფექტიან განკარგვასა და საქმეთა ნაკადის რეგულირებას.

ამ მიზნების მისაღწევად, როგორც უკვე აღინიშნა, CEPEJ-ს შემუშავებული აქვს სხვადასხვა სახის სახელმძღვანელო დოკუმენტი. რამდენიმე მათგანს სტატიაში ეტაპობრივად მიმოვიხილავთ.

დროის მენეჯმენტის აღნიშვნის ფურცელი (Check List)

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიას შემუშავებული აქვს „დროის მენეჯმენტის ჩეკლისტი“ (Check List), რომლის მიზანია საქმეების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება და სასამართლო პროცესის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება. „ჩეკლისტის“ მიზანია, შეგროვებული ინფორმაციისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე, დაეხმაროს სასამართლოებს, მიიღონ შესაბამისი ზომები საქმეების გონივრულ ვადაში გადასაწყვეტის მიზნით.

„ჩეკლისტი“ მოიცავს შემდეგ ინდიკატორებს:

ინდიკატორი #1: სასამართლო პროცესების ხანგრძლივობების საერთო შეფასება

  • ინდიკატორი ყურადღებას ამახვილებს საქმის წარმოების საერთო ხანგრძლივობაზე – მათი დაწყებიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე და, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ინდიკატორი #2: სასამართლო ვადების / პროცესების ხანგრძლივობის განსაზღვრა

  • ინდიკატორის მნიშვნელობა უკავშირდება იმას, რომ წინასწარ დაიგეგმოს საქმის წარმოების ხანგრძლივობა, რათა სასამართლო ვადები იყოს გამჭვირვალე და პროგნოზირებადი.

ინდიკატორი #3: სასამართლო კატეგორიებისა და საქმის წონის განსაზღვრა

  • ინდიკატორის მიხედვით, მნიშვნელოვანია საქმის ვადებისა და ხანგრძლივობის დახარისხებისას გათვალისწინებული იყოს საქმის სირთულე. ამისთვის ეროვნულ დონეზე უნდა დაინერგოს საქმეთა წონის განსაზღვრის მეთოდოლოგია.

ინდიკატორი #4: სასამართლო პროცესების მონიტორინგი

  • დროის სწორად მართვა უნდა ითვალისწინებდეს სასამართლო პროცესის თითოეული ეტაპის ხანგრძლივობას. ამ მიზნით უნდა განხორციელდეს სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპების ხანგრძლივობის მონიტორინგი და ანალიზი.
ინდიკატორი #5: დაგვიანებული პროცესების გამოვლენა და შედეგების გამოსწორება
  • საქმის წარმოების ხანგრძლივობის მონიტორინგისას სასამართლოებს უნდა ჰქონდეთ მექანიზმები, რომლებიც გამოავლენს საქმეების დაყოვნების შემთხვევებს. მექანიზმი უზრუნველყოფს ვადის გაჭიანურებაზე პასუხისმგებელ პირთა დაუყოვნებლივ გაფრთხილებას, რაც შესაძლებელს ხდის მათი მხრიდან ხარვეზის გამოსწორებას. უფრო მეტიც, სათანადო კომუნიკაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სასამართლო პროცესის ეფექტიანობა, შეამციროს პროცესის ხანგრძლივობა და ხარჯები სასამართლოს მომხმარებლებისა და სასამართლოების სასარგებლოდ.
ინდიკატორი #6: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასამართლო პროცესების დროის მენეჯმენტის მიზნებისთვის
  • სასამართლოს დროის სათანადო მართვის საუკეთესო საშუალებაა უახლესი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, რაც საშუალებას იძლევა, უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ვადების მონიტორინგი და მონაცემთა ანალიზი.

სამართალწარმოების ვადების განსაზღვის ევროპული გზამკვლევი

რაც შეეხება უშუალოდ სამართალწარმოების ვადების განსაზღვრას, „მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიას შემუშავებული აქვს ცალკე სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ეხება სასამართლო პროცესების განხორციელებისას ევროპული სტანდარტებით ვადების განსაზღვრასა და დაცვას (“Towards European Timeframes for Judicial Proceedings Implementation Guide”).
დოკუმენტის თანახმად, სამართალწარმოების ვადის განსაზღვრა შეიძლება უშუალოდ არ უკავშირდებოდეს საკანონმდებლო ორგანოს ან უმაღლესი ინსტანციის სასამართლო ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სამართალწარმოების ვადის განსაზღვრა შეიძლება იყოს გარკვეული საშუალება იმის მისაღწევად, რომ დაცული იქნეს კანონით განსაზღვრული საპროცესო ვადა. სასამართლო ვადის უფრო სპეციფიკური განსაზღვრა შეუძლია თავად სასამართლოს, თუ დამუშავებული აქვს ინფორმაცია პროცესების ხანგრძლივობაზე, კონკრეტული კატეგორიების მიხედვით.
CEPEJ-ს თანახმად, საპროცესო ვადები უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ საქმეთა დარგების (სამოქალაქო, სისხლის, ადმინისტრაციული საქმეები), არამედ კონკრეტული კატეგორიების მიხედვითაც (მაგ. ოჯახური, შრომითი დავები). ვადები აგრეთვე უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივ გარემო ფაქტორებს, რესურსებსა და ქვეყნის სამართლებრივ თავისებურებებს.
სამართალწარმოების ხანგრძლივობა შეგვიძლია შევაფასოთ 4 კატეგორიის მიხედვით:
A კატეგორია – სამოქალაქო / ადმინისტრაციული პროცესები (90%-95%), რომლებიც განხილული უნდა იქნეს საქმის სასამართლოში შესვლიდან, მაქსიმუმ, 18 თვეში; სისხლის სამართლის საქმეები (90%-95%) – მაქსიმუმ, 12 თვეში მაინც.
B კატეგორია – სამოქალაქო / ადმინისტრაციული პროცესები (90%-95%), რომლებიც განხილული უნდა იქნეს სასამართლოში შესვლიდან, მაქსიმუმ, 24 თვეში; სისხლის სამართლის საქმეები (90%-95%) – მაქსიმუმ, 18 თვეში მაინც.
C კატეგორია – სამოქალაქო / ადმინისტრაციული პროცესები (90%-95%), რომლებიც განხილული უნდა იქნეს სასამართლოში შესვლიდან, მაქსიმუმ, 30 თვეში; სისხლის სამართლის საქმეები (90%-95%) – მაქსიმუმ, 24 თვეში მაინც.
D კატეგორია – სამოქალაქო / ადმინისტრაციული პროცესები (90%-95%), რომლებიც განხილული უნდა იქნეს სასამართლოში შესვლიდან, მაქსიმუმ, 36 თვეში; სისხლის სამართლის საქმეები (90%-95%) – მაქსიმუმ, 30 თვეში მაინც.
სასამართლო ვადების ეფექტიანი დანერგვა მოიცავს შემდეგ სამ ძირითად ნაბიჯს:
  1. მიმდინარე სიტუაციის ანალიზი – მიმდინარე სიტუაციის ანალიზი მოიცავს სასამართლო დარგებისა და კატეგორიების მიხედვით მონაცემთა ანალიზს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პერიოდის განმავლობაში გრძელდება სასამართლო პროცესები. მონაცემები უნდა ასახავდეს საქმეთა ნაკადის მაჩვენებელს – მინიმუმ, 3 წლის მონაცემებს მაინც (უმჯობესია, თუ 5 წლის მონაცემები დამუშავდება).
  2. საპროცესო ვადების დაწესება სასამართლოსთვის – მომავალი წლისთვის სასამართლო პროცესების ხანგრძლივობის განსაზღვრა მხოლოდ მას შემდეგ ხდება რეალისტური, როდესაც დამუშავებულია ინფორმაცია სასამართლო პროცესის ხანგრძლივობაზე.
  3. საპროცესო ვადების მონიტორინგი – წლის დასასრულს სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს, თუ საერთო ჯამში როგორ შესრულდა განსაზღვრული საპროცესო ვადები სასამართლოს მხრიდან. უმჯობესია, თუ სასამართლო პროცესების მიმდინარეობა ყოველ სამ თვეში ერთხელ შემოწმდება.

„სატურნის“ სახელმძღვანელო მითითებები დროის მენეჯმენტისთვის

„სატურნი“ მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის სამუშაო ჯგუფია, რომელიც შეიქმნა სასამართლოს დროის მენეჯმენტისა და სასამართლოს გადატვირთულობის საკითხებზე მუშაობის მიზნით.სასამართლო დროის ეფექტიანი მენეჯმენტის მიზნებისთვის მართლმსაჯულების ევროპული კომისია წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულოდ მიიჩნევს, რომ კონკრეტული ქვეყნის სახელმწიფო ენაზე ითარგმნოს „სატურნის“სახელმძღვანელო მითითებები დროის მენეჯმენტისთვის (REVISED SATURN GUIDELINES FOR JUDICIAL TIME MANAGEMENT) და ხელმისაწვდომი გახდეს სასამართლოებისთვის, იუსტიციის საბჭოსთვის, სასამართლოს აპარატისთვის, იურისტებისთვის, პროკურატურისა და პოლიციისთვის.
„სატურნის“ სახელმძღვანელო მითითებები განკუთვნილია როგორც სასამართლოსთვის, ისე საკანონმდებლო და სასამართლო პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა ორგანოებისთვის, ასევე, სასამართლო მენეჯერებისთვის, მოსამართლეებისთვის, სასამართლო ოფიცრებისთვის, სასამართლოში დასაქმებული არამოსამართლე პირებისთვის, პროკურატურისთვის, ადვოკატებისთვის, სასამართლო ექსპერტებისა და აღმასრულებელი ორგანოებისთვის.
„სატურნი“ ჯგუფი აგრეთვე იძლევა კონკრეტულ მითითებებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სასამართლო ვადების მონიტორინგი, რასაც უფრო დეტალურად, რელევანტური ქართული პრაქტიკის პარალელურად, მომდევნო სტატიაში მიმოვიხილავ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოში სასამართლოს გადატვირთულობა სერიოზული გამოწვევაა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ისეთი დოკუმენტების ეროვნულ დონეზე იმპლემენტირება, რომლებიც სასამართლო დროის მენეჯმენტს, სასამართლო ვადების განსაზღვრასა და დროის მენეჯმენტის კონტროლს უკავშირდება.


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.


ავტორი: ანა ჩიქოვანი