სასამართლოს სათარჯიმნო/მთარგმნელობითი სერვისის პრობლემები საქართველოში

21.03.2025

სარჩევი

საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებული სასამართლო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, აგრეთვე მთავრობის მიერ 2023 წელს შემუშავებული "დეოლიგარქიზაციის გეგმა" ყურადღებას ამახვილებს სასამართლოში სათარჯიმნო/მთარგმნელობითი სერვისის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, რათა "სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა ჯეროვნად იქნეს უზრუნველყოფილი".

იმისთვის რომ სასამართლოს სერვისი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურება სასამართლო სისტემის მხრიდან. სამართალწარმოების ენა გასაგები უნდა იყოს პროცესის მონაწილეებისთვის, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისა და სასამართლოს თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.


სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მიხედვით:

„ყველა ადამიანი თანასწორია სასამართლოსა და ტრიბუნალების წინაშე.“

„თითოეულ პირს უფლება აქვს მისთვის წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, როგორც მინიმუმი, სრული თანასწორობის საფუძველზე, მიიღოს შემდეგი გარანტიები:
a) სასწრაფო წესით და დაწვრილებით მისთვის გასაგებ ენაზე განემარტოს მისთვის წაყენებული ბრალდების ხასიათი და საფუძველი […];
f) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ არ ესმის სამართალწარმოების ენა." 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ქვეპუნქტის მიხედვით:

„დაკავებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისი დაკავების მიზეზები და მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება.“


,,ბრალდებულს აქვს უფლება, „ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მას არ შეუძლია გაიგოს სასამართლოში გამოყენებული ენა ან ილაპარაკოს ამ ენაზე.“

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (Kamasinski v. Austria. (1989)), კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 ,,ე" ქვეპუნქტი ეროვნულ სასამართლოებს არა მხოლოდ თარჯიმნის დანიშვნას, არამედ თარგმნის ხარისხის და თარჯიმნის კვალიფიციურობის შემოწმებას ავალდებულებს.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რატიფიცირებული აქვს ზემოთ აღნიშნული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია,  პირველ რიგში განვიხილავთ, როგორ არის საქართველოს სასამართლოებში უზრუნველყოფილი სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურება.

საქართველო

საერთო სასამართლოების სისტემის ფარგლებში მთარგმნელობითი/სათარჯიმნო სერვისის მიწოდება გარკვეულ გამოწვევებს უკავშირდება, რომელიც უკავშირდება როგორც ხელმისაწვდომობას, ისე მომსახურების ხარისხს.

ქართული კანონმდებლობა, სასამართლო პროცესზე საჭიროებიდან გამომდინარე, პირს აღჭურავს თარჯიმნის უფასო მომსახურებით სარგებლობის უფლებით. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მიხედვით: „პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. თარჯიმნის მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“

უმეტეს შემთხვევაში საერთო სასამართლოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მთარგმნელობით/სათარჯიმნო მომსახურებას საქართველოს საერთო სასამართლოებში.  რა მიზნითაც დეპარტამენტის მხირდან ხდება თარჯიმანთა ბიუროს მომსახურების დაქირავება შესაბამისი სასამართლოსთვის. აგრეთვე, არის შემთხვევები, როდესაც თარჯიმნები/მთარგმნელები დასაქმებულები არიან უშუალოდ სასამართლოებში. მაგალითად, თბილისის, რუსთავის, ბათუმის საქალაქო სასამართლოებში, ასევე, ახალქალაქის, ბოლნისის, გორის, გურჯაანის, სიღნაღისა და თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოებში, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურების გაწევა ხდება სასამართლოში დასაქმებული პერსონალის მხრიდან. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ სასამართლოებში სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურების გაწევა შეიძლება აგრეთვე თარჯიმანთა ბიუროს მეშვეობით მოხდეს.

"საქართველოს სასამართლოს გუშაგის" კვლევის მიხედვით, თარჯიმანთა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ის, რომ სასამართლოები არ ამუშავებენ სტატისტიკურ ინფორმაციას თარჯიმნის არყოფნის გამო გადადებული სასამართლო პროცესების შესახებ. ამასთანვე, არ არსებობს ერთიანი ბაზა, რაც სასამართლოს თარჯიმანთა/მთარგმნელთა სიას პროცესის მხარეებისთვის ხელმისაწვდომს გახდიდა.

2018 წლის 25 ივნისის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოებში სამართალწარმოებისას მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურების ხარისხის მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“. საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ 4 მუხლისგან შედგება და შესაბამისად, ხარისხის განხორციელების წესი, სულ რაღაც, ერთი გვერდის მოცულობის დოკუმენტია. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, მთარგმნელობით/სათარჯიმნო მომსახურებით უზრუნველყოფასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანოა საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. წესის თანახმად, სხდომის მდივანი ვალდებულია, უზრუნველყოს მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნებისა/მოსაზრებების სხდომის ოქმში ასახვა და ამის თაობაზე წერილობითი ინფორმაციის მიწოდება საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა წელიწადში ორჯერ უნდა მიაწოდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ინფორმაცია მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურების მონიტორინგისა და მიღებული ზომების შესახებ და ამასთანვე, სტატისტიკა საანგარიშო პერიოდში თარჯიმნის მონაწილეობით ჩატარებული სასამართლო პროცესების რაოდენობისა და გამოყენებული უცხო ენის შესახებ. თუმცა, „საქართველოს სასამართლო გუშაგმა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის საფუძველზე გამოარკვია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მსგავსი ტიპის ინფორმაცია არც კი განუხილავს. ასევე, საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ კვლევის საფუძველზე იკვეთება, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი სასამართლო ახორციელებს ამ წესის შესაბამისად მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურების ხარისხის კონტროლს. 

ვინაიდან საერთო სასამართლოების დეპარტამენტის პრეროგატივაა სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურებით უზრუნველყოფა, ამ დეპარტამენტს აქვს დისკრეცია იმისა, რომ შესაბამისი სატენდერო წინადადების საფუძველზე გააფორმოს ხელშეკრულება თარჯიმანთა ბიუროსთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმაზე, მოიცავს თუ არა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სატენდერო წინადადება რაიმე სახის მნიშვნელოვან დანაწერს, რაც კორელაციაში იქნება თარგმნის ხარისხთან და სათარჯიმნო მომსახურების კვალიფიციურობასთან. ამ მხრივ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სატენდერო წინადადებებში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ „თარჯიმანთა ბიურო ვალდებულია, წარადგინოს თარჯიმნების კვალიფიკაციის/დონის დამადასტურებელი დოკუმენტი.“ თუმცა, სატენდერო წინადადება არანაირ მითითებას არ იძლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების მიზნებისთვის ვალიდური კვალიფიკაციის/დონის დამადასტურებელ დოკუმენტად. ყურადსაღებია ისიც, რომ სატენდერო წინადადება თარჯიმანს არ ავალდებულებს სამართლებრივი ტერმინოლოგიის ცოდნას. რაც შეეხება უშუალოდ თარჯიმანთა ბიუროს კომპეტენციას, აღნიშნულთან მიმართებით ვხდებით შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას: „პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მთარგმნელობითი/სათარჯიმნო მომსახურების გაწევის შესახებ არანაკლებ 4 (ოთხი) სარეკომენდაციო წერილი, გაცემული სხვადასხვა პირის მიერ. მათ შორის, არანაკლებ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი გაცემული უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემსყიდველად რეგისტრირებული პირებისგან.“

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძირათი პრობლემები, რაც საერთო სასამართლოების სისტემაში მთარგმნელობითი/სათარჯიმნო მომსახურების სარგებლობას უკავშირდება არის შემდეგი:

  • გაუგებარია, რამდენად ხელმისაწვდომია თარჯიმანი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას;
  • სასამართლოებში, ფაქტობრივად, არ მოწმდება თარჯიმანთა/მთარგმნელთა კვალიფიციურობა;
  • სასამართლოების მხრიდან არ კონტროლდება თარგმნის ხარისხი;
  • არ არსებობს სამართლოს თარჯიმანთა/მთარგმნელთა ერთიანი ბაზა.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

რედაქტორი: ნაზი ჯანეზაშვილი, ავტორი: ანა ჩიქოვანი