სასამართლოს სათარჯიმნო/მთარგმნელობითი სერვისი - ევროკავშირის სტანდარტი და უცხო ქვეყნების ქვეყნების პრაქტიკა

21.03.2025

როგორც წინა სტატიაში აღინიშნა, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მთარგმნელობითი / სათარჯიმნო მომსახურების გამართულად ფუნქციონირება სასამართლოში. თუმცა, საქართველოში აღნიშნული სერვისით სარგებლობა რიგ პრობლემებს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო / უცხო ქვეყნის პრაქტიკის შესწავლისა და იმპლემენტაციის გზით მოხდეს იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც საქართველოში მთარგმნელობითი / სათარჯიმნო მომსახურების გამართულად მუშაობას უკავშირდება. ამ მიზნით, სტატიაში მიმოვიხილავ ევროკავშირის ზოგად ტენდენციას, ევროპის ქვეყნებისა და აშშ - ს პრაქტიკას სასამართლოში მთარგმნელობითი / სათარჯიმნო მომსახურებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის მიდგომა და თარგმნის ხარისხის შემოწმების სქემა

ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თარჯიმნის უფასო მომსახურება იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ საუბრობენ იმ ენაზე, რომელსაც იყენებს პოლიცია, პროკურატურა ან სასამართლო. აღნიშნული მოთხოვნა შესაბამისობაშია 1950 წლის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან.

ევროპის პარლამენტის დირექტივის (2010/64/EU) „სისხლის სამართლის პროცესში მთარგმნელობითი და სათარჯიმნო უფლების შესახებ“ ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ:

„როდესაც თარგმნის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად, კომპეტენტურ ორგანოებმა უნდა შეცვალონ დანიშნული თარჯიმანი.“

„წევრმა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ სამართლებრივი მთარგმნელებისა და თარჯიმნების ეროვნულ ბაზების ხელმისაწვდომობას.“

„სათარჯიმნო მომსახურება უნდა იყოს საკმარისად ხარისხიანი პროცესის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, კერძოდ - იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბრალდებულმა პირებმა იცოდნენ მათ წინააღმდეგ წარმოებული საქმის შესახებ და შეძლონ გამოიყენონ საკუთარი თავის დაცვის უფლება.“

დირექტივა აგრეთვე სავალდებულოდ მიიჩნევს, რომ სახელმწიფოების მხრიდან შემოწმდეს მთარგმნელობითი/სათარჯიმნო მომსახურების ხარისხი.

აღნიშნული დოკუმენტი არ გვთავაზობს კონკრეტული მთარგმნელობითი / სათარჯიმნო ხარისხის შეფასების ზუსტ სქემას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ერთ-ერთ სამეცნიერო სტატიაზე, რომელის ავტორი სხვადასხვა პარქტიკაზე დაყრდნობით გვთავაზობს თარგმნის ხარისხის შეფასების ზოგად სქემას:

სტატიის მიხედვით,  მთარგმნელობითი / სათარჯიმნო მომსახურების შემოწმების სხვადასხვა ხერხი არსებობს, თუმცა ყველა მთარგმნელობითი მომსახურების შემოწმება ძირითადად მოიცავს შემდგომ სამ ძირითად ელემენტს:

  • სამართლებრივი სიზუსტე და თანმიმდევრულობა;
  • სამართლებრივი მახასიათებლების გათვალისწინება თარგმნის დროს (მათ შორის, იურიდიული ტერმინოლოგია, იურიდიული ფრაზეოლოგია და იურიდიული კონვენციები);
  • ზოგადი ენობრივი სიზუსტე (სინტაქსი, პუნქტუაცია).
რაც შეეხება პირს, რომელიც ამოწმებს თარგმნის ხარისხს, სავალდებულოა, რომ იყოს იმ მთარგმნელზე უფრო მაღალი კვალიფიკაციის, რომელსაც გამართულად შეუძლია შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი თარგმნა.

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებულ სამეფოში სათარჯიმნო / მთარგმნელობითი სისტემის მოწესრიგება ამ სერვისით უკმაყოფილო მომხმარებელთა აქტიურობის დამსახურებაა. კერძოდ, 1981 წელს გაერთიანებული სამეფოს ენათმეცნიერთა ინსტიტუტს (IOL) მიმართა არაერთმა ადამიანმა, რომლებიც წუხდნენ იმის გამო, რომ საჯარო სამსახურებში არ იყო უზრუნველყოფილი ხარისხიანი სათარჯიმნო / მთარგმნელობითი მომსახურება. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით 1994 წელს სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიზანს წარმოადგენდა საჯარო სამსახურის მთარგმნელთა / თარჯიმანთა ეროვნული რეესტრის შექმნა და ადმინისტრირება (აღნიშნული რეესტრი ამჟამად მოიხსენიება, როგორც ეროვნული რეესტრი). ტენდერში გაიმარჯვა IOL - მა, რომელმაც შეიმუშავა საჯარო სერვისის თარჯიმნებისა და მთრგმნელებისთვის სხვადასხვა სფეროების შესაბამისი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ენათმეცნიერების ინსტიტუტი დღემდე გასცემს საჯარო სამსახურის მთარგმნელებისა და თარჯიმნებისთვის დიპლომს (DPSI). აღნიშნული პროგრამა ბევრ სფეროს მოიცავს და მათგან ერთ-ერთია სამართლის სფერო. შესაბამისად, გამოცდა აფასებს პირის უნარებს, თუ რამდენად შესაბამისად და ზუსტად თარგმნის სამართლებრივ ტერმინოლოგიას. 
გამოცდა შედგება შემდეგი 5 ნაწილისგან და მოიცავს თანმიმდევრულ, ტექსტის ზეპირ და წერილობით თარგმანს.

    დანია

    სკანდინავიის ქვეყნებში მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურებით უზრუნველყოფილია სკანდინავიური ენების კონვენციის 149-ე ნაწილის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტებით (Den Nordiske Sprogkonvention, 1981). დანიის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცემული საინფორმაციო ბარათი  „როგორ გამოვიყენოთ თარჯიმანი დანიაში“ (At bruge tolk i Danmark), გვაწვდის მითითებებს აღნიშნული კონვენციის გამოყენების შესახებ. განმარტებითი ბარათში, აგრეთვე, ყურადღებაა გამახვილებული თარჯიმნების საჭირო კვალიფიკაციასა და მთარგმნელობით / სათარჯიმნო სერვისის გამოყენების ხერხებზე.

    ამასთანავე, დანიაში შემუშავებულია ეთიკის წესები და ინსტრუქციები როგორც თარჯიმნებისთვის, ისე სასამართლო მოხელეებისთვის, რომლებიც მუშაობენ თარჯიმნებთან. აღნიშნულ დოკუმენტებში განხილულია საკითხები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვისარგებლოთ თარჯიმნის მომსახურებით, რა არის თარგმნის სიზუსტე და სისრულე, რა მნიშვნელობა აქვს მიუკერძოებლობას, კონფიდენციალურობასა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდებას.

    დანიის მართლმსაჯულების ადმინისტრირების კანონის 149-ე ნაწილში აღნიშნულია, რომ სასამართლოებში მომუშავე თარჯიმნები უნდა იყვნენ ავტორიზებულები. „ავტორიზაციის მოთხოვნებია: (1)დანიის მოქალაქეობა, (2)პირი უნდა იყოს 25 წლის ან მეტის, (3) მის ქონებას არ უნდა განკარგავდნენ კანონიერი მეურვეები (4) ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ავტორიზაციის გამოცდა."

    ავტორიზაციის გამოცდა ტარდება დანიის ბიზნესის სკოლებში, შემდეგ ენებში: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული და იტალიური. ფაქტობრივი ავტორიზება, ანუ „სახელმწიფო უფლებამოსილი მთარგმნელისა და თარჯიმანის“ სტატუსი პირს მიენიჭება დანიის ვაჭრობის და კომპანიების სააგენტოს მიერ, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებრებაშია. სხვა ენებისთვის დანიის პოლიციას და სასამართლო სისტემას შეუძლიათ გამოიყენონ არაავტორიზებული თარჯიმნების მომსახურება. პოლიციისა და სასამართლოების მიერ გამოყენებული ყველა თარჯიმანი უნდა დაამტკიცოს დანიის ეროვნული პოლიციის კომისიამ, რომელიც აწარმოებს მთარგმნელების ოფიციალურ სიას. ავტორიზებული მთარგმნელი ავტომატურად შედის სიაში, ხოლო დანარჩენებმა სიაში მოსახვედრად უნდა გაიარონ ზეპირი ტესტირება.

    აშშ-ში ბევრი შტატის სასამართლოს აქვს საკუთარი შტატის სერტიფიცირება, რომელიც იყენებს შტატის სასამართლოების ეროვნული ცენტრიის (NCSC) ტესტირების მოდელს.
    რაც შეეხება ფედერალურ დონეზე ენის სერტიფიცირებას, შეერთებული შტატების სასამართლოების ადმინისტრაციული ოფისი უზრუნველყოფს ფედერალური სასამართლოს თარჯიმნის სასერტიფიკაციო გამოცდას (FCICE) ინგლისურ-ესპანური თარჯიმნებისთვის. FCICE-ს მიერ გაცემული სერტიფიკატი აღიარებულია ეროვნულ დონეზე.
    ამერიკაში სასამართლოს თარჯიმანთა სასერტიფიკაციო გამოცდები შედგება ორი ნაწილისგან: (1) წერილობითი ნაწილი, რომელიც აფასებს კანდიდატის მიერ ორივე ენის ცოდნის დონეს, რასაც შემდგომში მოჰყვება (2) ზეპირი გამოცდის ნაწილი.
    სასერტიფიკაციო გამოცდის წერილობითი ნაწილის დროს მოწმდება კანდიდატის ცოდნა ორივე ენის გრამატიკაში და მისი ლექსიკური მარაგი, მათ შორის, ტექნიკური ტერმინოლოგია. გამოცდის ამ ნაწილში თარჯიმნებმა უნდა აჩვენონ ზოგადი ლექსიკა (სინონიმების, ანტონიმების, იდიომების, მხატვრული ენის ცოდნა) ორივე სამუშაო ენაზე და, ამასთანავე, გამოავლინონ საერთო ტექნიკური და იურიდიული ტერმინებისა და მათი ფუნქციური ეკვივალენტობის შესაბამისი ცოდნა.
    გამოცდის ზეპირი ნაწილი ითვალისწინებს დისკუსიისა და დოკუმენტების თანმიმდევრულ და სინქრონულ თარგმნას, რასაც ჩვეულებრივ ადგილი აქვს სასამართლოს პროცესზე. სასამართლო თარჯიმნის სასერტიფიკაციო ზეპირი გამოცდა შედგება სამი ნაწილისგან:
    • დაწერილი ტექსტის ზეპირად თარგმნა
    • შენელებული თარგმანი
    • სინქრონული თარგმანი

    პარალელურად აღსანიშნავია ის, რომ აშშ-ში შექმნილია სასამართლო თარჯიმნებისა (interpreter) და მთარგმნელების (translator) ეროვნული ასოციაცია (NAJIT). ასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს სასამართლო თარჯიმანთა პროფესიული აღიარება, უმაღლესი პროფესიული სტანდარტების პროპაგანდითა და ამ სტანდარტების დაცვით. პრაქტიკოსი თარჯიმნებისთვის ასოციაცია ატარებს ციფრულ და ვირტუალურ ფორუმებს, სადაც თარჯიმნებს შეუძლიათ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება, მთარგმნელობითი საქმის განვითარებისთვის ტრენინგებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა.

    სტატიაში განხილული მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ რიგ ქვეყნებს ეროვნულ დონეზე აქვთ შემუშავებული სასამართლოს მთარგმნელთა და თარჯიმანთა სერტიფიცირება, რაც ითვალისწინებს სამართლებრივი ტერმინოლოგიის ცოდნისა და როგორც ზეპირი, ისე წერილობითი თარგმნის დონის შემოწმებას. პარალელურად აღსანიშნავია მთარგმნელთა და თარჯიმანთა ბაზები, რაც მთარგმნელობით მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლისთვის. აგრეთვე, ხარისხის კონტროლის მექანიზმი, რაც პერიოდულად ამოწმებს მთარგმნელობითი მომსახურების ხარისხს სასამართლოებში.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში:
    • შეიქმნას თარჯიმანთა და მთარგნელთა ეროვნული ბაზა, რომელიც პროაქტიულად უზრუნველყოფს სასამართლოში პროცესის მხარეებისთვის შესაბამისი სერვისის მიწოდებას;
    • შემუშავდეს დოკუმენტი, რომელიც დეტალურად გაწერს მთარგმნელობითი / სათარჯიმნო მომსახურების ხარისხის კრიტერიუმებს, შეფასების ქულათა სისტემას და იმ პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლიც აფასებს თარჯიმანთა/მთარგმნელთა მომსახურებას;
    • სავალდებულო გახდეს სასამართლოს თარჯიმნებისა და მთარგმნელებისთვის სამართლებრივი ტერმინოლოგიის ცოდნა;
    • შემუშავდეს სამართლებრივი აქტი, რომელიც დეტალურად გაწერს როგორც თარჯიმნის, ისე მთარგმნელის საგამოცდო ეტაპებს და შეფასების სისტემას;
    • სასამართლოს თარჯიმნებსა და მთარგნელებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შემუშავდეს სასწავლო მოდული.


      -----

      courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

    რედაქტორი: ნაზი ჯანეზაშვილი, ავტორი: ანა ჩიქოვანი