სახელმწიფოს მართვაში ხალხის მონაწილეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სახელმწიფო ორგანოთა გამჭვირვალობაა, რადგან მოქალაქეებმა, საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, შეძლონ შესაბამისი რეფლექსია და ამ გზით ხელი შეუწყონ სახელმწიფო სტრუქტურების გაჯანსაღებასა და ეფექტიანობის ზრდას. გარდა ამისა, საჯაროობა ხელს უწყობს ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებას, რაც დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებზე დატანილ ნებისმიერ ინფორმაციაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: "სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად." (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება N1/4/757 საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II, 5.).
სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ შემთხვევაში ინტერესის საგანია არა მხოლოდ მოსამართლეთა მიერ სხვადასხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ ის, თუ როგორ ინიშნებიან მოსამართლეები, როგორ ხდება მათი დაწინაურება და სხვა სასამართლოში გადაყვანა, რა ოდენობის დანამატებს იღებენ მოსამართლეები, როგორ იხარჯება სასამართლო ხელისუფლების ბიუჯეტი და სხვ.
2023 წელს საქართველოს სასამართლო გუშაგის კვლევით - „სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი“ - სასამართლოს გამჭვირვალობა 23%-ით შეფასდა, რაც სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე მიუთითებს. ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირდა შემდეგი სახის პრობლემები:
წინამდებარე სტატიაში თავდაპირველად მოკლედ წარმოვადგენთ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს სასამართლოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ხოლო შემდგომ მიმოვიხილავთ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს გამჭვირვალობის თვალსაზრისით.
ევროკომისიის 9 ნაბიჯით განსაზღვრული იყო ის რეფორმები, რომლები მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით უნდა გატარებულიყო. გარდა ამისა, 2022 წელს ევროკომისიის 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთი სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა იყო, რის საფუძველზეც ცვლილებები შევიდა კანონში.
გარდა ამისა, ევროკომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდას ვენეციის კომისიის და ODIHR-ის რეკომენდაციების საფუძველზე. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, 2023 წლის 9 ოქტომბრის დასკვნა ყურადღებას ამახვილებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კეთილსინდისიერების მუდმივ პრობლემებზე, გავლენის მოხდენის მიზნით პრაქტიკაში არაფორმალური არხების გამოყენებაზე და კლანური წესებით გადაწყვეტილებების დახურულად მიღებაზე, რაც ეწინააღმდეგება იუსტიციის საბჭოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს. ანგარიშში აგრეთვე ხაზგასმულია, რომ სასამართლოს გამჭვირვალობის გაუმჯობესების მხრივ საჭიროა გრძელვადიანი ძალისხმევა.
სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის პრობლემაზე ყურადღებაა გამახვილებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ანგარიშში, რომელშიც საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის ნაკლებობაზე. აგრეთვე, ანგარიშში ასახულია ის პრობლემები, რომლებიც მოსამართლეების დანიშვნასა და გადაწყვეტილების საჯაროობას ეხება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაციის საჯაროობის მხრივ განსაკუთრებით პრობლემურია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც საჯარო ინფორმაციას თითქმის არ გასცემს. გარდა ამისა, საბჭოს მიერ ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა, თარიღდება 2023 წლის 2 ივნისით. ამასთანავე, საბჭოს სხდომის ფარგლებში მისაღები დადგენილებების პროექტები თითქმის არ ქვეყნდება ვებგვერდზე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თითქმის 1 წლის განმავლობაში არ გამოუქვეყნებია საბჭოს სხდომის ოქმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დასწრება იყო ერთადერთი გზა, რომლითაც დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება შეეძლოთ, თუმცა საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2024 წლის 25 მარტიდან აღნიშნულ შესაძლებლობასაც უზღუდავს.
უფრო მეტიც, 2024 ივლისი-აგვისტოს პერიოდში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საჯარო სხდომები დაიხურა. სექტემბრიდან რიგ შემთხვევებში მისცეს შესაძლებლობა დამკვირვებლებს, რომ სხდომის ტრანსლირებისთვის ადგილზე (საბჭოს მოსაცდელ დარბაზში) ედევნებინათ თვალი, თუმცა ტექნიკური ხარვეზებით.
ღია სასამართლო სხდომაზე მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი მისი მიღებისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი წესით, ხოლო სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი მისი მიღების შემდეგ სათანადო ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან სასამართლო ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება, გამოაქვეყნოს სასამართლოს ღია სხდომაზე მიღებული აქტები.
საკანონმდებლო ცვლილების მიუხედავად, სასამართლო გადაწყვეტილებებს მხოლოდ უზენაესი სასამართლო აქვეყნებს, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები შესაბამის ვებგვერდზე – ecd.court.ge – 2020 წლის 30 აპრილიდან დღემდე ხელმისაწვდომი არ არის.
სასამართლოების მხრიდან გადაწყვეტილების გასაჯაროება მხოლოდ შესაბამისი საჩივრის წარდგენის შემდგომ ხდება (თუმცა – არა ყველა სასამართლოს შემთხვევაში). ამავდროულად, სასამართლო სისტემას დღემდე არ შეუმუშავებია ერთიანი სტანდარტი, რომლითაც უნდა მოწესრიგდეს სასამართლო აქტებისა და მათში მითითებული პერსონალური მონაცემების საჯაროობის საკითხი.
სასამართლო სისტემის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი წყარო სასამართლოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშებია. თუმცა, სასამართლო ხელისუფლება, კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად, ანგარიშებს რეგულარულად არ აქვეყნებს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი:
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ანგარიშს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით.“
აღნიშნული მიდგომები გვაფიქრებინებს, რომ სასამართლო ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს მიჩქმალოს ინფორმაცია სასამართლოში განვითარებული პროცესების შესახებ, ვინაიდან ის რეგულარულად არღვევს კანონს და არ ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს, რომლის მხედველობაში მიღება და ნდობაზე დაფუძნებული მმართველობის დანერგვა სისტემის ინტერესებში უნდა შედიოდეს.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.