საქართველოს სასამართლოების ვებგვერდები, როგორც სასამართლოს სახე

17.11.2023

თანამდებობითვის ბრძოლისა და გავლენების გაძლიერების ფონზე უკანა პლანზე იწევს ინდივიდის საჭიროებებზე ორიენტირებული სასამართლოს როლი. როდესაც სასამართლოში მაღალი თანამდებობის პირები მათივე წრის გაძლიერებას ემსახურებიან,  სისტემისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს მოქალაქისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება. ამის ერთ-ერთი მაგალითია სასამართლოების ვებგვერდები, რომლის მიზანიც, როგორც წესი, ინდივიდებისთვის საბაზისო ინფორმაციის მიწოდება უნდა იყოს, თუმცა სასამართლოების ვებგვერდები ამ მახასიათებლით ნამდვილად არ გამოირჩევა. პარალელურად აღსანიშნავია ის, რომ ვებგვერდთა გაუმჯობესება არ საჭიროებს რაიმე სახის საკანონმდებლო და მასშტაბურ რეფორმებს.
სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა სასამართლოს სერვისის ხელმისაწვდომობა (ECtHR, Golder v. the United Kingdom, 21/02/1975) - მათ შორის, ციფრულ სივრცეში, რამდენადაც ციფრული ხელმისაწვდომობა და ტექნოლოგიების განვითარება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. საქართველოს სასამართლოების ვებგვერდებზე ისეთი საბაზისო ინფორმაციის სრულყოფილი სახით პოვნაც კი შეუძლებელია, როგორიცაა: სასამართლოს განსჯადობა, სასამართლოს ფორმები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ბაჟის განაკვეთები, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების/გასაჩივრების წესი და ა.შ. მეტი სიცხადისთვის აღნიშნულ პრობლემებს, შესაბამისი თემატიკის გათვალისწინებით, დეტალურად მიმოვიხილავ.

კონტენტის აღქმადობა, ოპერატიულობა, სიცხადე, სიძლიერე
  • საქართველოს სასამართლოების ვებგვერდების უმეტესობა საკმაოდ ძველია, 2010 წლით თარიღდება, რაც განაპირობებს კონტენტის აღქმის პრობლემას. ხშირად ვებგვერდებზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემების აღქმა რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ ვებგვერდს არ აქვს სათანადო ფუნქციები.
  • ოპერატიულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ხშირად ვებგვერდზე მითითებული ბმული რთულად ან საერთოდ არ იხსნება. აგრეთვე, არის შემთხვევები, როდესაც ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია საკმაოდ ძველია. სიახლეების ველში თითქმის არ არის მოცემული განახლებული ინფორმაცია სასამართლოში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
  • სიცხადის კომპონენტთან დაკავშირებით ძირითადი ხარვეზია ის, რომ ვებგვერდზე ნავიგაცია და საჭირო ინფორმაციის მიღება მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია, რადგან ხშირად ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდის იმ ველში, რომელიც შინაარსობრივად კონკრეტული ტიპის ინფორმაციას არ უკავშირდება.
  • სიძლიერესთან დაკავშირებით სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული საჭირო ინფორმაცია უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ კანონის ენით არის გადმოცემული, რაც შეიძლება, არაიურისტისთვის რთულად გასაგები იყოს. ამავდროულად, სასამართლოს ვებგვერდების თითქმის არცერთი ველი არ არის ნათარგმნი სხვა ენაზე, რაც საჭიროების შემთხვევაში არაქართულენოვან ადამიანს ურთულებს შესაბამისი ინფორმაციის მიღებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხმოვანი რეჟიმის ფუნქცია აქვს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს, თუმცა აღნიშნული ხმოვანი რეჟიმის მოსმენა საკმაოდ რთული და მოუხერხებელია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირისთვის. გარდა ამისა, საერთო სასამართლოების არცერთი ვებგვერდი, გარდა თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებისა, არ არის გათვლილი მობილურ ვერსიაზე, რაც მომხმარებლისთვის ტელეფონით ნავიგაციას ართულებს.

სასამართლოს განსჯადობა

სასამართლოების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია განსჯადობასთან დაკავშირებით უმეტესად არასრულია. კერძოდ, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ თითქმის არცერთ სასამართლოს ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ თუ, კონკრეტული სამართლებრივი დავა (საგნობრივი განსჯადობის თვალსაზრისით) რომელი სასამართლოს განსჯადი შეიძლება იყოს.

სასამართლოს ადგილმდებარეობ

სასამართლოების ვებგვერდებზე განთავსებულია სასამართლოების მისამართები, თუმცა არ დევს ინფორმაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ, რომლითაც მოქალაქე კონკრეტულ სასამართლომდე მისვლას შეძლებს.

საბაზისო ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის ვიდრე სასამართლოს მიმართავს

სასამართლოსადმი მიმართვამდე მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ წინასწარ იცოდეს, თუ რა წესების დაცვა, ფორმების წარდგენა და პროცედურული საკითხების გავლაა საჭირო. აგრეთვე, საჭიროა, რომ მისთვის ხელმისაწვდომი იყოს სასამართლო პრაქტიკა, რათა პროცესის დაწყებამდე ჰქონდეს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ წყდება მსგავსი კატეგორიის დავები/საქმეები. ამ თვალსაზრისით საქართველოს საერთო სასამართლოების ვებგვერდებზე რამდენიმე ტიპის პრობლემა გამოიკვეთა:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სასამართლოს ფორმები ყველა სასამართლოს ვებგვერდზე არ არის განთავსებული. ვებგვერდების ნაწილზე ფორმები ხელმისაწვდომია ბმულების სახით, ბმულზე გადასვლის შემდგომ კი შესაძლებელია შესაბამისი ფორმის word-ის ფორმატში ჩამოტვირთვა. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ბმული არ ფუნქციონირებს, სასამართლოს ვებგვერდზე ყველა ფორმა არ იძებნება სრული სახით ან განთავსებულია არარელევანტურ განყოფილებაში;
  • სასამართლოების ვებგვერდზე პროაქტიულად არ ქვეყნდება სასამართლოს გადაწყვეტილებები (გამონაკლისს ამ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს) ან რამე სახის ინფორმაცია, რაც მომხმარებელს, შესაბამისი დავის კატეგორიის მიხედვით, იურისტის დახმარების გარეშე, გაუმარტივებდა საქმის წარმოებას;
  • სახელმწიფო ბაჟის განაკვეთების და გამოთვლის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების კუთხით ძირითადად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სასამართლოებს განთავსებული აქვთ იმ გვერდის ბმული, რომელიც 2010 წელს შეიქმნა და არ განახლებულა;
  • სასამართლოების ვებგვერდებზე მომხმარებლისთვის გასაგები ენით არ არის განთავსებული ინფორმაცია სასამართლოს ხარჯებისგან გათავისუფლების, შემცირების, გადავადების და მხარეთა შორის მათი განაწილების შესახებ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულია მხოლოდ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • არცერთი სასამართლოს ვებგვერდზე არ არის განთავსებული ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების და აღსრულების გზების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესისა და აღსრულების გზების შესახებ განთავსებულია საინფორმაციო ბროშურა, რომელიც თარიღდება 2008 წლით და არ შეესაბამება სამართლებრივი აქტების მოქმედ რედაქციებს.


საინტერესოა სტადარტებისა და სხვა ქვეყნების მაგალითების მიმოხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ინფორმაციას უნდა მოიცავდეს სასამართლოების ვებგვერდი, რათა მომხმარებელმა, დროის რესურსის დაზოგვასთან ერთად, შეძლოს მისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება.

სტანდარტები და სხვა ქვეყნების გამოცდილება

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის სახელმძღვანელო დოკუმენტი (2016 წ) მოიცავს მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.

სასამართლოს შენობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით CEPEJ აღნიშნავს, რომ „საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მივიდეს სასამართლოს შენობასთან. ამისთვის დამხმარე საშუალებაა სასამართლოს ვებგვერდი, თუკი იქ გამოქვეყნებულია ინფორმაცია სასამართლოს შენობის ადგილმდებარეობაზე, შენობის მიმართულებით მოძრავ საჯარო ტრანსპორტზე, მუშაობის საათებზე, სასამართლო ოთახებზე, სასამართლო სხდომებზე და ა.შ.“
მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ: „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შექმნილი მრავალი საინფორმაციო ვებგვერდის უპირველესი მიზანია, ნებისმიერი დავის ან სასამართლო პროცესის დაწყებამდე მიაწოდოს მოქალაქეებს საბაზისო დონის ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის სახლიდან გაუსვლელად და გასაგებ ენაზე, რაც ამასთანავე უზრუნველყოფს მათ ინფორმირებულობას საკუთარი უფლებებისა და პროცედურული ეტაპების შესახებ.“
გარდა ამისა, ევროკავშირის დირექტივაში (2016/2102) საჯარო სექტორის ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების ხელმისაწვდომობის შესახებ მითითებულია, რომ ვებგვერდები უნდა აკმაყოფილებდეს შემდგომ ოთხ პრინციპს:
  • აღქმადობა - ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია და ინტერფეისი მარტივად გასაგები და გამოსაყენებელი უნდა იყოს მომხმარებლისთვის;
  • ოპერატიულობა - ინტერფეისი და ნავიგაცია უხარვეზოდ უნდა ფუნქციონირებდეს;
  • სიცხადე - ინფორმაცია და ინტერფეისის ფუნქციონირება გასაგები უნდა იყოს მომხმარებლისთვის;
  • სიძლიერე/სტაბილურობა - კონტენტი უნდა იყოს საკმარისად ხარისხიანი, რათა საიმედოდ/გასაგებად/სწორად იყოს
ინტერპრეტირებული მომხმარებლის ფართო სპექტრის მიერ, დამხმარე ტექნოლოგიების ჩათვლით.
დირექტივის მიხედვით, ვებგვერდის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად აგრეთვე მნიშვნელოვანია შემდგომი მახასიათებლების დაცვა:
  • მარტივი ენა;
  • ვიდეოგანმარტებები;
  • ფერების და კონტრასტის რეგულირება;
  • შრიფტის ზომის რეგულირება;
  • ალტერნატიული ვერსიები ნაცრისფერში და/ან მუქ ტონალობაში;
  • ტექსტის ნახვა სურათების გარეშე.

ნიდერლანდების სამეფო

ნიდერლანდების სამეფოს სასამართლოების ვებგვერდი მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი ინსტანციის სასამართლო სად მდებარეობს. ვებგვერდზე, აგრეთვე, ხელმისაწვდომია ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პროცედურულ საკითხებსა და წესებს უკავშირდება საქმის წარმოება შესაბამისი სასამართლო დარგის მიხედვით. აღნიშნული საკითხები მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ინსტანციაში საქმის წარმოების, სასამართლო ხარჯების, სასამართლო პრაქტიკისა და მედიტაციის შესაძლებლობების შესახებ. სასამართლოების ჩამონათვალიდან ხდება გადამისამართება შესაბამისი სასამართლოს ვებგვერდზე. 
სასამართლოების ვებგვერდის საწყის გვერდზე მომხმარებელი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად მდებარეობს სასამართლო, როგორ დაუკავშირდეს, როდის არის სამუშაო საათები და რა ტიპის საქმეები მიეკუთვნება კონკრეტული სასამართლოს განსჯად საქმეებს. ვებგვერდზე, აგრეთვე, ხელმისაწვდომია შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილებები თარიღების მიხედვით - როგორც მიმოხილვის, ისე დეტალური ინფორმაციის სახით. 
სასამართლოების ვებგვერდზე აგრეთვე ვხვდებით შემდეგი სახის გრაფებს:

  • ვიზიტორებისთვის საჭირო ინფორმაცია;
  • სასამართლო პროცესზე დასწრება;
  • სასამართლო სხდომები;
  • წესები და პროცედურები;
  • გახმაურებული საქმეები.
ვებგვერდი მომხმარებლის სტატუსის გათვალისწინებით აგენერირებს სასამართლო ფორმებს. ამის მიხედვით გამოყოფს სამი ტიპის მომხმარებელს: მოქალაქე, ორგანიზაცია და იურისტი. შესაბამისი გრაფის მონიშვნისას მომხმარებელს უწევს საიდენტიფიკაციო პროცედურის გავლა, რის შემდგომაც ონლაინრეჟიმში შეუძლია შეავსოს მისთვის სასურველი სასამართლო ფორმა.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ისიც, რომ სერვისის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, სასამართლო მომხმარებელს სთავაზობს მობილურ აპლიკაციას სასამართლო ფორმების შესავსებად, რაც კიდევ უფრო ამარტივებს აღნიშნულ პროცესს.

გაერთიანებული სამეფო


გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო ვებგვერდის განყოფილება „სასამართლოები, ტრიბუნალები და სააპელაციო სასამართლოები“ მოიცავს სხვადასხვა საინფორმაციო ველს, რომლებიც აერთიანებს შემდგომი ტიპის თემატიკას:
  • როგორ უნდა მივიდეს მოქალაქე სასამართლოში; რა გზა უნდა გაიაროს პირმა ჩვენების მისაცემად; აგრეთვე, ვებგვერდზე განთავსებულია ბმული, რომელიც მომხმარებელს სრულ ინფორმაციას აწვდის ნაფიც მსაჯულთა მუშაობის შესახებ;
    ინფორმაცია სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით;
  • რა პროცედურების გავლა არის საჭირო, როდესაც პირს არ ჰყავს იურისტი;
    ინფორმაცია ტრიბუნალების შესახებ (განიხილავენ ძირითადად ადმინისტრაციული საქმეებს), თუ რა კრიტერიუმების დაცვით უნდა წარადგინოს პირმა საჩივარი ან განცხადება შესაბამის ტრიბუნალში. აღნიშნული ველი, აგრეთვე, მოიცავს ინფორმაციას ტრიბუნალთა შესაბამის სასამართლო პრაქტიკაზე, რასაც შეიძლება მომხმარებლისთვის სასამართლო საქმის წარმოებისას გარკვეული დატვირთვა ჰქონდეს;
  • გასაჩივრებასთან დაკავშირებულ წესები, რომლებიც ითვალისწინებს შესაბამისი სასამართლოს/ტრიბუნალის გადაწყვეტილების სპეციფიკას;
  • საქმის სამართლებრივი გზებით მოგვარების ხერხებს, როდესაც პირს ჰყავს მევალე;

ინფორმაცია იმ შემთხვევისთვის, როდესაც პირი უჩივის ადვოკატს, მოსამართლეს, მაგისტრატ მოსამართლეს ან ტრიბუნალის წევრს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ვებგვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დააფიქსიროს თავისი აზრი, თუ რამდენად ეფექტიანი/სასარგებლოა ის კონკრეტული ვებგვერდი, რომლითაც სარგებლობს. ამასთანვე, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დეტალურად აღწეროს პრობლემა, რომელიც ვებგვერდზე შეექმნა.

სასამართლოს სერვისის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა სასამართლომ/ტრიბუნალმა უნდა განხილოს მისი დავა. გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო ვებგვერდი საშუალებას აძლევს მოქალაქეს, თავისი საჭიროებიდან გამომდინარე, წინასწარ განსაზღვროს, თუ რომელი ტრიბუნალი ან სასამართლო განიხილავს მის საქმეს.

ვებგვერდი მაქსიმალურად ორიენტირებულია იმაზე, რომ მოერგოს მოქალაქის ცოდნის დონეს და ამის მიხედვით მიაწოდოს ინფორმაცია. პირველი შეკითხვა, რომელზეც მოქალაქემ პასუხი უნდა მონიშნოს, უკავშირდება იმას, იცის თუ არა მან იმ სასამართლოს ან ტრიბუნალის სახელი, რომელმაც მისი საქმე უნდა განიხილოს. სავარაუდო პასუხები, აგრეთვე, ითვალისწინებს მოქალაქის ინტერესს იმ შემთხვევაში, თუ მას სურს, დავა განიხილოს იმ სასამართლომ/ტრიბუნალმა, რომელიც მასთან ტერიტორიულად ყველაზე ახლოსაა. შემდეგი კითხვები ეხება იმას, თუ რისთვის სჭირდება მოქალაქეს სასამართლოს სერვისის გამოყენება; რა საკითხთან დაკავშირებით სჭირდება მეტი ინფორმაცია. შესაბამისი გრაფის მონიშვნის შემდგომ შეკითხვები დამაზუსტებელი ხასიათისაა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქისთვის პრიორიტეტულია, რომ საქმე მის საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სასამართლომ/ტრიბუნალმა განიხილოს, საფოსტო ინდექსის შეყვანის შემდეგ ვებგვერდი, შესაბამისი მანძილის მითითებით, გვაწვდის იმ სასამართლოების/ტრიბუნალების სიას, რომლებიც საკითხით დაინტერესებული პირის საქმეს განიხილავენ.

სასურველი სასამართლოს არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • სასამართლოს ადგილმდებარეობა - განთავსებულია ლოკაციის შესაბამისი ბმული, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია სასამართლომდე მისასვლელი საზოგადოებრივ ტრანსპორტის გრაფიკის შესახებ;
  • საკონტაქტო ინფორმაცია - დავის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამის სასამართლო განყოფილებასთან კონტაქტის საშუალებას იძლევა;
  • ინფორმაცია შენობის ხელმისაწვდომობაზე - აღწერილია პარკინგის პირობები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის არსებული ინფრასტრუქტურა;
  • ინფორმაციას იმის შესახებ, არის თუ არა ბავშვთა ოთახი, სამლოცველო სივრცე, ოთახი, რომელიც უსადენო ინტერნეტით არის უზრუნველყოფილი და ა.შ.
  • მნიშვნელოვანი აღინიშნოს ისიც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, მითითებულია ცალკე საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
  • სათარჯიმნო/მთარგმნელობით მომსახურებასთან დაკავშირებით მითითებულია ბმული, რომელიც მომხმარებელს მისთვის საჭირო ინფორმაციას აწვდის.

ამერიკის შეერთებულის შტატები

ამერიკის შეერთებული შტატებში სასამართლოების ვებგვერდი მომხმარებელს, რომელსაც სურს სასამართლოში საქმის წარმოება, აწვდის ყველა სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც მოიცავს სასამართლო ფორმებს, სამართლებრივ დახმარებას, გადასახადებს, სათარჯიმნო მომსახურებას და ა.შ. 
ვებგვერდს, აგრეთვე, აქვს ფუნქცია, რომელიც მოქალაქეს აძლევს საშუალებას, საფოსტო კოდის მითითებით იპოვოს მასთან ყველაზე ახლოს მდებარე სასამართლო და დაგეგმოს შესაბამისი მარშრუტი სასამართლოში მისასვლელად. 


აშშ-ს სასამართლოების ვებგვერდს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის ფართო საზოგადოებისთვის. კერძოდ, ვებგვერდზე ცალკე გამოყოფილი ველის მეშვეობით მოქალაქეს შეუძლია, მოისმინოს სრული ინფორმაცია, რასაც კონკრეტული გვერდი მოიცავს. ამასთანავე, აღნიშნული ველი იძლევა საშუალებას, რომ მთლიანი გვერდი ნებისმიერ ენაზე ითარგმნოს.აშშ-ს სასამართლოების ვებგვერდი ზრდის სასამართლო გამჭვირვალობის სტანდარტს იმით, რომ აქვეყნებს სასამართლო საქმეების ჩანაწერებს, სტატისტიკურ მონაცემებსა და ინფორმაციას მოსამართლეების ვაკანსიებთან დაკავშირებით. ვინაიდან ამერიკა დიდი ქვეყანაა და, ამავდროულად, ფედერალური სისტემის თავისებურებით გამოირჩევა, საინტერესოა ცალკეული შტატის სასამართლოების ვებგვერდების ინფორმაციულობის ხარისხის კვლევა. ამ მიზნით სტატიაში განხილული იქნება მიჩიგანის შტატის სასამართლოების ვებგვერდი. 

მიჩიგანის შტატი

მიჩიგანის შტატში შემუშავებულია დოკუმენტი ,,მიჩიგანის სასამართლოს სტანდარტები და გაიდლაინები ვებსაიტებისა და სოციალური მედიისთვის“. დოკუმენტის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ მიჩიგანის სასამართლოს ვებგვერდი შესაბამისობაში იყოს შემდგომ ძირითად ასპექტებთან:
  • ხელმისაწვდომობა - აღნიშნული მოიცავს შშმ პირებისთვის ვებგვერდის ხელმისაწვდომობის კომპონენტსაც;
  • ხარისხი - უკავშირდება გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეს, პროცედურებისა და სასამართლო სერვისის შესახებ სრული ინფორმაციის განთავსებას;
  • გამჭვირვალობა - გულისხმობს სასამართლოს მუშაობის შესახებ ინფორმაციის განთავსებას, რაც მოიაზრებს სხდომის ოქმების, გადაწყვეტილებებისა და მოსაზრებების ონლაინ ხელმისაწვდომობას;
  • ბრენდისა და დიზაინის შესაბამისობა - ხილვადობისა და ნდობის ხარისხის გასაზრდელად მნიშვნელოვანია სასამართლოს ვებგვერდის ვიზუალი და ლოგოს დიზაინი უნდა იყოს ჰარმონიული სასამართლოს ბრენდთან და შესრულებული პროფესიონალურად.
  • მობილურ ვერსიაზე მორგება - სასამართლოს ვებგვერდზე წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი ზომის ეკრანიდან;
  • მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ნავიგაცია - ითვალისწინებს ვიზიტორების მიერ საჭირო ინფორმაციის ადვილად პოვნას;
  • ეთიკისა და სამართლებრივი წესების დაცვა - მოიაზრებს კონფიდენციალურობის წესების გათვალისწინებას;
  • ტრენინგები და სწავლება - სასამართლოებმა უნდა იზრუნონ ვებგვერდის მართვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვებგვერდის გაიდლაინებთან შესაბამისობა.
რაც შეეხება უშუალოდ მიჩიგანის სასამართლოების ვებგვერდს, აღნიშნული სტანდარტების გათვალისწინების პარალელურად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ვებგვერდს აქვს შესაძლებლობა, დაინტერესებულმა პირმა პირდაპირ რეჟიმში თვალი ადევნოს სასურველ სასამართლო პროცესს, რაც სასამართლოს გამჭვირვალების ხარისხს საგრძნობლად ზრდის. 
ვებგვერდზე ასევე განთავსებულია ვიდეოინსტრუქცია, რომელიც მოქალაქეს უმარტივებს სასამართლო ფორმის ონლაინ შევსებას. მიჩიგანის, ისევე როგორც ნიდერლანდების სამეფოს სასამართლოს ვებგვერდი ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, თუ რა ტიპის სასამართლოების იურისდიქცია რა ტიპის დავებზე და როგორ ვრცელდება.

ვებგვერდი, აგრეთვე, შესაძლებლობას იძლევა, რომ მოქალაქემ მიჩიგანის სასამართლო სისტემაში მიმდინარე სიახლეების შესახებ პროაქტიულად მიიღოს ინფორმაცია საკუთარ ელფოსტაზე.

მიჩიგანის სასამართლოს ვებგვერდზე, აგრეთვე, ვხდებით ინფორმაციას სამართლებრივ სემინარებზე, რომლებზე დასწრებაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

ზემოთ განხილული მაგალითებისა თუ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, ის რომ საქართველოს საერთო სასამართლოების ვებგვერდები არ აკმაყოფილებს ვებგვერდის ინფორმაციულობის ხარისხით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმ ქვეყნების სასამართლო ვებგვერდების მსგავსი მოდელების დანერგვა, რომლებიც მომხმარებლისთვის სასამართლოს სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს და აღქმადს ხდის.


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ავტორი: ანა ჩიქოვანი