იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიახლეები - 2025 წლის იანვარში

04.04.2025

2025 წლის იანვარში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 6-ჯერ ჩაინიშნა – 15, 17, 20, 24, 29 და 31 იანვარს , თუმცა „საქართველოს სასამართლო გუშაგის“ წარმომადგენლებს სხდომებზე დასწრების საშუალება. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომებს ატარებს, თუმცა ამის შესახებ არ ატყობინებს მომლოდინე დამკვირვებლებს.  

შესაბამისად, სტატიაში მიმოვიხილავთ აღნიშნულ თვეში საბჭოს მიერ განსახილველ საკითხებს, დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ კონკრეტულ შემთხვევებსა და საბჭოს ვებგვერდის მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას. 

8 იანვარი, 2025

8 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად (ვაკანტური 2024 წლის 30 დეკემბრიდან) პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების განცხადებების მიღების დაწყების შესახებ. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეგისტრაცია მიმდინარეობდა 2025 წლის 8 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით. 

10 იანვარი, 2025 

10 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნდა დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდა:

  • დადგენილების დანართი 5-ით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილების დანართი 2)“;
  • „დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილების დანართი 3)“

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდზე 10 იანვარს, აგრეთვე, განთავსდა ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად (ვაკანტური 2025 წლის 1 სექტემბრიდან) პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების განცხადებების მიღების შესახებ. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეგისტრაცია მიმდინარეობდა 2025 წლის 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით.  

11 იანვარი, 2025

11 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით, ცვლილებები შევიდა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაში. კერძოდ, დადგენილების პროექტის მიხედვით:  

„თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვრა 159 მოსამართლით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს: ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 63 მოსამართლით; ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 39 მოსამართლით; გ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 36 მოსამართლით; დ) საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში – 21 მოსამართლით“. 

 15 იანვარი, 2025

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დაინიშნა 17:00 საათზე, დაიწყო, დაახლოებით, 18:00 საათისკენ, თუმცა ზუსტად როდის, უცნობია, რადგან მანდატურებმა სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, თითქოს სხდომა ჯერ არ იყო დაწყებული.   

ისევე როგორც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, 2025 წლის პირველი სხდომის შემთხვევაშიც, ყოველგვარი განმარტების გარეშე, სასამართლოს გუშაგის დამკვირვებელი არ შეუშვეს საბჭოს შენობაში, მოსაცდელ სივრცეშიც კი.  სხდომის დანიშვნიდან, დაახლოებით, ნახევარ საათში საბჭოს შენობაში ორი პირი შევიდა (დიდი ალბათობით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ან სხვა რომელიმე უწყების წარმომადგენლები) და, დაახლოებით, 18:00 საათზე დატოვეს შენობა . მანდატურებისგან განსხვავებით, მათ სწორი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელს, კერძოდ, თქვეს, რომ ესწრებოდნენ საბჭოს სხდომას, რომელიც მთელი ეს პერიოდი მიმდინარეობდა და უკვე დასრულდა.  

სხდომის დასრულების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელს მანდატურის სამსახურმა განუცხადა, რომ სხდომის დაწყების შესახებ დამკვირვებელს ვერ შეატყობინეს, რადგან სხდომა მალევე დამთავრდა და დამკვირვებელი შესვლას მაინც ვერ მოასწრებდა.  

სხდომის დაწყების შესახებ ინფორმაცია ვერც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცხელი ხაზით მივიღეთ. 

ამდენად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი თავმჯდომარის პირობებშიც სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის საბჭოს კარი ისევ დაკეტილია, ინფორმაცია კი – ისევ დამალული.

დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო:

  • ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ; 
  • ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;
  • საორგანიზაციო საკითხები. 

17 იანვარი, 2025

საბჭო 17 იანვარს ჩაინიშნა 15:00 საათზე. თუმცა,  საბჭოს მანდატურის განმარტებით სხდომა გადაიდო და აღნიშნულ დღეს არ ჩატარდებოდა.

დღის წესრიგის მიხედვით სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო:

  • ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  • ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;
  • საორგანიზაციო საკითხები. 

  20 იანვარი, 2025 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დაინიშნა 15:00 საათზე. სასამართლო გუშაგის წარმომადგენელი შენობის გარეთ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იცდიდა, თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მაინც უცნობი დარჩა, სხდომა ჩატარდა თუ არა დღის წესრიგში მითითებულ დროს.

დღის წესრიგის მიხედვით სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო:

  • ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  • ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;
  • საორგანიზაციო საკითხები.

24 იანვარი, 2025

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დაინიშნა 15:00 საათზე, თუმცა გადაიდო 17:00 საათისთვის. სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელი შენობის გარეთ ერთი საათის განმავლობაში უცდიდა სხდომას, რომელიც, ბოლო ინფორმაციით , 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მანდატურის განმარტებით, დამკვირვებელს სხდომის დაწყების შესახებ შეატყობინებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა – დაახლოებით, 18:00 საათზე ორგანიზაციის წარმომადგენელს მანდატურმა აცნობა, რომ სხდომა დასრულდა. მანდატურის განმარტებით, პირადად მან სხდომის დაწყების შესახებ ორგანიზაციის დამკვირვებელს არ აცნობა, რადგან კონკრეტულად მას არ უთქვამს ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის, რომ სხდომის დაწყების შესახებ შეატყობინებდა. აღნიშნულ პირს ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მართლაც არ მიუცია პირობა, რომ სხდომის დაწყებას შეატყობინებდა, აღნიშნულზე სხვა მანდატურმა მიუთითა, რომელიც სხდომის დასრულების შემდგომ მისაღები ოთახიდანაც კი გაქრა. თუმცა, მანდატურმა რომელმაც პასუხისმგებლობა მოიხსნა, ნამდვილად იცოდა ის ფაქტი, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელი სხდომის დაწყებას ელოდებოდა. 

დღის წესრიგის მიხედვით სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო:

  • ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  • ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;
  • საორგანიზაციო საკითხები.

29, 31 იანვარი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომა 29 იანვარს 15:00 საათზე, ხოლო 31 იანვარს 17:00 საათზე ჩაინიშნა. ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომებს ფარულად ატარებს, უცნობია, ჩატარდა თუ არა სხდომა დღის წესრიგში მითითებულ დროს და რეალურად რა საკითხები განიხილა საბჭომ. 

დღის წესრიგის მიხედვით სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო:

  • ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  • ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;
  • საორგანიზაციო საკითხები.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.