რა საკითხები განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნოემბერში

04.12.2023
2023 წლის ნოემბრის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 4-ჯერ დაინიშნა: აქედან ჩატარდა 3- ჯერ (სხდომები დაიწყო 2 საათამდე დაგვიანებით); გადაიდო ერთხელ.

ძირითადი მიგნებები

  • 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი 26 მოსამართლე, რომლებსაც გამოსაცდელი ვადა ეწურებოდათ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა. უარი ეთქვა მხოლოდ ნინო გიორგაძეს, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლ დეკემბრამდე ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო (იხ.: „სასამართლოს გუშაგი” დასჯად აფასებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას - 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ ნინო გიორგაძეს სამოსამართლო საქმიანობა შეუწყდა); 
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობით (15 წევრით) ახორციელებს საქმიანობას;
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომების გადადების შესახებ;
  • სხდომების გამართვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე ან იმავე დღეს, ნაცვლად 3 სამუშაო დღისა. 

1 ნოემბერი, 2023

თავდაპირველად სხდომა 31 ოქტომბერს დაინიშნა, თუმცა საბოლოოდ, გადადების შემდეგ 1 ნოემბერს ჩატარდა.
სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 2 საათი და 18 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე.

დღის წესრიგი : 

  1. ზოგიერთი მოსამართლის საწვავით უზრუნველყოფის თაობაზე;
  2. კანონპროექტი - „ამნისტიის შესახებ“;
  3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის წერილი;
  4. ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე;
  5. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  6. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • პირველი საკითხი შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნონა ზარქუას წერილს, რომლის თანახმადაც მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის მცხეთა და ყოველდღიურად უწევს მგზავრობა (თბილისი-მცხეთა-თბილისი მიმართულებით). წერილის თანახმად მოსამართლე ითხოვდა საწვავით უზრუნველყოფას. აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო დამატებითი დეტალების შესწავლის მიზნით.
  • დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი შეეხებოდა კანონპროექტს „ამნისტიის შესახებ“. კანონპროექტის ძირითადი დებულებების თანახმად, 2023 წლის პირველ სექტემბრამდე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დანაშაულებრივი გზით მოპოვებას ეხება. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის შემთხვევებს; ამნისტია არ ვრცელდება მოხელის, სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლებრივი პირებისა და არასამეწარმეო არაკომერციული პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე. აღნიშნული ამნისტია არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს და მისი გავრცელება დამოკიდებული იქნება თავად პირის მოთხოვნაზე. ეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით უკვე არის მიღებული. კანონპროექტთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შენიშვნები არ ჰქონიათ.
  • დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი შეეხებოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის წერილს, რომლის თანახმადაც მოთხოვნილი იყო სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, კანცელარიის და მოქალაქეთა მიმღები განყოფილების გამოყოფა/დამატება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილება შეიტანა ერთხმად.
  • დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე საკითხი შეეხებოდა ნინო გიორგაძის საჩივარს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზე. თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის სამართლებრივი აქტით, მოსამართლე ნინო გიორგაძეს უარი ეთქვა თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხის განხილვაზე, იმ მიზეზით, რომ მოსამართლის მიერ მოპოვებულმა ქულათა ჯამმა ვერ მიაღწია ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს. ნინო გიორგაძემ აღნიშნული აქტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი მოთხოვნა 1- ნოემბერს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო სხდომის მონაწილე საბჭოს ყველა (14-მა) წევრმა. აღსანიშნავია, რომ სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე.
  • დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-5 და მე-6 საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან.

3 ნოემბერი, 2023

სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 26 წუთი დაეთმო.
სხდომას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი.


დღის წესრიგი :

  1. კანონპროექტი - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  2. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წერილი;
  3. ზოგიერთი მოსამართლის საწვავით უზრუნველყოფის თაობაზე;
  4. ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე;
  5. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  6. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი, მეორე, მეხუთე და მეექვსე საკითხების განხილვა გადაიდო;
  • მესამე საკითხი შეეხებოდა ნონა ზარქუასთვის საწვავის გამოყოფის საკითხს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიმართა საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, იმისთვის რათა განესაზღვრა რა რაოდენობის საწვავი იყო საჭირო;
  • მეოთხე საკითხი შეეხებოდა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე კენჭისყრას, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დანიშნა უვადოდ 23 მოსამართლე, კერძოდ:
    1. ია ბარამიძე;
    2. ქეთევან ბერეკაშვილი;
    3. ირმა გოგალაძე;
    4. ნინო გოგატიშვილი;
    5. ირინა გოგოლაძე;
    6. თეონა ეპიტაშვილი;
    7. გვანცა ვარდანიძე;
    8. გრიგოლ ვატიტაძე;
    9. ვერიკო ზათიაშვილი;
    10. თეა თაყაძე;
    11. ქეთევან თხელიძე;
    12. ლაშა კლდიაშვილი;
    13. კონსტანტინე კოპალიანი;
    14. არჩილ კოჭლამაზაშვილი;
    15. ნათია მარშანია;
    16. ბაია ოტიაშვილი;
    17. გიზო უბილავა;
    18. ნინო შჩერბაკოვი;
    19. კობა ჩაგუნავა;
    20. გვანცა ჩიქოვანი;
    21. ლელა ცაგარეიშვილი;
    22. ირაკლი ხუსკივაძე;
    23. მიხეილ ჯინჯოლია  
    ხოლო, სამი მოსამართლის (მოსამართლეები: ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული)  დანიშვნაზე, რომლებიც 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში ახორციელებდნენ საქმიანობას – 2019 წლის 3 ივნისიდან და 3 წლის დასრულების შემდეგ გაუგრძელდათ უფლებამოსილების ვადა, ასევე დაინიშნნენ უვადოდ. 

14 ნოემბერი, 2023

სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 20 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე.


დღის წესრიგი : 

  1. კანონპროექტი - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  2. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წერილი;
  3. სსიპ - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წერილი;
  4. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  5. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • პირველი საკითხი შეეხებოდა კანონპროექტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს კანონპროექტი, შენიშვნები არ ჰქონიათ;
  • მეორე საკითხის ფარგლებში განიხილეს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წერილი. 
    საკითხი ეხებოდა გერბიანი ბეჭდის დასმას სასამართლოს განაჩენზე და არის თუ არა გერბიანი ბეჭდით დამოწმებული განაჩენი საბოლოო, რასაც მოჰყვა დისკუსია.
    ამ საკითხთან დაკავშირებით ნიკოლოზ მარსაგიშვილმა აღნიშნა, რომ „რადგან პრაქტიკა არის ასეთი, რომ განაჩენზე დაისმება გერბიანი ბეჭედი... ეს [გერბიანი ბეჭდის დასმა] თავისთავად არ ადასტურებს იმას, რომ სასამართლოს განაჩენი არის საბოლოო;
  • დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე და მეოთხე საკითხის განხილვა გადაიდო;
  • საორგანიზაციო საკითხები შეეხებოდა დანამატის განსაზღვრას, კერძოდ, კენჭისყრის შედეგად (14 მომხრე, 0 წინააღმდეგი) - პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებისთვის ნოემბრის თვის დანამატის სახით განისაზღვრა თანხა, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 30%-ის ოდენობით.
  • საორგანიზაციო საკითხების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გააჟღერა ინიციატივა: დეკემბრის თვეში მოსამართლეების შეკრების და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობასთან დაკავშირებით. უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმა მოიწონეს ეს ინიციატივა.


    -----
    courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.


ავტორი: მეგი შამათავა