მიუკერძოებლობის ცნება გულისხმობს ყველა იმ წინასწარგანწყობისა თუ პირადი დაინტერესების არარსებობას, რომელსაც შეუძლია, სამართალწარმოების შედეგზე გავლენა მოახდინოს...
(Kyprianou v. Cyprus [GC], 2005, §118; Micallef v. Malta [GC], 2009, §93).
სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხზე მსჯელობისას ევროპული სასამართლო შემდეგ ფაქტორებს გამოყოფს:
1. სუბიექტური ფაქტორი: მაგ. განსახილველ საქმეში კონკრეტული მოსამართლის მიერ პირადი ინტერესის საფუძველზე პირის მსჯავრდადების/გათავისუფლების მცდელობა.
2. ობიექტური ფაქტორი: საკმარისი გარანტიების არსებობა ან არარსებობა სასამართლოს/მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვის გამორიცხვის მიზნით (Kyprianou v. Cyprus [GC], 2005, §118; Piersack v. Belgium, 1982, §30; Grieves v. the United Kingdom [GC], 2003, §69; Morice v. France [GC], 2015, §73).
შეფასებას ხშირად ართულებს ის, რომ არ არსებობს წყალგამყოფი ამ ორ ფაქტორს შორის. შესაძლოა, მოსამართლის ქცევა, ერთი შეხედვით, არ იწვევდეს ეჭვს, მაგრამ სინამდვილეში ადგილი ჰქონდეს პირად ინტერესზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, როდესაც მსჯელობა ერთ-ერთი ან ორივე ტესტის (სუბიექტურის/ობიექტურის) ფარგლებში წარიმართება, სასამართლოს მიუკერძოებლობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (Kyprianou v. Cyprus [GC], 2005, §§119 and 121).
ევროპული სასამართლო განსაზღვრავს მოსამართლის „მიუკერძოებლობის პრეზუმფციას“. მოსამართლე მიუკერძოებლად მიიჩნევა მანამ, სანამ საპირისპირო ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ იქნება წარმოდგენილი. (Kyprianou v. Cyprus [GC], 2005, §119; Hauschildt v. Denmark, 1989, §47). შესაბამისად, მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის მიუკერძოებლობას.
მაგალითად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო (სისხლის სამართლის საქმეზე), ვერ მიიჩნევა მისი მიკერძოების დამადასტურებელ არგუმენტად (Khodorkovskiy and Lebedev v. Russia (no.2), 2020, §430).
გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლის მიკერძოებულობის სუბიექტური ფაქტორის დადგენა ძალიან რთულია, უმეტეს შემთხვევაში, ხდება ობიექტურ ფაქტორებზე ფოკუსირება (Kyprianou v. Cyprus [GC], 2005, §119; Morice v. France [GC], 2015, §75).
ობიექტური ტესტი, ძირითადად, ეხება იერარქიულ ან სხვაგვარ კავშირებს მოსამართლესა და სამართალწარმოებაში ჩართულ სხვა პირებს შორის (Micallef v. Malta [GC ) ], 2009, §97), ამიტომ, თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, არის თუ არა განსახილველი ურთიერთობა ისეთი ხასიათისა და ხარისხის, რომ მიუთითებდეს სასამართლოს მხრიდან მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე (Pullar v. the United Kingdom 1996, §38).
ევროპული სასამართლო ნათლად აცხადებს, რომ, პირველ რიგში, თავად მოსამართლეს აკისრია ვალდებულება, უარი თქვას კონკრეტული საქმის განხილვაზე, როგორც კი გამოვლინდება ისეთი საფუძველი, რომელიც საფრთხეს უქმნის მის მიუკერძოებლობას. თუმცა კანონი, ასევე, უნდა ითვალისწინებდეს მხარის შესაძლებლობას, ეჭვქვეშ დააყენოს მოსამართლის მიუკერძოებლობა (განაცხადოს აცილება) კონკრეტულ საქმესთან მიმართებით (Sigríður Elín Sigfúsdóttir v. Iceland, 2020, §35).
სასამართლო არსებითად მიიჩნევს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის ეროვნული პროცედურების არსებობას. მაგალითად, მოსამართლეთა აცილების საფუძვლებისა და მარეგულირებელი წესების დეტალურ განსაზღვრას კანონმდებლობით.
ევროპული სასამართლო განასხვავებს ორ შესაძლო შემთხვევას, როდესაც სასამართლოს მიკერძოების საკითხი შეიძლება წამოიჭრას (Kyprianou v. Cyprus [GC], 2005, §121):
1. ფუნქციონალური, რომელიც თავისი არსით მოიცავს შემთხვევებს, როდესაც ერთი და იგივე პირი სამართალწარმოების პროცესში ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას (მაგ. მოსამართლე იმავე დროს არის მოწმე, ექსპერტი და ა.შ.) ან რაიმე კავშირი (ნათესაური, მეგობრული ან სხვა) აქვს პროცესის სხვა მონაწილესთან.
2. პირადი ხასიათის, რომელიც მოცემულ საქმეში გამომდინარეობს მოსამართლის ქცევიდან, რაშიც მოსამართლის დამოკიდებულება თუ წინასწარ შექმნილი აზრი იგულისხმება.
ფუნქციონალური ხასიათის გარემოებები
მხოლოდ ის ფაქტი, რომ განსახილველ საქმეში არსებობს მოსამართლის წინასასამართლო გამოძიების ეტაპზე გამოტანილი გადაწყვეტილებები, მათ შორის, პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შესატანად. ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია გადაწყვეტილებათა დასაბუთების ხარისხი და ხასიათი (Fey v. Austria, 1993, §30; Sainte-Marie v. France, 1992, § 32; Nortier v. the Netherlands, 1993, §33).
მიუკერძოებლობის საკითხთან დაკავშირებით დროის ფაქტორს გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპული სასამართლო. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში (Dāvidsons and Savins v. Latvia, 2016, §57) სასამართლომ განაცხადა, რომ, როდესაც მიკერძოების საკითხი უკავშირდება მოსამართლის ადრინდელ მონაწილეობას სამართალწარმოებაში, თავდაპირველი მონაწილეობის შემდეგ ორი წლის გასვლა საკმარისი გარანტია არ არის ამ მოსამართლის მიუკერძოებლობისათვის.
ამის საპირისპიროდ კი პროფესიულ კარიერაში ცვლილება არ შეიძლება გახდეს მოსამართლის მიუკერძოებლობის მიმართ უნდობლობის საფუძველი: საქმეში „პაუნოვიჩი სერბეთის წინააღმდეგ“ სასამართლო ადგენს, რომ ის ფაქტი, რომ მოსამართლე ადრე პროკურატურის თანამშრომელი იყო, არ არის საკმარისი საფუძველი მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შესატანად (Paunović v. Serbia, 2019, §§ 38-43).
როდესაც საქმე ეხება საქმის განმხილველი მოსამართლის მონაწილეობას გამოძიების ეტაპზე, ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს მონაწილეობის მოცულობას და ხარისხს: მაგალითად, საქმეში „ბულუთი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Bulut v. Austria, 1996, §§ 33-34), საქმის განმხილველი მოსამართლის მონაწილეობა გამოძიების ეტაპზე შეზღუდული იყო გარკვეული დროით და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ორი მოწმის დაკითხვით, ისე, რომ მოსამართლეს მტკიცებულებები არ შეუფასებია და არც სხვა რაიმე სახის წინასწარი დასკვნა გაუკეთებია. ევროპული სასამართლოს შეფასებით, ასეთ შემთხვევაში მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.