სასამართლოს გადატვირთულობა სასამართლოსთვის მწვავე და სამწუხაროდ, დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა. საქმეთა განხილვის გაჭიანურებას, როგორც პრობლემას, მათ შორის ხელისუფლებაც აღიარებს. სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს მოამზადა, ნათქვამია, რომ „გამოსაყოფია ისეთი გამოწვევები, როგორებიც არის: მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა, დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების გონივრულ ვადაში შესასრულებლად და საქმიანობის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად. [...]“
ამასთან, მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) სტანდარტების მიხედვით, საქართველოში უფლებამოსილებას 737 მოსამართლე უნდა ახორციელებდეს. დღეის მდგომარეობით კი საქართველოში, ჩვენი ინფორმაციით, 333 მოქმედი მოსამართლეა.
გარდა იმისა, რომ მოსამართლეთა რაოდენობა მიახლოებულიც კი არ არის მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) სტანდარტებთან, „სასამართლოს გუშაგის“ კვლევის - სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის შედეგად გამოვლინდა, რომ ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია, აწარმოებენ თუ არა სასამართლოები სტატისტიკურ მონაცემებს საქმეთა განხილვის ვადების დაცვის შესახებ. შესაბამისად უცნობია, საქმეთა რა რაოდენობას განიხილავს სასამართლო კანონით დადგენილი ვადის დაცვით. გამონაკლისია რუსთავის საქალაქო სასამართლო, რომელიც ამუშავებს შესაბამის ინფორმაციას.
„საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“_ დაამუშავა მონაცემები 50 სამოქალაქო დავის შესახებ, თუ რა დრო დასჭირდა ამ საქმეთა განხილვას ინიციირებიდან საბოლოო ინსტანციის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნული 50 საქმიდან ამჯერად შევარჩიეთ 5 გადაწყვეტილება და მიმოვიხილავთ მათ შინაარსს, სამართალწარმოების ეტაპებს და განხილვის ვადებს.
მოსარჩელემ თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა 2008 წლის 28 მარტს, ხოლო საბოლოო ინსტანციამ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინება, თითქმის 10 წლის შემდეგ, 2018 წლის 8 ოქტომბერს გამოიტანა.
სასარჩელო მოთხოვნა: შპს „ა–ს“ კაპიტალის 20% წილის მესაკუთრედ ცნობა.
პირველი ინსტანცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა მესაკუთრედ:
მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე კომპანიის დამფუძნებელთა 1996 წლის 15 მარტის N2 კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, იმ მოტივით, რომ სამეწარმეო საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა აღნიშნული კრების ოქმი და არ დასტურდებოდა, რომ რეესტრში რეგისტრირებულ ცვლილებას N2 კრების ოქმი დაედო საფუძვლად.
მოცემულმა საქმემ სამივე ინსტანცია გაიარა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. თუმცა შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა განცხადება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ და განახლდა საქმისწარმოება. საბოლოოდ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოება განაახლა და, ამავე სასამართლომ, 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დააკმაყოფილა. 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.
მეორე ინსტანცია:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მესამე ინსტანცია:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.ძ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 15 იანვარს მიმართა. ხოლო, საბოლოო ინსტანციამ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინება, თითქმის 8 წლის შემდეგ, 2018 წლის 28 ივნისს გამოიტანა.
სასარჩელო მოთხოვნა: მოსარჩელის საკუთრებაზე ხელშეშლის აღკვეთა, რაშიც მოიაზრებოდა მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის წინ განლაგებული ჯიხურების აღება, მოსარჩელის შენობაზე მიშენებული ნაგებობის გადატანის გზით. სასარჩელო მოთხოვნა იყო ასევე, მოსარჩელის საკუთრებასთან მისასვლელი გზის აღდგენა.
პირველი ინსტანცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
მეორე ინსტანცია:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
მესამე ინსტანცია:
საკასაციო სასამართლომ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხელახლა განსახილველად.
მოსარჩელეებმა თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს 2016 წელს 29 ივლისს, ხოლო საბოლოო ინსტანციამ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, საბოლოო განჩინება 6 წლის შემდეგ, 2022 წლის 21 ივნისს, გამოიტანა.
სასარჩელო მოთხოვნა: ზიანის ანაზღაურება.
პირველი ინსტანცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
მეორე ინსტანციაში გასაჩივრება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მესამე ინსტანციაში გასაჩივრება:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის შედეგადაც:
მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბერს მიმართა. ხოლო, საბოლოო ინსტანციამ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინება, დაახლოებით 4,5 წლის შემდეგ, 2019 წლის 5 აპრილს გამოიტანა.
სასარჩელო მოთხოვნა: ზიანის ანაზღაურება აქციების ღირებულების კომპენსაციის სახით და მიუღებელი შემოსავლის (დივიდენდის) დაკისრება.
პირველი ინსტანცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მეორე ინსტანცია:
მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
მესამე ინსტანცია:
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოსარჩელემ სარჩელით 2015 წლის 27 ნოემბერს მიმართა. ხოლო, საბოლოო ინსტანციამ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინება, დაახლოებით, 3,5 წლის შემდეგ, 2019 წლის 23 აპრილს გამოიტანა.
სასარჩელო მოთხოვნა: თანხის დაკისრება.
პირველი ინსტანცია:
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2015 წლის 27 ნოემბერს და დამკვეთისათვის (მოპასუხისთვის) შემსრულებლის სასარგებლოდ 2 500 ლარის დაკისრება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, 2016 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დააკმაყოფილა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2 500 ლარის გადახდა დაეკისრა.
შემდგომ, მოპასუხემ (დამკვეთმა) საჩივარი წარადგინა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის არსებითი განხილვის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
მეორე ინსტანცია:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის (დამკვეთის) სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა 2017 წლის 3 მაისის განჩინებით.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ის არგუმენტი, რომ მოპასუხისთვის გაგზავნილ უწყებაში დაშვებულია შეცდომა, არ წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებულ შემთხვევას, ვინაიდან საქმის მასალებით ცალსახად დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით, სსკ-ის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით ეცნობა სხდომის თაობაზე.
მესამე ინსტანცია:
დამკვეთმა (მოპასუხემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საქალაქო სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მათი გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად, საქალაქო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად.
მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის(CEPEJ) ბოლო მონაცემებით, საქართველოში სამოქალაქო საქმეთა განხილვას პირველ ინსტანციაში – 433 დღე, მეორე ინსტანციაში – 211 დღე და მესამე ინსტანციაში 297 დღე სჭირდება. მითითებული მონაცემები და ზემოთ განხილული 5 საქმე ცხადყოფს, რომ სასამართლოში საქმის განხილვას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, რაც აზიანებს მხარეების და, ზოგადად, მართლმსაჯულების ინტერესებს.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.