2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს რეფორმები განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესაბამისად. მე-6 ნაბიჯი მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმას შეეხება:
ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით.
2024 წლის 29 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 79 ხმით მიიღო ცვლილებების პროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში, რომელიც გასული წლის სექტემბერში იყო ინიციირებული და ევროკავშირის რეკომენდაციების ცხრა პუნქტიდან გამომდინარეობს. კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ “[…] მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონშიც, რომელიც ასევე უკავშირდება 9 პუნქტიდან ერთ-ერთს - საერთო სასამართლოების სისტემასთან დაკავშირებით შემდგომ საკანონმდებლო დახვეწას“.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, ტრადიციულად, მხოლოდ ცალკეული საკანონმდებლო ნორმების იურიდიულ დახვეწას გვთავაზობს და არა სისტემურ რეფორმირებაზე ორიენტირებულ სიახლეებს. კანონპროექტის ინიციირებული ვარიანტისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან მისი შესაბამისობის შესახებ ანალიზი განხილულია რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში, თუმცა პირველი მოსმენით მიღების შემდეგ კანონპროექტი შეიცვალა.
სექტემბერში ინიციირებულმა კანონპროექტმა განსაზღვრა ღია სასამართლოს სხდომაზე მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის შესაძლებლობა აქტის მიღებისთანავე, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო აქტის მიღებისთანავე მოითხოვოს აღნიშნული აქტის სრული ტექსტი. თუმცა ამგვარი წესით გაცემული სასამართლო აქტის საჯარო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კანონპროექტის ნორმა თავდაპირველად არ აწესებდა რაიმე ტიპის შეზღუდვას.
აღნიშნული ნორმა კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებამდე შეიცვალა, მასში გაჩნდა შემდეგი ჩანაწერი: „არავის აქვს უფლება აღნიშნული აქტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე.“ შესაბამისად, თუკი დეპერსონალიზაციის გარეშე აქტის გამოქვეყნების აკრძალვა ვრცელდებოდა მხოლოდ უფლებამოსილ ორგანოზე (სასამართლოზე), კანონპროექტის ახალი ვერსიით აღნიშნული აკრძალვა ყველა პირზე, მათ შორის ფიზიკურ პირებზეც გავრცელდა.
კიდევ ერთი ცვლილება ეხება ვებგვერდს, რომელზეც სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი უნდა გამოქვეყნდეს: კერძოდ, კანონმდებელმა ვებგვერდის განსაზღვრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლოს უფლებამოსილებას მიაკუთვნა. შესაბამისად ფრაზა: „შესაბამის ვებგვერდზე ქვეყნდება“ ჩაანაცვლა ფრაზამ „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება“.
ამასთან, კანონპროექტში არ არის მითითებული, თუ რა ვადაში უნდა განსაზღვროს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ/სასამართლომ ის ვებგვერდი, რომელზეც სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი გამოქვეყნდება.
კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნის - სპეციალობით მუშაობის მინიმალური სტაჟის გაზრდას 5 წლიდან 10 წლამდე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკვალიფიკაციო მოთხოვნების გამკაცრების და სავალდებულო პროფესიული გამოცდილების მინიმალური ზღვრის გაზრდის საჭიროებაზე ვენეციის კომისია მიუთითებს ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის შესახებ. კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელსაც ვენეციის კომისია ამავე მოსაზრებაში წარმოადგენს, ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს. კომისია აცხადებს, რომ მინიმალური ასაკობრივი ზღვარი უნდა გაიზარდოს.
საგულისხმოა, რომ მოსამართლეობის კანდიდატის (მათ შორის, უზენაესი სასამართლოს) მინიმალური ასაკობრივი ზღვარი და პროფესიული გამოცდილების სავალდებულო ხანგრძლივობა განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და შესაბამისად კონსტიტუციის ნორმის ცვლილებების გარეშე განსხვავებული წესი ვერ განისაზღვრება. მიუხედავად ამისა, კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის პროფესიული გამოცდილების მინიმალურ ზღვარი 10 წლამდე გაიზარდა. აღნიშნული ნორმა კანონპროექტის ინიციატორებმა პირველი მოსმენის შემდეგ ამოიღეს იმ მოტივით, რომ იგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ცხადია, სასამართლოს საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა მხოლოდ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ცალკეული ნორმების იურიდიული მოწესრიგებით ვერ მიიღწევა და, შესაბამისად, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ევროკავშირის პირობების შესასრულებლად საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები.
---
[1] European Commission for Democracy Through Law (Venice Commission); 20.06.2022; CDL-AD(2022)010; ON THE DECEMBER 2021 AMENDMENTS TO THE ORGANIC LAW ON COMMON COURTS; Parag. 22
[2] იგივე. პარ. 23.