ტექნიკური ან მცირე ცვლილებების შეტანა არსებულ კანონმდებლობაში არ არის საკმარისი, არამედ ყოვლისმომცველი რეფორმა გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების, ფუნქციების, შემადგენლობის და მისი წევრების არჩევის წესის გადახედვას, იმ მიზნით, რომ კვლავ აღდგეს საზოგადოების ნდობა ამ ორგანოს მიმართ, მისი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე მისი შესაძლებლობის მიმართ - შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ფუნქცია.
კომისიამ კვლავ ისაუბრა სამოსამართლო კორპორატივიზმის პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე და მიუთითა ამ პრობლემის აღმოფხვრის სხვადასხვა საშუალებებზე, ესენია:
ამგვარი რეფორმა უნდა გატარდეს ინკლუზიური და კონსულტაციებზე დაფუძნებული პროცესით, რადგან არ არსებობს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენის სწრაფი გზა. ვენეციის კომისიამ არაერთხელ ხაზგასმით გაიმეორა, რომ ინსტიტუციური რეფორმები თან უნდა ახლდეს, და არა ჩაანაცვლოს სასამართლოში პროფესიონალიზმის, გამჭვირვალობის და ეთიკის სტანდარტების გაუმჯობესების გრძელვადიანი ძალისხმევა, ისევე როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ პატივისცემის კულტურა სხვა სახელმწიფო უწყებებს შორის.
2023 წლის ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა ის საკითხები, რომელთა შესახებ მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა არ ჩაითვლება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილება კომისიამ შეაფასა, როგორც ნაწილობრივ შესრულებულად, ის აღნიშნავს, რომ მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად უფრო ფართო საფუძვლებიც შეიძლებოდა შექმნილიყო [პარაგრაფი 32].
კომისიის განმარტებით, „დემოკრატიის, ხელისუფლების დანაწილებისა და პლურალიზმის პრინციპი მოითხოვს საჯარო ინტერესებთან დაკავშირებულ დებატებში მოსამართლის მონაწილეობის თავისუფლებას, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით [პარაგრაფი 33].
2023 წლის მარტში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში კომისიამ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და მითითებების სავალდებულო ხასიათი შეიძლება პირდაპირ იყოს მითითებული კანონში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების უზენაესი სასამართლო საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის ივნისში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ახალი ნორმა სამოსამართლო კონკურსის მონაწილეს შესაძლებლობას აძლევს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში წარადგინოს საჩივარი კონკურსის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხვადასხვა ეტაპზე გამოტანილ გადაწყვეტილებებზე/განკარგულებებზე. ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას კონკურსანტებს ენიჭებათ უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება/წარდგინება გაასაჩივრონ კანდიდატების შერჩევის ყოველ შესაბამის ეტაპზე, მანამ სანამ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა არ მიიღებს გადაწყვეტილებას საბჭოს განკარგულების/წარდგინების უცვლელად დატოვების თაობაზე. კომისიამ ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნია ეს რეკომენდაცია და მიუთითა, რომ ნორმა საჭიროებს გაუმჯობესებას, იმგვარად, რომ საბჭოს დაეკისროს ვალდებულება შეასრულოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მიმდინარე წლის 21 და 27 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების 2 ახალი პროექტი წარადგინეს. კანონპროექტთან დაკავშირებით ჯერ საკომიტეტო განხილვები არ დაწყებულა.
ინიციირებული კანონპროექტის თანახმად ცვლილებები შეეხება:
1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გასაჩივრებას;
3. მოსამართლეთა მივლინების წესს;
4. პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის წესს;
5. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს;
6. მოსამართლეთა მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევას, როგორც მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის სახეს;
7. ღია სასამართლო სხდომაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესს.
1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნის უფრო მაღალი სტანდარტის განსაზღვრას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც კანდიდატს უნდა ჰქონდეს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკვალიფიკაციო მოთხოვნების გამკაცრებას ვენეციის კომისია დიდი ხანია მოუწოდებს ხელისუფლებას, აღნიშნული რეკომენდაცია აისახა კომისიის 2023 წლის მარტში დასკვნაშიც, თუმცა იგი ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული არ ყოფილა. კომისია პოზიტიურად აფასებს, სექტემბერში ინიციირებული კანონპროექტით ამ რეკომენდაციის ნაწილობრივ შესრულებას, რადგან კიდევ ერთი რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მინიმალური ასაკობრივი ზღვრის გაზრდას უკავშირდება, რაც კანონპროექტიც გათვალისწინებული არ არის.
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გასაჩივრება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში კანდიდატს უფლება აქვს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანული კანონის 341-ე მუხლის შესაბამისად მიღებული განკარგულება/წარდგინება. ინიციირებული კანონპროექტის თანახმად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ, კანდიდატის ხელახლა შეფასებისას და ხელახალი წარდგინების მიღებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ითვალისწინებენ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებას. ეს ინიციატივა ვენეციის კომისიის მხრიდან შეფასდა, როგორც "სუსტი ფრაზა", რადგან მისი განმარტებით "გათვალისწინება" ჯერ კიდევ არ ნიშნავს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ისეთ დაცვასა და შესრულებას, რომელსაც სავალდებულო ხასიათი აქვს.
3. მოსამართლეთა მივლინების წესი
მოსამართლის მივლინების წესთან დაკავშირებით კანონპროექტით გათვალისწინებულია რამდენიმე ცვლილება:
ა) ორგანული კანონის 371-ე მუხლის 1-ლი პუნქტში მითითებულია დათქმა იმის შესახებ, რომ მივლინების არსებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე თავისი ინიციატივით მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი სხვა სასამართლოში მივლინების თაობაზე.
ბ) მოსამართლის თანხმობის გარეშე მივლინების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ორგანული კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა 2 წლიდან 1 წლამდე მცირდება, თუმცა უცვლელი რჩება თანხმობის გარეშე მოსამართლის მივლინების პირველადი ვადა, რომელიც არაუმეტეს 2 წელია.
გ) კანონპროექტი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულებას, დაასაბუთოს როგორც თანხმობის გარეშე მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების, ასევე, მივლინების ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება. კერძოდ, დაასაბუთოს იმ გარემოებების არსებობა, რამაც თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინების ან ვადის გაგრძელების აუცილებლობა განაპირობა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბჭოს სხვა გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას (მაგ. სამოსამართლო კონკურსში მიღებული გადაწყვეტილებების, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნების შესახებ) არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ცვლილებები პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის კუთხით, რადგან საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთება შაბლონური და ხშირად სრულიად იდენტურია, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რამდენად შეიქმნება მინიმალური გარანტიები მოსამართლის დამოუკიდებლობის დასაცავად.
რაც შეეხება მივლინების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ვადების შემცირებას, კომისიამ იგი დადებითად შეაფასა, თუმცა მისი განცხადებით ეს არასაკმარისი ნაბიჯია, რადგან მივლინების საერთო მაქსიმალური ვადა - 3 წელი კვლავ ხანგრძლივ ვადად რჩება. ასევე არასაკმარისად მიიჩნია ინიციატივა მოსამართლისათვის სამივლინებო დანამატის მიცემასთან დაკავშირებით.
4. პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის წესი
კანონპროექტის მიხედვით, ერთი და იმავე სესიის განმავლობაში პარლამენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 4 წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
5. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყეტილების მიღების წესი
ინიციირებული ცვლილებები ითვალისწინებს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობის გაზრდას, კერძოდ, საბჭო აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს სრული შემადგენლობის 2/3-ით. ეს ცვლილება არ ეხება სხვა სადისციპლინო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას, რისთვისაც საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობაა საჭირო.
6. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოხატვისას
პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმისას რჩება, როგორც დისციპლინური გადაცდომის სახე, ხოლო კანონპროექტი იმ საკითხთა ვიწრო ჩამონათვალს გვთავაზობს, რაც არ მიიჩნევა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევად. შესაბამისად უცვლელი რჩება ის საფრთხეები, რომლებიც მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებას შეიძლება ემუქრებოდეს.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის სხვა რეკომენდაციებს: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების პროცესში ანტი-ჩიხური მექანიზმის შემუშავებას, მოსამართლეობის კანდიდატთა ხელახალი კენჭისყრის დროს კანდიდატის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დაწვრილებით განსაზღვრას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილებას ახალი კანონპროექტითაც არ არის გათვალისწინებული.
კომისიის კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის შემცირებას (ვენეციის კომისიის განმარტებით 10 წელი მეტისმეტად ხანგრძლივი ვადაა), იგი საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას და ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ეს საკითხი გათვალისწინებული უნდა იქნას საკონსტიტუციო ცვლილებით.
ხელისუფლების მიერ ინიციირებული კანონპროექტი კვლავ გვერდს უვლის სასამართლო სისტემაში არსებულ რეალურ გამოწვევებს, იგი მხოლოდ ცვლილებების იმიტაციას ქმნის, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სასამართლოს რეალური რეფორმირების მზაობა და პოლიტიკური ნება ამ ეტაპზე არ არსებობს.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.